#22129100 · 20 Oct 2010, 16:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მისთანა ჯუარ-ცმულნი, აყუედრებდეს მას. წმ. მათე მოკლედ ამბობს; მას სურს მიუთითოს, რომ არა მარტო ანნა და კაიაფა, მწიგნობრები და ფარისევლები, იროდი და პილატე, არამედ ბოროტმოქმედნიც კი, რომლებსაც თავად ჰქონდათ მისჯილი მეტად სამარცხვინო და საშინელი სასჯელი, არ ინდობდნენ ჩვენს უფალს. წმ. ლუკა უფრო დაწვრილებით აღგვიწერს: იგი ამბობს, რომ მხოლოდ ერთი, ჯვარზე გაკრული ავაზაკთაგან, აყვედრებდა მას, და ეუბნებოდა: „შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩვენც“. ასე არ მოიქცა მისი მეგობარი, იესო ქრისტეს მარჯვნივ გაკრული. იგი საყვედურობდა მგმობელს და ეუბნებოდა: „არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე საჰსჯელსა შინა ხარ? და ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვჰქმენით, მოგვეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯერო ჰქმნა!“ და კეთილგონიერმა ავაზაკმა ამასთან თავისი ნაღვლიანი მზერა გადაიტანა იესო ქრისტეზე და უდიდესი გულითადი და ღრმა რწმენით წარმოთქვა სამუდამოდ დასამახსოვრებელი, სულის შემძვრელი ლოცვის სიტყვები: „მომიხსენე მე, უფალო! ოდეს მოჰხვიდე სუფევითა შენითა!“ - და უფალმა მიუგო: „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“. ასე იქნა დაჯილდოებული რწმენა, სინანული, თავმდაბლობა, და საკუთარი თავის დადანაშაულება კეთილგონიერი ავაზაკისა! „მას თავისუფლად მხოლოდ გული და ბაგენი ჰქონდა დარჩენილი, და ყოველივე ეს ღმერთს მიუძღვნა: გულით ამოწმებდა სიმართლეს, ხოლო ბაგენით აღიარებდა საცხოვნებელად“...
|