პასუხებს იღებ, მხოლოდ არ ითესებიან
იგავი მთესველზე
(მკ. 4, 2-9; ლკ. 8, 4-9.)
3. და ეუბნებოდა მათ მრავალს იგავებით და უთხრა: აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
4. და როცა თესავდა იგი, ზოგი დავარდა გზასთან, და მივიდნენ ცის ფრინველები და შეჭამეს იგი.
5. და სხვა დავარდა კლდოვანზე, სადაც არ იყო ბევრი მიწა, და მყისვე აღმოცენდა, რადგან არ ჰქონდა მიწას სიღრმე.
6. და როდესაც მზე ამოვიდა, დაჭკნა, და რადგან არ ჰქონდა ფესვი, გახმა.
7. და სხვა ჩავარდა ეკლებში, და ამოვიდა ეკლები და მოაშთო იგი.
8. და სხვა დავარდა კარგ მიწაზე და გამოიღო ნაყოფი: ზოგმა - ასი, ზოგმა - სამოცი და ზოგმა - ოცდაათი.
9. ვისაც აქვს ყური სასმენად, ისმინოს.
10. და მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?
11. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: რადგან თქვენ მოგეცათ, შეიცნოთ ცათა სასუფევლის საიდუმლო, ხოლო მათ არ მიეცათ;
12. რადგან ვისაც აქვს, მიეცემა მას და მიემატება; ვისაც არა აქვს, რაც აქვს ისიც წაერთმევა მას.
13. ამიტომ იგავებით ველაპარაკები მათ, რადგან ხედავენ და არ ხედავენ, ესმით და არ ესმით, ვერც იგებენ.
14. და სრულდება მათზე წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით გესმოდეთ და ვერ გაიგოთ, ხედვით ხედავდეთ და ვერ იხილოთ;
15. რადგან გაქვავდა ამ ხალხის გული, და ყურით ძნელად ისმინეს და თვალები დახუჭეს, რომ არასდროს იხილონ თვალით და ისმინონ ყურით და გაიგონ გულით და მოიქცნენ, და განვკურნო ისინი. (ეს. 6, 9-10.)
16. ხოლო ნეტარია თქვენი თვალები, რადგან ხედავენ და თქვენი ყურები, რადგას ესმით.
17. ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველს და მართალს სურდა, ეხილა, რასაც ხედავთ, და ვერ იხილა; და ესმინა, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინა.