2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები და ანალიზი
2019 წლის ევროპარლამენტის შედეგებს გლობალური მნიშვნელობა აქვს. ამ არჩევნებს არამხოლოდ ინსტიტუციური არამედ პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რომელიც ასახავს როგორც ლოკალურ ასევე საერთაშორისო პოლიტიკურ განწყობებსა და ტენდენციებს. 2019 წლის არჩევნებს ისეთი მოვლენები უსწრებდა წინ, როგორიც ბრექსითი, ლიბერალური-დემოკრატიის კრიზისი და ნაციონალიზმის ზრდაა. შესაბამისად, წლევანდელი არჩევნებისადმი განსაკუთრებული ყურადღება და მოლოდინები იყო შექმნილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ევროპარლამენტის არჩევნებისადმი სკეპტიციზმი ზრდასთან ერთად აქტივობა კლებულობდა, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთგვარ პოზიტიურ შემობრუნებად შეგვიძლია განვიხილოთ, რომელზეც აქტივობა 51% შეადგინა, რაც 2014 წელთან შედრებით 8%-ით მეტია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის ქვეყნებში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციაა, რა დროსაც ოპონენტი პოლიტიკური პარტიები თავიანთ მომხრეებს მაღალი დასწრებისაკენ მოუწოდებენ და მოწინააღმდეგე ძალის განარჯვების შემთხვევაში შესაძლო მძიმე შედეგის დადგომის საშიშროებაზე აპელირებენ. მაღალი აქტივობისა მეორე აშკარა მიზეზი ბოლო თვეებში გაზრიდილი საინფორმაციო კამპანია გახლავთ, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი ცნობიერების ამაღლებასა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიხატებოდა. კამპანიის მთავარი სამიზნე სეგმენტი ახალგაზრდა თაობაა, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკურ პროცესებში შედარებით ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. ასევე მნიშვნელოვანია ბრქსითის როლიც, რომლის ქაოტურობ და დისორგანიზებულობამ არმახოლოდ ბრიტანეთის ორი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შეიწირა, არამედ ევროსკეტიკოსებს ანტი-ევროპული არგუმენტების ნაწილი გამოაცალა ხელიდან.
ევროპარლამენტი 751 წევრისაგან შედგება. თითოეულ ქვეყანას პარლამენტართა რაოდენობის კვოტები აქვს, რომელიც მოსახლეობის პროპორციულადაა განაწილებული. გერმანიას, რომლის მოსახლეობაც 80 მილიონზე მეტია, ევროპარლამენტში ყველაზე მეტი, 96 წევრის ყოლის უფლება აქვს, ყველაზე ცოტა კი იმ ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობაც 1.5 მილიონზე მცირეა. მათთვის მხოლოდ 6 საპარლამენტო ადგილია გამოყოფილი.
ევროპარლამენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. მისი მთავარი ფუნქცია ევროკავშირის ინსტიტუტებისათვის ბიუჯეტის დადგენა და მინისტრთა საბჭოსთან ერთად, კანონწარმოების ფუნქციაა, თუმცა კანონის ინიცირება მას არ შეუძლია. ევროპარლამენტის კიდევ ერთი მოვლეობა ევროკავშირის სხვადასხვა თანამდებობებზე კანდიდატების დამტკიცებაა, რომელთაგანაც უმნიშვნელოვანესია ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევა. აღნიშნული პროცესი ფუნდამენტურია იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ევროკომისია არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც საკანომდებლო ინიცირების უფლება გააჩნია.
წევრი ქვეყნებიდან ცალკეული პარტიები დამოუკიდებლად იბრძვიან ევროპარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად. არჩეული პოლიტიკური პარტიებიდან დიდი საპარლამენტო ბლოკებია ჩამოყალიბებული, რომელშიც პარტიების გაწევრიანება იდეოლოგიურ საფუძვლებზე ხდება. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ რომელიმე ერთი ბლოკი ვერ ახერხებს 50%-ზე მეტი პარლამენტარის მოგროვებას მუდმივად ხდება დიდი საპარლამენტო ბლოკების გაერთიანება მმართველ კოალიციად.
ევროპარლამენტის ბლოკებია: მემარცხენეთა გაერთიანება (GUE/NGL); სოციალ დემოკრატები (SD); ევროპის თავისუფალი ალიანსი – მწვანეთა ბლოკი (EFA); ლიბერალ-დემოკრატიული ბლოკი (ALDE); ევროპის სახალხო პარტია – მემარჯვენე ცენტრისტები (EPP); ევროპის კონსერვატორული და რეფორმისტული ბლოკი (ECR); ევროპის თავისუფალი და დემოკრატიული ბლოკი – პოპულისტი ევროსკეპტიკოსები (EFD); ევროპის ერები და თავისუფლება – მემარჯვენე ნაციონალისტების ბლოკი (ENF); არიან ინდივიდუალური პარლამენტარები, რომელთაც პოლიტიკური მიკუთნებულობა არ გააჩნიათ.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 28 წევრ ქვეყანაში რამდენიმე დღის სხვაობით ტარდება, მაინც შედეგების გამოქვეყნება ერთდროულად ხდება. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნები 23-26 მაისს ჩატარდა და შედეგები მოსალოდნელისაგან, გარკვეულწილად, განსხვავდებოდა.
ტრადიციულად, ევროპარლამენტში, მოცემული ბლოკებიდან მხოლოდ სოციალ-დემოკრატებსა (SD) და ევროპის სახალხო პარტიას (EPP) ჰქონდა ძირითადი ძალაუფლება განაწილებული. იმ რეალობიდან გამომდინრე, რომ ორივე მათგანი ცენტრისტულ პოზიციასთან საკმაოდ ახლოსაა უმეტეს შემთხვევაში მათ შორის კონსესუსი მიღწევადი იყო. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კი აჩვენა, რომ ოროვე ბლოკში შემავალმა პარტიებმა ხმათა შესამჩნევი ნაწილი დაკარგეს. EPP მიღებული ხმების საერთო რაოდენობით კვლავ პირველ ადგილზეა და 22.1% აქვს, რაც 2014 წელთან შედარებით 4.6%-ით ცუდი შედეგია. მათ 179 პარლამენტარი ეყოლებათ. SD ხმების 19.6%-ის მიღებას ახერხებს, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 7.3%-ით გაუარესებული შედეგია. მათ 150 პარლამენტარი ეყოლებათ. მნიშნელოვანია იმის აღნიშნვა, რომ სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთ უმთავრეს დასაყრდენს ყოველთვის გერმანია წარმოადგენდა. თუმცა წელს გერმანიიდან მხოლოდ 16 ადგილის მოპოვება შეძლეს, რაც 2014 წელთან შედარებით 11 ადგილით ნაკლებია.
2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროკავშირის მოსახლეობა პოლიტიკურ ნდობას უცხადებს იმ ჯგუფებს, რომლებიც აქმადე მთავარ კოალიციურ პარტნიორად ნაკლებად მიიჩნეოდა. ლიბერალური-დემოკრატები (ALDE), რომელთაც ხმები 13%-ის აღება შეძლეს, 4.1%-ით გააუმჯობესეს 2014 წლის შედეგი. მათ 107 პარლამენტარი ეყოლებათ, რაც 40-ით მეტი მანდატის მოპოვებას გულისხმობს. სავარაუდოა რომ ლიბერალური-დემოკრატიული ბლოკი თავისი გაზრდილი რაოდენობით მმართველ კოალიციაში აუცილებლად მოხვდება, როგორი ფორმითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს იგი.
2019 წლის არჩევნებმა გამოკვეთა კიდევ ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია: სწრაფი ზრდა მწვანეთა ბლოკსა (EFA) და მემარჯვენე ნაციონალისტების დინამიურად მზარდი პოპულარობა (ENF). მწვანეთა ბლოკმა 11.1%-ის აღება მოახერხა, ხოლო ნაციონალისტებმა 8.8%-ის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოლოდინი ნაციონალისტური პარტიების მხრიდან ხმების დიდი ნაწილის წაღებისა, მათ მხოლოდ საფრანგეთსა და იტალიაში შეძლეს პირველ ადგილზე გასვლა, ისეთ ქვეყნებში კი, როგორიც გერმანია და ესპანეთია მეოთხე და მეხუთე ადგილის დაკავება შეძლეს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, ნაციონალისტური ჯგუფების გაძლიერებას ლოკალური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, რისი მაგალითიცაა საფრანგეთი, რომელშიც მარინ ლე-პენის ნაციონალურმა ფრონტმა (Rassemblement national) ქვეყნის პრეზიდენტ მაკრონის პარტია En Marche!-საც (“წინსვლა”) კი აჯობა. ლე-პენმა უკვე მოითხოვა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში. მნიშვნელოვანია მოცემული შედეგების საგარეო მნიშვნელობაც: მაკრონი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ევროკავშირის ერთგვარ ლიდერად, ახალი სისხლისა და იმედის მომტანაც კი იყო პოზიციონირებული.
მნიშვნელოვანი ტენდენციაა ისიც, რომ 2019 წლის არჩევნებში მემარცხენე ჯგუფები კარგავენ პოპულარობას. გარდა სოციალ დემოკრატებისა, რომელიც ზემოთ მიმოვიხილეთ, მემარცხენე ბლოკმა GUE/NGL-მ ხმების 5.2%-ის მოგროვება შეძლო, რაც 2014 წელთან შედარებით 2.8%-იც გაუარესებული შედეგია. მათი ხმების ნაწილი მწვანეთა ბლოკში შემავალმა პარტიებმა წაიღეს, რომელთაც საკმაოდ კარგად გამოკვეთილი იდეები გააჩნიათ, მეორე ნაწილი კი პოპულისტურმა ჯგუფებმა მოიპოვეს.
კონსერვატორები (ECR), რომელთა ძირითადი დასაყრდენი პოლონეთის მმართველი პარტიაა ხმათა 6.9%-ის მიღებას ახერხებს, რაც 2014 წლის არჩევნებთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, პოლონეთის მმართველმა კანონის უზენაესობის პარტიამ წინა შედეგების გაუმჯობესება მოახერხა და ქვეყნის შიგნით ყველაზე მეტი ხმათა 45%-ზე მეტის მოპოვება შეძლო.
არჩევნების შედეგებით ნათელია, რომ ე.წ. “დიდი კოალიცია” მემარცხენე-ცენტრისტ სოციალ-დემოკრატებსა (SD) და მემარჯვენე-ცენტრისტ ევროპის სახალხო პარტიას (EPP) შორის ვერ შედგება. მათ ჯამში ხმების 41%-ზე ოდნავ მეტის მოგროვება შეძლეს, რაც უმრავლესობის მოსაპოვებლად არაა საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატებს ცალკეულ ევროპულ ქვეყნებში კოალიციურ ძალად ჩამოყალიბებამ მათ ამომრჩევლის დაკარგვა მოუტანა, სავარაუდოა, რომ ევროპარლამენტში SD-სა და EPP-ს შორის კოალიციური ბლოკის ჩამოყალიბების სურვილი კვლავ იარსებებს, მაგრამ უმრავლესობის მოსაპოვებლად მათ მწვანეთა ბლოკთან ან/და ლიბერალ-დემოკრატებთან პარტნიორობა მოუწევთ.
ევროკავშირის არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ევროინტეგრაციის მომხრე ძლები კლავ ყველაზე პოპულარულები არიან, ხოლო ნაციონალისტურმა და პოპულისტურმა ჯგუფებმა მიუხედავად მზარდი მხარდაჭერისა ვერ შეძლეს პოლიტიკური მიწისძვრის მოხდენა. ამას ემატება მწვანეთა და ლიბერალ-დემოკრატთა მხარდაჭერის გამოკვეთილი ზრდა, რომელთაც ახალი პოლიტიკური იდეები და დღის წესრიგი გააჩნიათ, რაც ევროინტერგაციის პროცესის ზრდასა და აქტიურ რეფორმებში გამოიხატება. მთავარ ორ ცენტრისტულ ჯგუფს კი პროცესების უკეთ შეფასება და მომგებიანი კოალიციების ჩამოყალიბებაზე ფიქრი მოუწევთ.
https://foreignpolicycouncil.com/2019/05/27...83%90%E1%83%A0/