ესეც სსრკ-ს გულაგების რუქა.

პირობითი აღნიშვნები:

მამაჩემი ტყვედ აჯიმუშკაიში (ქერჩის ნ/კუნძული) ჩავარდა. ებრაელი ექიმის დახმარებიტ გაიქცა და ჩეხ პარტიზანებტან ერტად იბრძოდა მაშინდელ შიონბერგის მიმდებარე ტყეებში... მერე მაგადანში გაამწესეს

ესეც მამაჩემის ისტორია...
ორმოცდაორი წლის ზაფხულის საღამოსპირი იყო.სანდრა ეზოში იჯდა. ბიჭების წერილებს კითხულობდა. უკვე მერამდენედ. უმცროსი, კოტე, ხშირად იწერება. შოთიკო საშუალოა. მისგან მხოლოდ ერთიწერილი მოვიდა, ისიც გზიდან.
შეძახილმა გამოაფხიზლა:
- გირჩევ, ქალო, გირჩევ! –ო და ვიღაც სახელოზე წაეტანა.
ხნიერი ბოშა ქალი იყო. ჭაღარა, ჭუჭყიანი თმები ხილაბანდიდან გამოსჩეჩოდა. თითქოს სადღაც უნახავსო. სახეზე დააკვირდა. ეცნოსავით. ომამდე ბევრნი იყვნენ. ქალაქელები ჩაჩნებს ეძახდნენ. ქალები მკითხაობდნენ და კარდაკარ დადიოდნენ. ცუდად დადებულს არაფერს დასტოვებდნენ. ქურდობას არც კაცები აკლებდნენ ხელს. ქალაქის ბაზარში თავისი ადგილი ჰქონდათ. რკინა-კავეულით ვაჭრობდნენ. ჰყიდდნენ: ჯაჭვებს, სამფეხებს, კარდალა-ქვაბებს, ბარის, ნაჯახისა თუ წალდის პირებს.
- ეს რა დამემართა? როგორ ვერ შევამჩნიე? ახლა ამას რა მოიშორებს თავიდანო გაიფიქრა და მიიხედ მოიხედა. რამე ხომ არ დევს უხეიროდ – ხელს არ გააყოლოსო.
- შენ რა უნდა მირჩიო?! რამე შეგეძლოს საკუთარ თავს უშველიდიო – დაუგდო და სახლისკენ გაემართა
- სამი შვილი გყავს.ორი ომშია ერთი დაბრუნდება ერთი არა . . .
- ენა გაგიხმეს, შე შეჩვენებულო! დამეკარგე აქედან!
-M მართალს გეუბნები. არ მინდა შენი ფული. რომელიც წერილებს გწერს ის არ დაბრუნდება. არც ამ ძუძუებით გაზრდილი ჩემი დედისერთა ბიჭი არ დამიბრუნდება. შენი ერთი დაბრუნდება ერთი არა . . .
გამოერკვა. ბოშა აღარსად სჩანდა. წასულიყო.
ბედისწერა იყო აბა რა, კოტეს ჩაჭრა ხატვის გამოცდაზე? ინდუსტრიულ ინსტიტუტში აბარებდა, სადაც უფროსი ძმები სწავლობდნენ. ცხრა ხუთიანის მერე ხატვაში მიიღო ორიანი. ჯერ ჯარში წაიყვანეს. იქედან მერე ფინეთის ომში მოხვდა. ბოლოს კი ლენინგრადის ფრონტზე.
შოთიკომ ინსტიტუტის დამთავრება მოასწრო. მის თაობას შავი ნახაზებით და ესკიზებით დააცვევინეს სადიპლომო ნამუშევრები. ყველანი თელავის საოფიცრო სკოლაში გაამწესეს. ჯგუფის ფორმირება რაღაც მიზეზის გამო გაჭიანურდა. სანდრას და ლევანს ოცი-ოცდაათიანი წლები ჰქონდათ გამოვლილი. ღამე ლევანი ჩაცმული წვებოდა. შარვალს და ქურთუკს შიგა ჯიბეები გამოაკერა სანდრამ. თავდაუზოგავი მწეველი იყო ლევანი. პაპიროსით დატენილი ჯიბეებით იწვა და სადარბაზოს ხმაურს აყურადებდა. მხოლოდ სამი საათის შემდეგ იძინებდა. ღრმად. მოწყვეტით . . . გადარჩნენ, მაგრამ ისეთი სკოლა გამოიარეს, რომ უკვე მეორედ უკანმობრუნებულ შოთიკოს, სიხარულის ნაცვლად: შენ ისევ აქ ხარ? ჯერ კიდევ არ წასულხარო?- ეკითხებოდნენ შეშფოთებით. ეშინოდათ დეზერტირად არ ჩათვალონო.
ორმოცდაერთი წლის დეკემბერის დასაწყისიც კი საშინლად თოვლიანი და ყინვიანი გამოდგა. შეღამებულზე ვიღაც შექეიფიანებული კახელი გლეხი მოვიდა: ნასვამი არ გეგონოთ. ღვინო მქონდა ჩამოტანილი გასაყიდად. მყიდველის მოპატიჟებაში შევთვერიო. თქვენმა ბიჭმა კი აი, ეს წერილი გაახლათო. სამი სიტყვა ეწერა სულ:”ხუთშავათს გვაგზავნიან შოთა”. ოთხშაბათი იყო. პატარა ფუთა გამოკრა სანდრამ. რაც ხელში მოხვდა. მჭადი დააცხო. ლორი მოხარშა. სამეგრელოდან გამოგზავნილი შებოლილი სულგუნი და ერთი ბოთლი ჭაჭა. ისე შეახვია, რომ სითბოც დიდხანს შერჩენოდა და ბოთლიც არ გატეხილიყო. პაპიროსები არ დამავიწყდესო – გაიფიქრა.
- ღმერთო შეგცოდე და კიდევ კარგი, რომ ნადია გახდა ავად. მის სანახავად რომ არ ჩამოვსულიყავი შოთიკო ისე წავიდოდა ფრონტზე, რომ ვერც კი გავიგებდით. მათი ჯგუფი თვის ბოლოს ელოდა გამგზავრებას. რატომ მიყავთ ასე ადრე? ალბათ დარჩენილ დროს იქ ავარჯიშებენ. ყინვას და სიცივეს შეაჩვევენ მზეში და სითბოში გაზრდილ ბიჭებსო – ფიქრობდა. გული კი მაინც არ ისვენებდა. რაღაც უსიამოვნო, ბოლომდე გაურკვეველი ნაღველი აფორიაქებდა. თუმცა ფრონტზე მიმავალი შვილის დედისთვის ნაღველი და სევდა რა გასაკვირი იყო. და მაინც ეს რაღაც სხვა იყო. სხვა, რასაც სახელი ვერ დაარქვა. ქვეშეცნეულად გრძნობდა, რომ აქ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, დიდი და ზოგადი საფრთხე იდუდებდა.
ჯერ კიდევ ბნელოდა სადგურში რომ გაიქცა. არ დამაგვიანდეს, ეშელონმა არ გამასწროსო ფიქრობდა.
სადგურში ათასი ჯურის ხალხი ირეოდა. ეჭვი არ ასვენებდა. სამხედრო ეშელონი აქ შეიძლება არც გაჩერდეს. ორთაჭალაში დახვედრა აჯობებსო. თუ ფეხშიშველი მივალ იქამდე შოთიკო მშვიდობით დამიბრუნდებაო. ფეხსაცმელები და წინდები გაიხადა. თოვლმა ტერფები აუწვა. სიცივემ მთელ ტანში დაუარა. მაინც მხნედ მიდიოდა. უკვე კარგად ირიჟრაჟა. თითქმის გათენდა კიდეც. გამვლელები გაოცებულნი უყურებდნენ კარგად ჩაცმულ, ლამაზ, შუახნის ქალს ამოდენა თოვლსა და ყინვაში ფეხშიშველი რომ მიაბიჯებდა. ახალგაზრდები მხიარული შეძახილებითა და სტვენით მიაცილებდნენ. ხანდაზმულები გზას უთმობდნენ და: – ღმერთმა გისმინოსო – ჩურჩულებდნენ.
მიაღწია. გახარებული იყო.
დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. მატარებელს სვლა არ შეუნელებია.
- არ ჩერდება! არ ჩერდება! – ჩაქუჩებივით დაჰკრა ამ სიტყვებმა. ახლა მხოლოდ თვალებად იყო ქცეული.უნდა დაინახოს! ეს მჭადიც გაცივდებოდა ამ სიცივეში და ეს ლორიც. მაინც უნდა მიაწოდოს როგორმე. ჭაჭა გაუხარდება. მამასაც და შვილებსაც ზამთარში უყვართ ლორიანი ერბოკვერცხი. ჯერ თითო სირჩა არაყს გადაკრავენ. მერე კი აუჩქარებლად, გემრიელად შეუდგებიან ხოლმე საუზმეს. წელს ნამდვილად დიდი ზამთარი იქნება.
ხალხი ბაქანს მიაწყდა. ახლაღა დაინახა რომ მარტო არ ყოფილა. წინ წაიწია. შეეცადა პირველ რიგში გასულიყო. მოახერხა. გავიდა და
- ნახვამდის დე, ნახვამდის! მამას . . .
ვეღარ გაიგო რა დაუძახა. ფუთა ისევ ხელში ეჭირა:
- შოთიკო, შვილოო – და ჯერ კიდევ მიმავალ ეშელონს ესროლა. ვიღაცამ დაიჭირა. დაინახა როგორ უქნევდა ის ვიღაცა, მისი შოთიკოსავით გამხდარი და მაღალი ბიჭი, ფუთიან ხელს. გაუხარდა, ძირს რომ არ დავარდა.
- ღმერთმა შეგარგოსო - ჩაილაპარაკა. ყველანი უყვარდა. მთელი ეს ეშელონი. მისი შვილის ბედის მოზიარენი – ღმერთო მაღალო! ღმერთო ძლიერო! შენ დაიფარე და დაიცავი ჩვენი შვილებიო, - შესთხოვდა ღმერთს ცრემლიანი და ფეხშიშველი.
* * *
ომი უკვე ორი წლის დამთავრებულია, მაგრამ ხალხი ჯერ კიდევ ბრუნდება ომიდან სანდრაც დარწმუნებულია, რომ მისი ბიჭებიც დაბრუნდებიან, აუცილებლად დაბრუნდებიან კი, შეაგვიანდათ მაგრამ სულ რომ არ დაბრუნდნენ გამორიცხულია
ფოსტალიონმა წერილი, რომ მოიტანა სანდრა სახლში იყო. პირველად ხარ ჩვენთან, ოჯახი დამილოცეო, დააძალა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახშიო, დიდი თავპატიჟი არც იმას გაუდვია. ხემსიც მიაყოლა. მადლობა დაუგდო და კიბეები ჩაირბინა. ეტყობა ბევრი წერილი აქვს დასარიგებელიო გაიფიქრა სანდრამ და კონვერტი გახსნა
პიონერები იტყობინებოდნენ: ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის გმირულად დაღუპული თქვენი შვილის, უფროსი ლეინტენანტი კონსტანტინე კიკალეიშვილის, საფლავს ჩვენი რაზმეული უვლისო. შემოვღობეთ, ხის წითელ ვარსკვლავიანი ობელისკიც დავდგით და ყვავილებიც დავრგითო.
ხელებმა ვეღარ გაუძლეს უჯრედებიანი სასკოლო რვეულის სიმძიმეს. სიბნელე ჩამოწვა. Dაღამდა. სანდრასთვის დაღამდა. მერე ეს უკუნეთი თვალებში ჩაეღვარა. ვიღაცამ საფეთქლებში გრდემლი აამუშავა. ყოველ დარტყმაზე ჩასძახოდა:თქვენი შვილის საფლავს. . . თქვენი შვილის საფლავსო. . .
ჰაერი აღარ იყო სასუნთქი ჰაერი!
გონს, რომ მოვიდა ტახტის წინ პირაღმა ეგდო. კეფა სტკიოდა. ლევანს შეეშინდებაო, პირველი ეს აზრი მოუვიდა ტავში. წამოდგა. მტკივან ადგილზე ხელი მოისვა. დახედა.სისხლი არ სდიოდა. წერილი ისევ კონვერტში ჩადო და მიიხედ-მოიხედა. საიმედო ადგილს ეძებდა. ჯერ აქ იყოსო და ძველი საბუთების ჩანთაში, ქაღალდებს შორის ჩააცურა.
ახლა რა ქნას? აქამდე თავს იმშვიდებდა დაბრუნდებიან ჩემი ბიჭებიო. ახლა?! ახლა რას შეაფაროს თავი? ახლა სად დაემალოს სინამდვილეს? როგორ ერთ წამში დაიქცა ქვეყანა! ეჭვობდა, ეშინოდა, გული ცუდს უგრძნობდა, მაგრამ ყველაფერი მაინც ეჭვები იყო მხოლოდ ახლა . . . რა ახლა რა შეიცვალა?! ნახა თავისი კოტიკოს სიკვდილი? ვინმემ თავისი თვალით ნანახი ამბავი მოუტანა, თუ რა? ვიღაც ბავშვებს რა ჭკუა მოეკითხებათ?! ომი ომია! ათასი შეცდომა და გაუგებრობა ხდება. სანამ თავისი თვალით მნახველი არ ეტყვის აღარ გყავს შენი კოტიკოო არ დაიჯერებს! არ უნდა და არ დაიჯერებს! არც ლევანს არ ეტყვის არაფერს. ცოდვაა! ისედაც დაიტანჯა საცოდავი. დაიტანჯა და დაიღალა. დეპოში ათენებს და აღამებს. ძველი ლევანი აღარ არის. არაფერი არ ახალისებს არაფერი არ აინტერესებს. კარგი მუშაობისთვის ლენინის ორდენით დააჯილდოვეს. სხვა მის ადგილზე სულ თან ატარებდა. ამან კი ჩააგდო უჯრაში და ერთხელაც არ დაუხედია ზედ. არა, ნამდვილად ვერ გაუძლებს. მე მე კი გავუძლებ?! გავუზლო უნდა. შოთას უნდა დავხვდე
ბოშა ქალი გაახსენდა. კოტეს სიკვდილის დაჯერება არ უნდოდა და არ იჯერებდა. შოთიკოს დაბრუნება უნდოდა დაეჯერებინა და იჯერებდა.
ყურშამ სემოიხედა კარებში. შემოიხედა და შეჩერდა. უკან მიიხედა თითქოს შეამოწმა მომყვება ვინმე თუ არაო.
შემოდი, ყურშა, შემოდიო – მექანიკურად ჩაილაპარაკა.
ძაღლი ადგილიდან არ იძვროდა. ისევ უკან იყურებოდა. კიბეებზე ფეხისხმა გაისმა. ლევანისას არ გავდა. ვიღაც უცხო იყო. არავის ნახვა არ მინდაო, გაიფიქრა და მეორე ოთახისკენ გაემართა. ზურგში ტყვიასავით მოხვდა:
ასე უნდა დახვედრა?! ამ უცხო ძაღლის მეტს არავის გიხარიათ ჩემი დაბრუნებაო – კარებში გაძვალტყავებული მაღალი კაცი იდგა და უცინოდა ფოსოებში ღრმად ჩაცვენილი, მაგრამ ტკივილამდე ნაცნობი თვალებით.
რა მემართება დღესო – გაფიქრება ვერ მოასწრო და გონება ისევ დაკარგა. . .
თქმები ჰქონდა სველი. ალბათ წყალი დამასხესო, მიხვდა და მაშინვე ის თვალები გაახსენდა
შოთიკო, შვილო, შენ ხომ მაინც დამიბრუნდიო – ამოიხრიალა.
* * *
შოთა აბასთუმანში არ მიიღეს. ექიმებმა შენ აქაური ავადმყოფებისთვისაც საშიში ხარო. დიდი –დიდი კიდევ ორი-სამი თვე იცოცხლოო. არაფერიც არ უგრძვნია – არც შიში, არც სევდა, არც სიცოცხლის სურვილი. ყველაფრისგან დაცლილი, გამოფიტული იყო. დაფიქრდა: მე ხომ უკვე მკვდარი ვარ. მხოლოდ ესაა ჯერ კიდევ ფეხზე ვდგავარ. ჯერ კიდევ დავდივარ. თუმცა ორი-სამი თვე და და . . .
ჯერ გრძნობები, აზრები, სურვილები ჩაკვდნენ. იმედიც, გადარჩენის იმედი. ამით დაიწყო სიკვდილი. დროში კი ცოტა გაიჭიმა, მაგრამ ორ-სამ თვეში დამთავრდებაო. ალბათ ასეც არის. დასასრულის სიახლოვე დასასრულს აახლოებს. იმედია სულ მალე დამთავრდება ის რასაც სიცოცხლე ერქვა. ისე საინტერესო კია - ჭლექიანი ჭლექიანებისთვის საშიში ხარო.
ლამაზია აქაურობა ბორჯომის ხეობა. ყოველთვის უყვარდა. ბავშვობაში დედას ტბაზე და ტიმოთეს უბანში დაჰყავდა დასასვენებლად ძმებთან ერთად . . . საწყალი დედა, როგორ ცდილობს მამამ არ გაიგოს კოტეს ამბავი. მამა კიდევ დედას უმალავს. შოთას არ გამოეპარება შემთხვევითი სიტყვა, მზერა თუ ამოოხვრა. ტყვეობამ ასწავლა უთქმელის გაგონება. ამისთვის სმენა სულაც არ არის საჭირო. მთელი სხეულით, კანის ყოველი ფორით, ყოველი ბეწვით ისმენდა გარესამყაროს. უამისოდ იქ ვერ გადარჩები. მაშინ ჯერ კიდევ უნდოდა სიცოცხლე. ჯერ კიდევ უნდოდა დაბრუნება.
ჰო, ლამაზია აქაურობა. ჰაერია რბილი და ტკბილი. მის ჭლექიან ფილტვებშიც ადვილად ჩადის, მსუბუქად.
დილაობით, ალიონზე, უყვარდათ ბიჭებს გაპარვა სახლიდან. სახლის პატრონს რა ერქვა? არა, სახელი ვერ გაიხსენა. გვარად კი ლურსმანაშვილები იყვნენ. ჰოდა, სახლის პატრონმა პირველსავე საღამოს სანდრას ხუმრობანარევი წუწუნის "არ მიჯერებენ, გაუგონარი ბავშვები არიანო" პასუხად კლდეში, შორს, გამოქვაბულები დაანახათ და თუ ჭკუით არ იქნებით იქაური დევები წაგიყვანენო. კოტე ცოტა შეფიქრიანდა. გიორგი და შოთა დაპირდნენ: ხვალვე წავიდეთ და დარწმუნდები, რომ არავითარი დევები არ არსებობენო. რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ გამოქვაბულებამდე მაინც ვერ მიაღწიეს . . .
გამოქვაბულში მერე მოხვდა. იქ ქერჩში, აჯიმუშკაის კატაკომბებში, სადაც ალყაშემორტყმულები აფარებდნენ თავს. მაშინ ფილტვები ჯამრთელი ჰქონდა, მაგრამ სუნთქვა მაინც უჭირდა და მაინც მხნედ იყო. სხვებსაც შეუძახებდა ხოლმე – არაუშავს, ბიჭებო მალე მოგვეშველებიან. ჩვენს მოალყეებს თვითონ მოაქცევენ ალყაშიო. სიმღერას წამოიწყებდა. სხვებიც აყვებოდნენ. ერთს მეორე მოჰყვებოდა და ცოტა გახალისდებოდნენ. გამოცოცხლდებოდნენ. ერთხელ ვიღაცამ სიმღერა წამოიწყო. აყვნენ დანარჩენებიც მომღერალმა
и никто не узнает
где могила моя - ო
ხმა ჩაიწყვიტე რა დროს სიმღერააო – თავს დააცხრნენ ერთი წუთის წინ მასთან ერთად მომღერლები. გულში ჭიად შემძვრალი ეჭვის გამოძახილად ჩაესმა თითოეულს სიმღერის ეს სიტყვები. ის ეჭვი ბევრისთვის სინამდვილედ იქცა. საჭმელი მალევე გაუთავდათ, მაგრამ სანამ ღამღამობით ხევიდან წყლის ამოტანას ახერხებდნენ კიდევ რა უჭირდათ. წყალი ყოფილა მთავარი. გერმანელმა სნაიპერმა წყლის აღების რამოდენიმე მცდელობა რომ ჩაუშალათ, მაშინ ძალიან გაჭირდა გაძლება. კლდეში გამოჟონილი წვეთების შეგროვება დაიწყეს. ზოგმა გონება დაკარგა. ზოგმა გამოქვაბულის კედლებს დაუწყო ლოკვა. მანამდე თუ დღის სინათლე ენატრებოდათ, ახლა ღამეც ვერ გამოდიოდნენ გარეთ. გერმანელები ძალიან ახლოს მოვიდნენ. საიდუმლო ხვრელიც იპოვეს. ერთადერთი „მაქსიმიც” დადუმდა. ტყვია-წამალიც აღარ ჰქონდათ. იმ აგონიას ისევ გერმანელებმა მოუღეს ბოლო - მხრჩოლავი ხელყუმბარები შემოყარეს და ბოლით გაგუდულები სათითაოდ წამოკრიფეს. ასე მოხვდა ტყვეობაში. სიმართლე თუ გინდა არც ითვლებოდნენ ტყვეებად. სტალინმა მე ტყვეები არა მყავსო. საოცარია თავი რატომ არ მოიკალიო? ამაზე მაშინ არც უფიქრია. იცოდა, როგორ არ იცოდა, ერთი ტყვია ჯარისკაცს თავისთვის, რომ უნდა ჰქონოდა, მაგრამ მაშინ სიცოცხლე სწყუროდა, ჯერ კიდევ სწყუროდა.
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/