რატომ არის მიზანშეწონილი, ბავშვს დამატებითი საკვები ექვს თვემდე მივცეთ? ჯერ ერთი, ჩვილისთვის სულერთია, რას შეჭამს, მოზრდილი ბავშვი კი ჭირვეულია და მომთხოვნი, მეორე - დამატებითი საკვები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც რძეში ან ცოტაა, ან საერთოდ არ არის.
ბავშვები, რომლებსაც არასოდეს გაუსინჯავთ "ნამდვილი" საჭმელი, რძეს მოელიან და იმედი რომ გაუცრუვდებათ, ჭამაზე უარს ამბობენ, ამიტომ პირველ ხანებში დამატებითი საკვები ან რძემდე, ან შუა ჭამაში გაასინჯეთ. როცა ბავშვი მიხვდება, რომ ეს უცხო ფიაც ისევე კლავს შიმშილს, როგორც რძე, მასაც სიამოვნებით შეექცევა.
როგორი უნდა იყოს კოვზიჩაის კოვზი მეტისმეტად პატარაა, საჩაროზე და სადილისა კი - მეტისმეტად დიდი. სჯობს, პაწია დამატებით კერძს ყავის კოვზით შეექცეს, რომელიც უფრო ფართო და ბრტყელია.
რომელი საკვებით დავიწყოთპირველად ბოსტნეულის პიურე გაასინჯოთ თუ ბურღულის ფაფა, ამას პირადი პედიატრი გირჩევთ.
დამატებით საკვებს ბავშვები გასინჯვისთანავე როდი იღებენ. გირჩევთ, თავდაპირველად ერთი ჩაის კოვზი მისცეთ. თუ მოეწონა და არც მონელება გასჭირვებია, ულუფა თანდათან 2-3 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ.
როცა პატარა პირველად გასინჯავს დამატებით საჭმელს, შესაძლოა, ცხვირი აიბზუოს. არ გაუბრაზდეთ, ამ კერძს ხომ მისთვის უცხო გემო და კონსისტენცია აქვს. გარდა ამისა, ჯერ კოვზსაც არ შესჩვევია. ძუძუს წოვისას რძე თავისთავად გადასდის ყელში, მაგრამ როცა საჭმელს კოვზით უდებენ პირში, მან არ იცის, რა უყოს ლუკმას, ენით ისეთ მოძრაობას აკეთებს, თითქოს წოვდეს, ამიტომ ფაფა პირიდან გადმოსდის და ნიკაპზე ეღვრება. თქვენ ხელახლა უნდა ჩაუდოთ პირში ფაფით სავსე კოვზი და ასე გაიმეოროთ მრავალგზის.
დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ჭამისას მისცემთ ფაფას ან პიურეს, მაგრამ მაინც სჯობს, მაშინ აჭამოთ, როცა უფრო მეტად შია. თავდაპირველად კერძი თხელი, თითქმის რძის სისქისა მოამზადეთ. მას ბავშვი ადვილად გადაყლაპავს და ისე უცნაურიც არ მოეჩვენება.
ორიოდე დღეში გეცოდინებათ, მოსწონს თუ არა თქვენს შვილს ფაფა. ზოგიერთი მას მაშინვე ეგუება და კოვზის დანახვისას პირს ბარტყივით აღებს, ზოგს კი მისი დანახვაც არ უნდა. თუ ძალით აჭმევთ, პატარა გააფთრებულ წინააღმდეგობას გაგიწევთ, ერთ-ორ კვირაში კი შეიძლება რძესაც აღარ მიეკაროს. პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ სატყუარად გახეხილი ხილი გამოიყენეთ. ეს არ გაგიჭირდებათ - ხილი ყველა ბავშვს მოსწონს, ორიოდე კვირის შემდეგ კი პატარას მოეჩვენება, რომ ყველაფერი, რასაც კოვზით მიართმევენ, გემრიელია. ჰოდა, სწორედ ამ დროს შესთავაზეთ ფაფა.
ბავშვი ყოველგვარ ხილს ნელ-ნელა მიაჩვიეთ. ჩვილების უმრავლესობას ერთ ჯერზე 50-60 გრამი ჰყოფნის. შავმა ქლიავმა შესაძლოა კუჭის მოქმედება გაახშიროს, სხვა ხილი კი ასეთ ზემოქმედებას თითქმის არ ახდენს. შავი ქლიავი სუსტი საფაღარათო საშუალებაა, ამიტომ ორმაგად ფასობს იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ქრონიკული შეკრულობა აქვთ. ასეთ პატარებს გახეხილი შავი ქლიავი შეგიძლიათ ყოველდღე მისცეთ, ოღონდ მხოლოდ ერთხელ, დანარჩენი კვებისას კი სხვა ხილი - ვაშლი, ატამი, ბანანი - შესთავაზეთ. თუ თქვენს პატარას კუჭი ადვილად ეშლება, სჯობს, ხილი დღეში ერთხელ აჭამოთ, ხოლო შავი ქლიავი მენიუდან საერთოდ ამოიღოთ.
პატარა ბავშვებს უმთავრესად რამდენიმე ბოსტნეულის ფაფას აძლევენ. ესენია კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, გოგრა, ყვავილოვანი კომბოსტო.
თავდაპირველად ბავშვის განავალში მოუნელებელ ბოსტნეულს შეამჩნევთ. ეს ნორმალური მოვლენაა, თუ განავალი თხელი არ არის და არც ლორწო ურევია. ვიდრე ბავშვის კუჭი ბოსტნეულს არ შეეჩვევა, ულუფას ნუ გაზრდით.
ჭარხალი ბავშვის შარდსა და განავალს აწითლებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ და როცა პატარას ჭარხალს აჭმევთ, ნუღარ აგაღელვებთ უჩვეულოდ წითელი განავლისა და შარდის დანახვა.
ბოსტნეულის ფაფა მწვანილით - ოხრახუშით, კამით, ნიახურით, ცოტაოდენი მარილითაც შეკაზმეთ, კარაქი კი თეფშზე გადმოღებულ კერძში ჩაუდეთ.
გოგრის ფაფა რძითაც შეგიძლიათ მოამზადოთ.
კარტოფილი სახამებელთან ერთად შეიცავს რკინას, მინერალურ მარილებს (განსაკუთრებით - კალიუმს) და ჩ ვიტამინს. ბავშვის რაციონში ეს ბოსტნეული 6 თვის შემდეგ შეაქვთ.
ბავშვმა კარტოფილი ადვილად რომ გადაყლაპოს, ბლომად რძე დაასხით და პატარ-პატარა ულუფებით აძლიეთ.
6-7 თვის ბავშვს შეუძლია, საკვები ხელში დაიჭიროს. ამ ასაკში მას ღეჭვის სურვილი ებადება. გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი ჭამის ჩვევის გამომუშავებას. თუ ბავშვს ხელით ჭამის საშუალებას არ მისცემთ, არც კოვზით ჭამის სურვილი გაუჩნდება.
თავდაპირველად პატარას პურის ქერქს, ორცხობილას აძლევენ. ის ღრძილებით ღეჭავს და წუწნის საკვებს. თუ ეს კბილების ამოჭრის დროს დაემთხვა, ღეჭვა უფრო მეტ სიამოვნებას მოჰგვრის. ოღონდ უმეთვალყურეოდ ნუ დატოვებთ, რათა დიდი ლუკმა არ გადასცდეს.
9 თვის შემდეგ საკვები აღარც გახეხოთ, აღარც ბლენდერით დააქუცმაცოთ - ჩანგლით დასრისეთ, ოღონდ რამდენიმე ნაჭერი კი მთელი დატოვეთ, რათა თვითონვე აიღოს ხელით.
ბავშვს კბილები დაახლოებით 7 თვისას ამოსდის. ნუ გეგონებათ, რომ მანამდე მკვრივ საკვებს ვერ მოერევა, - ღრძილებითა და ენით პატარები შესანიშნავად "ღეჭავენ" მოხარშულ ბოსტნეულს, ხილს, ორცხობილას.
გახეხილიდან მკვრივ საკვებზე გადასვლისას აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ორი რამ:
ლ თავდაპირველად საჭმელი კარგად დასრისეთ ჩანგლით და ბავშვს პატარა ლუკმები მიაწოდეთ. თანდათან ნაჭრების მოცულობა უფრო და უფრო გაზარდეთ და ბავშვი ნელ-ნელა შეაჩვიეთ საჭმლის ახალ კონსისტენციას.
ლ მიეცით ნება, თავისი ხელით აიღოს ხილის ან ბოსტნეულის ნაჭერი და პირში ჩაიდოს.
9-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვს ხილ-ბოსტნეული დაუჭერით, ხორცი კი ისევ გატარებული ან ბლენდერში ათქვეფილი შესთავაზეთ - მთელი ნაჭრის დაღეჭვა გაუჭირდება.
გახსოვდეთ: გახეხილიდან გაუხეხავ საკვებზე გადასვლა ბავშვის რეაქციის შესაბამისად უნდა მოხდეს. ზოგჯერ ბავშვს გახეხილი საჭმელიც კი ყელზე ადგება, ვინაიდან კერძი მეტისმეტად სქელია. ასეთი კერძი ცოტაოდენი წყლით ან რძით გაათხიერეთ, ოღონდ სულმთლად ფაფად ნუ აქცევთ.
www.mkurnali.ge
* * *
ალერგია და დედის კვება კვებითი ალერგიის ერთ-ერთი უსიამოვნო მხარე ის არის, რომ შეიძლება, პრაქტიკულად ნებისმიერმა პროდუქტმა გამოიწვიოს. მაშ, როგორ მოვიქცეთ? აი, რას გვირჩევენ დიეტოლოგები: კვებითი ალერგიის დროს საცდელი დიეტა, ჩვეულებრივ, ორი თვით ინიშნება, ორი თვის შემდეგ კი რეკომენდაციები სულ უფრო და უფრო მსუბუქდება. ახალშობილებისთვის, ისევე როგორც მოზრდილებისთვის, დიეტა მეტად ინდივიდუალურია, თუმცა მაინც შეიძლება საუბარი ზოგიერთ პროდუქტზე, რომლებიც ალერგიულებისთვის რეკომენდებული არ არის. არსებობს აგრეთვე იმ ალტერნატიული პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც ასეთ დროს დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. ახალშობილისთვის დედის რძე რომ შეუცვლელია, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ალერგიულ ბავშვებს უფრო მეტად ეხება, ვიდრე ჯანმრთელებს. კვებითი ალერგიის ერთ-ერთ მიზეზად თანამედროვე ექიმები - არც მეტი, არც ნაკლები - დედის არასწორ რაციონს ასახელებენ. ისიც სათქმელია, რომ მრავალი ალერგენი იოლად გადადის დედის რძეში, ამიტომ მეძუძურმა დედამ თავი უნდა შეიკავოს ალერგენული საკვების მიღებისგან. ასეთია არა მარტო ეგზოტიკური პროდუქტი (ანანასი, კრევეტები და ა.შ.), არამედ ძროხის რძეც, რომელმაც ახალშობილს შესაძლოა ნაწლავური კოლიკა და გამონაყარი გაუჩინოს.
რა უნდა ამოვიღოთ მეძუძური დედის რაციონიდან:შოკოლადი, კაკაო, დაკონსერვებული და შებოლილი საკვები, სანელებლები;
თუ გამოკვლევებმა დედის სისხლში სპეციფიკური ალერგენი გამოავლინა, აუცილებელია მენიუდან მისი გამორციხვა და სხვა პროდუქტით შეცვლა. მაგალითად, ძროხის რძის მაგივრად შეიძლება გამოყენებულ იქნეს რძემჟავა ნაწარმი;
უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, ფანტა და ა.შ.).
რა სჭირდება ჩვილსთუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ალერგიის ნიშნების გაჩენისთანავე მას კვების განსაკუთრებული რეჟიმი და საკვები უნდა შევურჩიოთ.
ძროხის რძის მიმართ ალერგიის შემთხვევაში ბავშვი უნდა გადავიყვანოთ ურძეო დიეტაზე. თუ ალერგია სუსტად არის გამოხატული, უნდა გამოვრიცხოთ რძე, რძის ნარევები და ხაჭო. ასეთი ბავშვი გადაჰყავთ ადაპტირებულ რძემჟავა აციდოფილურ (ბიფილინი) ან ჰიპოალერგიულ ნარევებზე. მეშვიდე თვიდან ბავშვს უკვე შეიძლება მიეცეს არაადაპტირებული რძემჟავა პროდუქტები: მაწონი, კეფირი, ბიოკეფირი, აციდოფილური ნარევები, აგრეთვე - ძროხის რძის მშრალი პროდუქტები ან სპეციალური წესით დამზადებული ნარევები. ეს ნარევები შეიცავს ბიფიდობაქტერიებს ან აციდოფილურ ჩხირს. ძროხის რძის მიმართ ალერგიის შემთხვევაში, რომელიც ბავშვების 15-20%-ს აღენიშნება, შეიძლება დაინიშნოს სოიის ცილაზე დამზადებული სპეციალიზებული ადაპტირებული საკვები, რომელიც არ შეიცავს რძის ცილასა და ლაქტოზას. შედეგი, ჩვეულებრივ, 3-4 კვირის შემდეგ ვლინდება. ბავშვისთვის საუკეთესო ნარევის შერჩევაში, რასაკვირველია, მკურნალი ექიმი დაგეხმარებათ.
სასარგებლო რჩევებინუ იჩქარებთ ალერგიული ბავშვებისთვისGდამატებითი საკვების მიცემას. ყოველი ახალი პროდუქტი მიეცით ფრთხილად - წვეთწვეთობით ან მარცვალ-მარცვალ. აკრძალულია ციტრუსების, სტაფილოს, ბროწეულის, პამიდვრის, ყურძნის წვენი. ბოსტნეული და ფაფა მხოლოდ წყალზე მოამზადეთ და ნაღების კარაქით შეაზავეთ. ალერგიულ ბავშვებს ერთ წლამდე ნუ მისცემთ კვერცხს, თევზს, ასევე - საქონლის, ქათმისა და თევზის ბულიონს, ორ წლამდე კი - ძროხის რძეს. ხორცის ბულიონი შეგიძლიათ ბოსტნეულის ნახარშით შეცვალოთ, საქონლისა და ქათმის ხორცის ნაცვლად მისცეთ კურდღლის ან ინდაურის ხორცი. კვებითი ალერგიის გამწვავების პერიოდში ერიდეთ ყოველგვარ საკვებ ნარევს, რომელიც ალერგიული ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი.
თუ პაწიას ბოსტნეულის პიურეს თვითონ უმზადებთ, გირჩევთ, წინასწარ წვრილად დაჭრილ ბოსტნეულს დაასხათ ცივი წყალი და 12 საათის განმავლობაში გააჩეროთ. ასევე მოამზადეთ ბურღულის ფაფები. ექსტრაქტული ნივთიერებების გამოსადევნად ხორცს დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში, ნახარში გადაღვარეთ, ხორცს კი ხელახლა დაასხით ცხელი წყალი და ბოლომდე მოხარშეთ. მომზადების ასეთი წესი ამცირებს ბავშვებში ალერგიული რეაქციების გამოვლენის ალბათობას.
აი, უკვე დიდი ვარ!შედარებით მოზრდილ ასაკში ალერგიულ ბავშვებს შეიძლება უსაფრთხო და სრულფასოვანი რაციონი შევუდგინოთ, თუ ზუსტად ვიცით, რომელი საკვები ვნებს მათ. თუ ბავშვი დაბადებიდანვე ალერგიულია, უნდა შეიზღუდოს მეტისმეტად მარილიანი, ცხარე, სანელებლებიანი და ტკბილი საკვები. ერიდეთ აგრეთვე ისეთ სურსათს, რომელიც შეიცავს კვებით დანამატებსა და საღებავს. არასასურველია შოკოლადი, კაკაო, კონსერვირებული და შებოლილი პროდუქტებიც.
ბავშვს მიეცით რაც შეიძლება მეტი ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომელზეც მას ალერგია არ აქვს. მენიუ გაამდიდრეთ უმარილო ყველითა და მაწვნით. ცხოველური ცხიმები შეცვალეთ მცენარეულით. თუ ბავშვს ქათმის კვერცხზე აქვს ალერგია, სასურველია, მის ნაცვლად მწყრისა მისცეთ. მწყრის კვერცხის საშუალებით შესაძლებელია ორგანიზმში ფოსფორის დეფიციტის შევსებაც. ცნობილია, რომ ფოსფორი გონებრივ განვითარებას ასტიმულირებს, ამიტომ იაპონიის სკოლებში მოსწავლეებს თურმე მეცადინეობის დაწყების წინ აუცილებლად აძლევენ ორ ცალ მწყრის კვერცხს. კარგი იქნებოდა, ეს მეთოდი ჩვენს სკოლებშიც დაენერგათ, მანამდე კი იქნებ თქვენ თვითონ შეუწყოთ ხელი ბავშვებს და ყოველ დილით, სკოლაში წასვლის წინ, მწყრის კვერცხით ასაუზმოთ.
ალერგიული ბავშვის რაციონიდან ოცამდე დასახელების საკვებია ამოღებული. სრულფასოვანი კვების პრაქტიკულად ერთადერთი ალტერნატივა სოიის პროდუქტებია: რძე, ყველი, ხაჭო, ფქვილი და სხვა. ისინი უხვად შეიცავს ცილას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მზარდი ორგანიზმის ნორმალური განვითარებისთვის
* * *
ნაწლავთა კოლიკა თითქმის ყოველი ძუძუთა ბავშვის ხვედრია. ის ორი-სამი კვირის ასაკიდან იწყება, სამ-ოთხ თვემდე გასტანს და თავისთავად გაივლის. შეტევის დროს პატარას მოხრილი ფეხები მუცელთან მიაქვს, შემდეგ კი სწრაფად შლის - თითქოს ამით მიგვანიშნებს, რა სტკივა.
ზოგიერთ ბავშვს მოთმინებით გადააქვს ნაწლავების კონსტრუქციული უკმარისობა და კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მართავს საღამოს კონცერტს, ზოგიერთის წყალობით კი ოჯახური ცხოვრება ღამის კოშმარს ემსგავსება.
რა იწვევს კოლიკას?პედიატრები და ნეონატოლოგები ამის თაობაზე კარგა ხანია დავობენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერზე შეთანხმებულან. ისე რომ, ტკივილის მხოლოდ სავარაუდო მიზეზებს თუ დავასახელებთ. ესენია:
ნაწლავებში დაგროვილი აირები;ჭამის დროს გადაყლაპული ჰაერი;[B]
ყვირილის დროს ნაწლავებში დაგროვილი განავლოვანი მასები, რომლებსაც სპაზმურ მასებს უწოდებენ.
სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ბავშვის კვების ხასიათსა და ნაწლავურ კოლიკას შორის არსებობს განსაზღვრული კანონზომიერება: ჩვილები, რომლებსაც დაბადებიდანვე ხელოვნურად კვებავენ, ძლიერი და ხანგრძლივი კოლიკით იტანჯებიან, ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარებს კი ნაწლავთა ჭვალი უფრო იშვიათად აწუხებთ. შესაძლოა, ეს იმის ბრალი იყოს, რომ მათ ძუძუს საშუალებით უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვთ დედასთან და ამიტომ ტკივილს უფრო იოლად იტანენ.
ყველა ხელოვნური ნარევის ძირითადი კომპონენტი ძროხის რძეა. უმთავრესად სწორედ მისი გადამუშავება უჭირთ ხელოვნურ კვებაზე მყოფ პაწიებს. გარდა ამისა, კოლიკის აღმოცენებას, როგორც ჩანს, ნაწლავთა ანატომიური აგებულებაც უწყობს ხელს: ახალშობილის ნაწლავები არაპროპორციულად გრძელია, ამიტომ მათში უფრო მეტი განავლოვანი აირი ეტევა, ვიდრე მოზრდილი ბავშვის ნაწლავებში.
დაგროვილი აირები მუცლის შებერვასა და ტკივილებს იწვევს, ახალშობილს კი მათი გამოდევნა უჭირს, რადგანაც გაჭინთვა არ იცის - მისი კუნთოვანი სისტემა ამისათვის ჯერ კიდევ არ არის მზად.
[B]ცნობილია ფაქტორები, რომელთა გავლენითაც იზრდება კოლიკის განვითარების რისკი. ესენია:
ფსიქო-სოციალური ფაქტორები (დედის სტრესული მდგომარეობა, არაჯანსაღი ოჯახური ატმოსფერო და ა.შ.);
დედის მავნე ჩვევები, კერძოდ, თამბაქოს წევა;
დედის განსაზღვრული კვების რეჟიმი და დიეტა.
თვით მშობლების დაკვირვებით, თურმე პატარები უფრო დიდხანს და ძლიერად ტირიან, როცა მეძუძური დედა მიირთმევს კომბოსტოს, პარკოსნებს (ლობიოს, მუხუდოს, ბარდას), პომიდორს, ძროხის რძეს, შავ ქლიავს, ყურძენს, ციტრუსებს, კვერცხს, სვამს ზედმეტად ტკბილ ჩაის ან წვენს. ეს ის სურსათია, რომელიც დედის ორგანიზმშივე იწვევს აირების დიდი ოდენობით წარმოქმნას. ალერგენების შემცველი პროდუქტები კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში იმუნოპათოლოგიურ რეაქციებს უდებს სათავეს. დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ნაწლავთა კოლიკა ტანჯავთ, მომატებული აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განვლადობა ალერგენების მიმართ და მოტილინის დონე. მოტილინი ის რეგულატორული პეპტიდია, რომლის სიჭარბე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოძრაობითი ფუნქციის დარღვევას იწვევს.
ასე რომ, დედებო, ძუძუთი კვება არ კმარა, ბავშვს კოლიკა რომ არ დაემართოს, აუცილებელია, თქვენ თვითონ დაიცვათ კვების მართებული რეჟიმი, მიირთვათ ჰიპოალერგიული, ჯანსაღი სურსათი.თუ ტკივილი გაუსაძლისი გახდა, მიმართეთ პედიატრს. არსებობს მედიკამენტური საშუალებები, ფერმენტები, პრობიოტიკები, რომლებიც პატარას აირებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.
მამების საყურადღებოდ: თუ პაწია ღამით არ გაძინებთ, ნურც გაღიზიანდებით და ნურც მეორე ოთახში გაიქცევით. უმჯობესია, მტირალი პატარა ხელში აიყვანოთ და არწიოთ, თან ოთახში იაროთ. თქვენი სხეულის სითბო ჩვილს თანდათან გაათბობს და დაამშვიდებს.
This post has been edited by EXTRAORDINARY on 27 Nov 2008, 16:20
მიმაგრებული სურათი