ქართველ ექთანთან სამკურნალოდ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან
2010-06-02 15:05:12
Share on twitterShare |
გაუსაძლისი თავის ტკივილი, რომელიც ბევრ ადამიანს სტანჯავს, ხშირად ჰაიმორიტის შედეგია. სწორედ ჰაიმორის ღრუების ლორწოვანი ღრუების გარსის ანთება იწვევს საშინელ ტკივილებს და თუ ამ ანთებამ ქრონიკული ხასიათი მიიღო, ოპერაცია აუცილებელი ხდება. ვისაც ჩვენს ქვეყანაში ჰაიმორიტი აწუხებს, სახელი ზოია მისთვის გარკვეულ შვებასთანაა დაკავშირებული. ზოია კუსიანი ერთი ხანშიშესული ქალბატონი გახლავთ, რომელიც ჰაიმორიტით დაავადებულ ადამიანებს "ბერავს" და ტკივილისაგან ათავისუფლებს.
თავად პროფესიით ექთანია და ჰაიმორიტის მკურნალობა საგვარეულო რეცეპტებით ისწავლა.
ზიოია კუსიანი: ჰაიმორიტის მკურნალობა დედაჩემმა მასწავლა. დედა მეხუთე თაობა იყო, ვინც ეს იცოდა. მე მეექვსე თაობა ვარ. თუ ჩემს შვილიშვილს ვერ ვასწავალე, ჩემით დამთავრდება.
– სასწავლად ძნელია თუ თქვენს შვილიშვილს სურვილი არ აქვს?
– ძნელი არ არის, მაგრამ ჭუჭყიანი საქმეა და ვერ უძლებს, გული ერევა. ვერც შვილს ვასწავლე. ძალიან ცუდი ხელობაა. ადრე გაჭირვებულები ვიყავით და ამიტომაც ვისწავლეთ.
– თქვენმა წინაპრებმა როგორ შეიმუშავეს ეს მეთოდი?
– პირველად ბებიაჩემის დედის დედამ ისწავლა სიზმარში ბალახეულით მკურნალობა. მერე მეზობელი გამხდარა ცუდად. მასთან მისულა, ცხვირში რაღაც მაქვს გაჭედილი და რამე მიშველეო. თურმე ცხვირში კურკა ჰქონია გაჭედილი. ბებიას რაღაცეები ჩაუწვეთებია. მერე დოლბანდი გადაუფარებია და ჩაუბერავს. კურკას ჩირქი გამოჰყოლია და აქედან დაიწყო ჩირქოვანი დაავადებების მკურნალობაც. ახლა ჰაიმორიტით, სინუსიტით, ფრონტიტით დაავადებულ პაციენტებს ვშველით. ერთხელ დედა ავად იყო და პაციენტებს მის ნაცვლად მე ვიღებდი. მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი. ამ სპეციალობის ექიმები, ვისაც ჰაიმორიტი აწუხებთ, ჩემთან დადიან. ზურა ყიფშიძისთვის იმდენი ჩირქი მაქვს ამოღებული...
– ერთხელ ამოსუფთავებულ ჰაიმორის ღრუებში ისევ რატომ დგება ჩირქი?
– ვერ გეტყვით. მე მხოლოდ ის ვიცი, როგორ ამოვიღო. თუ ჰაიმორიტი ერთხელ უკვე ჰქონდა ადამიანს, აღარ უნდა გაცივდეს, არც ღვინო უნდა დალიოს. როცა ეს პრობლემაა, დაბანილს ნიავიც არ უნდა მიეკაროს. ერთხელ ჩემი გოგო ზღვაზე იყო და გაცივდა. შუბლი ასტკივებია. ექიმთან რომ მისულა, უთქვამს, თბილისში წადი, მე გეტყვით, ვისთანაც უნდა მიხვიდეო და ჩემი მისამართი მიუცია – ამან შვილი მომირჩინაო.
– თქვენს შვილსაც ჰაიმორიტი დაემართა?
– ზღვის წყალი ჰქონდა ნაყლაპი და შედედებულა შიგნით. ცარიელ ადგილებს პოულობს ჩირქი თუ სხვა სითხე და იქ მაგრდება. იმუნიტეტის დაქვეითება, ვირუსული ინფექცია უწყობს ხელს ჰაიმორიტის განვითარებას.
– გენეტიკაზე რამდენადაა დამოკიდებული?
– რა თქმა უნდა, დამოკიდებულია. ჩემთან ბევრი დედა–შვილი დადის, რომლებსაც მუდამ აქვთ ეს პრობლემა და ხშირად სჭირდებათ ამოსუფთავება. ყოფილი გენერალური პროკურორი რომ იყო, ნუგზარ გაბრიჩიძე, მის დედას 10–ჯერ მაინც ამოვუსუფთავე ჰაიმორის ღრუები. ყელ–ყურ–ცხვირის ექიმები თვითონ რომ ვეღარ შველიან, მერე ჩემთან აგზავნიან ჩასაბერად.
დედამ წამლების დამზადებაც მასწავლა. სტაფილოკოკი (აფთიაქში იყიდება ამპულებით), შავი "მუმიო" და ქაცვის ზეთს ერთმანეთში უნდა აურიო. ეს გამხმარ ჩირქს ალბობს და მერე ადვილად გამოდის. მეც ვამზადებდი ხოლმე ამ ნარევს, მაგრამ ახლა აღარ შემიძლია და პაციენტებს ვასწავლი, როგორ დაამზადონ. ხანდახან არის შემთხვევები, როცა სითხე ღრმადაა და თან გამხმარი. ამას ვერც წამალი შველის და ვერც – ჩემი ჩაბერვა. მხოლოდ ოპერაცია თუ უშველის. ჩემს მეთოდს ბევრი უხსნია ოპერაციისგან. არის ასეთი, ოქროს სტაფილოკოკი, რომელსაც იშვიათად შველიან, ძალიან ცუდი ბაქტერიაა. მისი წამალიც ვიცი.
– თქვენს წამლებს ოჯახის წევრებზეც იყენებთ? ამ დაავადებების მიმართ მათაც ხომ არ აქვთ მიდრეკილება?
– მიდრეკილებისა რა გითხრათ, მაგრამ 2 და 1,5 წლის შვილიშვილები მყავს და მათ ვაწვეთებ. უხსნის ცხვირს და ჩამოაქვს ლორწო. გრიპის დროს უებარია და პროფილაქტიკისთვისაც კარგია, ყველა ბაქტერიას სპობს. რინიტის დროს კარგია ცხვირში მარილიანი წყლის გამოვლება. ჭიქაში უნდა ჩაასხათ, შიგ ცხვირი ჩადოთ და შეისრუტოთ. ნაკრძალებშია კარგი და სუფთა მცენარეები. იქ დავდიოდი და ვკრეფდი ხოლმე. მუხლების გასაკაჟებელი წამლებიც ვიცი, მაგრამ ჩემს მუხლებს არ შველის.
– რატომ, ასეთი რა გაქვთ?
– რამდენიმე წლის წინ ირინა სარიშვილი მოვიდა ჩემთან ჩასაბერად. მეორე სართულზე დროებითი აივანი გვქონდა გაკეთებული და კარგად არ იყო დამაგრებული. იქიდან გადმოვიხედე, რომ დამენახა, ვინ მოვიდა და გადმოვვარდი. მას მერე ნორმალურად ვეღარ დავდივარ. გულიც დამიავადდა. თვითონაც კინაღამ გაგიჟდა, გადმოვარდნილი რომ დამინახა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ აღარ მიმიღია! ახლა კარდიოლოგიურ კლინიკაში დავდივარ. ექიმები მეუბნებიან, სტაციონარში უნდა დაწვეო, მაგრამ არ მინდა. ყოველდღე მუჭებით ვსვამ გულის წამლებს. ჯოხით დავდივარ. 12 წლის გოგო მყავს – სიბერეში მაჩუქა ღმერთმა. მისი დარდი მაქვს. მინდა, იმდენ ხანს ვიცოცხლო, რომ სკოლა მაინც დაამთავროს და უმაღლესში მოეწყოს.
– თქვენთან მკურნალობა საკმაოდ ძვირი ღირს და ბევრი პაციენტიც გყავთ. შემოსავალს არ უნდა უჩიოდეთ.
– ახლა ზოგს უკან ვაბრუნებ, რადგან ცუდად ვარ ხოლმე. რამდენიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მომირჩენია, იმდენი სიკეთე მიეცეთ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს. უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან ჩამოდიოდნენ. ვისაც თავი ასტკივდებოდა, ყველა ჩემთან მორბოდა, ეგონათ, ჰაიმორიტი ჰქონდათ. ბევრი უკან გამიშვია, არაფერი გჭირს–მეთქი.
– პაციენტებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ, უშუალო თუ მკაცრი?
– აზრებაიჯანელები და სომხები რომ მოდიან, მე ჩემს ენაზე ვლაპარაკობ ხოლმე, ისინი – თავიანთზე და უნდა ნახოთ, ეს რა სასაცილოა. ქართველებს, რომლებსაც რაღაცას ვუხსნი და ვერ იგებენ, ვუყვირი – იმათ ვაგებინებ და თქვენ როგორ ვერ გაგაგებინეთ–მეთქი?! არ მიყვარს, ბევრ შეკითხვას რომ მაძლევენ. ერთხელ მოსკოვში წამიყვანეს. რომელიღაც არაბული ქვეყნის გენერალურ პროკურორს ჰაიმორიტი სჭირდა. ვერაფერს მაგებინებდა – ის თავის ენაზე ლაპარკობდა, მე – ჩემსაზე. ბოლოს რომ ჩავბერე და თავი კარგად იგრძნო, ალბათ უნდოდა, მადლობა ეთქვა და რაღაცას მეუბნებოდა. ბოლოს, რომ მიხვდა, ვერ ვიგებდი – ფანტასტიკ, ფანტასტიკო, ყვიროდა.
ოცნებად მქონდა გადაქცეული ბუბა კიკაბიძესთან შეხვედრა. ერთხელ კინორეჟისორი გიორგი დანელია მოიყვანა. მე სახლში არ ვიყავი. როცა დავბრუნდი, ბუბა მეუბნება, სად ხართ, რამდენი ხანია, გელოდებითო. ვუპასუხე, მე 20 წელი გელოდი და ძლივს გნახე–მეთქი. ძალიან მიყვარს ბუბა...
ეჰ, ადრე მხიარული ქალი ვიყავი. მას შემდეგ, რაც ორი შვილი გარდამეცვალა... ჩემს 8 წლის ულამაზეს გოგოს მანქანა დაეჯახა. მერე ვაჟიც გარდამეცვალა. დიაბეტი დამემართა ნერვიულობის გამო, მაგრამ ლობიოს ჩურჩით მოვირჩინე და ახლა ნორმაში მაქვს. როგორც კი ოდნავ ამიწევს, მაშინვე ამ ნახარშს ვიღებ და ვარეგულირებ.
– როგორ ამზადებთ ნახარშს?
– ხმელი ლობიოს ჩურჩას, რაშიც მარცვლებია მოთავსებული, ვახმობ და მერე ვხარშავ. 15 ცალ ჩურჩას უნდა დაასხათ 3 ლიტრი წყალი და იმდენი უნდა იხარშოს, რომ 1,5 ლიტრამდე დავიდეს. დილა–საღამოს 50–50 გრამი უნდა მიიღოთ. მე ასე ვსვამდი. თუ შაქარი ძალიან აწეულია, დღეში 3–ჯერაც შეიძლება. მთელი წელი ვსვამდი მუდმივად. შემოდგომაზე რომ შემოვა ლობიო, ბნელ და გრილ ადგილას უნდა შეინახო მისი ჩურჩა და მთელი წელი შეიძლება გამოიყენო.
http://www.sana.ge/address/news/cat/12876/...%83%9C%E1%83%98
Don't argue with fools. They'll drag you down to their level and beat you with their experience