dylan
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21458
წევრი No.: 86401
რეგისტრ.: 11-March 09
|
#28470166 · 25 Nov 2011, 16:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს წერილი გაზეთ "რეზონანსში" შევარდნაძის დროს გამოვაქვეყნე და აღმოჩნდა, რომ ამ ოცნებას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.
ვისაც არ გეზარებათ, გადაავლეთ თვალი, ან "გადართეთ."
ქართული ოცნება – სომხური სინამდვილე
აწმყო მომენტში ყოველთვის კონცენტრირებულია შიშველი რეალობა, რომელიც მუდამ მოქმედებას მოითხოვს და თუ ცალკეულ პიროვნებას ანდა მთელ ერს სურს რეალობას ადექვატურად და რეალურადვე უპასუხოს, ამ აწმყოში წამოჭრილ მოთხოვნებს სამყარო მუდმივად და სპონტანურად რომ შობს, ისინი ყოველწამიერი შინაგანი თუ გარეგანი შრომით უნდა მიეგებონ. ცალკეული, ინდივიდუალური ერი იმგვარადვე განიხილება მოაზროვნეებში, როგორც ცალკეული, ინდივიდუალური პიროვნება. ეს უძველესი გამოცდილებაა და ვინც ამაზე დავობს, ის ამაოდ დავობს. ამრიგად, არავითარი დამაბრკოლებელი დისკომფორტი არ უნდა შეგვიქმნას გარემოებამ, თუ ერს და მასში შემავალ ცალკეულ პიროვნებას თუ პიროვნებებს იდენტიფიცირებულად განვიხილავთ, ანუ თუ ინდივიდუალობის ძირეულ ნიშნებს მთელ ერზე განვაზოგადებთ და მთელი ერისას კი კვლავ მის ცალკეულ ინდივიდუალობებზე. ჩვენი ხმამაღალი ფიქრი წარმოადგენს ფიქრს ქართული სინამდვილის შესახებ და ამდენად მის ობიექტსაც ცალკეული ქართველი ან როგორც შევთანხმდით, საერთოდ ქართველი ერი წარმოადგენს. როდესაც გინდა წარმოდგენა შეიქმნა რაიმე საგანზე, სამყაროს შინაგანი კანონი მოთხოვნას გიყენებს, რომ ეს წარმოდგენა დასაკვირვებელი ობიექტის მომიჯნავე და მონათესავე საგნებთან შედარების გზით ააშენო. ამიტომაც წერილის ავტორმა დაკვირვებისთვის ორი რეალობა ამოირჩია შესადარებლად – ქართული და სომხური სინამდვილე მათი ზოგადად მსგავს გარემოში არსებობის გამო. თავიდანვე უნდა გამოვრიცხოთ ყოველგვარი ეჭვი, რომ ანალოგირების ამგვარ ცდაში რაიმე ნეგატიურ-ნაციონალისტური მომენტი იგულისხმებოდეს და რომ იოტისოდენა სუბიექტური სურვილიც კი გვქონდეს, რომ რომელიმე ერი სხვა ერზე აღმატებული ან არასრულყოფილი გამოვაჩინოთ; თუ ვინმე ცდილობს ობიექტური წარმოდგენა შეიქმნას რაიმეს მიმართ, მან უნდა დატოვოს ყოველგვარი წინასწარაკვიატებული მზა შეხედულება ვიღაცის რაღაც უპირატესობაზე ან ნაკლოვანებაზე, რადგან ამგვარი აკვიატება დაკვირვებას თავიდანვე სუბიექტურობის ბნელ ლაბირინთებში აბორიალებს. სხვა მომენტია, როდესაც დაკვირვება სრულებით ობიექტურად მიმდინარეობს და თუ ამ ობიექტურ პროცესში აღმოჩნდება, რომ დაკვირვების ობიექტთაგან დავუშვათ ერთს, რაღაც უპირატესი მომენტები აღმოაჩნდება რაღაც სფეროში მეორესთან მიმართებით. ეს იქნება ობიექტური რაელობა და ამას რა თქმა უნდა სრული გაგებით უნდა შევხვდეთ. თუ ჩვენი ბაღის თუ ბოსტნის ფლორა რაღაცით ნაკლებია მეზობლისაზე – სუბიექტურად შესაძლოა ეს დიდად არ გვესიამოვნოს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმეში ჯანსაღი აზრი უნდა ჩავრთოთ და სიკეთედ ჩავთვალოთ, რომ ნაკლი, რაც ჩვენს ბაღჩას გააჩნია, მეზობლის ბაღთან შედარების გზით აღმოვაჩინეთ, და რახან ნაკლი დავინახეთ, ახლა მის გამოსწორებაზეც შეგვიძლია ვიზრუნოთ. ამგვარად ობიექტური მკვლევარისათვის სხვისი უპირატესობის აღმოჩენა შურს და განაწყენებას კი არ იწვევს, არამედ ის მადლიერია, რომ სხვამ საშულება მისცა დაენახა თავისი ნაკლი და ახლა შეუძლია იმუშაოს ამის გამოსწორებაზე. ”სხვა’’ ამ შემთხვევაში არის სარკე: როდესაც სარკეში დავინახავთ, რომ ცუდად გვაცვია, განაწყენებულნი კი არ ვამტვრევთ სარკეს, არამედ ვცდილობს ჩაცმულობა გამოვასწოროთ. შესაძლოა მეორე ვარიანტიც – შესაძლოა აღმოაჩინო, რომ შენს საკუთრებას გააჩნია რაღაც უპირატესობა გააჩნია მეზობლისაზე და შესაძლოა ობიექტურობა ამ ფაქტიდან გამომდინარე გაამაყებამ და გაბღენძვამ დაგაკარგინოს, რაც ისეთივე შეცდომა იქნება, როგორთანაც პირველ შემთხვევაში გვქონდა საქმე. ამხელა შესავალი საერთოდ გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ შესავალი თემის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც საძირკველი მშენებარე სახლისათვის, თუმცა კი მაცდუნებელი სურვილი ყოველთვის გთავაზობს, რომ საძირკვლის უხილავი, ნეგატიური საქმე გამოტოვო და პირდაპირ მიწისზედა, პოზიტიურ, ხილულ საქმეს შეუდგე. ჩვენი დაკვირვებით ქართველი ერის ან ქართველი ინდივიდის უპირველესი დამახასიათებელი ნიშანია სწორედ იმ აწმყო მომენტისადმი შიში, რაზედაც საუბრის დასაწყისში ვილაპარაკეთ. ქართველი ადამიანი არის რამდენადმე მშიშარა ადამიანი, რომელიც აწმყოს და მის ყოველწამიერ მოთხოვნებს თვალს ვერ უსწორებს და ამიტომ იგი გარბის აწმყოდან. აწმყოდან კი ორი მიმართულებით შეიძლება გაიქცე – წარსულში ან მომავლისკენ. ეს გაქცევა კი ხორციელდება არა ფიზიკურად; დროით განზომილებაში ამას ვერ შეძლებ. ეს გაქცევა ხორციელდება ზმანებებით და ოცნებებით. ქართველი ადამიანი არის მშიშარა მეოცნებე. მშიშარათა უშიშარ თავშესაფარს კი სწორედ ოცნება წარმოადგენს. ოცნებებში ადვილია ნავარდი. ოცნებებში შეგიძლია შექმნა ყველაზე საშიში სიტუაციები და ამ სიტუაციებიდან ყოველთვის გამარჯვებული და თვით ალექსანდრე დიდზე, ვიკინგებზე თუ ნაპოლეონზე მამაცი გამოხვიდე. შეიძლება ვთქვათ, რომ ქართველის საწყისი ოცნებაა ოცნება, რომ ის ოცნებიდან არ გამოარკვიონ. ილია ჭავჭავაძე ცდილობდა ამას და ”მიუზღეს” კიდეც. ოცნება კი გრძელდება. ის გრძელდება ხან ნოსტალგიურ ”წარსულზე დარდით”, როდესაც საქართველო იყო ”გაჭენებული და გამოჭენებული”, როდესაც იყვნენ ”გასაშტერებელი ოპიზრები ,” იყო ნიკოფსია და დარუბანდი, ვარძია და უფლისციხე..… ეს არის ოცნება წარსულზე, რომელიც წარსულის ინტიმურ, დამაძინებელ გამოქვაბულში გვაყურყუტებს და როდესაც წარსულში მოგვწყინდება, შეგვიძლია მომავლის ქიმერებშიც გადავინაცვლოთ _ ქიმერებში, როდესაც ქართველი ერი აღსდგება, როგორც ლაზარე და ამ აღმსდგარი ერის ენით მთელ სამყაროს ეცნობა ახალი ხარება მაცხოვრის ახალი მოსვლის შესახებ. ზოგადად ასეთია ოცნება, რომელიც ისე ხტის წარსულს და მომავალს შორის, რომ აწმყოს მუდამ გაუნათებელს ტოვებს, რადგან აწმყოში უკვე საქმეა, საქმე კი ფუჭი და მოჟრუანტელე ოცნებიდან გამოგარკვევს; რა თქმა უნდა, ეს არ არის ყრუ, კატეგორიული მტკიცება, რომ მთელი საქართველო და ყველა ქართველი ერთიანად მოუჯადოებია ამგვარ ოცნებებს და ქართველები პრაქტიკულ საქმეებს საერთოდ არ ან ვერ ვაკეთებთ; ასეთი მტკიცება რასაკვირველია არ იქნება რეალური, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ მკვეთრი აქცენტირების გზით ხაზი გავუსვათ ჩვენს მთავარ ნიშან-თვისებებს. სწორედ ნახსენებ აქტიურ აწმყოში ფუსფუსებენ და მუშაკობენ შრომისმოყვარე სომხები. ისინი მუდამ აქ არიან _ პროზაულ და პრაგმატულ აწმყოში – მაზუთიანი ბუშლატებით მანქანების ქვეშ, მეწაღეთა საღებავის სუნით გაჟღენთილ სარდაფებში, ელექტროძრავებთან, სხვადასხვა ტექნოლოგიებთან, მიკროელექტრონიკასთან.. ქართველი კაცი კი, რომელსაც ტელევიზორი გაუფუჭდა და კარადაში მისი მშობლების და თავისი ოცნების მკვდარი ნაყოფი, – ГПИ–ის ელექტროინჟინრის დიპლომი უდევს, იძულებულია ოცნება მიატოვოს და დაზიანებული ტელევიზორი სახელოსნოში გააქციოს, სადაც უდიპლომო, მაგრამ თავის ”უსტასთან” მოჩილად და უამაყოდ ნაშეგირდალი სომეხი ხელოსანი დამცველს შეუცვლის და ამ დოყლაპიას ათ ლარს გამოართმევს. ასეა ცხოვრების ყველა სფეროში; ყველგან სადაც კი არის საქმე. _ ქართველთა ”მაღალ” ოცნებებს სომხური ფხიზელი და პრაგმატული გონება რეალურ და საჭირო აწმყო ცხოვრებად აქუცმაცებს. ასე მოხდა და ხდება უახლეს პოლიტიკურ ცხოვრებაში – იმ დროს, როდესაც გონებასუსტი და მეოცნებე ქართველი ”პოლიტიკოსები” ერს გრძნობათა და ემოციების ბნელ ორგიებში და ჩვენი ერის რაღაც განსაკუთრებულ ”მისსიას” და ამგვარ მისტიფიკაციებში ითრევდნენ ”ძირს იმპერია” და ”შორს ოკუპანტები”-ს სკანდირებით, ცივი გონების სომეხი პოლიტიკოსები მიტინგებზე და ტელეეკრანებიდან ლექსებს კი არ სჭექდნენ, არამედ ”ოკუპანტებთან” და ”იმპერიალისტებთან” ერთად თავიანთ რეალურ პოლიტიკას ქმნიდნენ და რეალურადაც გაჭენ-გამოჭენდნენ და არა მხოლოდ თავის ტერიტორიაზე. გამოდის ისე, რომ ჩვენ ვოცნებობთ სახელმწიფოებრიობაზე და ოცნებით კი სახელმწიფოებრიობის ”ორგანოს” ვერ ვქმნით ჩვენს თავში, _ ისინი კი განუწყვეტლივ მუშაკობენ ამაზე და ამიტომაც გააჩნიათ სახელმწიფოებრიობის ღრმა განცდა თავის თავში. ნათქვამის საილუსტრაციოდ ემიგრაციაში ან ტყვეობაში მყოფი ქართველები და სომხები, რომ შევადაროთ, დავინახავთ, რომ სომხები არასდროს არ კარგავენ თავს, ჩვენ კი უკვე ორიოდე ასწლეულში ძლივს ვცნობთ ჩვენს თავში ქართველებს. აულაგმავი კორუფციაც, ჩვენთან რომ ყვავის, გარკვეულწილად ჩვენი აულაგმავი ოცნებიდან მომდინარეობს. ოცნება რწყილივით არის; მას სურს მიზანს პირდაპირ დაეცეს ისე, რომ ოცნების საწყის მომენტს და მის მიზანს შორის დროც გამოტოვოს და სივრცეც. ამიტომ, რაკი გამდიდრებაზეც ვოცნებობთ, რა საჭიროა ამ სიმდიდრემდე დროში და სივრცეში მუშაკობით და წვალებით მივაღწიოთ. საჭიროა ახლავე, აქვე მოვიპაროთ მილიონი და ოცნებაც ავიხდინოთ. მაგრამ ოცნებისმიერი, მოპარული ფულით გამდიდრებული ქართველი თავის მემკვიდრეებსაც საქმის მაგივრად ოცნებას და ქურდობას აჩვევს. შემდეგ კი, თუკი ქართული სახელმწიფო საერთოდ შედგა, მან კორუფცია აუცილებლად უნდა მოსპოს და როცა მუქთა ფული აღარ იქნება, ამ ჩვენს ფულიანებს და მათ მემკვიდრეებს, ახლა რომ სრა-სასახლეებს იშენებენ, არც საქმე ეცოდინებათ რამე და ამიტომ ეს სასახლეები უკვე უფულოდ და უცოდინრად დარჩენილ გაკოტრებულთაგან გადავა მათ ხელში – ვინც იცის საქმე, და ამიტომ დამსახურებულად ვის ხელშიც კაპიტალი გადაინაცვლებს. ასე რომ კვლავ იქნება არამიანცის საავადმყოფო, აზარიანცის სახლები, ხაჩატურიანის თუ მისთანათა სხვადასხვა სახის და დანიშნულების ატელიე და ა.შ.. როგორც იყო ბოლშევიკების მოსვლამდე. როგორც კაცობრიობის დიდ მასწავლებელთაგან ვიცით, სამყაროში ბოლო საუკუნებამდე მოქმედებდა ღვთაებრივი მადლის პრინციპი. ზოგიერთ ქვეყანაზე, ტერიტორიაზე, ერზე თუ პიროვნებაზე გარდამოდიოდა ღვთის მადლი. მათ შორის ალბათ საქართველოზეც – ჩვენი ბუნება, ჩვენი ხასიათი, მრავალხმიანი სიმღერა და ა.შ. ეს ღვთისმადლად უნდა ჩავთვალოთ; მადლად, რომელიც ღმერთმა გვიბოძა და რაც ჩვენ ჩვენი შრომით კი არ მოვიპოვეთ. ყოველივე ეს სრულებითაც არ ”ემწყალობათ” სომხებს. (ისინი ყველაფერს თავიანთი შრომისმოყვარეობით გამოიმუშავებენ) მაგრამ ახლა დადგა კოსმიური დრო, როცა მადლის წყაროები შრებიან, რადგან ადამიანი უკვე სრულწლოვან არსებად ჩათვალა სულიერმა სამყარომ და ახლა თავისი არსებობა ყველამ თავისი ძალისხმევით უნდა უზრუნველყოს. ახლა მოვიდა სრულწლოვანების ეპოქა და ჩვენც სრულწლოვანებივით უნდა მოვიქცეთ. მადლი კარგია, მაგრამ ის დამაძინებლადაც მოქმედებს თუ ფხიზელი გონებით არ უყურადე, და ამიტომაც არის რომ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში, სადაც ბუნება დიდი შრომის გარეშე ასაზრდოვებს ადამიანებს, ისინი (ადამიანები) გაზლუქუნდნენ, გაზანტდნენ და ინდურ თუ სამხრეთამერიკულ არასრულწლოვნურ, სენტიმენტალურ ფილმებს იღებენ. ამის გამო გადაინაცვლა კაცობრიობის განვითარებამ ზომიერ და ცივი ზონებისაკენ, სადაც ადამიანს მხოლოდ მადლით თანდაყოლილი გრძნობები ვერ ჰყოფნის, სადაც მან თავისი საკუთარი ძალისხმევით აზრი და ნებაც უნდა გამოიმუშაოს. რაღაც დოზით სწორედ ეს არასრულწლოვანების მომენტი არსებობს ჩვენშიც და ეს ნაწილობრივ მადლის მიზეზითაც მომდინარეობს. ახლა საჭიროა ეს მადლი ჩვენივე თავიდან შევავსოთ, რადგან როგორც ვთქვით, ღმერთი მადლს უკვე აღარ ”დაასპონსორებს”. ახლა უნდა გვახსოვდეს და ეს თვით სიტყვაშიც ჩანს, რომ მადლს როცა იქნება ღმერთი დაგვამადლის, თუკი ამ მადლს ჩვენ ჩვენი მხრიდან ვერაფერი შევმატეთ, ვერაფრით გავამდიდრეთ და მხოლოდ გავფლანგეთ და გავანიავეთ.
მოვიყვანოთ იესოს ერთი იგავი ლუკას სახარებიდან:
”ერთი კეთილშობილი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო. დაუძახა თავის ათ მონას, მისცა ათი მინა და უთხრა: ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთო. როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მოეგვარათ ის მონები, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ რამდენი ივაჭრა. მოვიდა პირველი და უთხრა: ბატონო შენმა მინამ ათი მინა შეიძინაო. უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფობაო. მოვიდა მეორე მონა და უთხრა: ბატონო, შენმა მინამ ხუთი მინა მოიტანაო. იმასაც უთხრა: შენც იყავი ხუთ ქალაქზეო. მესამე მოვიდა და უთხრა: ბატონო, აჰა შენი მინა, რომელიც ცხვირსახოცში მქონდა გამოკრული, ვინაიდან შემეშინდა, რადგან სასტიკი ხარ: იღებ რაც არ დაგიდია და იმკი, რაც არ დაგითესავსო. მან უთხრა: შენივე პირით განგიკითხავ ბოროტო მონავ. იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდია და ვიმკი, რაც არ დამითესია. მაშ რატომ არ გაუშვი ჩემი ვერცხლი ბრუნვაში, რომ დაბრუნებულს სარგებლით მიმეღოო? და უთხრა იქ მდგომებს: წაართვით ამას ერთი მინა და მიეცით ათი მინის მქონესო. მათ უთხრეს: უფალო, მას ათი მინა აქვსო. გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონეს მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.” ლუკა. 19.12-26.
ამრიგად, რომ ''არ იყოს ტირილი და კბილთა ღრჭენა” და რომ არაფერი დაგვამადლონ, ჩვენც სომხებივით შავი ბუშლატები უნდა ჩავიცვათ და როგორც ვისოცკი ამბობდა - შავი ბუშლატებით ჩვენი ნათელი მომავალი ჩვენივე პირის ოფლით უნდა ვაშენოთ. ჩვენ წინ წამოვწიეთ გარკვეული უპირატესობები, რაც ჩვენს ძმებს – სომხებს გააჩნიათ ჩვენთან შედარებით და ასევე ჩვენი ნაკლოვანებები. ამასთან ერთად რა თქმა უნდა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენც გაგვაჩნია ჩვენი უპირატესობები და მათ თავიანთი ნაკლოვანებები, მაგრამ ამის დანახვა მათი საქმეა და ჩვენ რომც ვამჩნევდეთ ამ ჩვენს უპირატესობებს, თუნდაც თავმდაბლობის წესიდან გამომდინარე – ვერ ვილაპარაკებთ ამის შესახებ. ერთს კი კვლავ დავამატებთ სახარების სიტყვებით: ...” ამ წუთისოფლის შვილები ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთი მოდგმით.” (ლუკა. 16. 8)
კარგად იყონ ისინი, კარგად ვიყოთ ჩვენ. აბა ჰე..
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|