კრემლმა, საქართველოში, ბოლო 30 წლის განმავლობაში განხორციელებული არაერთი სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური აგრესიისა, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და სეპარატისტული რეგიონების აღიარება მოჰყვა, ქართულ საზოგადოებაში „სახის შენარჩუნებაზე“ ზრუნვა, მინც დაიწყო. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ცდილობს საქართველოს ხალხებში ბუნებრივად დაგროვილი რისხვა „აისხლიტოს“ და თავის ნაცვლად სხვისკენ მიმართოს. ამისთვის, პრორუსული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „დაინტერესებული ინდივიდების“ მიერ აქტიურად დაიწყო ზემოთ აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება. ამ პოლიტიკის კონცეპტი ასეთია:
1. საქართველო მაქსიმალურად უნდა იყოს ჩათრეული ყველა მეზობელთან დაძაბულ, კონფლიქტურ სიტუაციაში. ამისთვის, საჭიროა მეზობელი ქვეყნების ხალხებს შორის ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა ტიპის ნიადაგზე მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნება;
2. საქართველოს საზოგადოების არაჰუმანურ, არადემოკრატიულ, არაცივილურ საზოგადოებად წარმოჩენა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო „დასავლეთთან“ - საქართველოს იმიჯის დისკრედიტაცია საერთაშორისო ასპარეზზე;
3. „დასავლეთის“, როგორც ერთგული პარტნიორის დიკრედიტაცია და მისი, როგორც ქართველთა უბედურებაში მთავარ დამნაშავე აქტორად წარმოჩენა;
4. მოსკოვის, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების ერთადერთი გარანტორი ქვეყნის წარმოჩენა;
ამ კონცეპტის საზოგადოებაში გავრცელება კი, სხვადასხვა გზავნილებით, უკვე დაიწყო. ესენია:
• თურქეთიც ოკუპანტია;
• სომხეთი ისტორიული მტერია;
• დასავლეთი რუსეთის გაღიზიანების მიზეზია;
• ქართველი აგრესიული და არატოლერანტია;
თუკი ეს მესიჯები ქართულ საზოგადოებაში წარმატებით „იმუშავებს“, მაშინ საქართველო:
1. ერთდროულად იქნება რამდენიმე ფრონტზე ჩაბმული და დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურს დახარჯავს;
2. დაკარგავს რეგიონში მშვიდობიანი და პერსპექტიული ქვეყნის სტატუსს - აღარ იქნება რა მიმზიდველი უცხოური ინვესტიციებისთვის;
3. აღარ დარჩება დრო, ადამიანური და ფინანსური რესურსი რაც ქვეყანაში განათლებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის დღეს ასე მნიშვნელოვანია;
4. აღარ იქნება მიმზიდველი დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დღემდე მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს;
5. რუსეთს მიეცემა საშუალება მარტივად, დამატებითი სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური დანაკარგების გარეშე, წერტილი დაუსვას საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
ამდენად, თუ სოციუალურ ქსელში თქვენ მსგავს მესიჯებს ხშირად კითხულობთ ან/და გესმით ტრადიციული მედიიდან, თქვენ უკვე გელაპარაკებათ რუსული პროპაგანდისტული მანქანა. გვაცნობოთ ამის შესახებ და ვიმოქმედოთ ერთად.
https://infoarmy.ge/ge/news/13/frtkhilad-tqven-kitkhulobt-da