ხშირად დავმდგარვართ იმ პრობლემის წინაშე რასაც ბავშვის გართობა ქვია. რა ვეთამაშოთ , რომ ბავშვიც გაერთოს და თან ამ თამაშში განვითარდეს კიდეც. თამაშები ასაკობრივადაცაა რა თქმა უნდა დაყოფილი.
მოდი ვილპარაკოთ და ჩამოვწეროთ ის თამაშები რასაც ჩვენი პატარები თამაშობენ. ან რომელ ასაკში რა თამაშია სასურველი იმისათვის რომ ისინი უკეთ განვითარდნენ.
დავიწყეთ
დაბადებიდან სამ თვემდე ბავშვებისათვის
გადაბრუნდი, პატარავ!
• პატარები ადრევე შეიცნობენ საკუთარ სხეულს და მიზანმიმართულ მოძრაობებს ახორციელებენ. ბავშვის გადაბრუნება რომელიმე გვერდზე უკვე ნიშნავს მიზანმიმართულ მოძრაობას;
• დავაწვინოთ ბავშვი ზურგზე. დავჯდეთ მის თავს უკან და მისი სახის ზემოდან გვეჭიროს სათამაშო;
• როცა დავრწმუნდებით, რომ მივიქციეთ ბავშვის ყურადღება, გადავაადგილოთ სათამაშო რომელიმე მიმართულებით;
• გავაკეთოთ ეს ძალიან ნელა, რათა მივცეთ პატარას საშუალება სტაცოს სათამაშოს ხელი. თუ ის შემობრუნდება, მივცეთ საშუალება წაეთამაშოს მას;
• გავიმეოროთ მცდელობა, გადავაადგილოთ სათამაშო მეორე მიმართულებით;
• თუ ბავშვი ნაწილობრივ შემობრუნდება და დახმარება დასჭირდება- მსუბუქად ვუბიძგოთ მას;
• რაც უფრო ხშირად ვითამაშებთ ბავშთან ამ თამაშს, მით მალე აღმოაჩენს იგი, რომ შეუძლია სურვილისამებრ გადააბრუნოს თავისი სხეული მიზნის მისაღწევად.
რას ისწავლის თქვენი პატარა? გადაბრუნებას
ჩიტო-ჩიტო, ჩიტუნა
• ჩაეხუტეთ თქვენს პატარას და ჩახედეთ მას თვალებში;
• ნელა გააქანეთ თქვენი საჩვენებელი თითი ბავშვის თვალწინ, ისე, რომ მიიპყროთ მისი ყურადღება;
• როცა ამას მიაღწევთ, გადაწიეთ თითი მარცხნივ და დაელოდეთ რომ ბავშვმა გაადევნოს თვალი თითის მოძრაობას;
• ამის მერე გადაწიეთ თითი მარჯვნივ და ნახეთ თუ მიადევნებს ბავშვი თვალს.
• მარჯვნივ და მარცხნივ თითის ტრიალისას, იმეორეთ: ჩიტო, ჩიტო, ჩიტუნა.
• თავდაპირველად თქვენი პატარა ვერ შეძლებს დიდხანს თითის ცქერას. იმეორეთ ეს ყოველდღე და შეამჩნევთ, რომ მალე იგი წარმატებას მიაღწევს ამ საქმეში.
იცით რას ისწავლის თქვენი პატარა ამით? მხედველობის ფოკუსირებას.
მოძრავი სურათები
• ბავშვებს მოსწონთ უჩვეულო ფორმის თვალისმომჭრელი და ფერადი სურათები;
• იპოვეთ ფერადი სურათი ცხოველის გამოსახულებით და დააწებეთ მუყაოზე;
• გააკეთეთ მუყაოში ნახვრეტი და გაუყარეთ მასში ლენტი;
• მიამაგრეთ მუყაო ბავშვის საწოლის რომელიმე მხარეს ისე, რომ ბავშვმა უყუროს;
• ყოველდღე გადაადგილეთ სურათი ახალ-ახალ ადგილზე, ეს ბავშვს არ ჩაუცხრობს მისი ყურების ინტერესს;
• ჩამოკიდეთ ასეთი სურათები ბინის სხვადასხვა კედელზე.
რას ისწავლის თქვენი პატარა? ფერისა და ფორმის განსხვავებას.
ფერის აღქმა
აქტიური აღქმა- ბავშვებისთვის შესანიშნავი გასართობია
• შეაერთეთ ფერადი შარფები და ჰალსტუხები და შემოახვიეთ ბავშვის საწოლს.
• თან ესაუბრეთ ბავშვს: ”ნახე, რა ლამაზი ფერებია”, ან “შეხედე რა ლამაზია ეს ფერები”.
• ცვალეთ ხოლმე ბავშვის მდებარეობა ისე, რომ უკეთესად ხედავდეს ფერთა ახალ-ახალ შეხამებას და სამკაულის საერთო ხედს.
რას ისწავლის თქვენი პატარა? ფერების განსხვავებას.
ო, რა საინტერესოა
პატარებს სჭირდებათ სანახაობრივი შთაბეჭდილებები.
ჩააცვით ბავშვს ფეხზე ფერადი წინდა. ისე მოუთავსეთ ეს ფეხი, რომ კარგად ხედავდეს ამ წინდას. ჭრელი ფერების დანახვაზე ბავშვი აღიგზნება. თავდაპირველად მისი მზერა შემთხვევით შეჩერდება ფერებზე, შემდეგ კი იგი მიეჩვევა დიდი ხნის განმავლობაში თვალყურის დევნებას. ამის მერე ჩააცვით წინდა მეორე ან ორივე ფეხზე.
შეეცადეთ ასეთი წინდა წამოაცვათ ხელზე. დააკვირდით როგორ მიაქვს პატარას ხელი თვალებისკენ და როგორ აფიქსირებს მზერას იმაზე, რასაც ხედავს.
რას ისწავლის თქვენი პატარა? ფერების განსხვავებას.
სამიდან ექვს თვემდე ბავშვებისათვის
შეხედე, შეხედე, შეხედე
ბავშვის გადაყვანით ერთი ოთახიდან მეორეში, სავარძლიდან იატაკზე ან საწოლში შეიძლება მნიშვნელოვნად გააფართოვოთ მისი თვალსაწიერი.
აიღეთ სამი საგანი. სათითაოდ დაიჭირეთ ხელში და წარმოთქვით მისი სახელწოდება.
ეხლა სათითაოდ მიეცით ბავშვს ისინი და წარმოთქვით მათი სახელწოდებები.
შემდეგ ისევ მიეცით ბავშვს იგივე საგნები და გაიმეორეთ თამაში.
ეხლა შეცვალეთ თამაში, დამალეთ საგანი ზურგსუკან და ჰკითხეთ: ”სად არის ..?”
შემდეგ აჩვენეთ საგანი და უთხარით:”აი ის!”
რას ისწავლის თქვენი ბავშვი? ყურადღების კონცენტრაციას.
სახლის გაცნობა
• აიყვანეთ ბავშვი ხელში, გაიარ-გამოიარეთ სახლში და გაუმეორეთ:”სინათლე ანთებულია-ჩამქრალია”, “კარი ღიაა-დახურულია”, “პირსახოცი საკიდზეა, პირსახოცი იატაკზეა”, “ჭიქა სავსეა- ჭიქა ცარიელია”.
• ამ მოქმედებების გამეორება აიძულებს პატარას ზოგიერთი მათგანი თვითონ გააკეთოს.
რას ეცნობა თქვენი ბავშვი? ურთიერთსაპირისპირო ცნებებს.
დაფერთხე, დაფერთხე, დაფერთხე
• შეავსეთ რამოდენიმე პლასტმასის კოლოფი რაიმე შიგთავსით, მაგალითად ლობიოს ან ბრინჯის მარცვლებით, კენჭებით და სხვ. სასურველია თუ კოლოფის ფორმა იქნება ოვალური;
შენიშვნა: მჭიდროდ დაახურეთ კოლოფს თავსახური, რომ ბავშვმა ვერ ამოიღოს შიგთავსი;
• დააჭერინეთ ბავშვს კოლოფი ხელში, მისი ხელი გეჭიროთ და თან იმეორეთ: “დაარხიე, დაარხიე, დაარხიე”;
• ახლა მიეცით ბავშვს სხვა კოლოფი და გაიმეორეთ იგივე;
• ეს პირველია იმ თამაშთაგან, რომლებიც უღვიძებენ ბავშვს ბგერების განსხვავების უნარს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მას გაარჩიოს ადამიანის მეტყველება.
რას ისწავლის თქვენი ბავშვი? ბგერების გარჩევას.
ბიძგები ფეხებით
• დააწვინეთ ბავშვი ზურგზე;
• მოკიდეთ ფეხებში ხელი და მოუხარეთ მუხლებში;
• რიგ-რიგობით გაუჭიმეთ ფეხები; გაიმეორეთ ეს ბიძგები რამოდენიმეჯერ;
• ეხლა ჩაავლეთ ბავშვს ორივე ფეხში და ერთდროულად უბიძგეთ;
• პატარა უფრო გაერთობა, თუ ამ მოქმედებებთან ერთად იმღერებთ სიმღერას ნებისმიერ მოტივზე:
ვისაც უყვარს ვარჯიში,
გაიზრდება ჯანმრთელი,
ბევრი ვინც ივარჯიშა,
მოირბინა მთა-ველი.
რას ისწავლის თქვენი პატარა? ფეხების შეთანხმებულ მოძრაობას.
ილაპარაკეთ, ილაპარაკეთ, ილაპარაკეთ
• ხუთი-ექვსი თვის პატარები, რომლებსაც ჯერ არ ესმით სიტყვების მნიშვნელობა, რეაგირებენ მიმიკებსა და ჟესტებზე, რომლებიც თან ახლავს უფროსების ამა თუ იმ მოქმედებას.
• ელაპარაკეთ ბავშვს და მოუყევით თუ რის გაკეთებას აპირებთ მოცემულ მომენტში.
• უთხარით:“ეხლა მე შენ აგიყვან”- და გაუწოდეთ ხელები ასაყვანად.
• შემდეგ, თამაშის გაგრძელებისას, უთხარით:“ეხლა მე შენ დაგაწვენ”, “ეხლა მე შენ გაკოცებ” და სხვ.
• მას შემდეგ, რაც თქვენ ამ ყველაფერს გააკეთებთ, შეცვალეთ მთლიანი ფრაზები ცალკეული სიტყვებით “აგიყვან”, “დაგაწვენ”, “გაკოცებ” და ა.შ.
• ბავშვი მალე აითვისებს თქვენი ჟესტების მნიშვნელობას: თუ თქვენ ყოველი მისი აყვანის მცდელობისას გაუწოდებთ ხელებს და ეტყვით:”აგიყვან”, ის აუცილებლად გამოიწევს თქვენსკენ.
რას ისწავლის თქვენი პატარა? შეიძენს მეტყველების უნარ-ჩვევებს.
მრგვალი საგორავებელი წიგნები
• აიღეთ დიდი, ცილინდრის ფორმის კოლოფი და გადააქციეთ იგი “წიგნად”;
• ამოჭერით ჟურნალებიდან ფერადი ნახატები და კოლოფს დააკარით. მათზე შეიძლება იყოს გამოსახული ადამიანები, ცხოველები, ბურთები, ფისუნიები-ყველაფერი ის, რაც უკვე ნაცნობია ბავშვისათვის.
• დააკარით ნახატებს გამჭვირვალე სკოჩი;
• ეხლა შეგიძლიათ დაიწყოთ თამაში. აგორავეთ წიგნი და აჩვენეთ ბავშვს ნახატები. მოუყევით მათ შესახებ;
• სთხოვეთ მოგიძებნოთ ესა თუ ის ნახატი, ჰკითხეთ:”სად არის ფისუნია?
რას ისწავლის თქვენი პატარა? შეიძენს მეტყველების უნარ-ჩვევებს.
გარე სამყროს გაცნობა ექვსიდან ცხრა თვემდე ბავშვებისათვის
• იპოვეთ მდელო, სადაც არის ხშირი ბალახი, რომ ბავშვმა შეძლოს მასზე ცოცვა;
• დაჯექით ბალახზე და ბავშვი ჩაისვით კალთაში, მოგლიჯეთ ბალახი და მოუღიტინეთ ცხვირზე თან უთხარით: ”ბალახი”;
• იცოცეთ ბალახზე თქვენს პატარასთან ერთად;
• ეთამაშეთ დამალობანა. დაიმალეთ, მაგალითად სკამის უკან ან ბალახში. დააკვირდით შეძლებს თუ არა ბავშვი თქვენს პოვნას;
• დადეთ ბალახზე მისი საყვარელი სათამაშოები, განათავსეთ ისე, რომ ბავშვმა ისინი ადვილად დაინახოს;
• ეთამაშეთ “ურიკა”. მოკიდეთ ფეხებში ხელი და აწიეთ ისე, რომ ხელებზე იაროს.
საუბარი ტელეფონით
(შესანიშნავი თამაშია მეტყველების გასავითარებლად)
• თქვენ დაგჭირდებათ სათამაშო ან ქსელიდან გამორთული ნამდვილი ტელეფონის აპარატი;
• ბავშვი ჩაისვით კალთაში და მიიტანეთ ყურმილი ყურთან, ვითომ ლაპარაკობთ. წარმოთქვით მოკლე ფრაზა:”გამარჯობა…....”(ბავშვის სახელი);
• ეხლა მიადეთ ყურმილი ბავშვის ყურს და წარმოთქვით იგივე ფრაზა;
• მას შემდეგ, რაც თქვენ ამას რამოდენიმეჯერ გაიმეორებთ, შეეცადეთ ცოტა გრძელი ფრაზები წარმოთქვათ, გამოიყენეთ ბავშვის სახელი და სხვა სიტყვები, რომლებიც ბავშვისთვის ნაცნობია, მაგალითად, “მამიკო”, “ნანები” და სხვ.
• ისევ მიადეთ ბავშვს ყურმილი და ნახეთ, თუ ილაპარაკებს მასში.
რა სათამაშოა ეს?
• დასვით ბავშვი მაღალ საბავშვო სკამზე. ამოირჩიეთ მისი სათამაშოებიდან ისეთი, რომლის სახელწოდება შედგება ერთი სიტყვისაგან: მაგალითად, ბურთი, თოჯინა.
• აიღეთ ბურთი და წარმოთქვით:”ბურთი”.
• შემდეგ სთხოვეთ ბავშვის აიღოს ბურთი, მერე თოჯინა. თქვენ მოგიწევთ ამის გაკეთება იქამდე, ვიდრე თქვენი პატარა არ დააკავშირებს ამ საგნებს თავის სახელწოდებებთან.
ნაცნობი ბგერები
• დაეხმარეთ ბავშვს გაარჩიოს მისი გარემომცველი ხმოვანი ბგერები;
• ყოველთვის, როცა მოგინდებათ ყურადღება მიაქცევინოთ ბავშვს ამა თუ იმ ბგერისთვის, დაასახელეთ იგი: ტელეფონი, ნაბიჯები, მოჩუხჩუხე წყალი, ტელევიზორი და ა.შ. ანუ ბგერის დასახელებისას მისი წარმოშობის წყაროც მიუთითეთ.
• გაიყვანეთ ბავშვი სახლიდან და მოასმენინეთ ის ხმები, რომელსაც გაიგონებთ: ჩიტების ჭიკჭიკი, მანქანების პიპინი, მოთამაშე ბავშვების ყვირილი და ა.შ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია დაასახელოთ ბგერის წყარო. Eეს დაეხმარება პატარას სწორედ მასზე მოახდინოს ყურადღების კონცენტრაცია.
• შეიძლება აგრეთვე ბავშვს დაუსვათ კითხვა:”გესმის ტელეფონის ხმა?” შემდეგ აიღოთ ტელეფონი და უთხრათ:”ეს ტელეფონია”.
სად არის სათამაშო?
• როცა პატარა ხედავს თავის თავს სარკეში, ის ვერ ხვდება, რომ ეს არის მისი ანარეკლი.
• აიღეთ ბავშვის საყვარელი თოჯინა ან რაიმე სხვა სათამაშო და ატრიალეთ ის ყველა მიმართულებით(“აალაპარაკეთ” თოჯინა) შემდეგ მიიტანეთ სათამაშო სარკესთან და ატრიალეთ იგი ანალოგიურად ჰკითხეთ პატარას:” სად არის თოჯინა?”
• სარკეს მოშორდით. გაიმეორეთ თამაში რამოდენიმეჯერ
სხვადასხვატექსტურიან ფარდაგზე ცოცვა
• იპოვეთ სხვადასხვატექსტურიანი ფარდაგები (რეზინის, სპორტული ფარდაგი, სხვადასხვა ნაჭრებიანი, რბილი პლედი და სხვ.);
• დაფინეთ ისინი იატაკზე და ბავშვთან ერთად იცოცეთ;
ცოცვისას დაასახელეთ ნაჭრის ტექსტურა დაახლოებით ასე: ”რბილი”, “ხაოიანი”, “გრილი”, “ფუმფულა” და ა.შ.
• გაიმეორეთ ეს მრავალჯერ და უცვალეთ ფარდაგებს ადგილები.
დაბადებიდან ერთ წლამდე
“კონწიალა”
ახალშობილის საწოლის თავზე დავკიდოთ უბრალო სათამაშოები და ამ ორიგინალურ კონწიალასა და ბავშვის ხელ-ფეხს შორის გავაბათ რბილი ლენტი. მზა კონწიალა, რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ თავადაც შეგვიძლია გავართვათ თავი მის დამზადებას. საამისოდ შერჩეული საგნები შეგვიძლია დავკიდოთ საბავშვო ეტლის თავზე, საწოლზე ან ხის დაბალ ტოტებზეც კი, თუ ეზოში ვიმყოფებით. sheviznobt_samkaros2.jpgბავშვმა ენთუზიაზმი რომ არ დაკარგოს და არ მოიწყინოს, უცვალეთ ფეხები და ხელები, რომლებზეც მიბმულია ლენტი. ამ თამაშის მომხიბვლელობა იმაში გამოიხატება, რომ შეგვიძლია გავართოთ ახალშობილიც, და იგი მიიღებს არანაკლებ სიამოვნებას, ვიდრე რამოდენიმე თვის ბავშვი. შესაძლოა, ბავშვმა ვერ იგრძნოს საკუთარი როლი კონწიალას ქანაობისას, სამაგიეროდ, თვითონ კონწიალას ქანაობის ფაქტი ახალისებს და ართობს მას. (თქვენ შორიახლოს უნდა იმყოფებოდეთ, რომ ბავშვს ლენტი არ შემოეხვიოს).
“მე მომბაძე”
პირველივე დღეებიდან ითამაშეთ ბავშვთან მარტივი მიბაძვითი თამაშები, რომლებიც პირისპირ ხორციელდება. არ დაივიწყოთ პაუზების გაკეთება, რომ ბავშვმა მოასწროს მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და რეაგირება. იყავით მომთმენნი. გახსოვდეთ, რომ პატარა ბავშვებს მხედველობა არც თუ ისე კარგი აქვთ, გარშემო ნივთებს ხედავენ გაცრეცილად და მხოლოდ ახლო მანძილიდან ხედავენ კარგად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვის სახე თქვენი სახიდან უნდა იყოს დაშორებული 20-30 სმ-ით. დაიწყეთ სახის მარტივი გამომეტყველებიდან-გამოყავით ენა, ტუჩები, წინ გამოწიეთ ან ფართოდ გააღეთ პირი. თანდათან გადადით თავის მოძრაობებზე: ატრიალეთ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს.
"შევიცნობთ სამყაროს"
მას შემდეგ, რაც ახალშობილი მოიყვანეთ სახლში, ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ცოდნის კარი გაუღოთ მას. საწოლის თავზე დაუკიდეთ კონწიალა. თან ატარეთ მაღაზიებში. მისი ეტლი დააყენეთ ისე, რომ შეეძლოს არემარის დათვალიერება და ახლომოთამაშე ბავშვების ცქერა. მიაჩვიეთ საოჯახო სადილებში მონაწილეობის მიღებას და დასვით ისე, რომ ხედავდეს ოჯახის ყველა წევრს. თუ ბავშვი ჯერ არ ლაპარაკობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მეხსიერებაში არ აღიბეჭდება საკვანძო ეპიზოდები და ნივთების განმასხვავებელი ნიშნები.
შესაძლებელია, იმის გამო, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ გვაქვს შესაცნობი, ჩვენ დაბადებისთანავე ღრუბელებივით ვისრუტავთ ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ რას ვხედავთ, ვისმენთ და ვაკეთებთ.
“სად არის თოჯინა?”
pirveli_teatri.200150jpg.jpgმარიონეტები ან სხვა სიმპათიური სათამაშოები დაგეხმარებათ საბავშვო თეატრის საკუთარი ვერსიის განხორციელებაში. გამოაჩინეთ თოჯინები ხან ბავშვის მარჯვენა მხრიდან, ხან მარცხნიდან, ხან მაგიდის ქვემოდან, ხან ზურგსუკნიდან ან მისი საწოლის ქვემოდან და ა.შ. თვალი ადევნეთ ბავშვის მზერას და მალე თქვენ მის თვალებში მოლოდინს დაინახავთ. ბავშვის ზრდასთან ერთად მოსინჯეთ უფრო რთული თანმიმდევრობები და გაამრავალფეროვნეთ პოზიციები. და რა თქმა უნდა, შეიმოტანეთ ახალი სათამაშოები, რომლებიც შეიძლება ხმასაც გამოსცემდეს. ეს შეუნარჩუნებს ბავშვს ინტერესს დიდი ხნის განმავლობაში. თუ უფროსი და ან ძმა სურვილს გამოთქვამს, ნება მიეცით მიიღონ თამაშში მონაწილეობა.
“მაჩვენე სამყარო”
მშობლებმა ხშირად უნდა ატარონ ხოლმე ბავშვები იქ, სადაც ისინი ეცნობიან ბგერებს, შეიგრძნობენ სხვადასხვა სურნელს და ხედავენ საინტერსესო ხედებს – ბავშვს ამ დროს უვითარდება ახლის გაცნობის შეგრძნება. ბავშვებში კი გაცნობის შეგრძნება იწვევს კომფორტის შეგრძნებას. ქვიშის სუსტ არომატსაც კი შეუძლია სასიამოვნოდ გაახსენოთ პატარებს მხიარული თამაშები ქვიშაში. სახურავზე მოწკაპუნე წვიმის წვეთებმა შეიძლება გაახსენოთ ოჯახის გასეირნება ქალაქგარეთ, ტყეში.
დასკვნა? რაც უფრო დადებითია მიღებული შთაბეჭდილებები, მით უფრო გახსნილია თქვენი ბავშვი ახალი შთაბეჭდილებებისთვის მომავალში. სწორედ ახალი შთაბეჭდილებები უზრუნველყოფს “გონების საკვებს”, რომელიც ასაზრდოებს მზარდ ტვინს.
“შეადარე”
იმისათვის, რომ ბავშვმა ისწავლოს საგნების შედარება და შემდგომში შეძლოს მათ შორის არსებული განმასხვავებელი ნიშნების პოვნა, მისი აზროვნება თავიდანვე უნდა მოვამზადოთ საამისოდ. ეს გაუკვალავს მას გზას ანბანის შესწავლის საქმეში.
ამაში პატარების შედარება-დაპირისპირების თანდაყოლილი უნარი შეგვიწყობს ხელს. ამისათვის საკმარისია ბავშვის საწოლის თავზე დავამაგროთ მისი საყვარელი პერსონაჟის ერთი ნიშნით განსახვავებული ორი სურათი.
6 თვიდან ერთ წლამდე
“დუდუ ამბობს”
მიბაძეთ იმ მარტივ მოძრაობებს, რომლებსაც ამჟამად ახერხებს თქვენი პატარა. უფროსები ხშირად ბაძავენ ბავშვებს მიმიკით, იშვიათად კი-მხრების, ხელების, მტევნებისა და თითების მოძრაობით. მაგალითად, როცა პატარა ამოძრავებს თითებს, თქვენც იგივე გააკეთეთ და გაადევნეთ თვალი, თუ ექნება მცდელობა გაიმეოროს თქვენი მოძრაობები. დააჯილდოვეთ პატარა გულღია ღიმილით და საალერსო სიტყვებით. თუნდაც ვერ გაიგოს კონკრეტული სიტყვები, მათი აზრი და ინტონაცია, სამაგიეროდ მიხვდება, რომ თქვენ ძალიან კმაყოფილი ხართ იმით, თუ როგორ აღიქვამს ის გარე სამყაროს.
ბავშვის ზრდასთან ერთად მიბაძვითი თამაშები შეიძლება გახდეს უფრო შემოქმედებითი. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თამაში, რომელსაც ჰქვია, მაგალითად, ”დუდუ ამბობს”. დუდუ ამბობს: დაუკარით ტაში (დაუკარით, დაუკარით). დუდუ ამბობს: აბაკუნეთ ფეხები (აბაკუნეთ, აბაკუნეთ). მოიფხანეთ მუცელი(მოიფხანეთ, მოიფხანეთ). ...დაგიჭირე! მე არ მითქვამს”დუდუმ თქვა!” ამ თამაშის მიზანია გამოიჭიროთ ბავშვი იმ მომენტში, როცა ის იმეორებს თქვენს მოძრაობებს დუდუს ინსტრუქციის მიუღებლად.
“ჭიტა”
ახლა სწორედ მიზეზ-შედეგობრივი თამაშების დროა. ურთიერთობის ასეთი სახე საშუალებას აძლევს ბავშვს ჩართოს წარმოსახვა და აქტიური მონაწილეობა მიიღოს თამაშებში, რომელთა აუცილებელი პირობაა:”თუ მე ასე გავაკეთებ, შენ გააკეთე –ასე!” დამალობანა ამის საუკეთესო მაგალითია. დედა იფარებს თავშალს, ამბობს: “მე აქ არ ვარ!” და ელოდება როდის ჩამოხსნის ბავშვი თავშალს. როგორც კი ეს მოხდება, დედა ამბობს: “ჭიტა”. ამას მოყვება ხითხითი და თვალების მხიარული ჩაპაჭუნება. ბავშვს არ სჭირდება ბევრი დრო იმისათვის, რომ გაითავისოს თავისი როლი თავშალის ან გადასაფარებლის ჩამოხსნისას.
კიდევ ერთი მაგალითი: მამა იმალება კარს უკან, ბავშვი აღებს კარს (თუ თქვენი პატარა ჯერ კიდევ არ დადის, ცოცვა-ცოცვითაც შეძლებს გადაადგილებას და კარის გაღებას), და სწორედ ამ მომენტში მამა ისევ ჩნდება. მრავალფეროვნებისთვის ამ მოქმედებების მრავალჯერ გამეორებისას შეგვიძლია რამოდენიმე წამი დავიცადოთ იმდენ ხანს, რომ ბავშვმა მოასწროს ჩაფიქრება-რამე ხომ არ შეიცვალა სცენარში და გაეხარდეს რომ ყველაფერი ისევ ისეა.
“ვეცნობით ანბანს”
ბავშვებისათვის არასოდეს არ არის ადრე ანბანის გაცნობა, კერძოდ, ასოების ცქერა. ა, ბ, გ, დ ასოების გამოსახულებები არაფრით განსახვავდება ვაშლების, ქუდების, ფისუნიების გამოსახულებებისგან, ბავშვის აღქმაში მათ მხოლოდ განსხვავებული ფორმა აქვთ. ლამაზად გაფერადებულებს და მოხერხებულ ადგილზე ჩამოკიდულებს შეუძლიათ გაახალისონ კიდევაც ბავშვის ოთახი. თუ ვერ მოიპოვეთ ასეთი მზა ანბანი, თქვენც იოლად შეგიძლიათ დაამზადოთ იგი : ქაღალდი, მარკერები, წებო, ცოტაოდენი ფანტაზია და-ესეც თქვენი მშვენიერი სურათი.
9 თვიდან
“სად არის ცხვირი?”
ბავშვები ძალიან ერთობიან, როდესაც ხედავენ სახეებს მოძრავი თვალებით, პირით, ცხვირით და ა.შ. ისარგებლეთ ამით და მოიგონეთ მარტივი მიზეზ-შედეგობრივი თამაშები. სთხოვეთ ბავშვს შეგეხოთ ცხვირზე. როგორც კი ამას გააკეთებს, გამოუყავით ენა. მიეცით საშუალება დატკბეს იმ მოლოდინით, რომ მისი გარკვეული ქმედება იწვევს საპასუხო რეაქციას. მეორე წუთში მკვეთრად შეცვალეთ შედეგი: ენის გამოყოფის მაგივრად მოუღიტინეთ ბავშვს. კიდევ ერთი საკმაოდ პოპულარული მეთოდი: დაბერეთ ლოყები და ბავშვმა ჩაგიფუშოთ ისინი. ლოყების ჩაფუშვისას გამოყავით ენა. როგორც კი მოგაშორებთ თითებს, ისევ დამალეთ ენა. ასეთი ვარიანტების მოფიქრება შეიძლება უსასრულოდ.
ლოყების დაბერვის ეს ძველი გამოცდილი თამაში შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რამდენი სიხარული მოაქვს სწავლებას.
“წამიკითხე ზღაპარი”
ერთი და იგივე ზღაპრის მრავალჯერადი წაკითხვა ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა ამან შეიძლება თქვენში ნერვული ტიკი გამოიწვიოს. მაგრამ თუ თქვენს პატარას სწორედ ამ ზღაპრის მოსმენა სურს, სხვა არგუმენტები აქ უძლურია. დიალოგური კითხვისას (თქვენი პატარა რომც არ ლაპარაკობდეს, მან მოსმენა უკვე იცის, ამიტომ დასვით კითხვები ზღაპრის ირგვლივ და თავადვე უპასუხეთ ამ კითხვებზე) ერთი და იგივე ისტორიის გამეორებით ბავშვი იმდიდრებს სიტყვების მარაგს და იყენებს ახალ სიტყვებს კითხვებზე პასუხისას.
გთავაზობთ პიტერ იუსჩიკისა და ელიზაბეტ ჰონეს გამოკვლევების შედეგების გაცნობას. გამოირკვა, რომ სამი წაკითხვის შემდეგ რვათვიანი პატარები სცნობენ ახალ უცნაურ სიტყვებს, რომლებიც შეხვდათ ზღაპრის მოსმენისას. სამი წლის ბავშვებისგან განსახვავებით, მათ არ იციან სიტყვების მნიშვნელობა, თუმცა სწავლობენ ამ სიტყვებში შემავალ ბგერათა თანმიმდევრობას. აქედან დასკვნა: რვა თვის ასაკში განმეორებითი წაკითხვა არსებით ზეგავლენას ახდენს ბავშვის გონებაზე.
ერთი წლიდან
“რომელ ხელში მაქვს?”
ამ ასაკში ბავშვი ძალიან დიდი ინტერესით მონაწილეობს ისეთ თამაშებში, როდესაც მას უწევს ჩვენი შესაძლო მოქმედების გამოცნობა ისევე როგორც ეს იყო აღწერილი თამაშში “სად არის თოჯინა?”
საამისოდ შესანიშნავად გამოდგება საყოველთაოდ პოპულარული თამაში “რომელ ხელში მაქვს?” : დამალეთ ნივთი ზურგსუკან რომელიმე ხელში. ბავშვმა უნდა გამოიცნოს რომელ ხელშია დამალული სიურპრიზი.
მთავარია დაიცვათ ხელების მონაცვლეობის თანმიმდევრობა (მარჯვენა ხელი-მარცხენა ხელი, მარცხენა ხელი-მარჯვენა ხელი) და იმეოროთ მანამ, სანამ ბავშვი არ აითვისებს მას. ამ თამაშის მომხიბვლელობა იმაში გამოიხატება, რომ მისი საშუალებით შეგიძლიათ ბავშვი დააკავოთ ან გაუფანტოთ ყურადღება ისეთ სიტუაციებში, როდესაც ის ვერ ჩერდება ერთ ადგილზე, მაგალითად რესტორანში შეკვეთის მოლოდინში. მოიმარჯვეთ რაიმე ტკბილეული და წინ!
“მომაწოდე სათამაშო”
ბავშვის მიერ გარე სამყაროს აღქმას მოეპყარით სათუთად და პატივისცემით, უზრუნველყავით შესაძლებლობების მაქსიმუმი ექსპერიმენტების ჩასატარებლად. გამოიჩინეთ მოთმინება და სულგრძელობა მაშინ, როდესაც ბავშვი უკვე მეათედ აგდებს საწოლიდან სათამაშოს და ელოდება, რომ თქვენ აიღებთ და მიაწოდებთ მას. ამგვარი დამოკიდებულებით თქვენ აღვივებთ მასში ახლის შესწავლის სურვილს.
ძალიან სასარგებლოა საუბარი პატარასთან, თქვენი ერთობლივი საქმიანობის აღწერა, შემდეგ შედეგების ანალიზი, მაგალითად, “შეხედე, ამჯერად რა შორს გაგორდა ბურთი!”.
გამოიყენეთ სხვა მოქმედებებიც, მიეცით მათ თამაშის ფორმა, რომლებიც დააინტერესებს ბავშვს, მაგალითად, რაიმე ჭურჭელში ნივთების ჩადება-ამოღება, ქილის გახსნა-დახურვა, ან ქაღალდის დაჭმუჭვნა. თუ შეამჩნიეთ, ეს თამაშები საკმაოდ მარტივია და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევასა და მატერიალურ დანახარჯებს.
სახალისო თამაშები 1-3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
ტაქტილური შეგრძნებების განვითარება
1. "გამოიცანი"
ბავშვს აუხვიეთ თვალები და მიეცით რიგრიგობით ხელში სათამაშო ცხოველები. ბავშვმა ისინი უნდა დაასახელოს და მიბაძოს ბგერებს, რომლებსაც ეს ცხოველები გამოსცემენ.
2. "ტომარა"
ბავშვს აუხვიეთ თვალები და მიეცით ტომარა, რომელშიც წინასწარ ჩააწყობთ მისთვის ნაცნობ საგნებს და სთხოვეთ, რიგრიგობით ამოიღოს ისინი და დაასახელოს.
3."ბგერები და ტექსტურა"
აიღეთ ქაღალდის ფურცელი, გადაუსვით ხელი და თქვით:"გლუვი, სრიალა", შემდეგ დაჭმუჭნეთ, ხელისგულზე გადაატარეთ და თქვით:"ხაოიანი". გაიმეორეთ ყველა მოქმედება ბავშვთან ერთად.
ემოციური განვითარება
1. "მიმიკა"
სახეზე ვიცვლით გამომეტყველებას. ბავშვს ვაჩვენებთ სხვადასხვა ემოციის შესაბამის მიმიკას:სიხარულს, გაბრაზებას, გაკვირვებას, ბედნიერებას და ა შ. თან ვასახელებთ თითოეულ მათგანს.შემდეგ მოიფიქრეთ მოკლე ისტორიები ამ ემოციების გამოყენებით, ამასთან ხმა და სიტყვები უნდა შეესაბამებოდნენ სახის გამომეტყველებას.
ყურადღების კონცენტრაციის განვითარება
1."ჩუმი ბგერები"
მიაქციეთ ბავშვის ყურადღება იმ ბგერებზე, რომლებიც გესმით მოცემულ მომენტში: ჩიტების ჭიკჭიკი იქნება ეს, მანქანების პიპინი, ნაბიჯების ხმა თუ საერთოდ ხმაური. დაუსვით ბავშვს კითხვა:"რისი ხმა გესმის ეხლა?"
2."ვეძებთ დეტალებს"
ბავშვთან ერთად დაათვალიერეთ წიგნი. გაამახვილეთ მისი ყურადღება დეტალებზე. მაგალითად, ჩიტის ნისკარტსა და ფრთებზე, ლომის ფაფარსა და კუდზე, ადამიანის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე და ა შ.
მეტყველების განვითარება
1."ბეკეკა"
წინასწარ გადამალეთ სათამაშო ბეკეკა (ან სხვა რაიმე სათამაშო ცხოველი). შეეკითხეთ მას:"სადაა ბეკეკა?" შემდეგ შეკითხვებს მიეცით უფრო ზუსტი სახე:"ის სკამზეა?" ან "ის მაგიდის ქვეშაა?" უკეთესია, თუ მესამე შეკითხვა აღმოჩნდება სწორი.
მოძრაობის კოორდინაციის განვითარება
1. "ბაყაყი"
განასახიერეთ ბაყაყი: იატაკზე დადეთ რაიმე რბილი სათამაშო და გადაახტით მას. ბავშვს სთხოვეთ თქვენ მოგბაძოთ.
სენსორული შეგრძნებების განვითარება
1. "პატარა დეგუსტატორი"
ბავშვთან ერთად გარეცხეთ ბოსტნეული, გააკეთეთ სალათა, შემდეგ აუხვიეთ ბავშვს თვალები და პირში ჩაუდეთ რომელიმე ბოსტნეულის ნაჭერი. ბავშვმა უნდა გამოიცნოს მისი სახელი.
მარცვლეულთან თამაში
ასაკი: 1,5-2 წელი
რა არის საჭირო:
ორი თანაბარი პლასტმასის ჯამი, რომელთაგან ერთ-ერთში სხვადასხვა მარცვლეულია ჩაყრილი, დიდი კოვზი.
თამაშის წესები:
ბავშვის ამოცანაა ერთი ჯამიდან მეორეში კოვზის საშუალებით გადაიტანოს მარცვლეული. ეს სავარჯიშო-ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავარჯიშოთაგანია ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად. და აი რატომ. ბავშვს თავისუფლების მოპოვებისკენ სწრაფვა დაბადებიდან დაყვება. ის ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობს და თვისობრივად ახალ უნარ-ჩვევებს იძენს სამყაროს შეცნობის პროცესში.
ბავშვი სწავლობს დამოუკიდებლად ჭამას, ჯერ ხელებით, შემდეგ კი კოვზის საშუალებით და ამიტომ წვრილი საგნებისა და მაგალითად, მარცვლეულის ერთი ჯამიდან მეორეში გადატანა საფუძველს უყრის ბავშვში სხვადასხვა სახის დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სარეცხის სამაგრები
ასაკი: 1,5 წლიდან
რა არის საჭირო:
პლასტმასის საბავშვო ვედრო და სარეცხის სამაგრები. ვედროს კიდეები არ უნდა იყოს ძალიან სქელი.
თამაშის წესები:
შესთავაზეთ ბავშვს ვედროდან რიგრიგობით ამოიღოს სარეცხის სამაგრები და დაამაგროს ისინი ვედროს კიდის გარშემო. აჩვენეთ, რომ სამაგრები აიღოს ცერა, შუა და საჩვენებელი თითით.
სქელი ქაღალდისგან ან მუყაოსგან გამოჭერით სხვადასხვა ფიგურები (მაგალითად, ზღარბი, კურდღელი, ნაძვისხე და ა.შ) და შესთავაზეთ ბავშვს ფიგურების კიდეზე დაამაგროს სამაგრები.
ეს თამაში ავითარებს წვრილ მოტორიკას და ხელს წერისათვის ამზადებს. თითები ადვილად და მოქნილად უნდა იჭერდნენ ფანქარსა თუ კალამს. სამაგრებით თამაში –ეს თითების თავისებური ვარჯიშია. გარდა ამისა, ამ დროს შეიძლება იმაზე დაკვირვება, თუ რომელი, მარჯვენა თუ მარცხენა ხელით ურჩევნია ბავშვს მოქმედება. არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ ცაცია გადააჩვიოთ მარცხენა ხელით წერას, ან ხატვას!
ფერადი წვეთები და ... ცოტათი ფიზიკა
ასაკი: ორი წლიდან
რა არის საჭირო:
1. 12 ყალიბისგან შემდგარი საყინულე კონტეინერი.
2. სამი სხვადასხვა ფერის მარკერი, რომლებითაც პლასტმასზე შეიძლება წერა.
3. სამი სხვადასხვა ფერის პატარა გამჭვირვალე ჭიქა, რომლებშიც სათითაოდ ჩაასხამთ საკვები საღებავებით შეფერილ ყვითელ, წითელ და ლურჯ სითხეს. თუ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ ბავშვი ამ წყალს არ დალევს, შეგიძლიათ გამოიყენოთ აკვერელის საღებავები.
4. სამი საწვეთური სქელი რეზინის ბოლოთი.
5. პატარა ღრუბელი.
6. ლანგარი ან წყალგაუმტარი სუფრა.
თამაშის წესები:
შეაფერადეთ ყინულის ყალიბები მარკერებით. ზედა რიგი დავუშვათ, იყოს ყვითელი, შუა –წითელი, ქვედა-ლურჯი.
ბავშვმა საწვეთურის საშუალებით ჭიქები
This post has been edited by nimfunia on 29 Feb 2012, 13:19