ლევან ამაშუკელი პროფესიით იურისტია, თუმცა ფართო საზოგადოებაში თავის დამკვიდრება სრულიად სხვა ჟანრით – ციფრული მხატვრობით, ე.წ. “დიჯითალ არტით” სცადა. როგორც თვითონ ამბობს, თავისი პროფესიით მხოლოდ სტუდენტობის პირველ წლებში ინტერესდებოდა. ზეთის საღებავებით ბავშვობიდან ხატავდა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ასე ხატვა რუტინული საქმე იყო, ამიტომ რაღაც მარტივის ძებნა დაიწყო და იპოვნა. ინტერნეტში ისეთ პროგრამას გადააწყდა, რომელიც ერთი პროექტის შექმნის პროცესში სამი სხვადასხვა ნამუშევრის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა, საიდანაც მისი მხატვრული შემოქმედების გაცილებით სერიოზული ეტაპი დაიწყო.
“ტრადიციული მხატვრების სტილს ვერ დავიბრალებ…ჩემთვის არ არსებობს შთაგონება – სიყვარულის და რაღაც მსგავსი ამღლებული გრძნობების სახით. ჩემი მხატვრობა თვითონ იქმნება, ძალიან სწრაფად. ჩნდება რაღაც მცირე შთაბეჭდილება და იხატება. ხან არც ვიცი ხოლმე რა უნდა ვხატო, იდეა ხანდახან შემოქმედებით პროცესში ჩნდება”, – ამბობს ლევანი და ინსპირაციის ძირითად წყაროდ თავისი მეგობრების სამყაროს, მუსიკას, ფეისბუქს და იმ გარემომცველ სივრცეს მიიჩნევს, რომელში ყოფნაც ხშირად უწევს.
საზოგადოების გამოხმაურება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ლევანს სოციალურ ქსელებშიც ადვილად ნახავთ. ეს მისი შემოქმედების ნაწილია, ხატავს და ნამუშევრებს ინტერნეტ –სამყაროში ათავსებს. ფეისბუქის გარდა, მისი ნახატები მსოფლიოს წამყვან არტ–პორტფოლიოებსა და ინტერნეტ–აუქციონებზეა, რაც მისთვის ძალიან კომფორტული და პრიორიტეტულია.
“ZmudArt” – ეს ლევან ამაშუკელის ნამუშევრების საერთო სახელწოდებაა. მისი ყველა ნახატი ფერადი და მხიარულია. “ფერები არსებობს და რატომ არ უნდა ასახო?”, – რიტორიკულად კითხულობს ის. ამბობს, რომ "ექსპრესიონისტების ფერებში" ხატავს.
If you remember me, then I don't care if everyone else forgets.