სომხურ ცხვარს ქართული ცხვრის სახელით ვეღარ გაყიდიან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იდენტიფიკაციის სისტემის საშუალებით, რომელიც სულ ახლახან დაინერგა, შესაძლებელი გახდება ქართული ცხვრის გაყალბებისგან დაცვა.
როგორც „კომერსანტთან“ სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე აცხადებს, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლამდე წვრილფეხა საქონელი გაივლის 21-დღიან კარანტინს, ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ საქონელი გადაინომრება, მიენიჭება ქართული ყურის ნიშანი, რომელიც მოიცავს ნებისმიერ ინფორმაციას ცხვრის წარმოშობის შესახებ. შესაბამისად, სოხაძის თქმით, ვერც სომხური და ვერც სხვა ქვეყნის ცხვარი ქართული ცხვრის სახელით ვერ გასაღდება.
სოხაძის განმარტებით, იდენტიფიცირების სისტემის დანერგვამდე, საქართველოში შემოსული ცხვარი ფერმებში გადაყვანის შემდეგ ერეოდა ქართულ ცხვარს და გარჩევა ძნელი იყო.
„სომხეთიდან შემოყვანილი ცხვარი ქართული ვეღარ გახდება, რადგან აქტიური იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია დავიწყეთ. პროცესი დაწყებულია ახალციხეში, გორში, ასე რომ ქართული რეგისტრაციის გარეშე საქართველოდან ცხვარი ვეღარ გავა. სომხური ცხვარი თუ გავა, უკვე გავა ტრანზიტით. ის, რომ ცხვარი შემოვიდეს და შემდეგ ქართული სერთიფიკატით გავიდეს, ეს გამორიცხულია, თუ არ არის შემოყვანილი გაზაფხულზე. შესაძლოა დარჩენილია გარკვეული რაოდენობა, რომელიც ქართულ ცხვარში აირევა“,- აცხადებს მიხეილ სოხაძე.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იორდანიამ საქართველოდან ცხვრის იმპორტი აკრძალა, მიხეილ სოხაძე ამას არ ადასტურებს. მისი თქმით, პირიქით, დაახლოებით 1 კვირის წინ მათ ჰქონდათ შეხვედრა იორდანიის, ეგვიპტის, ლიბიის და სხვა არაბული ქვეყნების წარმომადგენლებთან და მათ ქართული ცხვრის იმპორტის გაფართოვების სურვილი გამოხატეს.
სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა და შესაძლოა, ქართული ცხვარი მალე ეგვიპტესა და ირანში გავიდეს.
ქართული ცხვრის ექსპორტის პრობლემებზე „მეცხვარეთა ასოციაცია“ დიდი ხანია საუბრობს. მათი ინფორმაციით, უკვე წლებია ქართული ცხვრის სახელით სომხური ცხვარი სხვადასხვა ქვეყანაში გადის. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მეზობელი ქვეყანა საქართველოს სახელს იმის გამო იყენებს, რომ არაბული ქვეყნების უმეტესობა სომხური წარმოშობის ცხვრის მათს ქვეყნებში შეყვანის ნებართვას არ იძლევა.
„ეს დაკავშირებულია უმთავრესად ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემებთან, ამიტომ სომხეთიდან შემოსული ცხვარი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სრულად არც გადის 21 დღიან საკარანტინო დაკვირვებას, ხვდება არაბულ ქვეყნებში როგორც ქართული ცხვარი. თუ რაიმე დაავადება გაიპარება საქართველოდან, იმ ქვეყანაში ექსპორტი 5 წლის მანძილზე არ განხორციელდება და ეს კიდევ უფრო შეარყევს ჩვენი ცხვრის რეპუტაციას, რომელიც ისედაც ძალიან ცუდ დღეშია“,- აცხადებდა „კომერსანტთან“ საუბრისას „მეცხვარეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი რამდენიმე თვის წინ.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მეცხვარეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სექტემბერში მიმართეს.
http://commersant.ge/?m=5&news_id=29522&cat_id=5