როგორები არიან სხვადასხვა ეროვნების საქმროები? - ინფორმაცია დაუქორწინებელი ქალებისთვის
როგორები არიან სხვადასხვა ეროვნების საქმროები? - ეს ინფორმაცია იმ დაუქორწინებელი ქალებისთვის არის, ვინც უცხოელი საქმროებით ინტერესდება. ამჯერად, ჩვენ იმ რამდენიმე ეროვნების მამაკაცებს გაგაცნობთ, სადაც, როგორც სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ირკვევა, ყველაზე ხშირად ქორწინდებიან ქართველი ქალები.
1. ბერძნები
ქალების აზრით, ბერძნები ძალიან ლამაზი მამაკაცები არიან. უცხოელი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ საბერძნეთში ლამაზი მამაკაცების რიცხვი ლამაზი ქალების რიცხვზე გაცილებით მეტია. მათი მთავარი პლუსი არის ის, რომ 35-40 წლის ასაკშიც ისინი მოვლილები, სიმპატიურები და ენერგიულები არიან. ერთადერთი მინუსი ბერძენი კაცების არის ის, რომ სიმაღლით არ გამოირჩევიან, მაგრამ ბერძენი მამაკაცი თუ მაღალია, მას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს "პლანეტის სიმპატიური მაჩოს" მედალი. ბერძნების საშუალო სიმაღლე 175-178 სმ-ია, თუმცა, ახალგაზრდა თაობაში სიტუაცია გაუმჯობესებულია. როგორც ამბობენ, ბერძენი კაცები შესანიშნავი მამები არიან და შვილებს გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე დედები. განქორწინების შემთხვევაში, ისინი შვილებზე ზრუნვას ჩვეულებრივად აგრძელებენ. ისინი ძალიან ემოციურებად და ტემპერამენტიანებად ითვლებიან. თავის მოსაზრებებს ხშირად აქტიური ჟესტიკულაციით გამოხატავენ. არიან ძალიან კომუნიკაბელურები, მალე ახერხებენ ახალი ნაცნობების პოვნას და მათთან სხვადასხვა თემებზე საუბარს. ბერძენი კაცები ოჯახის ტრადიციულ მოდელს მისდევენ. ოჯახში ისინი არიან მთავარი შემომტანები, ცოლები კი ხშირად სახლში სხედან და ოჯახს უვლიან, ხოლო მუშაობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად სურთ ეს, თუმცა, ბოლო პერიოდის ბერძნულ ოჯახებში სიტუაცია იცვლება. ბერძენი მამაკაცისთვის დედა გამორჩეული ავტორიტეტია სიცოცხლის ბოლომდე. ეს მათ ხასიათშია. უცხოელი ქალები ბერძნებს მაჩო ტიპის მამაკაცებად თვლიან.
2. თურქები
ამბობენ, რომ თურქი კაცები ჰანს ქრისტიან ანდერსონები არიან. აბსულუტურად ყველა! მშვენიერი სქესის მოსახიბლად ისინი განუმეორებელ კომპლიმენტებს, სამუდამო სიყვარულის ფიცს და არაჩვეულებრივი საოჯახო ცხოვრების აღწერას იყენებენ. ისინი ძალიან მეოჯახე კაცებად ითვლებიან და იშვიათად მიმართავენ განქორწინებას, თუმცა, ამის მიზეზი მხოლოდ რომანტიკული არ არის. თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით, ქმარი ვალდებულია ალიმენტი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ყოფილ ცოლსაც უხადოს იმ შემთხვევაში, თუ ის უმუშევარია. უმუშევარი ცოლების რიცხვი კი თურქეთში ძალიან ბევრია. ამიტომაცაა ხშირი შემთხვევები, რომ თურქი კაცები ხშირად რჩებიან ქორწინებაში, მაგრამ საყვარელი ქალი სხვა ჰყავთ. თურქი მამაკაცებისთვის დამახასიათებელია ის, რომ თურქ ქალებს უცხოელი ქალები ურჩევნიათ. ამის მიზეზად კი ითვლება ის, რომ თურქი ქალები ძალიან კაპრიზულები არიან და მათი შენახვა ძვირი ჯდება. დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ადგილობრივი კაცები ოჯახური ცხოვრებისთვის მხოლოდ პატიოსან გოგონებს ირჩევდნენ მუსულმანური ოჯახებიდან. ამბობენ, რომ თურქები ძალიან ჭორიკნები არიან. თუ გინდათ რომ თქვენი საიდუმლო ნახევარმა მსოფლიომ გაიგოს, თურქს მოუყევით. თურქი კაცის ცხოვრება თმაზე წასმული გელის გარეშე არაფერია. ისინი ხშირად იყენებენ სუნამოს და უვლიან თავს, თუმცა, გენეტიკური თავისებურება ის ახასიათებთ, რომ თავის ასაკთან შედარებით უფროსად გამოიყურებიან. ამის მიუხედავად, უცხოელი ქალები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ თურქები ძალიან შარმიანი მამაკაცები არიან.
3. იტალიელები
არსებობს მოსაზრება, რომ მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური და სექსუალური მამაკაცები იტალიელები არიან. ქალების აზრით, იტალიელ მამაკაცს აქვს შარმი, რაც არც ერთ სხვა ეროვნების კაცს ასე მოჭარბებულად არ გააჩნია. თითქმის ყოველი მეორე იტალიელი მამაკაცი სიმპათიურია და თითქმის ყველა სპორტული აღნაგობით გამოირჩევა. მაღალი, დაკუნთული, გარუჯული და შავგვრემანი იტალიელები ქალების გულს ადვილად იპყრობენ. ქალები ამბობენ, რომ იტალიელი მამაკაცები კარგი საყვარლები არიან. მათში ქალებს განსაკუთრებით ჯენტლმენობა მოსწონთ."თუკი ლამაზი შვილები გინდათ იტალიელზე გათხოვდით. ეს ცეცხლოვანი მხიარული კაცები ნამდვილი საგანძურია. იტალიაში ყველა კაცი სიმპათიურია. ყოველ საღამოს პარკებში დარბიან და სხეულზე ზრუნავენ. იტალიელ ქალებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგანაც მათი მამაკაცები ქალებს დიდ პატივს სცემენ და აფასებენ", - ამბობენ გამოკითხული ქალბატონები. ამის მიუხედავად, უცნაურია, რომ იტალიელი მშვენიერი სქესის წარმომადგენლები, სხვა ევროპელ ქალებთან შედარებით, თავს სულაც არ გრძნობენ ბედნიერებად. იტალიელი ქალების 76% გამოტყდა, რომ ცხოვრებით უკმაყოფილოა. სილამაზის სიმბოლო მონიკა ბელუჩის თქმით, "იტალიელი კაცები პოპულარულები იმიტომ არიან, რომ ისინი ლამაზ ქალს ქუჩაში უყურადღებოდ არასდროს ტოვებენ. უცხო ქვეყნის მეგობარი გოგონები ხშირად მეუბნებიან: "იტალიაში როცა ვმოგზაურობ თავს ქალად ვგრძნობო." თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს რომ მშვენიერი სქესის დიდი თაყვანისმცმელი იტალიელები მეუღლეების დიდი ერთგულებით გამოირჩევიან.
4. გერმანელები
გერმანელ მამაკაცებზე ქალები ამბობენ, რომ ისინი ძალიან მრავალფეროვნები არიან, თუმცა, ახასიათებთ გარკვეული თავისებურებები. გერმანელები ძალიან შრომისმოყვარეები არიან. საქმის დაზარება, გერმანელის წესებში არ არის. ყველა საჭირო საქმეს ბოლომდე და სწრაფად აკეთებენ და სახლში მაშინ მიდიან, როცა სინდისი სუფთა აქვთ. გერმანელი კაცები, საქმის ამბავში, ოჯახშიც აქტიურობენ. ისინი ქალს არა მხოლოდ დალაგებაში, არამედ საჭმლის მომზადებაშიც ეხმარებიან. არიან ძალიან სისუფთავის და წესრიგის მოყვარულები, სახლში ყველაფერს აწკრიალებენ. საკუთარ თავსაც დიდ ყურადღებას უთმობენ - თავის ტანისამოსს თვითონ ასუფთავებენ ან სამრეცხაოში მიაქვთ. არასდროს აბზეკენ ცხვირს იმის გამო, რომ ჭურჭლის დარეცხვა მოსთხოვეს. ის რასაც სხვები სიძუნწეს ეძახიან, შეიძლება ეკონომიურობად ჩავთვალოთ. მათ ოჯახური ბიუჯეტი ყოველთვის გეგმაში აქვთ გაწერილი. გერმანელი მამაკაცი გოგონას მოსახიბლად არასდროს აჩუქებს ისეთ საჩუქარს, რომელიც მისთვის ძალიან ძვირიანია. მდიდრად თავის წარმოჩენა არ ზის გერმანულ ხასიათში. გერმანელი კაცები მეტად თავშეკავებულები, ნაკლებად რომანტიკულები, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან პრაქტიკულები არიან. ეს ქალებისთვის საინტერესოა იმ მხრივ, რომ მომავალში გვერდით ეყოლებათ სტაბილური მამაკაცი, რომელიც ქორწინების მერეც იგივე დარჩება, რაც იყო ქორწინებამდე და არ შეიცვლება. გერმანული წყვილები ურთიერთობას ერთმანეთის სოლიდარობაზე აფუძნებენ, ყველაფერს ერთად აკეთებენ, დაწყებული სახლის დალაგებიდან, დამთავრებული გადასახადების გადახდით. გერმანელი კაცები ქალთა უფლებებს ძალიან დიდ პატივს სცემენ, ეს იქნება სამსახური, კარიერა, ბიუჯეტი თუ საკუთარი თავის რეალიზაცია და ნაკლებად მოსწონთ ქალები, რომლებსაც განვითარების სურვილი არ აქვთ.