6iani
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 172
წევრი No.: 231875
რეგისტრ.: 11-May 17
|
#53009896 · 1 Jul 2018, 15:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არაფერია იმ კაცის მობოდიშებაზე სასიამოვნო სანახავი, რომელსაც თუმცა კი ეკუთვნის ეს ბოდიში, ამავდროულად იმხელა ძალებსაც ფლობს, რომ შეუძლია სულ არ ითხოვოს პატიება! სანამ ადამიანს ჯერ კიდევ რაციონალუი გონება აქვს და სოციალურ არსებად ითვლება, ნამდვილ რწმენაზე კრინტიც არ უნდა გასძრას.. მე ვაცხადებ, რომ სამყაროში ერთი კაციც არ მოიძებნება, რომელსაც ღმერთის სწამს! ძამიკო, ნუთუ ეს მართალია, ნუთუ ვერავინ ვერაფერს გვავნებს? ჩვენ ვიმალებით, რადგან ვერავინ გვავნოს! წინ ცხელი გზაა, მარჯვნივ უდაბნო, მარცხნივ კანიონი.. სამხრეთით ქარი ბატონობს, ჩრდილოეთი მტვრად იშლება. გზები მცხუნვარეა, უდაბნოში დაკარგულ რომაელებს სიკვდილის არსებობა დავიწყებიათ, ისინი დასავლეთისკენ მიდიან. მაშინ ჩვენ სად ვართ, ძამიკო? ვიცი, ჩვენ აღმოსავლეთით ვართ, ყველაზე შორს, აქედან მცხუნვარე გზები აბსტრაქტულ მირაჟებს ჰგავს, თუმცა ამ წითელი ღამის მიღმაც კი, როგორ თვალნათლივ ჩანს გველები, რომელებიც კანიონში ცვივიან.. როგორც წვიმის წვეთები, ისე ენარცხებიან წითელ თიხისებრ მიწებს. უკან ერთი თბილი გორაკი დავტოვეთ, იმ გორაკზე ვიღაც იჯდა და სტვირზე უკრავდა, მართალი ვარ? დიახ, მართალი ვარ. მე შენ არ დაგიჯერე და გამოველაპარაკე კიდეც იმ უცნაურ მესტვირეს. ჰო, ჰო, გორაკზე ავბობღდი, ეს ტანსაცმელიც მაშინ დავისვარე, მუხლები გადამიტყავდა, მაგრამ ამას ვინ ჩივის, მე ვნანობ რომ მისი სახე ვნახე, არ უნდა მენახა მისი სახე.. მისი სახე, მისი სახე, ძამიკო, ეს ბოროტება არ ყოფილა, მაგრამ ბოროტება ხომ ზოგჯერ ასეთი მარტივად დაძლევადია. რომაელებივით მეც არასოდეს ვფიქრობ სიკვდილზე, მხოლოდ აღმოსავლეთით მივდივარ და სამხრეთის ქარები ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მესტვირის სახე კი, ძამიკო მშრალი იყო, როგორც უდაბნო, მის ყვრიმალებს ლურჯი ალი მოსდებოდა და სტვირის ხმასთან ერთად სულ უფრო ძლიერდებოდა. თვალები ვერცხლისფრად უბრწყინავდა, მასში უსიცოცხლობა და რაღაც სიკვდილზე უფრო მტანჯველი ჩაბუდებულიყო. იღიმოდა, მაგრამ მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემს გამო, თავაზიანი ნამდვილად არ ჩანდა, უბრალოდ ჩემი შეშინება არ სურდა, ალბათ მოხარული დარჩა, რომ მასთან გამოლაპარაკება მოვინდომე. მის გვერდით რომ ჩამოვჯექი, მხოლოდ მაშინღა გავაცნობიერე, რომ მისი აურის დანახვა შემეძლო. ეს აურა არ არის, მითხრა მან, მაგრამ თავი ისე ეჭირა, თითქოს არაფერი უთქვამს, ისევ ბოროტად იღიმოდა. გინდა სტვირზე დაკვრა გასწავლოო? მეკითხებოდა შემდეგ. მის შემოთავაზებას დავხარბდი და სტვირი ხელთვიპყარი, მაგრამ ის ისეთი მძიმე აღმოჩნდა, რომ ქვედა ბაგესაც კი ვერ გავუსწორე, ამიტომ თავაზიანად უკან დავუბრუნე. მართალიო, კმაყოფილებით ქირქილებდა იგი, ჩათვალე, რომ ამ სტვირის თხოვებით, მე შენ შანსი მოგეცი, თავიდან დაბადებულიყავი, მაგრამ შენ გაცნობიერების ძალა არ გეყო, რათა იგი შეგეცნოო.. ნებისმიერი ძალა შეცნობას იმსახურებსო და კვლავ განაგრძო დაკვრა. როდესაც ის უკრავდა, ჩვენს წინ ყორნები სინქრონულ კამარას კრავდნენ და ისე დასრიალებდნენ ატმოსფეროს ცხელ ბურუსში, თითქოს მისგან ყოფილიყვნენ წარმოშობილნი. უეცრად უცნაურმა მესტვირემ დაკვრა შეწყვიტა, ჩემსკენ მოტრიალდა და ბოხი ხმით ჩამაგონა - ეს ყორნები უბრალო სათამაშოები არიან, ჩათვლაე, რომ ისინი გესიზმრებიან, ახლა ისინი ცაში აიჭრებან და ღრუბლებს შეერევიან, შენ მათ მზერას გააყოლებ, მაგრამ მზე თვალებს მოგჭრის, ამას, რა თქმა უნდა, ვერ გაუძლებ, მზერას დახრი და ის მომენტი გამოგეპარება, როცა ყორნები უბრალოდ მტვრად იქცევიან.. ეს სტვირი მათ სიცოცხლეს უნარჩუნებს, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სადამდეც ამის მართლა გწამს. ნეტავ რწმენა რაღაა, ძამიკო? შენ გეკითხები, თორემ მას ვერ შევბედე! რწმენა ვიწრო, ბნელი ქუჩაა, რომლის ბოლოს საკუთარი თავი გელოდება, ოღონდ უწინდელზე უკეთესი.. ჩათვალე, რომ შენ გველი ხარ, რომელიც კანს ჭეშმარიტი რწმენის დროს იცვლის და შემდეგ უფრო უკეთესად შეუძლია დაგესვლა.. მან სტვირზე დაკვრა ისევ შეწყვიტა და მითხრა, შენი და შენი ყველაზე ელიტარული წინაპრის თვისებაა ასეთი, იცხოვრო მხოლოდ იმისთვის, რასაც აცნობიერებ და მოკვდე იმისთვის, რასაც ხედავ. ჩემი სტვირიდან მილიონი შენი წინაპარი ცდილობს გამოსვლას, ის კი არ იციან, შემდეგ სად წავლენ.. ძამიკო, მისი სუნთქვაც კი საშიში იყო, თუმცა ამას სუნთქვასაც ვერ დავარქმევდი, უფრო ჰაერის გამოყოფას ჰგავდა, ის წითელი ფერის ჰაერს უშვებდა პირიდან, უკან კი არაფერი შეჰქონდა, შემიძლია თავი დავდო, რომ არც ერთხელ ჩაუსუნთქია, მაშინაც კი, როდესაც ფლეიტაზე უკრავდა. მე გარდაცვლილების ხმები მესმის ხოლმე, სტვირი გვერდით გადადო და შუბლზე თითი მომაბჯინა, თავადაც გესმის ახლა? მეკითხებოდა შემდეგ. მე სასოწარკვეთილება ვიგრძენი, შემდეგ გავოგონე კიდეც, მაგრამ ვერაფერი გავარჩიე, ვიღაცეები გამეტებით ჩურჩულებდნენ. რა თქმა უნდა, შენ მათ ტკივილს ვერ გაიზიარებ, მათი ტკივილი შეუცნობელია. ორი დღის უკან ერთი გოგონა მოსთქვამდა, საკუთარ ძმას დაეძებდა, გზის ეშმას სადღაც ორმოში ჩაეგდო და მხოლოდ გველების შხამიანი ქირქილი ესმოდა, ტუჩებს კბილებით იგლეჯდა, მკერდს ფრჩხილებით იღადრიდა, საკუთარ სისხლს თვალებზე ისვამდა, რათა სიბნელე და გველების ცივი, ტყვიასავით ცივი შეხება დაევიწყებინა, მაგრამ მის ირგვლივ მხოლოდ ისევ ხის ფესვები რჩებოდნენ, მას ბუნდოვნად ახსენდებოდა სწავლებანი, რომ მცენარეებიც ცოცხლები არიან და მათგან შველას მოელოდა, მაგრამ ხეები მხოლოდ იზრდებოდნენ, იზრდებოდნენ ასე გაუთაველად იქამდე, სანამ არ გახმებოდნენ. გოგონა ვნებასაყოლილი მომკვდარიყო, ამიტომ ყორნებმა, რომლებსაც მხეცური ბუნება აქვთ, მთხოვეს გამოსვლაში დავხმარებოდი, მეც დავეხმარე, მივედი და მის სიახლოვეს მიწა ორად გავჭერი, დამინახეს რა გველებმა, სასწრაფოდ ხავსებად გადაიქცნენ, ვიცოდი ეშმას ეს ამბავი არ მოეწონებოდა, მაგრამ მის წინააღმდეგ არასოდეს წავსულვარ, ველოდი, რომ პირველ ურჩობას მომიტევებდა, მეტიც, არც კი შეიმჩნევდა და ასეც მოხდა. ყორნებმა მისი ძმის სახე მიიღეს, გოგონამ სინათლე და ამ სინათლეში თანდასხმული ძმა რომ იხილა, ჭკუაზე შეიშალა და თვალები ცეცხლისფრად აენთო.. ამის შემდეგ ძმას (ყორნებს) მიეჭრა და მუხლებში ჩაუვარდა, ყორნებმა თავიანთი მხეცური წადილი დაიკმაყოფილეს და გაქრნენ, შემდეგ დაფარულად ეკითხებოდნენ გოგონას, თუ რატომ მოიქცა ასე, გოგონას წყვდიადისფერი დასდებოდა და კვნესით ამბობდა, რომ იგი სინათლის თავდავიწყებამ დააბრმავა, დაემორჩილა არა წმინდა ნათესავის, არამედ თავად სინათლის ნებას.. ძამიკო, მგონი ეს ის გოგონაა, რომელიც გასულ დღეს უდაბნოსთან შეგვხვდა, ღმერთს რომ დაეძებდა, აღარ გახსოვს?? მესტვირემ მითხრა, რომ ის ღმერთს ვერასოდეს იპოვნის, რადგან ჭეშმარიტად მას კი არა, ადამიანურ საკუთარ სახეს დაეძებს და ეს ღმერთი ჰგონია, ის ახალ სიცოცხლეზე ოცნებობს, მაგრამ ჩემმა სტვირმა იცის, რომ ეს არასოდეს მოხდება, ამიტომ გოგონას დანებებას ჩასჩიჩინებს, ის კი, რა ვქნათ და ჯიუტი გამოდგა, სტვირის დარიგებას სასწრაფოდ გასცილდა, ცოტა ხანში გზის ეშმა ისევ ჩაავლებს და კვლავ მყრალ ორმოში გადაუძახებს.. მას ჰგონია, რომ აღდგომას იმსახურებს, მაგრამ ასე არ არის. ძამიკო, მან დაკვრა განაგრძო და თანაც ისე მძაფრად, რომ მთელი ფსიქიკა შემერყა, ჩემს თვალწინ კანიონმა მოძრაობა დაიწყო, მან სამხრეთში გადაინაცვლა, უდაბნო ზეცაში აიჭრა, მზეს გაეკრა და ცოტა ხანში ყინულივით დადნა. მე მესტვირის გვერდით თავს უკეთესად ვგრძნობდი, ვიდრე შენთან ან თუნდაც მარტო ვიგრძნობდი, ამიტომ ადგილიდან ფეხს არ ვიცვლიდი. სტვირი ჩემი სხეულია, ჩემი სხეული კი, ის რასაც შენ ხედავ, ჩემი სულია, მე დავბერდი და გაქცევა მინდა, ყველამ იცის, რომ აქაურობა მძულს, ამიტომ ჩემზე ნადირობენ, მაგრამ სანამ სტვირი ვარ, ვერაფერს მავნებენ, რადგან თუ არ დავუკარი, აქაურობას არნახული ქაოსი წალეკავს, შიში ცეცხლოვანი ღრუბლების გიგანტად გადაიქცევა და ყველაფერს დაარბევს, მას ვერავინ შეაჩერებს გარდა იმისა, ვინც აქ არასოდეს მოდის! მთელი ამ დროის მანძილზე ვფიქრობდი, ძამიკო, ნეტავ ეს რა ადგილია? მე და შენ აქ ვმოგზაურობდით, ვხედავდით ქარებით დარბეულ სამხრეთს, ცეცხლმოკიდებულ უდაბნოებს, მასში გაფანტულ, დაკარგულ რომაელებს, მტვრად ქცეულ ჩრდილოეთს და თავად მაინც აღმოსავლეთისკენ მოვდიოდით.. მე მამლების ყივილი აღარ მესმის, ძამიკო, არადა ეს საუკეთესოა, რაც კაცმა შეიძლება გაიგონოს, აქ მხოლოდ ცეცხლოვანი გზებია, მათზე მცოცავი გველები ამაზრზენად ჩხრიალებენ, ისინი აღმოსავლეთისკენ მოიწევენ და გზად დაკარგულ რომაელებს გესლავენ.. ახლა ვხვდები, რომ ყველა რომაელი ჩვენს გამო კვდება, მათი შიში ჩვენ ვართ.. შენთვის ახლა ღამეა, ამბობდა მესტვირე, მაგრამ მზეს რომ ხედავ, ამაზე თვალებს ვერ დახუჭავ, ესეც შენი მორიგი თვისებაა, თვალს მხოლოდ იმაზე ხუჭავ, რასაც აცნობიერებ, დანარჩენი კი უბრალოდ გაშინებს.. შენ გაინტერესებს თუ რა არის შიში და მე ვამბობ, რომ შიში თავად ღმერთია, თუ რამეს ხედავ ირგვლივ, შენთვის ყველაფერი ღმერთია, მაგრამ აქ მის თანდასწრებას ვერ იგრძნობ, შესაძლოა, შეთხზა ან სტვირმა ჩაგაგონოს, აგირიოს რა თავისი ამაზრზენი მელოდიით გონება, მაგრამ მეზღაპრედ არ გამოდგები, აქ შენ ვერავის მოატყუებ, შესაძლოა გაამხიარულო ვინმე, ჰო, ეს ალბათ შეგიძლია.. მან დაკვრა განაგრძო. ძამიკო, მისმა სიტყვებმა სული მატკინა, ზედ შუბლთან ვიგრძენი ამ სიტყვების ფასი და ამან კინაღამ ჭკუაზე შემშალა, საბედნიეროდ დაკვრა სწრაფად შეწყვიტა. ადრე ჩემმა ყორნებმა აქ დედა გამოიჭირეს, ბერად ეჩვენნენ და მომაკვდავი ახალშობილი ჩაუგორეს მკლავებში, ქალმა საკუთარი შვილი სწრაფად იცნო და ლოცვად გადადნა, ღმერთო ოღონდაც გადამირჩინეო, ყორნების ბოროტ ოხუნჯობას, რა თქმა უნდა, არც ერთი ზეციური ძალა გამოხმაურებია, ქალს ჩვილი ხელებში ჩააკვდა, მან ის დაკრძალა და სამხრეთისკენ აიღო გეზი, უეცრად წინ ხუთიოდე წლის ბავშვი შეეჩეხა, ყორნებმა ისე მოაწყეს, რომ მას უეცრად გველები დაესიენ და სასიკვდილოდ დაგესლეს, ქალმა ახლოს მისვლა ვერ გაბედა, სანამ ქვეწარმავლები არ გაიფანტნენ, შემდეგ მივიდა და ბავშვში კვლავ საკუთარი შვილი ამოიცნო. ისიც დაკრძალა და გზა განაგრძო.. უდაბნოს საზღვრას რომ მიაღწია, ვიღაც ყმაწვილკაცი გადმოუხტა და თავს დაესხა, ქალი თამამად მოერია მას და თავი გაუტეხა, ნახა ესეც თავისი შვილია, რაღას იზამდა, ცრემლებად დაიხარჯა და ბოლოს დაკრძალა. შევიდა უდაბნოში, აქ ვიღაც ჩასაფრებული კაცი დაეძგერა, ქალმა იბრძოლა, იბრძოლა, მაგრამ ვერაფერს გახდა, კაცმა წამებით მოკლა, ნახა, რომ ესეც თავისი შვილი ყოფილა, გაზრდა მოესწრო უკვე და კარგ ვინმედაც დამდგარიყო.. ქალი ადგილობრივად გაიხრწნა, მაგრამ მისი თანდასწრება უდაბნოს არასოდეს მოშორებია, აჩრდილადღა შემორჩა ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილს და ამორძალად გადაიქცა, მისი მხოლოდ სიცარიელეღა ფეთქავს, მას ეშმა ვერასოდეს ჩაბეჭდავს მყრალ ორმოში, რადგან გრძნობების გარეშე დარჩა, მისი არსებობა ზეროს ტოლია, მაგრამ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს, ის ხომ დღემდე ტირის, ზის და უცრემლებოდ ქვითინებს, ამას ფასი არ აქვს, რადგან თავადაც არ იცის, რატომ იქცევა ასე, მაგრამ ჩემი სტვირი მაინც უსმენს, მე ამის წინააღმდეგი არა ვარ, რადგან დავბერდი და მხოლოდ გაქცევაზე მიჭირავს თვალი! სანამ ის უკრავდა, ძამიკო, მე ოცნებებმა გამიტაცეს, თურმე ოცნება აქაც კი შეიძლება და განა აბა ეს გესწავლებაა? შენ ხომ საშინელ ციხეში ხარ გამომწყვდეული და მანდაურობას მხოლოდ ოცნებების დაუშრეტელი ნაკადის გამო უძლებ! მე ნათელი ენერგია ვიგრძენი, ჩემს თავზე ყორნების შეუმჩნევლად მტრედი დაფრინავდა, მაგრამ ისიც შავი იყო. ეგ მტრედი არ არის, გუგუნებდა მესტვირე, ეგ შენი ოცნებაა, რომელიც სინამდვილეში ზუსტად ისეთივე ყორანია, როგორსაც აქაური ბოროტება ბადებს, მაგრამ შენ მტრედის ფორმას აძლევ, ამიტომ ვერ ამჩნევენ სხვა ყორნები, მათთვის ეგეც ყორანია, თუ კარგად დააკვირდები, უკვე შენთვისაც, რადგან აღმოსავლეთში ოცნება ისეთივე არასრულყოფილია, როგორც სამხრეთში ტირილი, ჩრდილოეთში რწმენა და დასავლეთში სიკვდილი! ძამიკო, მალე ჩემი შავი მტრედი ყორნად გადაიქცა და დანარჩენებს შეუერთდა, იყო გაოგნების სამი წამი და სტვირის ცეცხლოვანი კივილი, ჩვენს ირგვლივ მორბენალი ნახევარტანა ცხენები და მათი ფაფრისგან შეშფოთებული მწერების ესკადრილია, რომელებიც აჩრდილებს აურას სწოვდნენ, ყველაფერ საუკეთესოს წუთში ართმევდნენ და ცეცხლოვან მიწებს უბრუნდებოდნენ, გველეებს აბრაზებდნენ, აქაოდა ფრთები გვაქვს, მიწაზე მხოხავებს არაფრით გგავართო.. აქ ცხოვრება რთულია, ამბობდა მესტვირე, ცდილობ, ლამაზი იყო, ცდილობ შენს გარშემო ყველა ლამაზი იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში სტვირი მიგახვედრებს, რომ განწირულთაგან ლამაზი არავინ არის, უნდა მიეჩვიო ციხეს, რომელიც სხეულს სასიკვდილოდ დაგაგლეჯს, სტვირის ხმას, რომელიც ჭკუაზე შეგშლის, გველების წვიმას, ქარების მახვილს, ყორნისფერ მტვერს და შენს უმართავ ფიქრებს სრულყოფილებაზე.. აქ ავადმყოფურად ის აგეკვიატება, რაზეც უწინ უნდა გეფიქრა, იფიქრებ, იფიქრებ, იფიქრებ, მაგრამ ვერაფერს მოიფიქრებ, რადგან შენს ტვინს თავისი მდარე ემოციურობითა და შეურაწმყოფელი ინსტიქტებით მატლები შეექცევიან სწორედ ახლა, მათთვის შენ უფასო საჭმელი ხარ, ისე იხრწნები, როგორც ნაგავში მოქცეული ხორცის მარინადი! ძამიკო, ხომ იცი, ღმერთის არც ადრე მწამდა და არც ახლა მწამს, არადა აქ ყველგან წითელი ჩრდილებისგან გამოთლილი ჯვარცმებია აღმართული, ცისოდენა ჯვარცმები, თუ მათ გვერდით ჩაუვლი, ისეთ ტკივილს ეზიარები, აქამდე ყველაზე დიდ კოშმარშიც კი რომ არ გიგემია. გარდა ამისა, აქ თვალების ტკივილი დამჩემდა, ეს მტანჯველი გრძნობა თავიდან არ მშორდება, თითქოს საკუთარ სიკვდილს ხელოვნების ნიმუშივით საათობით ვაკვირდები, თანაც ყოველ დღე, მე მისი თითოეული დეტალი ვიცი და მგონია, რომ ვეღარაფერს გამომაპარებენ, მაგრამ ყოველ ახალ დღეს, რაღაც ისეთი მხვდება, რაც ადრე არ შემიმჩნევია და ვხვდები, რომ როგორც საკუთარი სიცოცხლე, სიკვდილიც მეთვითონ გამოვიგონე. ახლა მხეცების პერიოდი არ არის, მკაცრად ამეტყველდა მესტვირე, მაგრამ ცოტა ხანში ისინი დაბრუნდებიან, ჯერ მათ არ შეხვერდრიხარ, თუმცა კი ეს გარდაუვალია, მოვლენ და განურჩევლად ყველაფერზე დაიწყებენ ნადირობას, მაშინ მთელი ღამე სტვირს სუნთქვა უნდა გადავაყოლო, რათა ჩემამდეც ვერ მოაღწიონ, თორემ მათი დახოცვა მომიწევს, მე კი უბრალოდ აქედან გაქცევა მინდა, არავის მოკვლას ვესწრაფვი.. მოკვლას რა უნდა, ძალიან მარტივია, მაგრამ სტვირიც ხომ ამას ელოდება ზუსტად, უნდა, რომ ჩემს მსაჯულად იქცეს და თავის ფსიქომიქარვებში, მტანჯველ ხრიკებში გამჭედოს, მაგრამ მოხუცი მესტვირე გამოცდილია, ამას ვერ აჭმვენ, გაიჭირვებს და ერთ ღამესაც გაუთავებელი ჩაბერვით მოჰკითხავს ამ ოხერ სტვირს თავის ვერაგ განზრახვებს.. მხეცები აქ დიდხანს არ გაჩერდებიან, წავლენ და გველებს დაერევიან, შემდეგ რომაელებს მისდგებიან და ბოლოს კანიონში ჩავლენ, რათა ღრმა ძილს მიეცენ.. შემიძლია დავიფიცო, რომ მხეცები ზარმაცი, მაგრამ ძლიერ ბოროტი ადამიანები არიან, მათი სისხლი ბინძური და მალლპობადია.. ჩემი სტვირი ნებისმიერ სიკვდილს სცნობს. მაგალითად, შენი სიკვდილი მთლად სიკვდილიც არ არის, მათი სიკვდილი კი არავის, მათ შორის არც თავად, ისევე როგორც მათი სიცოცხლე! ძამიკო, ალბათ როცა მკვდარი ხარ, ძალიან რთულია კვლავ სიკვდილზე ღელვა, ამ დროს მხოლოდ ის დრო თუ მოგაგონდება განსაკუთრებული აკვიატებით, როდესაც რაღაც სულიერზე ფიქრის გადადება ჯერ კიდევ შეგეძლო.
--------------------
გოგი ვარ ეს აკკაუნტი მაჩუქა night-blue მ 10/02/2018 მდე რაც კი რამე დაწერილა ამ აკკაუნტიდან ყველა მესიჯი ეკუთვნის მასე 10/02/2018 ის მერე უკვე გოგის პოსტებია!!!
|