კავკასიური ნაგაზი ჰარმონიული აღნაგობის, დიდი და ძლიერი ძაღლია. აქვს საკმაოდ მსხვილი და მასიური თავი, კარგად განვითარებული კუნთოვანი სისტემა და მსხვილი ძვალი. ოდნავ გაწელილი ფორმატისაა. სქესობრივი დიმორფიზმი საკმაოდაა გამოხატული.
გაწონასწორებული, აქტიური, თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და უშიშარი ხასიათისაა. პატრონის მიმართ ერთგულია, ხოლო უცხო ხალხის მიმართ თანდაყოლილი უნდობლობა ახასიათებს. მისი ძირითადი ფუნქცია რაიმეს დაცვა, დარაჯობაა. ბეწვის სიგრძის მიხედვით იყოფა სამ ტიპად: გრძელბეწვიან, მოკლებეწვიან და საშუალო სიგრძის ბეწვიანად.
ჯიშის სამშობლო კავკასიაა, სადაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ხალხური სელექციის შედეგად. მისი წინაპარი ტიბეტური მასტიფია.
ჯიშის მკვლევარები კავკასიური ნაგაზის რამოდენიმე ტიპს გამოყოფდნენ. მაგ ა.პ მაზოვერი გამოყოფდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ტიპს და ამავდროულად აღნიშნავდა, რომ მათ შორის საუკეთესო იყო ქართული ტიპის ნაგაზი :
А.П.Мазовер, «Племенное дело в служебном собаководстве», изд. ДОСААФ, 1954 г.
«Лучшие кавказские овчарки распространены в Грузинской ССР, где собаки отличаются могучим костяком и являются самыми крупными из всех отродий кавказской овчарки… Однотонный окрас и длинная шерсть делают этих собак эффектными и красивыми».
სხვადასხვა მკვლევარები კი უკვე ქართულ ტიპს ყოფდნენ თუშურ, ახალციხურ, ყაზბეგურ, გერგეთულ და გარბანულ ტიპებად.
რამდენადაც ცნობილია, ტერმინი "ნაგაზი" პირველად სულხან-საბას აქვს ნახსენები "სიტყვის კონა"-ში:
"ასაკმცირესა ძაღლსა – ციბა, ვიეთნი გომიშას უჴმობენ; მის უდიდეს(ს)ა და ცუდსა ციბაკი, ვიეთნი ფინიას უჴმობენ; დიდსა ძაღლსა, მიდამოს მცველსა – თართი; მეკვლესა – მეძებარი; სწრაფსა და გვარიანსა – მწევარი; მწევრისა და თართისაგან შობილსა – ნაგაზი; მეძებრისა და თართისაგან შობილსა (თართისაგანსა ) - ყაზილა. თუმცა ნაგაზი მგლისა მიერ (მგლისაგან ) იშობა, იგი უმჯობესია (უმჯობესი არს )".
მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ნაგაზი იმ დროს ყოფილა ორი განსხვავებული ჯიშის (თართის და მწევრის) შეჯვარების შედეგად დაბადებული ჰიბრიდი.
ასევე ცნობილია, რომ კავკასიურ ნაგაზს, როგორც უკვე ჩამოყალიბებულ ჯიშს 1765 წ-ში იყენებდა თურქეთის არმია - სამხედრო ობიექტების დასაცავად.
კავკასიური ნაგაზის კულტურული სახით მოშენება დაიწყო XX საუკუნის 20-იან წლებში.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთის არმიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საომარ მოქმედებებში გამოსაყენებლად მოემზადებინა ძაღლები. ამ გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ პირველ მსოფლიო ომში რუსეთის არმიას ყავდა მხოლოდ 300 გაწვრთნილი ძაღლი იმ დროს როდესაც გერმანიის არმიას ყავდა 30 000, ხოლო საფრანგეთის, ინგლისის და აშშ-ს არმიებს 20 000-ზე მეტი ძაღლი. ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, 1924 წელს დაარსდა "Центральная Школа Военного Собаководства", ამავე წელს დაარსდა ძაღლსაშენი "Красная звезда". სწორედ ამ საშენებში დაიწყო კავკასიური ნაგაზების კულტურული სახით მოშენება. მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთის არმიას უკვე ყავდა 60 000 გაწვრთნილი ძაღლი. სწორედ ამ პერიოდში მოხდა კავკასიური ნაგაზების მასიურად გაყვანა საქართველოდან. ომის პერიოდში მას იყენებდნენ ციხეების და საწყობების დასაცავად, ხოლო ომის შემდგომ პერიოდში უკვე ბერლინის კედელსაც იცავდა რამოდენიმე ათასი კავკასიური ნაგაზი.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იმ პერიოდში საქართველოში მცხოვრები კავკასიური ნაგაზები ისევ "ხალხურად" მრავლდებოდნენ და ეს გრძელდებოდა XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე. 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში დაიწყო რუსული მოშენების, კულტურული ნაგაზების შემოდინება. ამ წლების განმავლობაში აქ დარჩენილი და იქიდან ჩამოყვანილი ნაგაზები უკვე საკმაოდ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან - "რუსები" ბევრად უფრო ეფექტურად გამოიყურებოდნენ, ამიტომაც მაშინდელმა ქართველმა ძაღლების მოყვარულებმა იქაურ ტიპს მიანიჭეს უპირატესობა და დაიწყეს რუსეთიდან ჩამოყვანილი ძაღლების მოშენება. ჯიშის სტანდარტიც უკვე "რუსული ტიპის" ძაღლებზე იყო მორგებული და გამოფენებზეც ძირითადად ისინი ლიდერობდნენ, რაც დღემდე გრძელდება.
მეც წლების განმავლობაში "რუსული მიმართულების" მიმდევარი ვიყავი და ამ თემის წინა ნაწილებში საკმაოდ შეგხვდებათ ჩემი პოსტები, სადაც რუსეთიდან ჩამოყვანილ ძაღლებს ვაქებდი და ვადიდებდი. რამოდენიმე წლის წინ კი მოხდა ის, რამაც აზრი შემაცვლევინა ამ ყველაფერზე. ერთ-ერთი რუსული ფორუმზე დაგვცინოდნენ იმის გამო, რომ ჩვენს ეროვნულ გამოფენებზე ყოველთვის რუსული მოშენების ძაღლები იგებდნენ... საბედნიეროდ ის არ იცოდნენ, რომ ქართული მოშენება საერთოდ არ გაგვაჩნია.
ამის შემდეგ პრინციპულად გადავწყვიტე, რომ აღარასოდეს დავკავდე "რუსული" სისხლების ნაგაზების მოშენებით და შესაძლებლობის მოცემისთანავე ვეცადო ის, რომ საქართველოს ყავდეს საკუთარი მოშენების კავკასიური ნაგაზები.
MITIATOრაც შევძელი - ესაა.
აზრის დალაგება და წერტილ-მძიმის დასმა თქვენზეა.