sandy
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 28158
წევრი No.: 47130
რეგისტრ.: 17-November 07
|
#58657982 · 1 Dec 2021, 18:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფაშისტები, ძველი ბიჭები, უსაქმურები და ანტივაქსერები - „ქოცების“, „ნაცებისა“ და ლევან ვასაძის შედარებითი დახასიათება --------------- ქართული ოცნება“ პლებსის წინაშე კიდევ ერთ დათმობაზე წავიდა - „მწვანე პასპორტების“ ინიციატივა, ფაქტობრივად, უკან გაიწვია და ორი პასპორტი შემოიღო - ერთი შიდა მოხმარებისთვის, რომელიც არაფერ ნიშნავს და მეორე - საგარეო, რეალური.
ეს, უბრალოდ, ერთი ცალკე აღებული დათმობა რომ იყოს, არა უშავს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს „ქოცების“ პოლიტიკაა და ამავე დროს, მათი დღეგრძელობის ერთ-ერთი საიდუმლო.
ხშირად გაიგონებთ კითხვას - რატომ ეპატიება „ქართულ ოცნებას“ ის, რასაც „ნაცმოძრაობას“ არ პატიობდნენ?
რატომ დუმს სარალიძეს და მაჩალიკაშვილის საქმეზე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გირგვლიანსა და რობაქიძეზე დღესაც ლოყებს იხოკავს? რატომაა ფართო საზოგადოება საოცრად გულგრილი „ოცნების“ გაუგონარი თავხედობის მიმართ მაშინ, როდესაც 2004-2012 წლებში ყველაფერზე რეაგირებდა?
რატომ არის 7 ნოემბერი დანაშაული, 20 ივნისი კი - არა? ბოლოს და ბოლოს, რა მოუვიდა ქვეყანას, რომელიც ნებისმიერი მიზეზის გამო ქუჩაში გამოსვლისთვის მზად იყო? სად გაქრა ეს ენერგია?
გარკვეულწილად, ყველაფერ ამას ობიექტური ფაქტორები განაპირობებს - საზოგადოების გადაღლა, პოლიტიკური აპათია, პარტიებისადმი ქრონიკული უნდობლობა და ისიც, რომ „ხალხზე მაინც არავინ ფიქრობს“, თუმცა ერთი მიზეზიც არის და ის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის საყრდენს, დედა-ბოძს წარმოადგენს.
„ქოცებმა“ წინა ხელისუფლებისგან ბევრი რამ ისწავლეს და, პირველ რიგში, ის, რომ მომხრეებს და ნეიტრალურად განწყობილ ობივატელურ მასას არ უნდა აწყენინო.
„ნაცებს“ ასეთი არჩევანი არ ჰქონდათ - მათ სწრაფი და მტკივნეული რეფორმების გატარება უწევდათ, ეს კი ბევრ ძალიან მკვეთრ ნაბიჯს მოითხოვდა - ათობით ათასი ადამიანის სამსახურიდან გაშვებას, მთელი უწყებების და პარაზიტული სტრუქტურების გაუქმებას, წესრიგის დამყარებას მკაცრი მეთოდებით, „ნულოვან ტოლერანტობას“ და კიდევ ბევრ სხვა რამეს, რის გარეშეც ჩამყაყებული და დაჭაობებული გარემოს შეცვლა შეუძლებელი იქნებოდა.
„ნაცმოძრაობამ“ ასობით ათასი ადამიანი გაანაწყენა, უმრავლესობა დამსახურებულად, ზოგიერთი - დაუმსახურებლადაც... ამან ასობით ათასი მტერი გაუჩინა. ამ ასობით ათასი ადამიანის ბრაზი და სიძულვილი იყო მთავარი საწვავი ხალხმრავალი აქციებისთვის, რომლებიც 2004-2012 წლებში იმართებოდა.
ამ გაბრაზებული ამომრჩევლის ხმამ, საბოლოო ჯამში, „ქოცობა“ ხელისუფლებაში მოიყვანა და მას დღეს ასაზრდოებს.
ახლო წარსულიდან „ქოცებმა“ დასკვნაც გააკეთეს - მტრებს უნდა მოექცე მტრულად, მაგრამ მომხრეს და ნეიტრალურს არ უნდა აწყენინო. სწორედ ესაა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მთავარი ღერძი - მოწინააღმდეგე, ღია და გაცხადებული მტერი, რომელიც მტრობას არ მალავს, უნდა გაანადგურო.
აი, ის კი, ვინც „არც იქითაა და არც აქეთ“, ინერტული და აპოლიტიკური მასა, ან თუნდაც ის, ვინც არჩევნებში ხმას ოპოზიციას აძლევს, მაგრამ გარეთ არ გამოდის - არ უნდა გააბრაზო. ის, ვინც აშკარად„სხვისიანია“ - უნდა დაშალო წყლის ჭავლით და დათხარო თვალები; აი, დანარჩენები კი არ უნდა გაანაწყენო.
მთელი „ქართული ოცნების“ მიდგომა ამაშია.
ქობულეთში მეჩეთის კარზე ღორის თავი დააჭედეს.
რას იზამდა ამ დროს „ნაცმოძრაობა“? ჩასვამდა ციხეში ყველას, ვისაც ამ ფაქტთან შეხება ჰქონდა და ამით კიდევ რამდენიმე ათეულ დაუძინებელ მტერს გაიჩენდა.
რას გააკეთებდა, მაგალითად, ლევან ვასაძე, ხელისუფლებაში რომ იყოს? - მეჩეთს დახურავდა, ღორის თავის დამჭედებს კი დააჯილდოებდა.
რას აკეთებს „ქოცი“? - ზრუნავს იმაზე, რომ არც ერთი მხარე არ დარჩეს ნაწყენი - ღორის თავის დამჭედებს არ ეხება, თუმცა მუსლიმების დაჩაგვრის უფლებას ფუნდამენტალისტებს არ აძლევს.
შედეგად, ორივე მხარე არც დიდად კმაყოფილია, მაგრამ არც მაინც და მაინც გაბრაზებული.
დმანისში ადგილობრივმა სვანებმა „თათრების დაჩმორება“ დააპირეს, რასაც მასშტაბური არეულობა მოჰყვა.
რას იზამდა ამ დროს „ნაცმოძრაობა“? - სვანურ დაჯგუფებას ციხეში ჩააყუდებდა და ამით რამდენიმე ასეულ დაუძინებელ მტერს გაიჩენდა.
რას იზამდა ამ დროს ლევან ვასაძე? - სვანებს დააჯილდოებდა, „თათრებს“ კი გააჩუმებდა.
რას აკეთებს ამ დროს „ქოცი“? - ზრუნავს იმაზე, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს - თავდამსხმელები არ დააკავეს, თუმცა, „თათრების დაჩმორების“ საშუალებაც არ მისცეს.
საბოლოოდ, სასურველი შედეგიც მიიღეს - დიდად კმაყოფილი არც ერთი მხარეა, თუმცა არც მაინც და მაინც გაბრაზებული.
ჟანრის კლასიკა - 5 ივლისი. ქოცების იდეურმა თანამოაზრეებმა - ფაშისტებმა და მამაოებმა გეებს შეუტიეს და ჟურნალისტები სცემეს.
რას იზამდა ამ დროს „ნაცმოძრაობა“? - ფაშისტებს ციხეში ჩააყუდებდა და ამით უზარმაზარ მტერს - საპატრიარქოს შეიძენდა.
რას იზამდა ამ დროს ლევან ვასაძე? - დამრბევებს ორდენებს დაურიგებდა, გეებს გარეთ გასვლას აუკრძალავდა, ტელევიზიებს კი დახურავდა.
რას აკეთებს ამ დროს „ქოცი“? - ფაშისტებს ციხეში არ უშვებს, მაგრამ არც დიდ გასაქანს აძლევს. სანამ საქმე გეებს და ჟურნალისტებს (ანუ, მტრებს) შეეხება - არა უშავს, მაგრამ როგორც კი აგრესიული ბრბო ამ წითელ ხაზს კვეთს, მათი ორგანიზატორები სიგნალს იღებენ - შეაჩერეთ თქვენი ზონდერები.
ფაშისტების თავის ნებაზე მიშვება საშიშია - როდესაც ისინი რიგითი მოქალაქეების ტერორზე გადადიან, ეს პრობლემაა. აგერ, კეწი დოლიძეს შვილიშვილი სცემეს და რამდენია ასეთი კეწი დოლიძე?
„ქოცის“ ამოცანა ხომ ის კი არაა, რომ ეკლესიას ასიამოვნოს და კეწი დოლიძე გააბრაზოს - „ოცნების“ მიდგომაა, რომ არც ერთი გაბრაზდეს და არც - მეორე.
დამრბევები და ეკლესია დაუსჯელები დარჩნენ, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის უკვე ნორმადქცეულ ცხოვრების ლიბერალურ წესს არაფერი ემუქრება - თბილისი როგორც იყო, ისევე დარჩა საკმაოდ თავისუფალი და მრავალფეროვანი ქალაქი.
შედეგად - არც ერთი მხარეა ბოლომდე კმაყოფილი, თუმცა არც მაინც და მაინც ნაწყენი.
კრიმინალის თემა - ძველი ბიჭები კი მიუშვეს თავიანთ ნებაზე, მაგრამ ბიზნესის დატერორების და „წილებში ჩაჯდომის“ უფლებას არ აძლევენ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, უზარმაზარი მასა - მცირე და საშუალო ბიზნესი გაბრაზდება.
„ქართული ოცნების“ მიზანი არაა, მოიგოს ძველი ბიჭების გულები და გააბრაზოს მცირე-საშუალო ბიზნესი.
ამიტომაც ძველ ბიჭებს „გაჩხერის“ და პატარ-პატარა საქმეების გარჩევის უფლებას აძლევენ, მაგრამ ბიზნესი კრიმინალისგან, ასე თუ ისე, დაცულია.
შედეგად, ბოლომდე კმაყოფილი არც ერთი მხარეა, თუმცა არც მაინც და მაინც გაბრაზებული.
ამ მიდგომას ჩვენ ვხედავთ ყველგან და ყველაფერში - მათ შორის, აგერ, კოვიდ-პასპორტების საკითხში.
ფაქტია, რომ ამა თუ იმ ფორმით, პასპორტების შემოსაღები იყო, ოღონდ აქაც „ქოცურმა“ მიდგომამ გაიმარჯვა - ნაწყენი არავინ უნდა დარჩეს. პასპორტები კი შემოიღეს, მაგრამ ისე, რომ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებსაც ხვრელები დაუტოვეს.
ანტივაქსერები, ფაშისტები, ძველი ბიჭები, უსაქმურები - მთელი ეს აუდიტორია ქოცების მოკავშირეა, რადგანაც ასეთი ინერტული და მშიშარა ხელისუფლება მათი არსებობის ერთად-ერთი წინაპირობაა, თუმცა „ქოცებს“ ნორმალური საზოგადოების, მინიმუმ, ნეიტრალიტეტი სჭირდება. ამიტომ, არც მათი დაჩაგვრის უფლებას აძლევს ვინმეს.
ერთი შეხედვით, კარგია - რა არის ცუდი იმაში, რომ არავინ გაბრაზდეს?
ცუდი კი ამაში ისაა, რომ ზოგჯერ საქმე ვერ კეთდება ისე, რომ ვინმეს არ ეწყინოს. რეფორმა უკმაყოფილოთა არმიის გარეშე იგივეა, რაც ქირურგიული ოპერაცია სისხლის გარეშე. პოლიტიკა „არავის არ ეწყინოს“ ნიშნავს აუცილებელ და გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევაზე უარის თქმას და დაავადების გაღრმავებას - ოღონდ სისხლი არ დაიღვაროს და პაციენტი არ შეწუხდეს, ანუ სწორედ იმას, რასაც დღეს საქართველოში ვხედავთ.
თენგიზ აბლოთია
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...
|