batumeli1970
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1378
წევრი No.: 179741
რეგისტრ.: 13-January 14
|
#50006980 · 24 Feb 2017, 16:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სანამ მღვდლობას დატოვებდა: დეკანოზ კობახიძის საჯარო მიმართვა პატრიარქს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის თავმჯდომარეს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია II-ს მცხეთა - თბილისის ეპარქიის დეკანოზ ბასილ კობახიძის მიმართვა თქვენო უწმიდესობავ, რამდენიმე წელია საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი თავისი ყოველი დადგენილებით მსჯის და გმობს ჩემს ქმედებებს ისე, რომ ერთხელაც კი არ ვყოფილვარ გამოძახებული სინოდის კრებაზე და არ მომცემია ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება. 2006 წლის 21 დეკემბერს შემდგარმა წმინდა სინოდის კრებამაც არ უღალატა აღნიშნულ ტრადიციას და ისევ საქვეყნოდ დამგმო და ეკლესიის მტრად გამომაცხადა. როგორც დადგენილების ტექსტშია ნათქვამი, ეს დაგმობა მოხდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი II-ს წერილის საფუძველზე, რომელშიც იგი თავის აღშფოთებას გამოხატავს ჩემი საქციელის გამო. მოსკოვის პატრიარქის აღშფოთება კი დავიმსახურე იმით, რომ რუსეთის ფედერაციაში ქართველების მიმართ გაჩაღებული ეთნიკური ნიშნით დევნისადმი პროტესტის ნიშნად, უწმინდეს ალექსის უკან დავუბრუნე პირადად მისგან მიღებული რუსული საეკლესიო ორდენი. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი კი ამისათვის მსჯის, ხოლო მოსკოვის პატრიარქს არწმუნებს: “დეკანოზ ბასილ კობახიძის საქციელი ჩვენს საუკუნო ძმობას ხელს ვერ შეუშლისო! “ სამწუხაროდ წმინდა სინოდის 21 დეკემბრის დადგენილება მხოლოდ ამით არ არის სამარცხვინო: ქართველი ეპისკოპოსები მოწიწებით მადლობას უხდიან მოსკოვის პატრიარქ ალექსის იეროდიაკონ დავით სარსანიაზე ზრუნვისათვის, რომელიც, რუსეთის დავალებით თქვენ აკურთხეთ თქვენო უწმინდესობავ, და რომელსაც რუსეთი აფხაზეთის სეპარატისტ ეპისკოპოსად ამზადებს. ამავე დადგენილებით გამორჩეულ იქნა ორი ახალი ეპისკოპოსი: დეკანოზი გრიგოლ აბულაძე [ახლა, სპიროდონ აბულაძე - ლ.ს], რომელიც წარსულში არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვისაა ნასამართლევი და არქიმანდრიტი ეფრემ გამრეკელიძე, რომელიც ცნობილი მწვალებელია და აქტიურად მონაწილეობდა 1997 წლის საეკლესიო განხეთქილებაში. ყველა ეს და ბევრი სხვა გარემოება დაფარულია საზოგადოებისაგან. საზოგადოებამ არ იცის, რომ დეკანოზი გრიგოლ აბულაძე თქვენი ძმისშვილის, მთავარეპისკოპოს დიმიტრი შიოლაშვილის კაცია, ხოლო არქიმანდრიტი ეფრემ გამრეკელიძე - მიტროპოლიტ იობ აქიაშვილისა. ორივენი აქტიურად ემზადებიან პატრიარქობისათვის და ამიტომაც გაჰყავთ ეპისკოპოსებად თავისი მომხრეები. 21 დეკემბრის დადგენილებით წმინდა სინოდმა სამღვდელო ხარისხში აღადგინა ცნობილი ავანტიურისტი ნოდარ ქათამაძე. იგი, იყო რა მღვდელი, ავტომატით ხელში იბრძოდა სამოქალაქო ომის დროს. ნ. ქათამაძე და მამამისი, მთავარეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე წმინდა სინოდმა განკვეთა სასულიერო ხარისხიდან (ამბროსი ქათამაძე ბერობიდანაც), რის შემდეგაც ორივე იმყოფებოდა რუსეთში, სხვადასხვა სქიზმატურ დაჯგუფებებში. გარკვეული პერიოდი ნოდარ ქათამაძე პეტერბურგისა და ფინეთის ეპისკოპოსად აცხადებდა თავს. საეკლესიო სამართლის მიხედვით, განკვეთილი სასულიერო პირის სამღვდელო ხარისხში აღდგენა შეიძლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ განიკვეთებიან ის მღვდელმთავრები, რომელთაც განკვეთეს აღნიშნული სასულიერო პირი. ნოდარ ქათამაძე “აღადგინეთ”, მაგრამ სინოდის თავმჯდომარე და წევრები საკუთარ ადგილებზე რჩებიან? საეკლესიო სამართალი უკრძალავს ეპისკოპოს საკუთარი შვილის ან ახლო ნათესავის სასულიერო პირად კურთხევას. ასე, რომ ნოდარ ქათამაძის მღვდლობა ისედაც უკანონო იყო, რადგან იგი საკუთარმა მამამ, მთავარეპისკოპოსმა ამბროსი ქათამაძემ აკურთხა. ისევე, როგორც უკანონოა თქვენი ძმისშვილების: მთავარეპისკოპოს დიმიტრი შიოლაშვილისა და დეკანოზ თეიმურაზ შიოლაშვილის სასულიერო პირობა, რადგანაც ისინი თქვენ აკურთხეთ და ახლა ყოველ საშუალებას ხმარობთ, რომ საპატრიარქო ტახტი მთავარეპისკოპოს დიმიტრის დარჩეს, რათა თქვენმა კლანმა არ დაკარგოს ისეთი მსუყე ლუკმა, როგორადაც თქვენ მიგაჩნიათ საქართველოს ეკლესია. კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა 21 დეკემბრის დადგენილების თაობაზე. საუბედუროდ, ეს დადგენილება მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ეპისკოპოსები არამარტო უცოდინრები და უსინდისოები არიან, არამედ პირდაპირ ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს, ხოლო საქართველოს ეკლესიის მრევლს უბრალოდ ნახირად თვლიან. თქვენო უწმინდესობავ, ეკლესიაში მთელი ძალაუფლება თქვენს ხელშია. საზოგადოება თქვენს ყოველ სიტყვასა და ნაბიჯს აღიქვამს, როგორც ღვთაებრივს. ხალხს თქვენ ლამის ღმერთად მიაჩნიხართ, ამიტომაც დაუნდობლად მჩაგრავთ, მდევნით და მავიწროვებთ. თქვენგან დევნილი მღვდელი კი აბა სად იპოვის სამართალს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში? 2003 წელს საქართველოს ეკლესიამ რუის-ურბნისის ისტორიული კრების 900 წლის იუბილე აღნიშნა. მაშინ, როდესაც თქვენ გაავსეთ ეკლესია რუსეთის აგენტებით, გარყვნილებით, ნარკომანებით, კორუმპირებულებით, მამათმავლებით, ფანატიკოსებითა და კრიმინალებით - წმინდა სინოდის საიუბილეო კრებამ ისევ მე დამსაჯა. 2004 წელს უკანონოდ წამართვით მღვდელმსახურების უფლება, შემდეგ ტელეკომპანია “იმედის” ეთერით ერისა და ეკლესიის დაქირავებულ მტრად გამომაცხადეთ და ჩემი სურათიც აჩვენეთ. აბა წარმოიდგინეთ: დღევანდელ საქართველოში ერის მამა, პატრიარქი ილია II, შთაგონებული სახით, დინჯად ასახელებს ტელეეკრანიდან კონკრეტულ ადამიანს მამულისა და სარწმუნოების მოღალატედ და თან მის სურათს აჩვენებს, რომ კარგად იცნონ და ვინმეში არ შეეშალოთ. განა ამ “მოღალატეს” მყისიერი ჩაქოლვა არ ემუქრება? განა “გულმოწყალებითა და “სულგრძელებით” ცნობილმა ამით სასიკვდილოდ არ გამწირეთ? ტელეეკრანიდან ერთი მღვდელი, მამა თეოდორე ჩიხლაძე ხომ უკვე გაწირეთ სასიკვდილოთ. იგი 1983 წელს დახვრიტეს კომუნისტებმა. განა მისი სისხლი თქვენს სინდისზეც არ არის? თქვენი ამ განცხადების გამო დღემდე ვიღებ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ქუჩაში, რადგან თქვენი და თქვენი კლანის წევრების მსგავსად ძვირფასი მანქანებით კი არ დავსეირნობ, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ და ფეხით დავდივარ. აღარაფერს ვამბომ იმაზე, თუ როგორ აისახა თქვენს მიერ ინსპირირებული დევნა ჩემს შვილებზე. ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენი კლანმა არაორაზროვნად დააყენა ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის საკითხი როგორც წინა, ასევე ახლანდელი ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების წინაშე. ესეც არ მაკმარეთ. უამრავი დამცირების გარდა კიდევ რას ნიშნავს სასულიერო პირისათვის მღვდელმსახურების უფლების წართმევა? ეს ნიშნავს მისი და მისი ოჯახის შიმშილით სიკვდილისათვის გაწირვას. მე მოვახერხე რამდენიმე საერო სამსახურის მოძებნა, მაგრამ საპატრიარქოს ზეწოლისა და ინტრიგების გამო მათი დატოვებაც მომიხდა. საქართველოს საპატრიარქო თითქმის ყოველ თვე აკეთებს ჩემს წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს, რითაც ილახება ჩემი ადამიანური ღირსება და რეპუტაცია. თქვენს საამებლად ეპისკოპოსები და მღვდლები განუკითხავად მლანძღავენ თავის ქადაგებებში მრევლის წინაშე. საერთაშორისო შეხვედრებზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციების წევრები სხვა ეკლესიების პატრიარქებსა და წარმომადგენლებს უცხადებენ, რომ თითქოს მე მართლმადიდებლობის მოღალატე ვარ. ამასვე აკეთებთ თქვენ სხვა ეკლესიების მაღალი რანგის სასულიერო პირებისადმი მიმართულ წერილებში. ჩემი დისკრედიტაციით არიან დაკავებულნი საპატრიარქოს მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაციები: “ნაციონალური ლობი”, “წმ. დავით აღმაშენებელის სახელობის საზოგადოება” და სხვ. საპატრიარქოსაგან “ჭეშმარიტი პატრიოტის” გვირგვინის მომლოდინე მრავალი პოლიტიკოსი უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავს პრესითა და ტელევიზიით, ზოგიერთმა მათგანმა კი ჩემი ფიზიკური განადგურებისაკენ მოუწოდა საზოგადოებას (ელიზბარ ჯაველიძე, ფიქრია ჩიხრაძე, გუბაზ სანიკიძე). როდესაც ბელარუსის დიქტატორ ლუკაშენკოს უშიშროებამ დემოკრატიის მხარდაჭერისათვის მინსკში დამაპატიმრა, საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩემი განთავისუფლება მოითხოვეს, საპატრიარქომ კი ხმა არ ამოიღო. პირიქით, როგორც შევიტყვე, თქვენთან დიდი სიხარული სუფევდა, ლამის სამადლობელი პარაკლისებიც გადაიხადეთ, რადგან გეგონათ, რომ, როგორც იქნა თავიდან მომიშორეთ. ჩნდება მარტივი კითხვა - რა არის ჩემი დანაშაული? საქართველოს ეკლესიაში არსებული კატასტროფული მდგომარეობის საჯარო კრიტიკა? ეს ჩემს ქრისტიანულ მოვალეობად მიმაჩნია. 1977 წელს საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტმა (და არა სულიწმინდამ) საქართველოს პატრიარქად დაგნიშნათ. აქედან მოყოლებული საქართველოს ეკლესია გადააქციეთ რუსეთის “მეხუთე კოლონად”, რომელიც ერთგულად ემსახურება რუსეთის ახლა უკვე მოდერნიზებულ იმპერიას. თქვენ ფსევდოპატრიოტიზმითა და ქართული ტრადიციების ყალბი ერთგულებით ატყუებთ მრევლს (მარტო ძირითადად ყოფილი კომუნისტებით დაკომპლექტებული “ჩოხოსანთა დასი” რად ღირს!). სინამდვილეში კი ამკვიდრებთ რელიგიურ ნაციზმს და ცდილობთ შეაფერხოთ ნებისმიერი პროგრესული პროცესი საქართველოში. თქვენ აბრმავებთ საზოგადოებას ფსევდოსულიერებითა და ბიზანტიური ბრწყინვალებით. ავრცელებთ ანტიქრისტიანულ - ნაცისტურ სწავლებას ზეციური საქართველოს არსებობის შესახებ და ასეთსავე ლოზუნგებს: “საქართველო გაბრწყინდება”, “ქართველნო ერთად ღვთისაკენ”, “ქართველი ერი გენეტიკურად მართლმადიდებელია”(რევოლუციური აღმოჩენა გენეტიკაში - გენი კონფესიურია!) და ა. შ. იმ დროს როდესაც ქვეყანაში უამრავი ადამიანი უბრალოდ შიმშილით კვდება, როდესაც ქუჩები სავსეა უპატრონო ბავშვებით, როდესაც მრავალი ქალი მატერიალური გაჭირვების გამო იძულებულია საკუთარი სხეულით ივაჭროს (ამ ქალებს ცინიკურად დასცინიან საჯაროდ და ეკლესია კი მათ არ ესარჩლება) - თქვენ ააშენეთ 100 მილიონი დოლარის ღირებულების ტაძარი, რომლის გუმბათსაც ახლა ოქროთი ფარავთ, გააკეთებინეთ მრავალი უძვირფასესი ხატი, ერთი თვის წინ მილიონ დოლარად კიდევ ერთი სახლი შეიძინეთ ისრაელში. თან ყველაფერ ამას ქართველი ერის სულიერ აღორძინებად წარმოაჩენთ. თქვენ არწმუნებთ საზოგადოებას, რომ სწორედ ეს არის ქრისტიანობა, რომ ყოვლადწმინდა სამებას სწორედ ეგვიპტიდან ჩამოტანილი მარმარილოებით მორთული გიგანტური ტაძარი სჭირდება, ხოლო იესო ქრისტეს ბაჯაღლო ოქროს სავარძელი. ეჰ, თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასი სავარძელი საწყალმა იესომ კი არა ბაბილონელთა კერპმა მარდუქმა მოითხოვა. მას აგრეთვე ვეებერთელა პირამიდა აუგეს. ასე, რომ ახლა მხოლოდ მცირე რამ დაგრჩათ - ამცნოთ ჩვენს “გენეტიკურად მართლმადიდებელ ერს”, რომ მის რელიგიაში სულ ოდნავი ცვლილებაა: ღმერთს იესო კი არა მარდუქი ქვია. თუ თქვენ ამას განაცხადებთ, გგონიათ ვინმე გააპროტესტებს? თქვენ განძარცვეთ ქართული ეკლესია ქრისტიანობისაგან, ხოლო თქვენგან დამონებული და თქვენზე ფინანსურად დამოკიდებული სამღვდელოება შიშით ხმას ვერ იღებს. თქვენ მოურიდებლად დასცინით საზოგადოებას. მაგალითად აცხადებთ, რომ ყოველ წელს, მართლმადიდებელი პატრიარქის მიახლოებისას, მდინარე იორდანე აღმა იწყებს დინებას! ამ აბსურდული განცხადებიდან ორი კვირის შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია საპატიო წევრად გიღებთ. ალბათ ახლა გეოგრაფიაში რევოლუციური აღმოჩენისათვის. მართლაც სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს. ჩვენი საზოგადოებისათვის მთავარი საშიშროებაა ის, რომ “მართლმადიდებლობის ფაქტორი” ეფექტურ იარაღს წარმოადგენს რუსეთის იმპერიული პოლიტიკისათვის. მონარქიის გაღმერთება, ფეოდალურ - ტოტალიტარული ღირებულებები, მონური მორჩილება, განათლებისა და პროგრესისის უარყოფა, ეთნიკური მესიანიზმი და რელიგიური ნაციზმი, სიძულვილი არამართლმადიდებელი ქრისტიანებისა და სხვა რელიგიების წარმომადგენელთა მიმართ, ანტიდასავლურობა და ანტილიბერალიზმი - აი, მსოფლმხედველობა, რომელსაც თქვენ ამკვიდრებთ და მალე ამაში საპატრიარქოს ტელეარხიც აქტიურად დაგეხმარებათ. ჩემთან პირად საუბარში რამდენიმე მღვდელმთავარმა აღიარა, რომ თქვენ პირდაპირ მოსკოვიდან იღებთ ინსტრუქციებს. მხოლოდ მიმდინარე წელს განხორციელებული თქვენი პრორუსული ქმედებებიდან შევეხები რამდენიმეს: ორი წლის წინ, პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით, მოსკოვის საპატრიარქომ დაიწყო რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის მიერთების პროცესი. ეს ეკლესია განხეთქილებაში იმყოფება მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიასთან და იმითაც გამოირჩევა, რომ არა მარტო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასაც არ აღიარებს და მას ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებად მოიხსენიებს. ამ პროცეში კრემლს დასჭირდა სხვა მართლმადიდებელი პატრიარქის მხარდაჭერა. 2006 წლის 7 მაისს თქვენ, საქართველოს ეკლესიის სახელით მიმართვა გაუგზავნეთ რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სინოდს და მოსკოვის საპატრიარქოსთან შეერთებისაკენ მოუწოდეთ. მაშინ, როდესაც მოსკოვის საპატრიარქომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეპარქიების ფაქტიური ანექსია მოახდინა, რომელიც თქვენ სათანადოდ არასოდეს გაგიპროტესტებიათ, როდესაც კოკოითის “ინაგურაციას” ესწრება მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი ეპისკოპოსი თეოფანე აშურკოვი და თქვენ ამაზე დუმხართ, საქართველოს ეკლესიის სახელით ეხმარებით მოსკოვს მისი იმპერიული გეგმების განხორციელებაში! თან რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სქიზმატ ეპისკოპოსებს ქრისტესმიერ ძმებს უწოდებთ, მაგრამ ამაზე ქვემოთ. შემოდგომაზე კრემლმა ქართველების ეთნიკური ნიშნით დევნა დაიწყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. თქვენ ეს არ გაგიპროტესტებიათ, პირიქით, 8 ოქტომბერს მოსკოვის პატრიარქს სერგი რადონეჟელის დღესასწაული მიულოცეთ და დღეგრძელობა უსურვეთ. მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია “რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრის” პროტესტის შემდეგ გახდით იძულებელი გამოგექვეყნებინათ ფაქტიურად არაფრისმთქმელი ტექსტი. XX საუკუნის დასაწყისში ქართველმა ხალხმა თავდადებული ბრძოლით მოიპოვა ეკლესიის ავტოკეფალია. ახლა უკრაინელი ხალხი იბრძვის რუსეთის ეკლესიური მარწუხებისაგან გასანთავისუფლებლად და ამ ბრძოლაში თქვენ, საქართველოს ეკლესიის სახელით რუსეთის მხარეზე დადექით. 2006 წელს თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, წმინდა სინოდმა და საპატრიარქომ რადენჯერმე დაგმეთ უკრაინელი მართლმადიდებლების ბრძოლა თავისუფლებისათვის და უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო. მის პატრიარქსა და ეპისკოპოსებს სქიზმატები უწოდეთ. რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ეპისკოპოსები კი ქრისტესმიერი ძმები არიან? ეგ იმიტომ, რომ ერთი და იმავე უწყების გენერლები ბრძანდებით? აქ მეც მიმაყოლეთ, რადგან, როგორც შემეძლო მხარი დავუჭირე უკრაინელ ძმებს და კიევში, უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, ქართული სამრევლო დავაარსე, რისთვისაც კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქმა უწმინდესმა ფილარეტმა საეკლესიო ორდენით დამაჯილდოვა. ცნობილია, რომ რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა. მოახლოებული ზამთრის პირობებში შეიქმნა საშიშროება, რომ საქართველო გაზის გარეშე დარჩებოდა. საქართველოს მოსახლეობის გაზით უზრუნველყოფის პროცესში მთავარი როლი აზერბაიჯანს ეკისრებოდა, რომელიც რუსეთის ძლიერ ზეწოლას განიცდიდა. სწორედ ამ დროს საპატრიარქომ ატეხა რელიგიური ისტერია იმის თაობაზე, რომ თითქოს აზერბაიჯანი გვართმევს დავითგარეჯის მონასტერს და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები შეურაცხყოფენ ჩვენს სიწმინდეებს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება გაზის სანაცვლოდ ჩვენს სიწმინდეებს უთმობს მუსლიმ აზერბაიჯანელებს. ეს ისტერია სიხარულით აიტაცა კონსერვატიულმა პარტიამ და მრევლსა და ახალგაზრდობას მანიფესტაციებისაკენ მოუწოდა. უცბად ყველამ, დეპუტატებმა, პოლიტიკოსებმა, სასაზღვრო პოლიციეს მაღალჩინოსნებმა რელიგიურ - პატრიოტული დემეგოგია დაიწყეს. მრევლისა და პოლიტიკური პარტიების აქტივისტები ქუჩებში აგროვებდნენ ხელმოწერებს “ჩვენი სიწმინდეების” დასაცავად აზერბაიჯანელთა ხელყოფისაგან. მიზანი კი იყო ანტიაზერბაიჯანული განწყობების გაღვივება, სწორედ იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანს განუზომელი დახმარება უნდა გაეწია საქართველოსათვის და ამით გაეცრუებინა რუსეთის იმედები. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები, მათ შორის დეკანოზი გრიგოლ აბულაძე, რელიგიურ - პატრიოტული დემაგოგიის გამოყენებით პერმანენტულად აწარმოებენ სომხური მოსახლეობის პროვოცირებას ჯავახეთში. თქვენ წარმოაჩენთ ქართული პატრიოტიზმის ქვაკუთხედათ სიძულვილს მეზობელი ერებისა და საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მიმართ, მაშინ, როდესაც საზოგადოება პატრიოტიზმის ეტალონად გთვლით. პრეზიდენტმა პუტინმა მრავალჯერ განაცხადა, რომ დაინტერესებულია საქართველოში არსებული ხელისუფლების დამხობით. დარწმუნებული ვარ, რომ ამის მცდელობა თქვენი და თქვენი კლანის თაოსნობით მოხდება. საპატრიარქო ატეხავს რელიგიურ - პატრიოტულ ისტერიას და ხელისუფლების წარმომადგენლებს მართლმადიდებლობისა და ქართველობის მტრებად და “იაღოველებად” გამოაცხადებს. ამას სიხარულით აიტაცებენ რუსეთის მიერ მართული პოლიტიკური პარტიები და პროცესიც დაიწყება… თქვენ კი ისევ ერის უბიწო მამად დარჩებით. მე მხოლოდ ერთი კითხვა მაწვალებს: ნუთუ ყველაფერ ამას და უამრავ სხვას ვერ ხედავს ჩვენი საზოგადოება? მრევლი, ჟურნალისტები, პოლოტოლოგები, ისტორიკოსები? ნუთუ საზოგადოება ასე დაბრმავებულია და თქვენი კრიტიკა ასე ტაბუირებული? ქართველი სამღვდელოება დღეს წარმოადგენს პრივილეგირებულ კასტას, რომელში გაწევრიანებისათვის არ არის საჭირო ინტელექტი, განათლება, ზნეობა და კულტურა. მის წევრებს ისედაც არ აკლიათ ფული და პატივისცემა. ამიტომ მზად არიან დაგლიჯონ ყველა ვისზედაც თქვენ მიუთითებთ, მაგრამ მე ვერ გამტეხავთ! თქვენო უწმინდესობავ, კატეგორიულად მოვითხოვ დაუყოვნებლივ მოიწვიოთ წმინდა სინოდის კრება ჩემი საკითხის განსახილველად და ოფიციალურად, წერილობით გამომიძახოთ ამ კრებაზე, რათა მომეცეს ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება. დეკანოზი ბასილ კობახიძე 26 დეკემბერი, 2006 წელი. თბილისი
|