მომავალ დედიკოებს შევპირდი მოყოლას.
ასე რომ,...
სამშობიარო - ჰერა
ფიზიოლოგიური მშობიარობა ეპიდერული გაუტკივარებით
ბავშვი - 3145 გ და 50 სმ
სისხლის ჯგუფი - მეორე დადებითი
14 აპრილის ღამის 12-ის ნახევარი იყო, როცა უეცრად წყლები დავღვარე. სასწრაფოდ გავვარდით სამშობიაროში. იქ ჯერ საბუთების საქმე მოგვაგვარებინეს. <ბავშვის სახელიც მაგ დროს ჩაგვაწერინეს. დამატებითი ფიქრის საათები წაგვართვეს.
> . შემდეგ მორიგე ექიმი შემოვიდა. (პაატა ქევხიშვილი - თურმე ერთ-ერთი საუკეთესო მეან-გინეკოლოგი ყოფილა. თუმცა ჩემი მშობიარობისას დამთავრებული ჰქონდა მუშაობა) . თავიდან "ვერ" იჯერებდა, უკვე მშობიარე რომ ვიყავი.
დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად წყლები დაღვარე და შარდის შეუკავებლობა არ ყოფილაო?
ასეთი რა შემამჩნია ჯერ არსამშობიარო, არ ვიცი. შეიძლება ის, რომ წყლები მუდმივად მოშვებული ონკანივით კი არ მდიოდა, არამედ პერიოდულად, შიგადაშიგ წყვეტებით. :?
შემდეგ ვაგინალური ექოთი შემამოწმა და ჩემი ბლოკში გადაყვანის განკარგულება გასცა.
დაიწყო ლოდინის საათები. დამიმაგრეს აპარატი, რომელიც აკონტროლებდა ბავშვის გულისცემას. საშვილოსნოს ყელის გახსნისთვის დროდადრო დამაჩქარებელს მასმევდნენ.
ტკივილი თანდათან ძლიერდებოდა და როცა აუტანელი გახდა, გაუტკივარება გამიკეთეს. ( ანესთეზიოლოგი, ძალიან საყვარელი, თბილი და პროფესიონალი ქალი იყო. <3 ). ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზიდან მომაბრუნეს და პირდაპირი რეისით სამოთხეში მიკრეს თავი.
იმხელა შვება იყო ტკივილების გაქრობა. ( მოგვიანებით ჩემი პალატის ორსულ გოგოს ვუქე გაუტკივარება და მშობიარობის შემდეგ მითხრა, სამოთხე კი არა, დაჟე მასზე მაგარი რამე ყოფილაო).
სამშობიარო ბლოკში დასაშვებია ერთი ადამიანის შეყვანა. ჩემთან მთელი ღამისა და მშობიარობის განმავლობაში ქმარუკა იყო. <3
15 აპრილს, 12:30-სკენ გაჩნდა ჩვენი ციცქნა ბიჭი. მაშინვე გულზე დამაწვინეს, გაუტკივარება დამიმატეს და 1-საათიანი მინი-ოპერაცია ჩამიტარეს (მგონი სოსო გელოვანმა + პრაქტიკანტმა, რომელიც თავიდან ვერ იჯერებდა, ეს საქმე რომ ანდეს.
). ჩახევები და რაღაც საშინელებები დახვდათ ექიმებს. :დ
როცა დაამთავრეს, გავიდნენ და გარკვეული ხნით მარტო დაგვტოვეს ცოლ-ქმარი და შვილი. შემდეგ დაბრუნდნენ და პალატაში გადამიყვანეს. წელს ქვემოთ პარალიზებული. ფეხებს საერთოდ ვეღარ ვაკონტროლებდი. :დ დაქანცულს მალევე ჩამეძინა.
პირველი ორი დღე ძალიან დასუსტებული ვიყავი. 1-2 ნაბიჯის გადადგმაც კი თავბრუს მახვევდა და ექიმის დახმარების გარეშე წამოდგომას მიშლიდნენ. ერთხელ გულიც წამივიდა და გონზე მოსვლისას აღმოვაჩინე, რომ ლოგინზე ვაგდივარ, ზემოდან კი ვიღაც ქალი დამყურებს და რაღაც დამამშვიდებელ სიტყვებს მეუბნება. სანამ ექიმმა არ შემახსენა, მანამდე რამდენიმე წამით აზრზე ვერ მოვედი, სად ვიყავი, ან ეს ქალი ვინ იყო და საერთოდ რა ჯანდაბა ხდებოდა.
ეს ექიმი მავარჯიშებდა/მეხმარებოდა წამოდგომა/გავლა-გამოვლაში. ცოტა უხეში ქალი იყო, რის გამოც თავიდან არ მომეწონა, მაგრამ როგორც დავასკვენი, ფიქრობდა, რომ ასე მოქცევა უფრო ეფექტური იქნებოდა.
გადასხმებს მიკეთებდნენ და ეს ძალიან დამეხმარა მოძლიერებაში. თანდათან ისევ ავიდგი ფეხი. სითამამის მოკრებაში ექიმებიც დამეხმარნენ. როცა საჭმელი აღარ შემომიტანეს და მოტივით "რაც მეტს ივლი, უფრო გამოკეთდები", სასადილოში გასვლა მაიძულეს. სხვათა შორის, მართლები აღმოჩნდნენ.
ხო, საკვები - კვება 4-ჯერადია. საკვები გემრიელი და იდეაში ჯანსაღი.
ერთი დღით მეტხანს დამტოვეს. ბავშვის გამო. ყველაფერი კი კარგად აქვს, მაგრამ თავი დავიზღვიოთ და სისხლის საერთო ანალიზი ხელახლა ავუღოთ, ზოგჯერ სიმპტომები ცოტა მოგვიანებით იჩენს ხოლმე თავსო.
წამოსვლისას პედიატრთან ერთი უფასო ვიზიტის ვაუჩერი, ლიბეროს პამპერსი და ბავშვის სველი ერთჯერადი საწმენდები მაჩუქეს.
მმმ...
პირადი ექიმი არ ამიყვანია, რადგან ორსულობაც მარტივი მქონდა და რადიოლოგმა და გინეკოლოგმაც მარტივი მშობიარობა მიწინასწარმეტყველეს. რაც ახდა კიდეც.
მართლაც პროფესიონალი და შეძლებისდაგვარად ყურადღებიანი ექიმები ჰყავს ჰერას.
რამდენიმე ექიმი აკონტროლებდა ჩემი მშობიარობის პროცესს. კარგის მეტი არაფერი მეთქის მათზე.
მზარეულიც კი გემრიელხელიანი ჰყავთ. :დ
ერთადერთი ბავშვთა ექიმებმა გამიცრუეს იმედი. იმ მხრივ, რომ წესიერად არც მისმენდნენ და "შემეცნებით" პასუხებსაც ვერ ვიღებდი მათგან. მესმის, რთულია, როცა იმდენი ბავშვი გიწევს (პატარა) ოთახში და ა.შ., მაგრამ მაინც.
პალატაში შემოსული პედიატრებისგან განსხვავებით.
კიდევ რა.
პალატაში გხვდება პატარა პულტი, რისი მეშვეობითაც საჭიროების შემთხვევაში გამოიძახებ მორიგე ექიმს.
პალატებში ტელევიზორიც აქვთ. რომელსაც ალბათ იშვიათად იყენებენ.
-
* რისი წაღებაა "აუცილებელი":
1) ბავშვისთვის სამშობიაროდან გასაყვანი სამოსის (იქ მარტო თავიანთ ბოდეებს, ქუდებს, თბილ პლედებს და ზეწრებს აძლევენ);
2) სოსკაა (თავი დაიზღვიეთ აუცილებლად და წაიღეთ);
3) ერთ იუზერს წასაღებთა სიაში თმისსამაგრიც ეწერა. და არც ისე ტყუილად. დიდი შანსია იმისა, რომ დაგჭირდეთ.
4) თქვენთვის საჭირო ნივთები
(იქ გხვდებათ ჰიგიენური პაკეტი, აბაზანაში კი - თხევადი საპონი და ტვ. ქაღალდი. ხელის გასაწმენდი ქაღალდის ჩასადები ჩემი იქ ყოფნისას არავის შეუვსია. სულ ცარიელი იყო. გაითვალისწინეთ მაინც).
-
პატარა სამშობიაროა. ამიტომ იმის დიდი ალბათობა არსებობს, რომ რიგში "ჯდომა" და დალოდება მოგიხდეს, სანამ რომელიმე სამშობიარო ბლოკი განთავისუფლდება.
მე უკვე მზად ვიყავი ამისთვის. თუმცა გამიმართლა და ლოდინი საერთოდ არ დამჭირვებია. მაშინვე შემაქანეს თავისუფალ ბლოკში.
ესაც მშობიარობის მოგონებები. ^^
ვეცადე, შეძლებისდაგვარად ინფორმატიული ვყოფილიყავი. იქნებ ვინმეს გამოადგეს.