ჩემი ბავშვობის საყვარელი პოეტი, ძალიან, ძალიან მიყვარს... ჯერ დავდებ იმ ლექსს, რომელიც პირველად წავიკითხე მისი შემოქმედებიდან, ვიტირე და მერე 7 წლის ასაკიდან ხელიდან არ გამიშვია
პატარა გოგოს მამიკო უყვარს
არ აპანტურებს მურია ყურებს,
არ აფახულებს თოჯინა თვალებს,
პატარა გოგო სარკმელს გაჰყურებს:
უნდა მოვიდეს მამიკო მალე.
მხიარულ ქუჩებს მოწყენით უმზერს,
პატარა გული ვერ უძლებს ლოდინს,
პაწია ხელებს შემოჰკრავს უცებ:
- მამიკო მოდის!..
- მამიკო მოდის!..
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
- რა მომიტანე, - წივის, კისკისებს,
მიჩხრეკავს ჯიბეს ჩვეულ ლაღობით
და კონწიალობს ყელზე, კისერზე,
როგორც მშობლიურ ტოტზე ნაყოფი.
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
ვინ რას დაუშლის პაწაწა თითებს,
ბუნჩულა თითებს, საყვარელ თითებს
და რას არ ითმენს, ო, რას არ ითმენს
მამიკოს ქუდი, მამიკოს მხრები,
მამიკოს თმები (თუ ჰქვია თმები).
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
ან რა სჯობია მამასთან თამაშს,
მამიკო გოგოს აცინებს მუდამ,
ბავშვის გალახვა არ იცის მამამ,
ბავშვმა რაიმე გატეხოს თუნდაც.
დარიალებენ აქეთ და იქით,
თამაშში ნეტა რა არის ცუდი?
ვეღარ მონახა მამიკომ წიგნი?!
ვერსად იპოვა მამიკომ ქუდი?!
- მამიკო მიდის!
- მამიკო მიდის?
ატეხავს განგაშს ხმა მოტიტინე
და იმუქრება პაწია თითით:
- მეც წამიყვანე, თორემ ვიტირებ...
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
• • •
სულგანაბულა პატარა ბინა,
თოჯინას უკვე ღრმა ძილით სძინავს,
პატარა დედის კალთაში ყვინთავს,
თვალებზე ძილი ფარფატებს ბინდად,
ნუღარ უწყრები,
დედიკო, ნუღარ,
თვალები ისეც ცრემლით აქვს სველი.
პატარა გოგოს მამიკო უყვარს,
პატარა გოგო მამიკოს ელის...
შემდეგ იყო ...
* * *
ძლივს შემეჩვიე... და მტუქსავ თითით:
„არ შეიძლება... აკრძალულია“...
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია.
შენი ჩურჩული მე შევიყვარე,
როგორც ოჯახის დიდი ნუგეში,
შენი ჩურჩული არხევს ჭიჭვნარებს,
ბალახად წვება ჩიტის ბუდეში.
მე შენს ჩურჩულში ვარ შეყუჟული,
მთვრალი ვარ შენით და საღამოთი
და მეჩვენება, შენი ჩურჩული,
სადღაც, ბუხარში, კვამლად ამოდის.
მეხვევა ეგ ხმა, როგორც ვენახი
და რას აღმითქვამს, მინდა გავიგო.
მაგ ჩურჩულიდან ვიღაც მეძახის
გაუბედავად: „მამა... მამიკო...“
ძლივს შემეჩვიე... და მტუქსავ თითით.
„არ შეიძლება... აკრძალულია...“
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია.
..................
* * *
„მცხეთის ქალაქს მირონი დუღს“, მზის და ვაზის მირონი.
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.
იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო.
ბულბულს როგორ არ ესტვინა
იბერიის ბაღთათვის,
არ მოევლო პალესტინა,
კილიკია, ბაღდათი.
მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,
მოიძიე მონასტრები, ჟამით გადაბერილი.
გაწოლილა ქვაში ხავსად
ჟამი - ნააღაპარი,
ხომ არ ამხელს ხვაშიადსა
ქვის გრძნეული ზღაპარი?..
მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,
იქნებ ქვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!
ვის დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,
შენი სიტყვის მალამოთი გაამართლე წარსული.
გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო
და ქუდს გიხდით საქართველო, კონსტანტინე ბატონო.
* * *
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი,
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
პატარას კარგი დედა ჰყოლია,
თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია,
მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა,
დედამისს გული არა ჰქონია.
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
ერთი პატარა, ჩია გოგონა,
ჩემი ოცნების ციცინათელა,
ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა.
I
ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება -
ციხე-ტაძრები ცად ასულან ლოცვა-ვედრებად.
წევს ვეფხის ტყავზე საქართველო - მზისწილხვდომილი,
თავს დასდგომია იალბუზი ხელაპყრობილი.
თითქო ლოცულობს, ცად აღავლენს ხმათა ხავერდებს
და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ავედრებს.
თრთის ვენახები... თრთის ყანები... თრთის გალავნები...
თრთის საფლავები წმინდანების თუ ფალავნების...
თრთის ლეგენდებში ვაზის ჯვარი, თმები ქალწულის,
თრთის ჩუქრუთმებში სასწაულად მთვარე ჩაწნული.
II
ზოგი ციხეა შეკივლება, ზოგი - გაფრენა,
ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლი აფრებად.
ზოგი მუშტია, მუქარაა, ზოგი - გინება,
ალაყაფებით, ქონგურებით რომ იკბინება!
ზოგი ამაყი ლილეოა, ზოგი გასროლა,
ზოგიც შორიდან ცის და მიწის მოსჩანს სასწორად.
წლებმა იხუვლა, იხვართქლა და ციხეს შეება,
ხავსად, დუმილად, ჭილყვავებად და ბუდეებად.
ქვებზე დგაფუნებს სხივჩაშლილი მოჩანჩქარე მზე.
ო, ამ გოდლების, ქონგურების საჩეჩელებზე
მრავალი ზეცა დაიჩეჩა, დროშაც მრავალი,
საქართველოზე ღრუბელივით გადმომავალი.
თვითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა,
დაგილეწია, მტერო, მაგრამ ვერ აგიღია.
ერთი ციხეა საქართველო, ციხე ქებული,
მხოლოდ სტუმრისგან აღებული, კარგაღებული.
მე აქ ვბინადრობ, აქა მძინავს ცხრა საუკუნე,
სათოფურებში ჩემი სუნთქვის ექო გუგუნებს.
გადამთიელი აქ ავჩეხე მეზვრემ, მეხრემა,
აქ ჩავეგლისე გადამსხვრეულ ციხის ხერხემალს.
და ჟღალი ჩოხა, წვიმებმა რომ ამიტალახა, -
მე გავიხადე და ჩავაცვი ციხეს ბალახად.
აქ ჩავინაცრე... ამ გალავნებს შამბად შემოვრჩი,
„შავო მერცხალო“ რომ ემღერათ საქართველოში.
დღეს სული ჩემი დასტრილებს ციხის დირესა
და ქონგურებზე არწივივით კლანჭებს ილესავს.
ვარ ისტორია, ჩაკირული ციხის ქვაკუთხედს...
შთამომავალო, მეციხოვნის სული აკურთხე...
III
დიდება თქვენდა, თოროსანო ბერო მამებო,
თქვენ შეინახეთ ენა, რჯული, ერი, სამეფო,
წიგნებს უსხედხართ... ვენახდება ფოლიანტები,
და საქართველოვ, სულს იკაჟებ, გოლიათდები!
ვინაც ააგო ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი,
დიდება მის ლანდს, მე არა ვარ მეტის მთხოველი.
კედლებს ფრესკებად შეხიზნული წმიდა დედანო,
ხვედრი თქვენებრი აღარავის გადაეტანოს.
კურთხეულ იყოს, ვინც განსჭვრიტა კლდეში ვარძია,
სულით განათლდეს, ვინც აკვანი მისი არწია.
ვინაც პირველად დაიმღერა „ვეფხი და მოყმე“,
იმ გუთნისდედას მზადა ვარ ვეყმო!
კირითხურონო, კალატოზნო, ოსტატ-შეგირდნო,
თუ სადმე რამე ცოდვა გქონდეთ - ღმერთმა შეგინდოთ!
IV
ო, ციხის ნისლო - სუნთქვავ ჩემო და ფიქრო ჩემო,
ციხის ნაჟურო - ჩემო სისხლო და ჩემო ცრემლო.
ო, ციხის ლოდო, ჩამოშლილო, ჩამომსხვრეულო -
შენ, ძვალო ჩემო, გატანჯულო ჩემო სხეულო.
ო, გოდოლ-ბურჯნო, გალავნებო, ნაგებო მკვრივად,
ნაბზარი რაა, ყველა თქვენი ნაკაწრიც მტკივა.
შენ, ჩემო ნიჭო, სიამაყევ, ჩემო სინდისო,
ჩემი წარსული მე უთქვენოდ ვერ შევითვისო.
დიდება შენდა, ციხე-კოშკო, ზღუდე-გუმბათო,
ზეშთაგონების, წიგნის, ისრის ბუდევ უბადლო,
გამისკდეს მიწა, თუ შეგბღალო, თუ გივერაგო -
შენ - საქართველოს ფარ-აბჯარო, ჯაჭვის პერანგო.
ეჰეი, სიმღერით ყელს იღადრავს შენი მგოსანი,
ვაზით და ფრესკით ჩემი მხარე მარად იცნობა
და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი
დგას მეციხოვნედ მარადისობა!..
1962
პირველი დიდი ლექსი იყო ეს, რომელიც პატარამ დიდი სიამოვნებით ვისწავლე....
Nothing someone says before the word "but" really counts.