რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მედია "ყალბ სიახლეებთან" საბრძოლველად ერთიანდებიან
რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ ფხენიანში ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც "ყალბ სიახლეებთან" ერთობლივ ბრძოლის გეგმებსაც ითვალისწინებს.
შეთანხმების თანახმად, რუსული სახელმწიფო მედია TASS და ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სიახლეების სააგენტო KCNA ახალი ამბებისა და ინფორმაციის გაცვლის თაობაზე ითანამშრომლებენ, რათა ყალბ სიახლეებს ერთობლივად შეებრძოლონ.
"ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას და ამგვარი ყალბი სიახლეების გავრცელებას უნდა ვებრძოლოთ," - აღნიშნეს TASS -ში.
ჩრდილოეთ კორეის მედიის KCNA-ის გენერალურ დირექტორს კიმ ჩან გვანგს სჯერა, რომ მხარეებმა ამ საერთო მიზნის მისაღწევად ერთობლივი ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ.
TASS-ის გენერალურმა დირექტორმა სერგეი მიხაილოვმა თქვა, რომ დღეს მსოფლიოს არაერთი წერტილიდან ინფორმაციის მოწოდების აუცილებლობა არსებობს - "და რათქმაუნდა, ჩრდილოეთ კორეიდანაც, რომელიც ამჟამად გლობალური მედიის ყურადღების ცენტრშია".
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე დავის შესახებ რუსული მედიები სამართლიანად და ობიექტურად აშუქებდნენ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების პრინციპულ პოზიციებს.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის ჟურნალისტებს დახმარებას გაუწევდნენ.
ხელმოწერას ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის ელჩი ალექსანდერ მაცეგორაც ესწრებოდა.
რუსეთის სახელმწიფო მედიამ TASS და ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სიახლეების სააგენტომ KCNA თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას თავდაპირველად 2005 წელს მოაწერეს ხელი.
TASS ამჟამად ერთადერთი რუსული მედიაა, რომელსაც ფხენიანში მუდმივმოქმედი ბიურო აქვს.
ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი კომუნისტური რეჟიმის მქონე ქვეყანა არაა, რომელთანაც რუსეთი ყალბ ამბებთან ბრძოლაში ითანამშრომლებს. მიმდინარე თვეში რუსეთი და ჩინეთი ხელს მოაწერენ ინტერნეტსივრცეში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც ინტერნეტში არალეგალური შინაარსის ინფორმაციასთან ბრძოლას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა. ეს მათ შორის გამართული პირველი სამიტი იყო. შეხვედრის გახსნისას მათ ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადეს. აგვისტოში მოსკოვში წითელ მოედანზე ჩრდილოეთ კორეის არმიის ბენდი გამოვიდა.
http://www.tabula.ge/ge/story/157287-ruset...EZXART02Zzdc4-0