მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა...
ღრუბლებს გაჰყვა... სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით.
1946
არ კვნესის, არ მოთქვამს
გული ქვადქცეული:
მარტოკამ ზღაპრული
აღმართი ვძლიე და...
მაგრამ... აღმართებით
ისე ვარ ძლეული,
„ვითარცა ლერწამი
ქართაგან ძლიერთა“.
1945
მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები!
1959
გული დაიქანცა,
ესმა ხმა, ვითარცა
ხმაი შენი,
ვალნ...
მწადს მოლხენა, არცა!
ვარდი განიძარცვა,
სული...
მგლოვიარე
არნ!
1945
გულო, გულსა შინა...
რისად არ მომხედავ? თვალგანაწამები
მინდვრად გელოდება ლელი მკრთომარეო,
გულო, გულსა შინა ცრემლთა მაწვიმებო,
სულო, სულსა შინა სევდის მთოვარეო...
არწივნი ყივიან, ხმობენ არწივებსა
და ჩურჩულებს ნამი ლელზე ანანთები...
ირგვლივ მზის ნათელი დასდგომია მთებსა,
ცაში გაფრენილან ნისლიანი მთები...
მზეი შენით მზეობს,
მზედ ენთები, ზეობ,
გვირგვინს ირქმევ მზისებრ...
ჩემი გულის ძახილს,
ო, ღაღადისს ჩემსას,
შენ... არსაით ისმენ?
მოეახლოს ლელსა გვირგვინდიდებული,
სხივთა მთოვარეო...
არ შეკრთება მაშინ, არ დაჭკნება იგი,
მიუწვდომარეო!
1945
თქვი, ჭიამარია!
ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარიას
ვუმზერ ჩემს მუხლებზე
დაჩოქილს მუხლებით,
ყვავილის სადარს...
რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი,
გეძინა სადა?
თქვი, ჭიამარია, სით მიგიხარია?
თქვი ჭიამარია!
. . . . . . . . . . .
ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
დავდივარ ბაღში, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარია,
ვინ იცის, სად არის?..
1945
იის სურნელი საით მოგყვა?
თინა ჯიბლაძის ხსოვნას
დღეს მარტოდმარტომ მოვიხილე
თეთრი ქაშვეთი...
შენ შორეული, შორეული
ჩემს წინ გაჩერდი
და გამიღიმე: სიხარული
ისევ გფენია...
იის სურნელი საით მოგყვა,
თეთრო ფერიავ,
ო, თმებიც შენი ოქროსფერი -
იით ავსილა...
წამოდი,
დავსხდეთ, -
თბილი სიტყვა
ისევ მასმინე...
ვიწრო სარკმელში, სით იღვრება
ლურჯი სინათლე,
ისევ ღიმილით დამტოვე და
გაუჩინარდი.
1966
შეყვარებულნი ოდეს ქარები...
იასამანი სველ კიბეებთან
რაზე ფიქრობდა?
მისი გაძრცვილი რტო, უყვავილო,
ქარს არ მიჰქონადა...
გულდახურული
მისი რტოები
თავს ძირს იხრიდნენ...
შეყვარებულნი ოდეს ქარები
მუხლს არ იყრიდნენ...
უკვე ზიზღი და სიცივე კრთოდა
მათი თვალებით...
როგორ გულგრილად,
ო, რა გულგრილად
ქროდნენ ქარები...
1954
* * *
- ყვავილების ღამე
საიდუმლოს მქონე,
ქალბატონო ანა,
აღარ გახსოვთ, მგონი...
მობრიალე სანთლებს
გზაი ჰქონდათ შორი...
ქალბატონო ანა,
დაგავიწყდით, თორემ...
მაშ... დუმილი რაა
ხანგრძლივი და მწველი?
- გულგატეხისაგან
დამცველია ჩემი!
- ძველ ციხეზე მაღლა,
თეთრ ღრუბელთა ბოლოთ,
არ ავიდეთ?
დიახ,
გაზაფხულზე მხოლოდ!
1965
საოცარი სტრიქონებია....................
* * *
მოდიოდა ნინო მთებით
„ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა,
რამეთუ ვარდი და ნუში ყვაოდა მას ჟამსა“.
ნინო
ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
1945