აქ ვისაუბროთ სმენის პრობლემაზე და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება იქნება ეს მკურნალობის შესახებ თუ რაიმე სხვა სიმპტომატიკის შესახებ.. ვარ ლევანი 23 წლის და რამოდენიმე წლის წინ დამეწყო სმენის კლება და მიაღწია რაღაც დონეს და გაჩერდა. ახლა ვეძებ გამოსავალს მინდა სმენის აპარატის შეძენა და ჯერჯერობოთ ამის საშუალება არ მაქ.... თემა არ ჩამიგდოთ და გაგვიზიარეთ გამოცდილება
* * *
სმენაჩლუნგობა ეს არის სმენის
დაქვეითება, რომელიც ავადმყოფს ხელს
უშლის ხალხთან ჩვეულებრივ მეტყველებით
ურთიერთობაში. პრაქტიკული სიყრუე ეს ის
მდგომარეობაა, როცა ადამიანს არ ესმის
ხმამაღალი მეტყველება ყურთან ახლოსაც
კი.
ყველაზე ხშირი მიზეზი
სმენაჩლუნგობისა და სიყრუისა ეს არის:
· ცენტრალური ნერვული სისტემის
დაავადებები;
· მწვავე ინფექციური დაავადებები,
განსაკუთრებით წითურა;
· ადგილობრივი ჩირქოვანი ანთება;
· შიგნითა ყურში დისტროფიული
ცვლილებები.
დისტროფიული ცვლილებების
ჯგუფში გაერთიანებულია პროგრესირებადი
ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა
(კოხლეარული ნევრიტი) და
ოტოსკლეროზი.
სმენის დაქვეითების მიზეზი
Aშეიძლება ასევე იყოს ტრავმა: მექანიკური,
აკუსტიკური, ვიბრაციული, ქიმიურ-
ტოქსიკური, სხივური, ბაროტრავმა,
მედიკამენტოზური, მშობიარობის,
ინფექციური, ფსიქიური.
სიყრუის დროს ერთ-ერთი ყველაზე
აღსანიშნავი ფაქტია მუნჯობა, რადგან სმენა
და მეტყველება არის წარმოადგენს ერთიან
პროცესს ადამიანთა ურთიერთობაში. ცვენს
დროში დიდი ყურადღება ექცევა სიყრუის
პროფილაქტიკასა და მკურნალობას ბავშვთა
ასაკში, რამდენადაც სრული სიყრუის მქონე
ბავშვებს თანდათან უყალიბდებათ მუნჯობა
და გვიან ასაკში სმენის აღდგენის შემდეგ
ისინი იწყებენ მხოლოდ ემოციუირი
ბგერების წარმოთქმას. მოზრდილი
ადმიანები, რომელთაც მეტყველების
სწავლის შემდეგ განუვითარდათ სრული
სიყრუე, რამდენიმე წელში იწყებენ
დეფექტურ მონოტონურ მეტყველებას.
სმენის დიაგნოსტიკა:
სმენის ანალიზატორის ფუნქციის
დასაზუსტებლად ადგილობრივი
დიაგნოსტიკური მეთოდები გამოიყენება.
დიაგნოსტიკის მთავარი მიზანია დაადგინოს
სმენის დაქვეითების ტიპი, რასთან გვაქვს
საქმე: ბგერის გამტარი თუ ბგერის მიმღები
აპარატის დაზიანებასთან. სმენის
გამოკვლევის თანამედროვე ზუსტ
მეთოდებს მიეკუთვნება აუდიომეტრია,
ტიმპანომეტრია იმპედანსომეტრიით.
აუდიომეტრია კი თავის მხრივ შეიძლება
იყოს სუბიექტური, რომელიც დაფუძნებულია
ავადმყოფის პასუხზე და ობიექტური,
რომელიც პაციენტის პასუხისაგან
დამოუკიდებლად ტარდება. აღნიშნული
კვლევა წარმოადგენს უზუსტეს
დიაგნოსტიკურ მეთოდს, რომელიც
სპეციალური აპარატურით ყელ-ყურ-
ცხვირის კლინიკებში შეიძლება ჩატარდეს.
მკურნალობაში წამყვანი როლი
ეკუთვნის სმენის პროტეზირებას.
აღნიშნული მეთოდი გამოიყენება იმ
პირებზე, რომლებისთვისაც არაეფექტურია
როგორც კონსერვატიული, ასევე
ქირურგიული მკურნალობა და
ითვალისწინებს სმენის აპარატის შერჩევას,
რომელიც აძლიერებს ბგერას. აპარატი
ითვლება უფრო მეტად თანამედროვედ, რაც
უფრო ნაკლებად ცვლის გადასაცემ ბგერას.
მეტად დადებითი ეფექტი
სურდოპროტეზირებაში აქვთ იმ პირებს,
რომლებსაც აღენიშნებათ სმენის გამტარი
ტიპის დაქვეითება, ნაკლებად _
პერცეპტიული ფორმის დროს. ცნობილია,
რომ სმენის აპარატის გამოყენება
არასოდეს არ იწვევს შიგნითა ყურში
პათოლოგიური ცვლილებების
პროგრესირებას, აპარატი აუმჯობესებს
სმენას და ხელს უწყობს პაციენტს
დახვეწოს მეტყველება. ბავშვებში სმენის
აპარატი ეხმარება ბავშვებს მეტყველებისა
და ფსიქიკის განვითარებაში.
სრული სიყრუის დროს
შესაძლებელია გაკეთდეს ქირურგიული
ოპერაცია: კოხლეარული იმპლანტაცია,
რომლის შედეგადაც ხდება ელექტროდის
ჩანერგვა შიგნითა ყურში, კერძოდ
ლოკოკინაში. ოპერაციის შემდეგ პაციენტს
სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია და
ლოგოპედია. აღნიშნული მეთოდი
ეფექტურია მხოლოდ სრული სიყრუის და
ყრუ-მუნჯობის დროს პრელინგვალურ
პაციენტებში 5 წლამდე ხოლო
პოსტლინგვალურ (მეტყველების მქონე
მოგვიანებით დაყრუებულ) პაციენტებში
ნებისმიერ ასაკში. კოხლეარული
იმპლანტაცია უკვე 10 წელია დანერგილია
და დიდი წარმატებით კეთდება
საქართველოშიც.
სმენაჩლუნგობის პროფილაქტიკა:
სმენაჩლუნგობისა და სიყრუის
პროფილაქტიკა ითვალისწინებს
ღონისძიებათა ფართო ჩამონათვალს.
თანამედროვე ცხოვრებაში ყველაზე დიდი
მნიშვნელობა ენიჭება ხმაურს.
ჩვეულებრივი სამეტყველო სიხშირის
საშუალო დონე შეადგენს 60 დბ-ს,
მატარებელი გამოსცემს 100დბ სიხშირის
ბგერებს, რეაქტიული თვითმფრინავი
გამოსცემს 120 დბ ხმას. ვიდეოთამაშების
ხმაურიან სალონებში, დისკოთეკებზე და
საკონცერტო როკ-ჯგუფებში ხმაური
აჭარბებს 110 დბ-ს. ტელევიზორის,
მუსიკალური აპარატურის ჩართვა მაღალ
ხმაზე, მუსიკის გამუდმებული მოსმენა
ყურთსასმენებით, იწვევს სმენის
თანდათანობით დაქვეითებას. ეს ფაქტი
უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის
დაბადების პირველივე დღეებიდან და ასევე
მუცლადყოფნის პერიოდში, რადგან ბავშვის
და ნაყოფის სმენის ანალიზატორი ძალიან
მგრძნობიარეა ხმაურის მიმართ.
გარდა ამისა, სმენაჩლუნგობის
პროფილაქტიკისათვის აუცილებელია
ხმაურის და ვიბრაციის შემცირება ან
ჩახშობა წარმოებებში, ინდივიდუალური
ყურის დამცავი აპარატების გამოყენება,
ინფექციური დაავადებების დროული
დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რისკის
ფაქტორების შემცირება: სტრესული
სიტუაციები, მოწევა, ალკოჰოლი,
ოტოტოქსიური მედიკამენტები, სხვა
ტოქსიური საშუალებების გამოყენება და
სხვა.
მიუხედავად დიდი მიღწევებისა
ოტორინოლარინგოლოგიაში,
სურდოლოგიის პრობლემები ისევ
აქტუალურია თანამედროვე მედიცინაში.
მასლამა მოგვაწოდა:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის
სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ
პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-
ოტორინოლარინგოლოგი ლია ლომიძე
* * *
http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=422 * * *
ვისზე გაიცემა სმენის აპარატი?
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,
სმენის აპარატით უზრუნველყოფილი
იქნებიან სმენის აპარატის საჭიროების
მქონე, სმენადაქვეითებული, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირები.
ვის უნდა მიმართოთ სმენის აპარატის
მისაღებად?
სმენის აპარატის მისაღებად (თქვენ ან
თქვენმა კანონიერმა წარმომადგენელმა)
განცხადებით უნდა მიმართოთ სოციალური
მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ან
რაიონულ განყოფილებას, რეგისტრაციის
ადგილის მიხედვით. განცხადებას თან უნდა
ერთვოდეს:
- პირის კანონიერი წარმომადგენლის
პირადობის დამადასტურებელი საბუთი
(მოქალაქის პირადობის მოწმობა ან
პასპორტი) და მისი ასლი, თუ
განმცხადებელი პირის კანონიერი
წარმომადგენელია;
- პირის კანონიერი წარმომადგენლობის
დამადასტურებელი საბუთი, თუ
განმცხადებელი პირის კანონიერი
წარმომადგენელია;
- პირის პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის; 18 წლამდე ასაკის პირის
შემთხვევაში კი-დაბადების მოწმობის ასლი
(პირადობის მოწმობის არქონისას);
- შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის)
სტატუსის დამადასტურებელი საბუთის
ასლი;
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის 2007
წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით
დამტკიცებული ფორმა №IV-50/2 - ის ასლი,
სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით
გათვალისწინებული სმენის აპარატის
საჭიროება;
ვინ ვერ კმაყოფილდება სმენის
აპარატებით?
სმენის აპარატებით ვერ
დაკმაყოფილდებიან ის ბენეფიციარები,
რომლებიც 2012 წლის სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოფილი
იყვნენ ანალოგიური დამხმარე საშუალებით.
ამასთან, შესაბამის დამხმარე
საშუალებებზე აღნიშნული სახელმწიფო
პროგრამით განსაზღვრული საგარანტიო
ვადა არ არის ამოწურული.
ვინ კმაყოფილდება სმენის აპარატებით
რიგგარეშე?
სმენის აპარატებით რიგგარეშე
კმაყოფილდებიან შემდეგი კატეგორიის
ბენეფიციარები:
- სპეციალიზებულ სადღეღამისო
დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო
კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;
- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
დაწესებულებაში მყოფი პირები;
- ,,ომისა და სამხედრო ძალების
ვეტერანების შესახებ" საქართველოს
კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით
განსაზღვრული პირები.
როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება?
სოციალური მომსახურების სააგენტოს
სპეციალური კომისია, დადგენილი წესით
განიხილავს სააგენტოში შემოსულ
განცხადებებს სმენის აპარატით
უზრუნველყოფის თაობაზე და სათანადო
გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის
ვადაში, გაცნობებთ წერილობით. საკითხის
დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში,
დამატებით გეცნობებათ სმენის აპარატის
გამცემი ორგანიზაციის რეკვიზიტები.
რა მომსახურებას ითვალისწინებს
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
მოქალაქეთა სმენის აპარატებით
უზრუნველყოფა?
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,
მოქალაქეთა სმენის აპარატებით
უზრუნველყოფა ითვალისწინებს:
- სმენის აპარატების შეძენასა და გაცემას;
- სმენის აპარატის მორგებას;
- სმენის აპარატების გამოყენებასთან
დაკავშირებით შესაბამისი
სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და
ტექნიკური მომსახურების გაწევას;
- გაცემული სმენის აპარატების უფასო
საგარანტიო მომსახურებას არანაკლებ 12
თვის განმავლობაში.
რა თანხას მოიცავს სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა
სმენის აპარატებით უზრუნველყოფის
დაფინანსება?
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,
მოქალაქეთა სმენის აპარატებით
უზრუნველყოფის დაფინანსებისას
შესყიდული საქონლის (მომსახურების)
ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500
ლარს.