ამ გაზაფხულის პირზე ვინახულე ჩემი სოფელი და მარიტას ნაეზოვარიც.
ირგვლივ ყოველივე დამუნჯებულოყო. ნამოსახლარზე მარიტას სახლისნაკედლარებიც კი აღარ ჩანდა.
იქ, სადაც მარიტას მამისეული სახლი იდგა, ახლა ქერის ბურდო ეყარა და ქათმებისაგან გარს მტვერი და ბუნგალი ირეოდა.
ყოველივე წალეკილი იყო „ზვირთთაგან მღელვარისა ამის მიუნდობლის საწუთროსათა“.
აღარც ერთი ხე აღარ გადარჩენილიყო მარიტას ეზოში.
მხოლოდ ძველი კერის ადგილზე თავისით ბროწეული ამოვარვარებულიყო.
ჩემს წინ ახლად აყვავებული, ცეცხლისფრთიანი ბროწეულის ყვავილი მიღიმოდა, მარიტას სახესავით ალაკრული!
ვუყურებდი მხიარულ, მზიან ყვავილს და არა მჯეროდა, რომ მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას! არც ის მეჯერებოდა, რომ ამ მტვერსა და ნაგავში ასეთი ბრწყინვალე ყვავილიანი ხე ამოსულიყო თავისით!
მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?
ვინ იცის?!
This post has been edited by Re-hanna on 8 May 2019, 00:00