მინდა თქვენთან ერთად განვიხილო ერთ-ერთი ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელსაც ცხოვრებაში შევეჩეხე რამდენჯერმე (მეც მქონია მსგავსი იდეები ბავშვობაში, თუმცა, უარყოფა მოვახერხე) _ ანტი-ნატალიზმი, ან ანტინატალიზმი, ვერ გეტყვით, რომელი მართლწერაა უფრო ზუსტი.
ეს არის ფილოსოფიური პოზიცია, რომელიც ადამიანის დაბადებას ან განვითარებული ნერვული სისტემის მქონე ცხოველის დაბადებასაც უარყოფით ღირებულებას მიაწერს. პირდაპირი შედეგია ის, რომ ანტინატალისტები მოგვიწოდებენ ადამიანებს, თავი შევიკავოთ გამრავლებისგან (და შინაური ცხოველების გამრავლებისგანაც), რამეთუ ეს მორალურად არასწორია მათ თვალში (რადგანაც გარდაუვლად მოაქვს იმგვარი ბოროტებები, როგორიცაა ტანჯვა და სიკვდილი, რატომღაც გამოტოვებენ ხოლმე სიამოვნება და შემეცნებაც რომ მოაქვს, იმ მხარეს). რასაკვირველია, ანტინატალისტები თავიანთ შეხედულებებს ამყარებენ ხოლმე სხვადასხვა ეთიკური მოსაზრებებით, რომელთა კრიტიკა სრულებით შესაძლებელია, რადგანაც მათ, ბუნებრივია, ვერ ექნებათ აბსოლუტურ სიმართლეზე პრეტენზია, ეს საკითხი იმდენად რთული და დილემური (დილემატური) გახლავთ. ჩემი ვარაუდით, ეს მიმდინარეობა მიეკუთვნება უფრო ფართო ფილოსოფიურ ნაკადს, ფილოსოფიურ პესიმიზმს, რომლის ერთ-ერთი მამამთავარი გახლდათ არტურ შოპენჰაუერი.
მე მგონი, საკმარისი იქნება შესავლისთვის ეს ინფორმაცია, თემას გახსნილად ვაცხადებ და კრიტიკაზეც ხსნილია. გთხოვთ, კიდევ ერთელ მიაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ მე თავად არ ვემხრობი ანტინატალიზმს, მაგრამ ვთვლი ამ მოვლენას იმის ღირსად, რომ მიეძღვნას 1 თემა ჩვენთანაც.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)