გამარჯობათ
***
მოკლედ, გავითიშე...
ტუუ ტუუ ტუუუ... წარმომიდგენია, როგორ ისტერიულად ისმოდა ხელიდან გაგდებულ ტელეფონში. წვიმა ფანჯრის რაფაზე წკაპუნობდა და უსაშველოდ, უსაშველოდ მოსაწყენი იყო მოღრუბლული ცა.
ხოდა, დავვარდი ხალიჩაზე. ტელეფონის ყურმილით ხელში. კაცმა არ იცის, ვიგრძენი თუ არა დავარდნისას ტკივილი. ან გავიფიქრე თუ არა რამე. ერთი ეგ არის, ქარი უბერავდა გარეთ და უკანასკნელი ფოთლებიც ტოვებდნენ ხეებს. დამიჯერეთ, იყო ამ გვიანშემოდგომურ სურათში რაღაც ამაღელვებელი და ლამაზიც კი.
უნდა გენახეთ... როგორ ვეგდე იატაკზე. გვერდით ტელეფონის ყურმილი მყავდა მიწვენილი და სახეს ჩემი ჭაობისფერთვალებიანი ლეკვი მილოკავდა. მახსოვს, შემწვარი პურის სუნი იდგა სახლში და ყავის. რაღაც ძალიან ძველი და მელანქოლიური იგრძნობოდა ამ მშობლიურ სურნელში...
გუშინ ბევრი რამ მოვასწარი. მეგობარს წიგნი დავუბრუნე. მეზობლებს მთელი დღე ბოლო ხმაზე ვასმენინე ხმაურიანი მუსიკა. ლეკვი დავბანე. სახლი მაინც არ დავალაგე. ჩემი დღიურები სახლის უკან გავათრიე, მივედი ბომჟებთან და ვთხოვე, დანთებულ ცეცხლში ჩაეყარათ. ისინი მართლა ჯიგრები აღმოჩდნენ და ბებრული დაკოჟრილი ხელებიც გაითბეს ჩემი ცხოვრებით. წუხელვე ღამით დამირეკა შეყვარებულმა და მე გულწრფელად ვუთხარი, როგორ მეზიზღება. მან შაეგინა კაცობრიობას და ყურმილი დამიხეთქა. კმაყოფილმა გავიღიმე, გავიზმორე და მუსიკას კიდევ უფრო ავუწიე. კინაღამ გადაიწვა ყურსასმენები, ე.წ. “ნაუშნიკები”.
ეს გამხმარი ყვავილები... დაე დარჩნენ ვაზებში. საფულეში ექვსიოდე ლარი თუ მიდევს. მაცივარში არის: ვირუსით დაავადებული ქათმის ბარკალი, მისი დეიდაშვილის კვერცხი, ამჟავებული არაჟანი და რამოდენიმე ნაბეჭდი ფურცელი.
კედელზე ერთი-ორი ფოტო რჩება:
1)პლაჟზე - ყურსასმენებით ვუსმენ stairway to heaven-ს., მზე ჩადის, პირსახოცს ეტყობა, რომ მიწიანი და სველია, მე მეტყობა, რომ ზღვა მომბეზრდა, სურათის კუთხეში ჩანს, როგორ აბიჯებს სიმინდის გამყიდველი ჩემი მეგობრის უპატრონოდ დაგდებულ მაისურს. ჰორიზონტივითაა ბედნიერება.
2)სკოლის წინ - “ბირჟაზე” ვსხედვართ “სასტავი” და თვალებში ჩანს, თავი ყოვლისშემძლეები გვგონია. ჩემს მარცხნივ რომ არსებაა, მე მოწონვარ. მე აშკარად მეტყობა, რომ მარჯვნივ განლაგებული მისივე ძმაკაცი მომწონს თავდავიწყებით. ის ჩემს დაქალს უყურებს - უყვარს. ჩემს დაქალს სკოლის ახალგაზრდა დარაჯი მოსწონს. დარაჯს ცოლი ყავს. ჰორიზონტივითაა ბედნიერება.
3) “ვეჩერინკა” - იგივე “ფართი”. ყველას ზედ გვაწერია, რა მთვრალები ვართ. მე ფერმკრთალი ვარ. ალბათ მალე ცუდად გავხდები. სიგარეტის კვამლით არის გაბუღული იქაურობა. აი, ჩემი შეყვარებული. მე თვალის გუგაზე მერეკლება, რომ ეს უკანასკნელი ნერვებს მიშლის. არა და გუშინ მშობლებს გამაცნო. მოსაწყენი ხალხია. მე ვუთხარი, რომ იდიოტიზმია მათი ფულიც. მათი შვილიც. მათი სახლიც და მანქანებიც. მე გაცილებით უფრო მომწონს ლოთი “ბომჟავიკები”. ეს იდიოტი კი დღეს მაინც ჩემს გვერდით დგას და გულმოდგინედ ითვლის ჩემს მიერ გადაყლურწული ალკოჰოლის რაოდენობას. ჰორიზონტივითაა ბედნიერება.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, გავითიშე. არა და საკუთარი ოთახიც კი რ დამილაგებია. საწერი მაგიდა ძალიან არეულია. ტანსაცმელი მიყრილი. საწოლი - აზელილ-დაზელილი. ღმერთსაც გაუჭირდებოდა ასეთი აზელილი საწოლის დალაგება. გარდა ამისა, წუხელ სახლში რომ ამოვედი, ტალახიანი ფეხებით ვიბოდიალე ბევრი და კედელსაც მივეყუდე ერთი-ორჯრ სველი ზურგით... აა, ხო... წუხელ შეყვარებულმა რომ ყურმილი დამიხეთქა და მე ნახევარი საათი კმაყოფილი ვუსმენდი ყურსასმენებით მუსიკას, უცებ მომაგონდა, რომ შენ მყავდი სანახავი. არადა არანაირი ჯადოქრობა... ჰორიზონტივითაა ბედნიერება. მოკლედ, წამოვდექი, გავაღვიძე ჩემი ჭაობისფერთვალება ლეკვი. თმა გაწაწილი მქონდა. პიჟამო მეცვა. რაც შემეძლო სწრაფად მოვწესრიგდი: ზეწარი მოვიხვიე, ფეხზე ჩაცმა დამავიწყდა, ლეკვუნია ხელში ავიტატე და ღამის ქუჩაში გამოვედი.
ლამპიონებით გაბჟუტურებული უკაცრიელი ღამე იყო. ჟინჟღლავდა. ფეხზე არ მეცვა... მაგრამ სანახავი მყავდი და დანარჩენს აღარ ქონდა მნიშვნელობა.
სადღაც სადარბზოში ნარკომანები იყვნენ შეყუჟულები და ერთობოდნენ.
ვიოლინოს უკრავდა ვიღაც ასე გვიან ღამით.
დაგვიანებული მთვრალი მღეროდა და ცალი ხელით ბოძს ეყრდნობოდა.
სიძვის “ნაშები” მობუზულები იდგნენ კედელთან.
ბუნკერებში კატები დასდევდნენ მოშლიგინე ვირთხებს.
ვინ იცის, ეს მერამდენედ ათენებდა ღამეს ღამის დარაჟი.
და შენ იჯექი ქუჩის ბოლოში. სულ მარტო. გაჟინჟღლავდა, ცდილობდი, გაყინული ხელები დაგემალა მოღუნულ მუხლებში. ცოტა ხანს შევდექი. ლეკვი ჭაობისფერი თვალებით მიყურებდა და ძლივსშესამჩნევად წკმუოდა. უკმაყოფილო თუ იყო ამ პაუზით ჩვენს ძლევამოსილ წინწრაფვაში. მე კი შევდექი. გიყურებდი. ტალახიანი ფეხები გქონდა და სიცივისგან იბუზებოდი.
ვერც წარმოიდგენ, როგორ გიყურებდი და როგორ მინდოდა, შენს გვერდით ვმჯდარიყავი და შენს მხარი მეგრძნო ჩემს მხართან, შენი სიტყვები იქვე დამეჭირა, სადაც წარმოიქმნებიან - სადღაც, ხორხის სიღრმეში.
თითქმის მიყვარდი კიდეც იმ წუთას. მთელი შენ - გული მიყვარდა შენი, სისხლს რომ გადასცემდა მთელ შენს ორგანიზმს, ძარღვები და კაპილარები, ამ სისხლს რომ ატარებდნენ, ნერვული უჯრედები, ერითროციტები და ფილტვის ბუშტუკები. გიყურებდი და შენში ვმოგზაურობდი. ოჰ, რა პაწია ნაწილაკი ვიყავი იმ წამს! ბაცილასავით უბოდიშოდ შემოჭრილი შენს ორგანიზმში.
...მეუბნებიან, რომ დროა მოვკლა ჩემი ცოფიანი ლეკვი. ყველას ახტება და კაწრავს, კაწრავს, კაწრავს... უსაშველოდ. უსახიჩრებს სახეს, ხელებს, ფეხებს... ისინი კი მოჯადოებული უყურებენ ჭაობისფერ თვალებში და ვერ ამჩნევენ, როგორ მოსდით სისხლი ნაკაწრებიდან. შენ ხომ გესმის, რომ ის მე მიცავს. მზად არის, მოკვდეს ამისთვის. მიცავს დროისგან და სიძულვილისგან. ამიტომაა, შენ რომ შემოხვალ ჩემს ჩარაზულ სახლში - თვითონაც ისეთივე მარტოსული, როგორც მე და ჩემი ლეკვი - ისეთივე ეული და დაუცველი... მე დაგიკოცნი სახეს და ხელს გადაგისვამ წვიმისგან სველ თმაზე. ბუხართან დაგსვამ და ცხელ ყავას მოგიტან. ჩემი ლეკვი კი მოიკალათებს შენს ფეხებთან. გიყურებს დიდხანს, დიდხანს, ერთგული და სიყვარულით სავსე ჭაობისფერი თვალებით... ვიცი, რომ გაუგებთ ერთმანეთს. და მილიონი წლების მარტოობასაც ბოლო მოეღება.
ასე,რომ, ყველაფერი მოვასწარი.
და მაინცდამაინც ახლა რეკავს ტელეფონი. არადა თავბრუსხვევა ვიგრძენი და ის ის იყო, უაღესად არეულ საწოლზე წამოწოლას ვაპირებდი.
-ალო...
_ჰმმმ...ისაა... უკაცრავად... მე გაწუხებთ დასაკრძალი ბიური “ჰადესიდან”... კუბოს ზომების დაზუსტება მინდა...
_ ხუთ წუთში ვერ დარეკაავთ??? _ გაღიზიანებული ტონით.
_და თქვენი სახელი... გუშინ ტოტალიზატორში ფული წავაგე. ცოლი სახლიდან წავიდა. უთოთი პერანგი დავწვი... და ახლა კუბოს ზომები... ხომ არ გინდათ, შევხვდეთ.
_ უთოს თავზე ტემპერატურის მარეგულირებელი უნდა ქონდეს...
_ ეგ არ არის მთავარი. დროზე გამოდი.
_ ოღონდ იმდღევანდელი არ გამიჩალიჩო - მეცინება
_არაა... რას ამბობ... მობილურის დამტენი წამომიღე და საწამლავი რომ დამრჩა მანდ. კარადის თავზე იქნება. არყის ბოთლშია. დღეს მევალე მომდის სტუმრად... _ ბოროტად ქირქილებს, როცა ყოველთვის, როცა მსგავს რამეს აპირებს მორიგ ჯერზე.
ეჰ, ჩემო ხვლიკისფერთვალა ლეკვო, მაინც რატომ გადავწყვიტეთ წეღან, არყით გვედღეგრძელებინა ეს მოღრუბლული, გვიანშემოდგომური დღე... გეუბნები, ჰორზონტივითაა მეთქი ბედნიერება.
ტუუ, ტუუ, ტუ... წარმომიდგენია, რამდენხანს და რა ისტერიულად ისმოდა ტელეფონის ყურმილში.
This post has been edited by nino. on 7 Nov 2005, 02:24