გამიშვი-არ გაგიშვებ ჯარიმებით დამთავრდა: თბილისურ-ცხინვალურ ჩხუბში მილჩენკოც მოჰყვა...
ილია ნანობაშვილი
"თბილისი" 2000 ლარით დაჯარიმდა, "ცხინვალის" ფეხბურთელი გაგა ჩიტაია კი 500 ლარს გადაიხდის და ოთხ თამაშს გამოტოვებს - ასეთი ვერდიქტი გამოიტანა სადისციპლინო-ტექნიკურმა კომიტეტმა (სტკ) გუშინდელ სხდომაზე.
მაინც რა მოხდა: გავრცელებული ხმებით, კვირას გამართულ "თბილისი" - "ცხინვალის" ნამატჩევს მასპინძელთა გულშემატკივრებსა და სტუმარ ფეხბურთელთა შორის ისეთი ჩხუბი ატყდა, გარჩევა არ იყო, ვინ ვის ურტყამდა. ამ არეულობის შედეგად ცხინვალელი ფეხბურთელი მიხეილ ფერსაევი დაიჭრა, მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
როგორც ამბობენ, ჩხუბის ინიციატორი გაგა ჩიტაია ყოფილა, რომელიც "თბილისთან" თამაშში გააძევეს, ის კი მეტოქის კარის უკან დამდგარა და მეკარე გოგიტა სომხიშვილს აგინებდაო - სწორედ ამიტომ დავაჯარიმეთ ჩიტაიაო, თქვეს სტკ-ის წევრებმა. თუმცა ისიც ითქვა, ნამატჩევს ჩიტაია "თბილისის" გულშემატკივრებს და ფეხბურთელებს აღიზიანებდა, ხომ ხედავთ, ათი კაცითაც მოგიგეთო.
სხდომას ორივე გუნდიდან მხოლოდ პრეს-ატაშეები ესწრებოდნენ და, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უსაფრთხოების ოფიცერმა და სტკ-ის წევრმა ამირან კაჭახიძემ გვითხრა, გამოტანილ განაჩენს არანაირი უკმაყოფილება არ გამოუწვევია. "თბილისის" დასჯის მოტივიც ნათელია: კლუბმა ვერ უზრუნველჰყო თამაშის უსაფრთხოება.
და კიდევ, მატჩის ინსპექტორ ანატოლი მილჩენკოსა და დირექტორ შოთა ბაქრაძის საკითხს უახლოეს დღეებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს.
"მათ ვერ წარმოგვიდგინეს მომხდარი არეულობის სურათი, რის გამოც, შესაძლოა, ერთი ან ორი ტურით დისკვალიფიკაცია მიეცეთ" - გვითხრა ამირან კაჭახიძემ, რომელსაც ფერსაევის დაჭრის თაობაზეც ვკითხეთ, მაგრამ ზუსტი პასუხი ვერ გაგვცა, ეს მხოლოდ ხმებია და ფეხბურთელის დაჭრა ოფიციალურად არ დასტურდებაო.
"ცხინვალის" უფროსი ზურაბ ნასუაშვილი კი ვერდიქტით უკმაყოფილოა, გაგა ჩიტაია ტყუილუბრალოდ დაჩაგრეს, ჩემი თვალით ვნახე ყველაფერიო.
"ჩიტაია თამაშის დასრულებამდე 15-20 წუთით ადრე გააძევეს, იგი აბანოში შევიდა შხაპის მისაღებად და საიდან მოიტანეს, სომხიშვილის კარის უკან დადგა და იგინებოდაო.! გაგა არაა ისეთი ბიჭი, პროვოკაცია მოეწყო: მატჩის შემდეგ "თბილისის" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა დაუძახა და შეკამათდნენ. ფეხბურთელები საქმეს მოაგვარებდნენ, მაყურებელი არ უნდა ჩარეულიყო. ეტყობა, წაგება ვერ აიტანეს.
...ჩვენ 500-ლარიანი ჯარიმაღა გვინდოდა, როცა გასვლით მატჩებზე ძლივს დავდივართ.! ჩხუბი ჩვენ არ დაგვიწყია და მაინც დაგვაჯარიმეს. ესაა სამართალი. ისე, ჩივილს არ ვაპირებთ.
...ფერსაევი დანითაა დაჭრილი და ოთხი ნაკერი ადევს. მაინცდამაინც ექიმის ცნობა ყოფილა საჭირო ამის დასამტკიცებლად, თორემ ზოგიერთებს უთქვამთ, ეგებ, თვითონ გაიჭრა ხელიო" - აღშფოთებულია ნასუაშვილი და, მიდი და გაიგე, ვინაა მართალი...
ჩხუბი და არეულობა საქართველოს ჩემპიონატში უცხო ხილი არაა, მაგრამ ფეხბურთელის დაჭრა... ვერ გვემართება კარგი ამბავი.
ესეც ტორპედოა ხო......