forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (81) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თბილისის მეტრო, XIII ნაწილი
Rapanui
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3548
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

  გამოგზავნილია: 4 Dec 2018, 07:42  #53882326      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თბილისის მეტროპოლიტენი — ჩქაროსნული საქალაქო სატრანსპორტო სისტემა თბილისში.
თბილისის მეტროში 23 სადგურია. აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 - საბურთალოს ხაზზე.
მეტროპოლიტენი მუშაობს ყოველ დღე დილის 6 საათიდან ღამის 24 საათამდე.

საიტი: http://ttc.com.ge/
ფეისბუქი: https://facebook.com/ttc.com.ge/
ელ. ფოსტა: pr@metro.ge
ტელ: (+995 32) 235-77-77 და (+995 32) 293-44-44 (ცხელი ხაზი)

user posted image

წინა თემები:
თბილისის მეტროპოლიტენი (2005)
თბილისის მეტრო (2009)
თბილისის მეტრო (2011)
თბილისის მეტრო (2011)
თბილისის მეტრო (2012)
თბილისის მეტრო (2012)
თბილისის მეტრო (2013)
თბილისის მეტროპოლიტენი (2013)
თბილისის მეტრო - IX ნაწილი (2014)
თბილისის მეტროპოლიტენი (2015)
თბილისის მეტროპოლიტენი, ნაწილი XI (2016)
თბილისის მეტრო (2017)


This post has been edited by Rapanui on 4 Dec 2018, 07:51
Rapanui
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3548
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

  გამოგზავნილია: 4 Dec 2018, 07:45  #53882327      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისტორია

მეტროპოლიტენის გაყვანის იდეა თბილისში XX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყებისთანავე. მეტროპოლიტენის მშენებლობის განსაკუთრებული მხარდამჭერი იყო იმდროინდელი მთავარი არქიტექტორი ზაქარია ქურდიანი, რომელმაც საქალაქო საბჭოს ნებართვით პირველი მოსამზადებელი სამუშაოები წამოიწყო 1937-1940 წლებში. ვიქტორ გოცირიძის მემუარებში ვკითხულობთ:

1940 წელს თბილისში, ლენინის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი), იქ, სადაც ახლა ცეკავშირის შენობაა, ვაგზლის მოედანზე - გასტრონომთან, 26 კომისრის რაიონში (ამჟამად ავლაბარი), კინოთეატრის პირდაპირ, გაჩნდა პირველი მწვანედ შეღებილი ღობეები, რომლის იქითაც მიწას ბურღავდნენ, აფეთქებდნენ, სხვა საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ. აქ მეტროს მშენებლობა დაიწყებაო, რაღაც ჩურჩულით ამცნობდნენ ერთმანეთს თბილისელები. ...თუმცა 1941 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, სამუშაოები არ შეწყვეტილა. არც ღობეები აუღოათ. ...ამიტომ მეტროპოლიტენის ნაცვლად სწრაფი ტემპებით დაიწყო თავშესაფრების მშენებლობა... ...მაშინ ასეულობით ადამიანი სწორედ ამ თავშესაფარში ეძებდა ხსნას. 2001 წელს თბილმეტრომშენის მერ გამოცემულ წიგნში კი ვკითხულობთ: ,,დაწყებული მიწისქვეშა სამუშაოები კვლავ გაგრძელდა, ოღონდ ახლა უკვე როგორც თავშესაფრების კომპლექსების“.

ომის შემდეგ მეტროპოლიტენის მშენებლობის საკითხი კვლავ დაისვა 1951 წელს. იმ დროინდელი გაანგარიშებით, 1970 წელს ქალაქის მოსახლეობა 1 მილიონს მიაღწევდა, შესაბამისად საჭირო იყო შორს პერსპექტივზე გათვლილი სატრანსპორტო სისტემის შექმნა. კონკრეტული ბიძგი მეტროს მშენებლობის საკითხის ადგილიდან დაძვრას მისცა 1951 წელს სტალინის ვიზიტმა ბორჯომში, სადაც მას კანდიდ ჩარკვიანმა წარუდგინა მეტროპოლიტენის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიური დასაბუთება და ზეპირი თანხმობაც მიიღო.

1951 წლის 25 აგვისტოს (სხვა წყაროს მიხედვით 29 სექტემბერს) სსრკ მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყების თაობაზე, ბიუჯეტი განისაზღვრა 823.7 მლნ მანეთით. 1952 წლის იანვარში ჩამოყალიბებული იქნა თბილგვირაბმშენის სამმართველო და მის ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი ნასიძე, რომელიც 1933-1941 წლებში მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე მუშაობდა, 1941-1952 წლებში კი ამიერკავკასიის რკინიგზის შავი ზღვის სანაპირო გვირაბებისა და ხიდების მშენებლობას ხელმძღვანელობდა. გიორგი ნასიძის პირველ მოადგილედ დაინიშნა ასევე მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობასა და შემდგომში ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს საგზაო სამსახურში მუშაობის გამოცდილების მქონე ვიქტორ გოცირიძე.

შეიქმნა ორი სამეურნეო ერთეული: N1 მშენებლობა, რომელსაც ევალებოდა დიდუბიდან რუსთაველამდე მონაკვეთის მშენებლობა, და N2 - რომელსაც ევალებოდა რუსთაველიდან 300 არაგველამდე მშენებლობა. სულ შეიქმნა შვიდი შახტი:

N 1 - დიდუბეში. ეს შახტი მდებარეობდა წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე. თავდაპირველი გეგმით ვაგზლის მოედნის შემდეგ მეტრო მიდიოდა წერეთლის გამზირზე, რასაც მოწმობს მკვეთრი მოსახვევი და პატარა ჩიხი ლიანდაგების გარეშე ვაგზლის მოედნის შემდეგ პირველ გვირაბში ნაძალადევის მიმართულებით, ასევე პირველი და საბურთალოს ხაზების შემაერთებელი გვირაბის შეერთება წერეთელი - სადგურის მოედნის გადასარბენთან პირდაირ ხაზზე, როგორც ჩანს სწორედ ეს უნდა ყოფილიყო თავდაპირველი გადასარბენი, ასევე წერეთელთან გამომავალი ნაძალადევის მეორე დეპოს გვირაბი, რომელიც როგორც ჩანს, პირველი ლიანდაგის თავდაპირველი მშენებლობის ნაშთია. რაც შეეხება თავად შახტას, რომლიდანაც შენდებოდა სადგური წერეთლის გამზირი, იგი ატარებს ნომერს 21. არაა გამორიცხული, რომ N21 შახტი სწორედ დაკონსერვებული N1 შახტის საფუძველზე შექმნილიყო და მას ნომერი შეცვლოდა 1970-იანებში საბურთალოს ხაზის მშენებლობისას (წერეთელზე პოლიციასთან მდებარე სავენტილაციო);
N 2 - ვაგზლის მოედანზე. ამ შახტასთან დაკავშირებით უცნაურობა არის ის, რომ ვაგზლის მოედანი-1-ის სავენტილაციო შახტის კარს ,,ვშ-1“ აწერია. ყველა სხვა, მათ შორის ნაბეჭდი წყაროს მიხედვით, კი ეს შახტი N2-ია (ზოგჯერ სავენტილაციო შახტის ნუმერაცია არ ემთხვევა სამშენებლო შახტის ნუმერაციას და ამის მაგალითები არსებობს მოსკოვის მეტროში, თუმცა არც თუ ისე ბევრი). თავად შახტი ერთ-ერთი შენობის სარდაფში ამოდის და ზედაპირზე არ ჩანს, სამაგიეროდ მისი კოპერი ჩანს ფილმში ,,სხვისი შვილები“;
N 3 - მარჯანიშვილზე. ეს პირველი შახტი იყო და მასზე მუშაობა 1952 წლის იანვარში დაიწყო. ისევე როგორც N 2 შახტი, ისიც არ ამოდის ზედაპირზე. უერთდება ერთ-ერთ ნაგებობას და სავენტილაციოდ არ გამოიყენება;
N 4 - რუსთაველზე. ასევე არ ამოდის ზედაპირზე. მისი კოპერის ნახვა შესაძლებელია მთელ რიგ ძველ ფოტოებზე;
N 5 - თავისუფლების მოედანზე. ეს შახტა წინა შახტებისგან განსხვავდება იმით, რომ არ ჰქონდა ცალკე მდგარი ჭაური, არამედ ეს იყო საესკალატორო დაღმართი. მწირი ადგილის გამო, ვერ მოხერხდა კოპერის ჩადგმა და გადაწყდა, სსრკ-ში პირველად, სადგურისა და მიმდებარე გადასარბენი მონაკვეთების მშენებლობისათვის საესკალატორო დაღმართი გამოეყენებინათ, რაც წარმატებით განხორციელდა. ასევე, ამ შახტაზე გამოყენებული იქნა გრუნტის გაყინვის მეთოდი, რადგან საესკალატორო დაღმართი მცურავ ქანებს ჰკვეთდა;
N 6 - ავლაბარში. ჩანს ზედაპირზე. ზოგჯერ იწვევს გამვლელების შენიშვნებს ,,ეს რა ჯანდაბაა, რომ მოაშორონ, უკეთესი იქნებოდა“;
N 7 - 300 არაგველი. ეს არის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი სადგური, რომელიც ერთდროულად ორი შახტიდან შენდებოდა: N 7 და N 12. არც ერთი ეს შახტი სავენტილაციოდ არ გამოიყენება. ვენტილაცია სხვა სქემით ხორციელდება მოცემულ სადგურზე.

1953 წლის 7 სექტემბერში სსრკ მინისტრთა საბჭომ მისი თავჯდომარის გიორგი მალენკოვის ინიციატივით მიიღო თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის ლიკვიდაციის (ანუ შახტების დაშლის და გამომუშავებული სივრცეების ამოვსების), ხოლო კიევსა და ბაქოში - კონსერვაციის შესახებ (მშენებლობა წყდება, მაგრამ ხდება შახტების ვენტილაცია, წყლის ამოტუმბვა და მცირე დაზიანებების შეკეთება, რათა საჭირო დროს შესაძლებელი გახდეს შახტზე მუშაობის განახლება). ამ დროისთვის უკვე გაყვანილი იყო კილომეტრზე მეტი სიგრძის გვირაბები მარჯანიშვილსა და ვაგზლის მოედანს შორის, რაც შეადგენდა 150 მლნ მანეთის ღირებულებას.

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის ძალისხმევით მოხერხდა სსრკ-ს მინისტრთა საბჭოსგან თანხმობის მიღება თბილისში მშენებლობის კონსერვაციაზე (ლიკვიდაციის სანაცვლოდ), უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ არაფორმალურად (ფაქტობრივად არალეგალურად) მისცა თანხმობა მეტრომშენებლებს ფარულად გაეგრძელებინათ სამუშაოები როგორც გვირაბების მშენებლობის, ისე პროექტირების კუთხით და პასუხისმგებელი პირები მიამაგრა. ასევე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვიქტორ გოცირიძის ძმის - ილია გოცირიძის მხარდაჭერას, რომელიც სსრკ-ს სატრანსპორტო მშენებლობის მინისტრის პირველი მოედგილე იყო.

ამ დროს მშენებლობა ფორმალურად კვლავ კონსერვაციის რეჟიმში რჩებოდა და მშენებლობის ტემპიც შენელდა. N 1 და N 2 სამშენებლო ერთეულები ერთ N 1 მშენებლობად გააერთიანეს. მშენებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კი სხვა ობიექტებზე გადავიდა, მათ შორის ზესტაფონი - ჭიათურის ფართოლიანდაგიანი მონაკვეთის მშენებლობაზე, რომელსაც იქამდე არსებული ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა უნდა ჩაენაცვლებინა (ამიტომ დგას შორაპანთან კვარცხლბეკზე ვიწროლიანდაგიანი ორთქლმავალი).

1950-იან წლებში საბჭოთა კავშირში დაიწყო თავშესაფრების და სხვა თავდაცვითი მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის ბუმი. 1955 წელს სსრკ-ს მინისტრთა საბჭომ გამოსცა განკარგულება თბილისში მეტროპოლიტენის მიწისქვეშა გამონამუშევრების თავდაცვითი მიზნებით გამოყენების შესახებ და შესაძლებელი გახდა მშენებლობის უკვე ლეგალურად გაგრძელება. 1957 წელს გიორგი ნასიძის ადგილი თბილმეტრომშენში ვიქტორ გოცირიძემ დაიკავა. ამ წლის 16 აპრილს მოხდა თბილისის მეტროში გვირაბების პირველი შეერთება ვაგზლის მოედნიდან მარჯანიშვილამდე.

ის ფაქტი, რომ ფორმალურად მიმდინარეობდა არა მეტროპოლიტენის, არამედ თავდაცვითი ნაგებობის მშენებლობა, არ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობას. მჟავანაძე ცდილობდა დაერწმუნებინა მოსკოვი, რომ თავდაცვითი გვირაბებისთვის გამოყოფილი სახსრებით უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ორმაგი - სატრანსპორტო და თავდაცვითი დანიშნულების ობიექტის მშენებლობა, რადგან იგი სასარგებლო იქნებოდა არა მხოლოდ საგანგებო ვითარების დროს, არამედ მშვიდობის დროსაც, როგორც მეტროპოლიტენი. 1957 წელს თბილისიდან გაგზავნილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ საჩივრის შედეგად, მოსკოვიდან ჩამოვიდა კომისია, რომელმაც შეისწავლა ყველა შახტი და გამოიტანა დასკვნა იმის თაობაზე, რომ თავდაცვითი სისტემისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილი მეტროპოლიტენის მშენებლობისთვის იხარჯებოდა. მოსკოვში ახსნა-განმარტების მიზნით გაემგზავრნენ საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილი და ვიქტორ გოცირიძე, რომელთაც სსრკ-ს შინაგან საქმეთა მინისტრი დუდარევი დაარწმუნეს, რომ მათ მიერ შემოთავაზებული გეგმის მიხედვით ერთდროულად მეტროსაც მიიღებდნენ და თავშესაფარსაც. ასევე ესტუმრნენ რიგ გავლენიან პირებს და ისინიც დაითანხმეს მომავალი დღის სხდომაზე მხარდაჭერის მიზნით. მეორე დღეს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გადაწყდა დაევალებინათ სსრკ-ს საგეგმო კომიტეტისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ტრასნპორტის მშენებლობის სამინისტროსთვის და საქართველოს მინისტრთა საბჭოსთვის თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის პროექტის შემუშავება.

ამ პერიოდში მეტროპოლიტენის მშენებლობა იქნა შეჩერებული და დაიწყო სახვადასხვა დანიშნულების გვირაბების მშენებლობა რესპუბლიკის სავადასხვა ტერიტორიებზე (რკინიგზის, ავტოტრანსპორტის, ჰიდროტექნიკური) რისთვისაც მეტრომშენის სამმართველო იქნა გარდაქმნილი თბილგვირაბმშენად. 1960 წელს კი წარმოდგენილი პროექტის დამტკიცებს შემდეგ სსრკ-ს მინისტრთა საბჭომ ნება დართო საქართველოს მინისტრთა საბჭოს გაეგრძელებინათ უკვე მეტროპოლიტენის მშენებლობა. სხვა წყაროებით, მეტროპოლიტენის მშენებლობის გაგრძელება მოხდა 1959 წელს. არაა გამორიცხული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისევ ვერ შეიკავა თავი და ფარულად გააგრძელა მუშაობა, მითუმეტეს უკვე აშკარა იყო, რომ მალე ახალი პროექტი და გადაწყვეტილებაც წამოწეოდათ. ასევე, შესაძლებელია, რომ სწორედ ახალი პროექტის მომზადების პროცესში შეიცვალა მეტროს თავდაპირველი მარშრუტი და წერეთლის გამზირის ნაცვლად, გადაწყდა მეტროს ნაძალადევი-დიდუბის მიმართულებით წაყვანა. წერეთელი-ვაგზლის მოედნის გადასარბენის მშენებლობის საწყისი ეტაპის მემკვიდრეობად კი დარჩა ის მონაკვეთები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

This post has been edited by Rapanui on 4 Dec 2018, 07:45
Rapanui
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3548
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

  გამოგზავნილია: 4 Dec 2018, 07:46  #53882330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისტორია (გაგრძელება)

შემდეგ, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით:

1962 - შეიქმნა მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია
1965 8 თებერვალი - საქართველოს მინისტრთა საბჭოს №78 დადგენილებით შეიქმნა თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველო.
1966 11 იანვარი - ექსპლოატაციაში ჩაბარდა პირველი რიგის პირველი უბანი (6,3 კმ) ოთხი სადგურით. იყო სადგურ ”დიდუბე”-დან სადგურ ”რუსთაველი”-მდე. თბილისის მეტროპოლიტენი ექსპლუატაციაში შევიდა როგორც მეოთხე მეტროს სისტემა საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ).
1967 მარტი - იყო ორგანიზებული ორლიანდაგიანი მოძრაობა დიდუბე-ელექტროდეპოს მონაკვეთზე მატარებელთა მობრუნებით სადგურ ”დიდუბე”-ში.
1967 ნოემბერი - ხაზის 4 კილომეტრით გაგრძელების შემდეგ სადგურ ”300 არაგველი”-მდე შესაძლებელი გახდა შემადგენლობების მობრუნება ხაზის მეორე ბოლოში, მხოლოდ გადასარბენი გვირაბის, მაშინდელი სადგურ ”ოქტომბერი”-ს (ამჟამინდერი ”ნაძალადევი”), მშენებლობის დამთავრების შემდეგ შესაძლო გახდა მთელ ტრასაზე ორლიანდაგიანი მოძრაობის გახსნა.
1971 მაისი - 2,5 კილომეტრიანი უბნის ექსპლოატაციაში გაშვებით სადგურ ”სამგორი”-მდე დამთავრდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა 11 სადგურით 12,3 კილომეტრი ტრასით.
1979 სექტემბერი - ექსპლოატაციაში შევიდა მეტროპოლიტენის მეორე ხაზი 5,8 კილომეტრი სიგრძით, რომელმაც დააკავშირა სადგურის მოედანი საბურთალოს რაიონს. პირველი გადაწყვეტილებით ეს მეორე ხაზი უნდა აშენებულიყო როგორც განშტოება პირველი ხაზისა. მაგრამ მშენებლობის დამთავრების პერიოდში გადაწყდა აშენებულიყო მეორე გადასასვლელი სადგური ”ვაგზალი-2” რომელსაც დასაწყისში არ ექნებოდა დამოუკიდებელი მიწისზემოთა ამოსასვლელი.
1985 ნოემბერი - ერთდროულად იქნა შეყვანილი ექსპლოატაციაში ორი უბანი ერთი 3,4 კილომეტრის ”დიდუბე”-ის სადგურიდან სადგურ ”თემქა”-მდე (ამჟამინდელი ”გურამიშვილი”) და მეორე 2,0 კმ სადგურ ”სამგორი”-დან სადგურ ”ვარკეთილი”-მდე.
1989 იანვარი - სადგურები „სარაჯიშვილი“ და ”ახმეტელის თეატრი”.
2000 2 აპრილი - გაშვებული იქნა ექსპლუატაციაში ერთი უბანი ”გოცირიძე - ვაჟა-ფშაველა” 1,2 კილომეტრის სიგრძით ერთმხრივი მოძრაობით.

მეტროპოლიტენის ხელმძღვანელები იყვნენ ნ. ბერიძე, ო. ხიზანიშვილი, ი. მელქაძე, გ. გაბუნია, ა. ახვლედიანი, ზ. კიკალეიშვილი, დ. ალავიძე, ლ. კოპლატაძე, ა. ჯაფარიძე.

ახმეტელი–ვარკეთილის ხაზის სადგურები:
(ხაზის სიგრძეა 19,6 კმ)

1. ახმეტელის თეატრი (7 იანვარი 1989) - მიწისქვეშა ღრმა, კოლონური
2. სარაჯიშვილი (7 იანვარი 1989) - მიწისქვეშა ღრმა, კოლონური
3. გურამიშვილი (16 ნოემბერი 1985) - მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი
4. ღრმაღელე (28 ნოემბერი 1985) - მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი
5. დიდუბე (11 იანვარი 1966) - მიწისზედა ღია
6. გოცირიძე (11 იანვარი 1966) - მიწისზედა ღია
7. ნაძალადევი (11 იანვარი 1966) - მიწისქვეშა ღრმა, პილონური
8. სადგურის მოედანი (11 იანვარი 1966) - მიწისქვეშა ღრმა, პილონური
9. მარჯანიშვილი (11 იანვარი 1966) - მიწისქვეშა ღრმა, პილონური
10. რუსთაველი (11 იანვარი 1966) - მიწისქვეშა ღრმა, კოლონური
11. თავისუფლების მოედანი (6 ნოემბერი 1967) - მიწისქვეშა ღრმა, კოლონური
12. ავლაბარი (6 ნოემბერი 1967) - მიწისქვეშა ღრმა, პილონური
13. 300 არაგველი (6 ნოემბერი 1967) - მიწისქვეშა ღრმა, პილონური
14. ისანი (5 მაისი 1971) - მიწისქვეშა ღრმა, კოლონური
15. სამგორი (5 მაისი 1971) - მიწისქვეშა ზედაპირული, კოლონური
16. ვარკეთილი (9 ნოემბერი 1985) - მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი

საბურთალოს ხაზის სადგურები:
(ხაზის სიგრძეა 6,8 კმ)

1. სადგურის მოედანი - 2 (15 სექტემბერი 1979) - მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი
2. წერეთელი (15 სექტემბერი 1979) - მიწისქვეშა ღრმა, კოლონური
3. ტექნიკური უნივერსიტეტი (15 სექტემბერი 1979) - მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი
4. სამედიცინო უნივერსიტეტი (15 სექტემბერი 1979) - მიწისქვეშა ზედაპირული, კოლონური
5. დელისი (15 სექტემბერი 1979) - მიწისქვეშა ზედაპირული, ერთთაღოვანი
6. ვაჟა-ფშაველა (2 აპრილი 2000) - მიწისქვეშა ზედაპირული, კოლონური
7. სახელმწიფო უნივერსიტეტი (16 ოქტომბერი 2017) - მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი.

This post has been edited by Rapanui on 4 Dec 2018, 07:52
Rapanui
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3548
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

  გამოგზავნილია: 4 Dec 2018, 07:48  #53882332      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შეჩერებული პროექტები

თბილისის მეტროპოლიტენის განვითარების გეგმის 2000 წლის ვარიანტით, თბილისის მეტროპოლიტენს პერსპექტივაში უნდა ჰქონოდა სამი ხაზი და 43 სადგური. პირველი ხაზი გრძელდებოდა გლდანი-მუხიანი-თემქის მიმართულებით, მეორე ხაზი ვაჟა-ფშაველას პროსპექტის გაგრძელებაზე, მესამე ხაზი კი ერთმანეთთან დააკავშირებდა დიდ დიღომს, დიღომს, ვაკეს, ელიას, მეტრომშენის დასახლებას, ვაზისუბანს, კახეთის გზატკეცილს და მოსკოვის პროსპექტს. არსებულ ხაზებს ერთმანეთთან რამდენიმე კვეთა (გადასაჯდომი სადგური) ექნებოდა. განვითარებული სისტემის მომსახურებისათვის გლდანის და ნაძალადევის დეპოებთან ერთად, მწყობრში შედიოდა დეპო აფრიკის დასახლებაში, ასევე (ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით) კიდევ ერთი დეპო, დიღომში არსებული გლდანის დეპოსთან, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე.

პერსპექტიული განვითარების კიდევ უფრო გაბედული სქემა იყო შემუშავებული 1980-იან წლებში, რომელშიც მართალია არ შედიოდა გლდანში მეორე დეპო, სამაგიეროდ თბილისის ჩრდილოეთით ახალი უბნების ავშნიანის და საჯეირნოს გავლით პირველი ხაზი კრავდა წრეს თბილისის ზღვის გარშემო, ხოლო მეორე (საბურთალოს ხაზი) გრძელდებოდა სვანეთის უბნის მიმართულებით. სამწუხაროდ, პერსპექტიული პროექტებიდან უმეტესობის დაწყება ვერ მოხერხდა, ხოლო დაწყებული პროექტები ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ამჟამად ზოგიერთი მათგანი კონსერვაციის რეჟიმშია, ზოგიერთზე კი უარი ითქვა და სამშენებლო ობიექტები მიტოვებული ან ლიკვიდირებულია.

სადგურ ,,ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელი“
მდებარეობს შეშელიძის ქუჩაზე. გვირაბი ჩასულია საპროექტო სიღრმეზე, საჭიროა ქვედა სივრცის ამოღება, სადგურთან შეერთება, ესკალატორის ფილის, ესკალატორის და მისი დამხმარე მოწყობილობების მონტაჟი, კედლების მოპირკეთება და ზედა ვესტიბიულის მოწყობა. ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა.

user posted image

სადგურ ,,მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელი
მდებარეობს მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩის კუთხეში, მაღალსართულიანი კორპუსის ეზოში. საესკალატორო გვირაბი ჩასულია საპროექტო სიღრმეზე, შემდეგ უხვევს მარჯვნივ. გვირაბი უნდა გამოსულიყო სადგური მარჯანიშვილის II ლიანდაგის კედლიდან და კიბის მეშვეობით დაკავშირებოდა სადგურის ქვედა ვესტიბიულს. ამჟამად გვირაბი თითქმის მიყვანილია სადგურის კედელთან, მაგრამ შეერთება გაჭრილი არაა. გვირაბში დამონტაჟებულია ჰერმეტული კარი, ასევე დასრულებულია ტექნიკური დანიშნულების მქონე დარბაზი. დასამთავრებელია ზედა ვესტიბიული და მასში ქუჩიდან ჩასასვლელები, დასამონტაჟებელია ესკალატორი, სავარაუდოდ შეცვლას ან რემონტს საჭიროებს ჰერმეტიული კარის მამოძრავებელი კოროზირებული მექანიზმი. სამუშაოები შეჩერებულია, გვირაბიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა. მოცემულ ესკიზზე ნაჩვენებია სადგურთან შეერთების ერთ-ერთი ვარიანტი (ესკიზი ადრინდელია და მასზე გამოსახული საესკალატორო გვირაბის მიმართულება რეალურად არსებულის საპირისპიროა):

user posted image

საბურთალოს ხაზის და ნაძალადევის დეპოს შემაერთებელი გვირაბი
როგორც ცნობილია, ამჟამად საბურთალოს ხაზი ნაძალადევის დეპოს უკავშირდება სადგურ წერეთლის II ლიანდაგის და სადგურის მოედანი 1-ის II ლიანდაგის შემაერთებელი მომსახურე გვირაბით. ამ დროს მატარებელი აკეთებს რთულ მანევრს: დეპოდან გამოსვლისას სადგურ გოცირიძედან იგი ჯერ მიდის სადგურ დიდუბეზე, შემდეგ ცარიელი მიდის სადგურის მოედანი 1-ზე, გადადის წერეთლის II ლიანდაგზე, ბრუნდება უკან სადგურის მოედან 2-ის II ლიანდაგზე და ჩიხში მობრუნებისას გადადის სადგურის მოედან 1-ზე, საიდანაც იწყებს ხაზზე სამგზავრო მოძრაობას. ასევე უკან გასვლისას იგი გადადის წერეთლიდან სადგურის მოედანი 1-ის II ლიანდაგზე, შედის უკუსვლით ჩიხში, უკუსვლით გამოდის სადგურის მოედანი 1-ის I ლიანდაგზე და მიდის სადგურ გოცირიძემდე დეპოს გადასახვევამდე.

არსებული მანევრის თავიდან არიდების მიზნით 1980-იან წლებში აიგო გვირაბი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა სადგურ წერეთლის I ლიანდაგსა და ნაძალადევის დეპოს მეორე 40 ვაგონიანი კორპუსს. ერთლიანდაგიანი გვირაბის მთლიანი სიგრძე შეადგენს 912 მეტრს, საიდანაც 173 მეტრი დეპოსთან მიწის ზედაპირზე ამომავალი რამპაა. გვირაბი კონსტრუქციულად დასრულებულია, დარჩენილია ჰიდროიზოლაციის, სალიანდაგო ბეტონის ბალიშის, ლიანდაგის, საკონტაქტო რელსის, სიგნალიზაცია-ტელემექანიკის, მუდმივი წყალამკრების სისტემების დამოტაჟება. მიუხედავად იმისა, რომ გვირაბის გათხრისას წყალუხვ ქანებში გამოიყენეს რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგიები, გაუგებარი მიზეზების გამო იგი არ შესულა ექსპლუატაციაში. ნაძალადევის დეპოს მეორე კორპუსი, რომელსაც უერთდებოდა გვირაბი ამჟამად გაძარცვულია და მას დეპოს ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში მცხოვრები დევნილები იყენებენ:

user posted image

* * * *
მესამე ხაზი
(რუსთაველი-2 - ვაზისუბნის ხაზი)

1980-იანი წლების ბოლოს დაპროექტდა თბილისის მეტროპოლიტენის მესამე ხაზი. ხაზზე უნდა ყოფილიყო მინიმუმ 14 სადგური მოსკოვის პროსპექტიდან დიდ დიღმამდე. აქედან 4 გადასაჯდომი სადგური: ვარკეთილი-2, რუსთაველი-2 და დიდუბე-2 გლდანი-ახმეტელის ხაზთან და სადგური პოლიტექნიკური-2 საბურთალოს ხაზთან.

აქედან, პირველ რიგში უნდა აშენებულიყო 5 სადგური 2000 წლამდე, რომლებზეც დაიწყო სამუშაოები (მშენებლობა შეწყდა 1993 წელს გასაგები მიზეზების გამო):

1. რუსთაველი-2. მიწისქვეშა ღრმა, კოლონური.
2. საარბრიუკენის მოედანი (თავდაპირველად ,,მარქსის მოედანი“, შემდგომში ,,ჩუღურეთის მოედანი“). მიწისქვეშა ღრმა, კოლონური.
3. ქვემო ელია (თავდაპირველად ,,ელია“). მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი.
4. ზემო ელია (თავდაპირველად ,,მეტრომშენის მოედანი“). მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი (ასევე არსებობს ,,მეტრომშენის მოედნის" კოლონური სადგურის ესკიზიც).
5. ვაზისუბანი. მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი.

მშენებლობა დაგეგმილი იყო შემდეგი ობიექტებიდან:
(მშენებლობა ზოგან თითქმის ვერ დაიწყო, ზოგან კი საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება მოესწრო)

შახტა #60 - სადგური რუსთაველი 2 და მოსაბრუნებელი ჩიხები. გაითხარა დაახლოებით 300 მეტრამდე სიგრძის წოლხვრელები სადგურის ადგილამდე. მშენებლობა ხდებოდა ბურღვითი მეთოდით.
შახტა #61 - გადასარბენი გვირაბი სადგურებს რუსთაველი 2 და საარბრიუკენის მოედანს შორის. დაწყებული იქნა გადასარბენი გვირაბის მშენებლობა რუსთაველი 2-დან საარბრიუკენის მოედნამდე, რისთვისაც გაითხარა დაახლოებით 100 მეტრამდე წოლხვრელი თავისი სათავსოებით და უშუალოდ გადასარბენი გვირაბი 50 მეტრამდე. გადასარბენ გვირაბში ჩარჩა მწყობრიდან გამოსული გვირაბმჭრელი ფარი ტიუბინგების ერექტორით. თავად გვირაბის მშენებლობა ხდებოდა აფეთქების მეთოდით. რამდენიმე წლის წინ სამშენებლო მოედნის გაყიდვასთან დაკავშირებით მოხდა კოპერის და მიწისზედა დამხმარე კონსტრუქციების დემონტაჟი და შახტის ჭაურის ფიცრებით გადახურვა.
შახტა #62 - სადგური საარბრიუკენის მოედანი. ნაწილობრივ გათხრილი იყო საესკალატორო გვირაბი სადგურ საარბრიუკენის მოედანზე, თავად სადგურის მშენებლობაც ამ დახრილი გვირაბიდან უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ 1992 წელს მშენებლობის შეწყვეტის შემდეგ არსებული გვირაბი დაიტბორა, 2011 წელს კი მისი ზედა ნაწილის ტიუბინგები ამოიღეს და გვირაბი ინერტული მასალით ამოავსეს. პროექტით სადგურზე გათვალისწინებული იყო 4 ესკალატორი.
შახტა #63 - გადასარბენი გვირაბი სადგურებს საარბრიუკენის მოედანს და ქვემო ელიას შორის. მომზადდა ტერიტორია შახტის და სამთო კომპლექსის ასაგებად, მაგრამ სათხრელი სამუშაოები არ დაწყებულა.
შახტა #64 - სადგური ქვემო ელია. ქვემო ელიის სადგურზე დაწყებული იყო სამშენებლო-სავენტილაციო წოლხვრელის მშენებლობა. გვირაბი 2000-იანი წლების შუამდე კონსერვირებული იყო და წყლის ამოქაჩვა ხდებოდა, ამჟამად ყველა მეტალოკონსტრუქცია, წყლის საქაჩების ჩათვლით დემონტირებულია და გვირაბი სრულიად დატბორილია. მისი სიგრძე უცნობია.
შახტა #65 - გადასარბენი გვირაბი სადგურებს ქვემო ელიას და ზემო ელიას შორის. პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დაიწყებული იქნა ჭაურის მშენებლობა. შახტის საპროექტო სიღრმემდე ჩასვლა ვერ მოესწრო, როდესაც მშენებლობა შეწყდა (გაითხარა 20 მეტრამდე). ამჟამად დატბორილია.
შახტა #66 - სადგური ზემო ელია. სადგური ზემო ელიის (იგივე მეტრომშენის მოედნის) მშენებლობა ერთი ცნობით უნდა დაწყებულიყო მოედანთან ახლოს მდებარე ჭაურიდან, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. დაწყებული იყო მოსამზადებელი სამუშაოები დახრილი გვირაბის დასაწყებად, რისთვისაც შემოღობილი იქნა და დაიწყო სამშენებლო ბაზის მშენებლობა მეტრომშენის მოედანზე, მაგრამ უშუალოდ სათხრელი სამუშაოების დაწყება ვერ მოესწრო.
სამაგიეროდ მომავალი სადგურიდან დაახლოებით 450 მეტრში დაწყებული იყო წოლხვრელის მშენებლობა, სავარაუდოდ გრუნტის უფრო სწრაფად და იაფად გამოსატანად სადგურის მეორე ბოლოდან. გაითხარა რამდენიმე მეტრი სიგრძის გვირაბი.
შახტა #67 - გადასარბენი გვირაბი სადგურებს ზემო ელიას და ვაზისუბანს შორის. ყველაზე გრძელი მონაკვეთი მესამე ხაზზე გაითხარა ზემო ელიას და ვაზისუბანს შორის: 68 მეტრი სიღრმის ჭაური, 80 მეტრამდე სამშენებლო-სავენტილაციო წოლხვრელი, დაახლოებით 250 მეტრი სიგრძის პირველი ლიანდაგის გადასარბენი და 50 მეტრი მეორე ლიანდაგის გადასარბენი გვირაბი. გადასარბენი გვირაბის ნაწილი აგებულია თუჯის, ნაწილი კი ბეტონის ბლოკებით. პირველი ლიანდაგის გვირაბის გრძელი მონაკვეთი გათხრილია შახტიდან ვაზისუბნის მიმართულებით.
შახტა #68 - სადგური ვაზისუბანი და მოსაბრუნებელი ჩიხები. ვაზისუბნის სადგური მიწის ზედაპირიდან 63 მეტრის სიღრმეზე უნდა ყოფილიყო ყველაზე ღრმა თბილისის მეტროში. გაითხარა მხოლოდ წოლხვრელები სადგურის ორივე ბოლოში, დაწყებული იქნა საყრდენი კედლების ჩამოსასხმელი წოლხვრელების თხრა თბილისური ერთთაღოვანი სადგურის ტექნოლოგიით და საესკალატორო გვირაბი, რომელსაც 10 მეტრი დააკლდა დასრულებამდე, ამჟამად საესკალატორო გვირაბი დატბორილია, ხოლო სადგურის მშენებლობა მშრალ კონსერვაციაზეა.
შახტა #69 - მომსახურე ტექნიკური გვირაბი 300 არაგველის ჩიხებიდან სადგურ ზემო ელიამდე ვაგონების გადასაცემად, სანამ აშენდებოდა მესამე დეპო აფრიკის დასახლებაში. ისევე როგორც #63 შახტის შემთხვევაში, მომზადდა ტერიტორია შახტის და სამთო კომპლექსის ასაგებად, მაგრამ სამთო სამუშაოები არ დაწყებულა.

სხვა პერსპექტიული გეგმები

გლდანი-ვარკეთილის ხაზი გრძელდებოდა გლდანის მხარეს ჯერ გდანის ზემო მიკრორაიონებისკენ, შემდეგ კი მკვეთრად უხვევდა მუხიანისკენ, რის შემდეგაც მიდიოდა თემქისკენ.

თბილგვირაბმშენის (მეტრომშენის) ადრინდელ პერსპექტიულ სქემებში ფიგურირებს ამ ხაზის შემდგომი გაგრძელება თბილისის ზღვისკენ ახალ დასახლება ავშნიანში. მეორე, ვარკეთილის მხრიდან ხაზი ადიოდა ვარკეთილის ზემო მიკრორაიონებში, შემდეგ კი თბილისის ზღვის ჩრდილოეთით პროექტირებად ახალ დასახლება საჯეირნოში. პერსპექტივაში ავშნიანის და საჯეირნოს სადგურები ერთდებოდა და იქმნებოდა წრიული ხაზი თბილისის ზღვის გარშემო. სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა (ან დაიწყო მხოლოდ უმნიშვნელო მასშტაბით)

საბურთალოს ხაზი თბილგვირაბმშენის ადრინდელ გეგმებში გრძელდებოდა კუკიისა და სვანეთისუბნის მიმართულებით. სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა.

სადგური ,,თავისუფლების მოედანზე“ უნდა გაკეთებულიყო მეორე ამოსასვლელი კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა კომპლექსში, რისთვისაც ,,თავისუფლების მოედნის“ სადგურზე პირველი ლიანდაგის თავზე გაკეთდა გადასასვლელი კიბე, ხოლო კოლმეურნეობის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაპროექტდა მგზავრთა დიდ ნაკადზე, მეტროს ამოსასვლელის გათვალისწინებით.

სადგურ ,,ავლაბარს“ უკეთდებოდა მეორე ამოსასვლელი მტკვრის ქვეშ გვირაბით და ამოდიოდა ბალნეოლოგიურ კურორტთან. არსებული ცნობებით სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა.

საინტერესოა, რომ მესამე ხაზის მშენებლობის გეგმის თანახმად რუსთაველი-ვაზისუბნის დასრულების შემდეგ იწყებოდა დიდი დიღომი-დიდუბის განშტოების მშენებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ არსებული მონაკვეთი ვერ უერთდებოდა მეტროს არსებულ ხაზს (დიდუბეში ორ სადგური ერთმანეთს ძლიერ განსხვავებულ სიმაღლეებზე კვეთდა), დიღმის მონაკვეთზე ვაგონების საექსპლუატაციოდ აღნიშნულია კიდევ ერთი დეპო ხატოევის კუნძულის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, იქნებოდა ეს დამოუკიდებელი დეპო თუ დამაკავშირებელი ხაზი გლდანის დეპოსთან, ხოლო თუ ეს იქნებოდა დამოუკიდებელი დეპო, მაშინ რა ბედი ეწეოდა მას მესამე ხაზის სხვადასხვა მონაკვეთების შეერთებისა და აფრიკის დასახლებაში მდებარე დეპოს ექპლუატაციაში შესვლის შემდეგ.

This post has been edited by Rapanui on 4 Dec 2018, 07:56
Rapanui
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3548
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

  გამოგზავნილია: 4 Dec 2018, 07:50  #53882334      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ინფრასტრუქტურა

თბილისის მეტროპოლიტენის ხაზების საერთო საშუალო საექსპლუატაციო სიგრძეა 26.4 კმ. მაქსიმალური საპროექტო გამტარუნარიანობაა საათში 36 წყვილი მატარებელი. ორივე ხაზზე სადგურების პლატფორმები შეადგენს 102 მეტრს და დაპროექტებულია მაქსიმუმ ხუთვაგონიანი შემადგენლობების ექსპლუატაციაზე (ამჟამად გლდანი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობს ოთხვაგონიანი, ხოლო საბურთალოს ხაზზე სამვაგონიანი შემადგენლობები). თბილისში მეტროპოლიტენის ლიანდაგის სიგანეა 1520/1524 მმ. სამუშაო ძაბვა შეადგენს 750-850 ვოლტს დღის სხვადასხვა საათებში (ძირითადად 825 ვოლტს), მგზავრთა ნაკადის მიხედვით. ელმომარაგების თაობაზე გაეცანით ამ პოსტს: თბილისის ელექტროსისტემა (post #42962369)

დეპოები და მოძრავი შემადგენლობა

მეტროპოლიტენს ემსახურება ორი დეპო - „ნაძალადევი“ (დეპო #1) და „გლდანი“ (დეპო #2), აქედან პირველი ემსახურება საბურთალოს, მეორე კი გლდანი-ვარკეთილის ხაზს. ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს მოტოდეპო, რომელიც განთავსებულია დიდუბეში. მის ბალანსზე იმყოფება АГМ, АГМу და ДМ მოდელის ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომოტრისები და УП-2 მოდელის ორღერძიანი სატვირთო პლატფორმები. ასევე მოტოდეპო ფლობს რამდენიმე სპეციალურ ვაგონს, რომლებიც განთავსებულია ჩამოწერილი ავტომოტრისების, ან 1920-30-იან წლებში გამოშვებულ სარკინიგზო ცისტერნების ბაზაზე: საგაბარიტო ჩარჩო, გვირაბების სარეცხი დანადგარი და ასენიზატორი.

user posted image

სამეურნეო ტექნიკიდან ყველაზე საინტერესო ექსპონატია ლიანდაგმზომი В4 სერიის ვაგონის ბაზაზე. არსებული ვაგონი გამოშვებული იქნა Orenstein & Koppel-ის მიერ 1927 წელს როგორც СI სერიის ვაგონი ბერლინის ფართოპროფილიანი მეტროპოლიტენისთვის. 1945 წელს საბჭოთა კავშირმა 120 ცალი СI, СII, СIII ვაგონი წამოიღო ბერლინის მეტროპოლიტენიდან რეპარაციის სახით მოსკოვის მეტროპოლიტენისთვის, რომელიც ამ პერიოდში ვაგონების დეფიციტს განიცდიდა. 1946-47 წლებში მოხდა ვაგონების შეკეთება და ადაპტაცია მოსკოვის მეტროს ვაგონშემკეთებელ ქარხანაში. ვაგონებს მიენიჭათ ახალი ნომრები და სერია В: СI ტიპის ვაგონებს მიენიჭათ В1 სერია, СII ტიპის ვაგონებს В2 და СIII ტიპის ვაგონებს В3 სერია. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა 24 СI ტიპის ვაგონი, რომელიც წამოიღო საბჭოთა კავშირმა, ომის დროს იმყოფებოდა ბერლინის მეტროს დატბორილ მონაკვეთში და მათი ელექტროაღჭურვილობა სრულიად გამოუსადეგარი იყო, ამიტომ მათ მოხსნეს ძრავები და გამოიყენებოდა როგორც მისაბმელი ვაგონები. ექსპლუატაციამ აჩვენა რომ უძრავო ვაგონების ექსპლუატაცია გაუმართლებელი იყო: ძრავიან ვაგონებს არ ჰყოფნიდათ მათი გაწევის სიმძლავრე. ამიტომ 1948-49 წლებში В1 ტიპის ვაგონებზე დააყენეს ტროლეიბუსის ძრავები და მიიღეს В4 სერია. ამავდროულად კიდევ ერთხელ შეიცვალა ვაგონების ნომრები. სათადარიგო ნაწილები უქონლობის გამო В სერიების ვაგონების ექსპლუატაცია ყველაზე ხანმოკლე გამოდგა სხვა სერიებთან შედარებით და მათი ექსპლუატაციის ბოლო წელი იყო 1966, ფილის ხაზზე მოსკოვში. ვაგონების ჩამოწერის შემდეგ ნაწილი დაიჭრა და ნაწილი გადაიგზავნა სხვადასხვა მეტროდეპოებში მათი სამეურნეო მიზნებით გამოყენებისას. ერთ-ერთი ასეთი ვაგონი ნომერი 163 (ყოფილი СI ნომერი 264 და В1 ნომერი 1155) აღმოჩნდა კიევში, სადაც მასზე დააყენეს სალიანდაგმზომო აპარატურა და გამოაგზავნეს თბილისში 1969 წელს. დღეს ის არის ექსპლუატაციაში მყოფი ერთადერთი В ტიპის ვაგონი მსოფლიოში. ის ინახება გლდანის დეპოში და ხაზზე გამოყავთ ყოველი თვის ბოლოდან მეორე ხუთშაბათს საღამოს 8:45-ზე და მოივლის მთლიანად ორივე ხაზს.

ფოტორეპორტაჟი: https://hotels.ltd.ge/blog/%E1%83%9B%E1%83%...83%A2%E1%83%98/
დელისზე გადაღებული ვიდეო: https://www.youtube.com/watch?list=PLM7_QFQ...d&v=yf3UyI7mILI

გეითები

მეტროპოლიტენში ვაგონების მისაღებად, ან პირიქით,მათ სხვა ქალაქში გასაგზავნად, მეტროპოლიტენის სისტემა უკავშირდება რკინიგზას ე.წ. გეითის მეშვეობით. როგორც წესი, საბჭოთა მეტროპოლიტენებში იყო ერთი გეითი, თუმცა თბილისი მეტროპოლიტენი ამ კუთხით გამონაკლისს წარმოადგენს და მას ორი, ოდესღაც კი სამი გეითი გააჩნდა.

პირველი გეითი, რომელიც გამოიყენება ვაგონების მიღება-გაცემისათვის მეტროპოლიტენის ნაძალადევის (N1) დეპოს აკავშირებს საქართველოს რკინიგზის თბილისის სამგზავრო სალოკომოტივო დეპოსთან:

user posted image

მეორე გეითი აკავშირებს თბილისის მეტროპოლიტენის მოტოდეპოს რკინიგზის სადგურ თბილისი-სატვირთოსთან და გამოიყენება მეტროპოლიტენში სარკინიგზო გზით ტვირთების მისაღებად და მოტრისების სარემონტოდ გასაგზავნად:

user posted image

მესამე გეითი აკავშირებდა მეტროპოლიტენის ნაძალადევის დეპოს მეორე კორპუსს რკინიგზის თბილისის სამგზავრო სალოკომოტივო დეპოსთან. ნაძალადევის დეპოს მეორე კორპუსის მიტოვებასთან დაკავშირებით გეითი ამჟამად დემონტირებულია. ასე გამოიყურებოდა გეითი ლიანდაგის დემონტაჟამდე 2010 წლის მარტში:

user posted image

სამოქალაქო თავდაცვითი ფუნქციები

მეტროპოლიტენს როგორც უკვე ავღნიშნეთ, გააჩნია არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ თავდაცვითი ფუქნცია. მეტროპოლიტენის თავდაცვითი ფუნქციები თავის მხრივ მრავალფეროვანია და ვარირებს საგანგებო სიტუაცეიებში მოსახლეობის მიღებისთვის მზადყოფნიდან საიდუმლო სპეცდანიშნულების ობიექტების ქმედითუნარიანობის უზრუნვენყოფამდე, რომელთაც მოსახლეობის დაცვასთან შედარებით ნაკლები აქვთ საერთო. საბჭოთა პერიოდში მეტროპოლიტენი ატარებდა ფორტის სტატუსს ოფიციალური (თუმცა არა ყველასთვის ცნობილი) სახელწოდებით ,,ოქტომბრის რევოლუციის სახელობის ფორტი".

გასაგები მიზეზებს გამო, არ იქნებოდა მართებული დეტალური ინფორმაციების დაწერა მეტროს არასატრანსპორტო დანიშნულების ობიექტებზე, თუმცა ზოგადად შეიძლება მიმოვიხილოთ ეს ფუნქციები. კონკრეტიკას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ მთელი რიგი ობიექტების შესახებ ინფორმაცია ან მთლიანად, ან ნაწილობრივ დამახინჯებულია, ასევე ყველაზე საიტერესო ობიექტების და სისტემების შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად არ არსებობს.

დავიწყოთ სამოქალაქო თავდაცვით: მეტროპოლიტენს იდეაში უნდა შეეძლოს სრული იზოლაცია ზედაპირიდან მცირე პერიოდის განმავლობაში. ამ მიზნით, მეტრო დაყოფილია სამოქალაქო თავდაცვით სექტორებად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ჰერმეტული ჭიშკრებით. საჭიროების შემთხვევაში ეს ზონები ჰერმეტულად იკეტება მათზე განლაგებული სავენტილაციო შახტების და მათი ჰაერით მომარაგება ხდება ფილტრსავენტილაციო ობიექტებიდან, საიდანაც ერთი განლაგებულია ისან-სამგორის, ერთი კი გლდანი-ნაძალადევის რაიონში. ასევე დიდი ალბათობით, გლდანი-ნაძალადევის რაონში არის კიდევ მეორე მსგავსი ობიექტიც. არის გარკვეული ინფორმაცია მსგავსი ობიექტის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის (თუ ძვლი თბილისის) რაიონში. ასევე მსგავსი ობიექტი შესაძლებელია არსებობდეს საბურთალოს რაიონში.

მოსახლეობის მიღების დროს მეტროპოლიტენებში გათვალისწინებულია ტუალეტები როგორც სადგურებზე, ასევე გვირაბებში.
ელექტრომომარაგება, ხდება ორი მიწისქვეშა დიზელ-ელექტროსადგურიდან: ობიექტი 5-1 ისანი-სამგორის რაიონში და ობიექტი 20 გლდანი-ნაძალადევის რაიონში. თავდაცვის სისტემების მართვა ხდება საგანგები სიტუაციისა და სამოქალაქო თავდაცვის მართვის ცენტრ, ე.წ. ობიექტ B-3-დან, რომელიც მდებარეობს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. გარდა ამისა, მეტროპოლიტენს აქვს რიგი სარეზერვო გამოსასვლელებისა, რომელნიც უმეტეს შემთხვევაში განლაგებულია სავენტილაციო შახტებში, თუმცა არსებობს ცნობები გარკვეული გამოსასვლელების შესახებ სახელმწიფო ორგანიზაციების მქონე შენობებში. როგორც მინიმუმ, ცნობილია სადგური თავისუფლების მოედნის და ერთ-ერთი სახელმწიფო შენობის კავშირის შესახებ და კარი, რომლიდანაც ხდება კავშირი, მშვენივრად ჩანს სადგურზე.

This post has been edited by Rapanui on 4 Dec 2018, 07:51
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8333
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 4 Dec 2018, 10:05  #53882523      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
კარგი დასაწყისია up.gif


გუშინ საბურთალოს ხაზზე რა მოხდა, დელსამდე რო დადიოდნენ?


--------------------
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение

Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги
ERAMUS
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1299
წევრი No.: 244970
რეგისტრ.: 23-August 18

გამოგზავნილია: 4 Dec 2018, 10:37  #53882604      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იმედია ამ თემაში მაინც ეშველება გურამიშვილს biggrin.gif
Kublicha
ip conflict


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 33705
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 4 Dec 2018, 12:43  #53883130      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გუშინ საბურთალოს ხაზზე რა მოხდა, დელსამდე რო დადიოდნენ?

ალბათ ისევ აელესი იყო დაკარგული


--------------------
Boul ma sene, boul ma guiss madi re nga fokni mane
Khamouma li neka thi sama souf ak thi guinaw
Beugouma kouma khol oaldine yaw li neka si yaw
mo ne si man, li ne si mane moye dilene diapale
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2320
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 4 Dec 2018, 15:13  #53883876      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამოცდილი იუზერის ძალიან კარგი თემა up.gif


--------------------
www.stalker.ge - Urban Exploration
რობი
ფეთხუმი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2576
წევრი No.: 77593
რეგისტრ.: 8-December 08

გამოგზავნილია: 4 Dec 2018, 15:17  #53883894      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სადგურების გარემონტების თემა ყოფილიყოს bis.gif


--------------------
In Forum.Ge We Trust :yes:



Champ20ns
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2320
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 4 Dec 2018, 15:28  #53883954      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რობი
კარგი გარემონტების ოღონდ biggrin.gif

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ საპროექტო სამუშაოები თავიდან ჩატარდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია სრულყოფილი არ არის და დამატებით კვლევებს საჭიროებს.
„მეტროსადგურების რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, მოქალაქეები დაზარალდნენ. ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები ოპერატიულად მივიღეთ და ყველას მაქსიმალური თანადგომა გამოვუცხადეთ. ამის პარალელურად, „ვარკეთილის“ საპროექტო დოკუმენტაცია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა და გაკეთებული შეფასებებიდან გამომდინარე, შეიქმნა საჭიროება, რომ დამატებითი კვლევები და საპროექტო სამუშაოები ჩატარდეს. საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის დროს, უპირველესი და უმთავრესი უსაფრთხოებაა, რაც მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. დადასტურებულად გეტყვით, რომ პროექტები, რომლითაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის სამუშაოები განხორციელდა, არაფრად ვარგა და საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს სრული დოკუმენტაცია გვექნება და მომავალი წლიდან პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. ანალოგიური მდგომარეობაა მეტროსადგურ „გურამიშვილის“ პროექტთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მომავალი წლის თებერვლიდან, თბილისის „მეტროპოლიტენს“ კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება.
„მეტროსადგურების და ვაგონების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების პროცესი უკვე დაწყებულია. სექტემბერში მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატა, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს სრულყოფილად მოვემსახუროთ. თებერვალში მეტროსადგურებს კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოცდის დრო შევამციროთ და მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა გავზარდოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს, რვა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
„მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო 2019 წლის იანვრის ბოლომდე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია განხორციელდება. გარდა ამისა, მომავალი წლიდან, რვა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად დავიწყებთ. მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და არეალების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამას აუცილებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
rommel
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1131
წევრი No.: 198581
რეგისტრ.: 23-February 15

გამოგზავნილია: 4 Dec 2018, 19:54  #53885304      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძველი მეტროს შემადგენლობები გერმანიაში ასე ჩუმად რატომ დადიან? მარტო რელსების შედუღებით ამას ვერ მიაღწევ. ვაგონების შესახსვრაც განსხვავებული და რბილია. კიდევ?
DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4920
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 4 Dec 2018, 23:04  #53886168      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახალი მეტროს სადგურების აშენებას გეგმავს თბილისის მერია. ეს იქნება მიწისზედა მეტრო სამგორიდან ლილოს და აეროპორტის მიმართულებით სულ 7 სადგური.
JSB14BSJ
==NSDAP==


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2570
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14

გამოგზავნილია: 4 Dec 2018, 23:21  #53886270      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უსაყვარლესი თემის პირველ გვერდზე.

QUOTE
მისივე თქმით, მომავალი წლის თებერვლიდან, თბილისის „მეტროპოლიტენს“ კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება.
„მეტროსადგურების და ვაგონების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების პროცესი უკვე დაწყებულია. სექტემბერში მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატა, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს სრულყოფილად მოვემსახუროთ. თებერვალში მეტროსადგურებს კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოცდის დრო შევამციროთ და მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა გავზარდოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ანუ რა გამოდის, ისევ იმდროინდელ მდგომარეობაში დააბრუნებენ ინტერვალებს, როგორც ადრე იყო სანამ ამ სადღაც 5 თუ 6 წლის წინ მეტროში ჯერ ე. წ. ზაფხულის რეჟიმს გამოიგონებდნენ (თითქოს ზაფხულში ხალხი უსაქმურობდეს) მაგის შემდეგ კიდე ჩვეულებრივ რეჟიმშიც მოცდის დროს სანამ გაზარდიდნენ?

DRAKONI
QUOTE
ახალი მეტროს სადგურების აშენებას გეგმავს თბილისის მერია. ეს იქნება მიწისზედა მეტრო სამგორიდან ლილოს და აეროპორტის მიმართულებით სულ 7 სადგური.

ხო გაირჩა ეს თემა. მეტრო არაა ეგ. მაქსიმუმ ბრძენი ქართველი ხალხი დაუძახებს მეტროს, როგორც ამირეჯიბს დღემდე "ახალ გზას" ეძახიან და კოპიერს - "ქსეროქსს" და ავტობუსებში კონტროლიორშა დედაშვილურად - პოლიტიკოსების და ჩვენი ვაიჟურნალისტების სიტყვით რომ ვთქვათ - მოუწოდებს ხალხს ბილეთის აღებისკენ იმის მაგივრად, რო უბილეთოები დააჯარიმოს. იმენნა აგიტატორია და არა კონტროლიორი.
ხალხი ვართ - იმის მშობლებიც
biggrin.gif


--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით
მზე ხარ გაბრწყინვებული
--
ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
ქაფქიანა
I still have a soul


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 32159
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 5 Dec 2018, 10:34  #53887476      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
JSB14BSJ

მირიანი დამყავდა პედიატრთან. ჰოდა, ტაქსისტისთვის რომ მეთქვა, ამირეჯიბზე რამდენად გახვალ-მეთქი, რეაქცია წარმოიდგინე.

ამირეჯიბი კი არა, რუსთაველზე და დინამოზე უკითხავთ, ეგ სად არისო?

კოპიერი რაღა ჯანდაბაა? მაგას ისევ ქსეროქსი სჯობს. ქართულად ასლგადამღები უკეთესი არ არის?


--------------------
...Came the end, the final end of Eternity
—And the beginning of Infinity.

Ceterum censeo Russio esse delendam...

We need ®US(SI)A Military Presence. © A10
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (81) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0404 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]