მონღოლმა მეომრებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს მსოფლიო ისტორიაზე. მათი სახელის ხსენებაზეც კი შიშით ძრწოდნენ მსოფლიოს ხალხები და იმპერიები, სახელმოხვეჭილი სარდლები და არმიები მათთან ბრძოლაში უსუსურები აღმოჩნდნენ. მანამდე ყველასთვის უცნობმა ხალხმა არც მეტი, არც ნაკლები - დედამიწის დაპყრობა მოინდომა. მაშინდელ მსოფლიოში მათი დამმარცხებელი და შემჩერებელი ძალა არ ჩანდა.
მიუხედავად იმისა, რომ მონღოლებმა უმძიმესი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში, უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიო სამხედრო ხელოვნებაში ალბათ ეს იყო ყველაზე მრისხანე და განუმეორებელი არმია, რომელთა წინააღმდეგაც, სხვებთან ერთად, იმ დროის სახელმოხვეჭილი ქართველებიც უძლური აღმოჩნდნენ.
ვინ იყვნენ მონღოლები, რომელთაც შიშის ზარი დასცეს მსოფლიოს?
მონღოლებს XIII საუკუნემდე არათუ რამე ანგარიშგასაწევი ძალა ან იმპერიული ამბიცია, არამედ სახელმწიფოებრიობასთან მიახლოებული წყობაც არ ჰქონიათ. განვითარების უმდაბლეს საფეხურზე მყოფი მონღოლები მრავალი განსხვავებული, დაქსაქსული, ერთმანეთს გადამტერებული ტომისგან შედგებოდნენ. ისინი თანამედროვე ბაიკალის ტბის, მდინარეების ირტიშისა და ენისეის, ალტაის მთებსა და ჩინეთის დიდ კედელს შორის მდებარე ფართო ველებსა და ტრამალებზე მისდევდნენ მომთაბარე და თითქმის ველურ ცხოვრებას. მათთვის უცხო იყო კულტურა და დამწერლობა, მიწათმოქმედება ან ცივილიზაციის რაიმე ფორმა. თავს ნადირობითა და მესაქონლეობით ირჩენდნენ. მათ შესახებ უძველეს ცნობებს მეზობელი ჩინეთის ისტორიული ცნობები გვაწვდის. ჩინელები მონღოლებს განვითარების მიხედვით სამ ნაწილად - “თეთრ მონღოლებად”, «შავ მონღოლებად» და «ველურ მონღოლებად» ჰყოფდნენ.
«თეთრი მონღოლები» სამხრეთით, ჩინეთის დიდ კედელთან ახლოს ცხოვრობდნენ და ჩინური კულტურის გავლენით, სხვა მონღოლებთან შედარებით, განვითარების მცირე დონე მაინც გააჩნდათ. «შავი მონღოლები» ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში ბინადრობდნენ და მესაქონლეობას მისდევდნენ. განვითარების მხრივ, ყველაზე დაბლა იდგნენ დაქსაქსული, «ველური მონღოლები». ისინი მონღოლეთის ჩრდილოეთის მთიანეთში მომთაბარეობდნენ და მართლაც თითქმის ველურად ცხოვრობდნენ. სწორედ ჩრდილოელი «ველური მონღოლების» ტაიჩიუდთა ტომის, ბორჯიგინის გვარის შვილი იყო თემუჩინი, შემდგომში ლეგენდარული სამხედრო ლიდერი ჩინგიზ-ყაენი, რომელიც მონღოლური იმპერიის ფუძემდებელი გახდა.
დაქუცმაცებულ მონღოლურ ტომებს შორის მუდმივი კავშირი არ არსებობდა და მათ შორის ძარცვა-ყაჩაღობა და წვრილ-წვრილი შეტაკებები ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. ჩინგიზ-ყაენს თავიდან ნამდვილად არავინ უწინასწარმეტყველებდა დიდ მომავალს, პირიქით, მთელმა მისმა ახალგაზრდობამ ტანჯვასა და არსებობისთვის ბრძოლაში გაიარა, მას არც ველურ ბორჯიგინის გვარში ჰქონია ლაღი ბავშვობა, რადგან იგი ზოგიერთი ვერსიით, მერკიდების ტომიდან მოტაცებული ქალის, ოელუნის შვილი იყო და საკუთარ ტომშიც არასრულფასოვან წევრად ითვლებოდა. მამის თუ მამობილის სიკვდილის შემდეგ, თემუჩინს უკვე საკუთარ ოჯახშიც კი მოუწია ძალაუფლებისთვის ბრძოლამ. ამ ბრძოლაში თავისი უფროსი ნახევარძმა შეიწირა და ტომში დამნაშავედ იქცა. ტომმა იგი მონად აქცია და წლების განმავლობაში უუფლებო იყო. ტყვეობას თემუჩინმა გაქცევით დააღწია თავი და ძლიერი მონღოლური ტომის კერაიდების ბელადს, უან-ყაენს შეეკედლა. უან-ყაენისა და ბავშვობის ძმადნაფიც ჯამუკას ჩრდილში თემუჩინი მონღოლი ტომების სისხლიან ბრძოლებში ჩაება.
ეს სისხლიანი ტომთაშორისი შეტაკებები დიდი გამოცდილებისა და პოპულარობის მომტანი გამოდგა ახალგაზრდა თემუჩინისთვის. მისი ავტორიტეტი დღითიდღე იზრდებოდა. სახელი გაითქვა როგორც უმამაცესმა მეომარმა და შესანიშნავმა მმართველმა, რითაც მრავალი მომხრე შემოიკრიბა და დაჩრდილა კიდეც თავისი ბავშვობის მეგობრის, სახელოვანი მონღოლი მეომრის, ჯამუკას გავლენა. ამის გამო ყოფილი ძმადნაფიცები მოსისხლე მტრებად იქცნენ. თემუჩინმა ზედიზედ დაამარცხა და დაიმორჩილა ყველა მონღოლური წარმომავლობის ტომი, მათ შორის, ჯამუკას ჩათვლით.
ტომთაშორის შეტაკებებში, რომელიც 20 წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. იხვეწებოდა მომავალი მთავარსარდლის სამხედრო ინტელექტი, ტაქტიკა, სტრატეგია და სამხედრო ხელმძღვანელის ფსიქიკა. ეს გამოცდილება არაერთგზის გამოადგა თემუჩინს შემდგომში მსოფლიოში ალბათ ყველაზე მრისხანე არმიის შექმნაში და მანამდე არნახული სამხედრო კამპანიების ხელმძღვანელობისას.
საბოლოოდ, ყველა ტომმა და გვარმა თემუჩინის ძალაუფლება და უზენაესობა აღიარა. მანამდე უბრალო მეომარი, მცირე გვარის ხელმძღვანელიდან ჯერ სამხედრო მეთაურად იქცა, შემდეგ გაერთიანებული ტომების კოალიციის მთავარსარდლად, საბოლოოდ კი ყველა მონღოლი ტომის ლიდერად.
1206 წელს თემუჩინმა ყველა მონღოლი ტომის ბელადების საერთო სახალხო კრება «ყურულთაი» მოაწყო. «ყურულთაიზე» ყველა ტომის ბელადმა თემუჩინი საერთო ლიდერად აირჩია და მას ყველამ მონღოლთა ყაენი - ჩინგიზ-ყაენი უწოდა. ჩინგიზ-ყაენმა მოსპო ტომობრივი სეპარატისტული სახელწოდებები და ყველა მონღოლური წარმომავლობის ტომს საერთო სახელი - «დიდი მონღოლი ხალხი» ეწოდა. ყველა კანონთან ერთად, «ყურულთაიზე» დადგინდა სამხედრო კანონმდებლობა, მეომრების ვალდებულებები და უფლებები. უკლებლივ ყველა ბრძოლისუნარიანი მონღოლი უმაღლეს ხელისუფლებას დაექვემდებარა. აქედან დაიწყო მონღოლთა არმიის ისტორიაც.
სტეპების მკაცრ პირობებში, «ცხენებზე გაზრდილი» მონღოლებისგან ჩინგიზ-ყაენმა მრისხანე, თუმცა არაპროფესიული არმია შექმნა, რომლის მთავარი ღირსებები გასაოცარი ამტანობა, უსწრაფესი მანევრირება და ყაენის არნახული ერთგულება იყო.
1211 წლიდან მონღოლების პირველი სამიზნე ჩინეთის ტერიტორიები გახდა. აქამდე მონღოლები იმდენად უსუსურ ძალას წარმოადგენდნენ მაშინდელი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე, რომ ჩინგიზ-ყაენის რეფორმებმა და მონღოლური ტომების გაერთიანებამ არანაირი ყურადღება არ მიიქცია და შესაბამისად, ვერც მომზადებული დახვდნენ მეზობელი ჩინელებიც კი, რომელთა რიცხვი, ზოგიერთი ცნობით, 60 მილიონს აღემატებოდა. ჩინეთი რამდენიმე, თუმცა მეტად ძლიერ სამეფოდ იყო დაშლილი. მათგან უმთავრესი და უდიდესი იყო ჯურჯენთა სამეფო. ჩინეთი, როგორც მაღალგანვითარებული კულტურის ქვეყანა, მაშინდელი მსოფლიოს ვაჭრობაშიც იყო ჩართული და მრავალ სამეცნიერო მიღწევასთან ერთად, უდიდეს ფინანსებსაც ფლობდა. ამიტომ, ჩინეთის დაპყრობა ჩინგიზ-ყაენისთვის ყველაზე გაბედულ გეგმას და უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა დიდი დაპყრობების დაწყების წინ.
მონღოლურმა ჯარებმა უსწრაფესად გადალახეს გობის უდაბნო, ჩინეთის დიდი კედელი და მის ტერიტორიებზე შეიჭრნენ. სტეპის მეომრებმა უპრობლემოდ დაამარცხეს ჩინური არმიები ბრძოლის ველზე და მათ ციხე-ქალაქებს მიადგნენ. მონღოლური ჯარების სისუსტეები პირველივე ციხესიმაგრესთან გამოჩნდა. მონღოლი ცხენოსნები, რომელთა უმთავრესი ღირსება სისწრაფე და მოულოდნელობა იყო, უძლური აღმოჩნდნენ არათუ მძლავრი ციხესიმაგრეების, არამედ უბრალო ფორტიფიკაციის წინააღმდეგაც, რადგან არც გამოცდილება ჰქონდათ და არც საჭირო საალყო ტექნიკა გააჩნდათ.
ჩინგიზ-ყაენის გენიალურობა აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ბრძოლისუუნარო მოსახლეობას ციხე-გალავანში შეღწევას აცდიდა, რომელთაც ქალაქებში პანიკა და დეზინფორმაციია შეჰქონდათ. შემდეგ საინჟინრო საქმის უცოდინარი მონღოლები ალყით შემოეწყობოდნენ. მოსახლეობით გადაჭედილ სიმაგრეში სურსათის მარაგი მალევე ილეოდა და დამშეული მოსახლეობა ქალაქის ჭიშკარს თავადვე აღებდა. ანდა, მოჩვენებითი იერიშის შემდეგ, თითქოსდა ბრძოლას წყვეტდნენ და რამდენიმე დღის სავალზე უკან იხევდნენ. როცა მტრის უკუქცევას დაიჯერებდნენ და ყურადღება მოდუნდებოდა, მონღოლები გასაოცარი სისწრაფით ბრუნდებოდნენ უკან და დაბნეულ ციხიონს ადვილად სძლევდნენ.
1219 წელს მონღოლებს უკვე დაპყრობილი ჰქონდათ თანამედროვე ჩინეთის უდიდესი ნაწილი. ველური მონღოლი ტომები უმდიდრეს იმპერიად იქცნენ. მათ ხელში დიდი სიმდიდრე და საერთაშორისო საქარავნე გზები აღმოჩნდა. თუმცა, მონღოლებისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ საუკუნეთა განმავლობაში დახვეწილი ჩინური სამხედრო ხელოვნება და სამხედრო საინჟინრო ცოდნა მიითვისეს. ჩინგიზ-ყაენს ერთგული და ამტანი, მაგრამ არაპროფესიონალი ჯარისკაცები ჰყავდა. გონიერი სარდალი თავისი ჯარის სისუსტეებს კარგად ხედავდა. მონღოლებს მხოლოდ სამი რამ: ბრძოლა, ნადირობა და მწყემსვა შეეძლოთ. ამიტომ დაპყრობითი ბრძოლების დროს ჩინგიზ-ყაენი ტყვეებსა და მოსახლეობაში ეძებდა და აგროვებდა პროფესიონალებს. შედეგად, მან თავის სამხედრო სისტემაში ჩააბა ათასობით ჩინელი სამხედრო პროფესიონალი, ინჟინერი, სამხედრო ექიმი, ადმინისტრატორი, საალყო საქმისა და სამხედრო არქიტექტურის სპეციალისტი. სტეპების მეომრების ტაქტიკა ჩინურ სამხედრო ინტელექტსა და სამეცნიერო მიღწევებს შეერწყა. შეიქმნა მანამდე არნახული შეიარაღებული ჯარები, რომლებიც მაშინდელ მსოფლიოს რისხვად მოევლინნენ.
თემუჩინს არ გაუვლია არანაირი სამხედრო სწავლება. არასოდეს უწარმოებია ფართო მასშტაბის სამხედრო კამპანიები. მხოლოდ ზერელე წარმოდგენა თუ ექნებოდა მაშინდელ სამხედრო ტექნიკურ სიახლეებზე, შეიარაღების სისტემებზე, ტაქტიკაზე, სტრატეგიასა და საერთოდ, სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებზე. ამიტომაც, მისი სამხედრო რეფორმები დღემდე გაოცებას იწვევს. ველური ბუნების მიუხედავად, ჩინგიზ-ყაენის არმია არ ყოფილა «ველური და მრავალრიცხოვანი ბრბო». მას გასაოცრად აწყობილი სისტემა გააჩნდა. ჩინგიზ-ყაენის შეიარაღებულ ძალებში ორჯერ მოხდა დიდი რეფორმა - მონღოლი ტომების გაერთიანებისას და ჩინეთის დაპყრობის შემდეგ, როცა მონღოლ ტომთა მომთაბარე ტაქტიკას ჩინური სამხედრო ინტელექტი და სამხედრო საინჟინრო ცოდნა დაემატა. ჩინგიზ-ყაენის სამხედრო რეფორმისა და მონღოლი მეომრების შესახებ არაერთი ისტორიული ცნობაა შემონახული. თუმცა, მათ სამხედრო პოტენციალზე უმეტესად ყალბი და დამახინჯებული ცნობები გვაქვს. საკუთარ დამარცხებათა გასამართლებლად, მაშინდელი მსოფლიოს სამხედრო «ექსპერტები» და მემატიანეები მონღოლთა სამხედრო წარმატებებს მათ ველურ თვისებებსა და უპირველესად მრავალრიცხოვნებას მიაწერდნენ. არადა, თანამედროვე სამხედრო გამოკვლევებით ირკვევა, რომ მონღოლებს ნამდვილად არ ჰყოლიათ ასტრონომიული რაოდენობის არმიები და მათი წარმატება ბევრ სხვა ფაქტორზე იყო დამოკიდებული.
პირველი, რაც ჩინგიზ-ყაენმა დანერგა, ყველა ბრძოლისუნარიანი მონღოლის გაერთიანება იყო. 15-დან 60-წლამდე ყოველი ბრძოლისუნარიანი მონღოლი სამხედრო ტაქტიკურ ერთეულებში ათიათასიან სამხედრო შენაერთში, დუმნებში გადანაწილდა. დუმნები ათასეულებად - მინგანებად იყოფოდა. მინგანები ასეულებად - ძაგუნებად, ხოლო ძაგუნები ათეულებად - არბანებად. ყველა დუმნის განუყოფელი ნაწილი იყო სამხედრო სპეციალისტებისა და სამხედრო ინჟინრების ქვეგანაყოფი და ჩინელი ექიმების კორპუსი. არბანების, ძაგუნების, მინგანების მეთაურებს მეომრები კენჭისყრით ირჩევდნენ, ხოლო ათიათასიანი დუმნების მეთაურებს უმაღლესი კრება - «ყურულთაი» ნიშნავდა. დუმნის მეთაურებს, სხვა ღირსებებთან ერთად, აუცილებლად ყველა საფეხური უნდა ჰქონოდათ გავლილი. ჩინგიზ-ყაენი წარმომავლობის მიუხედავად ყველა ნიჭიერ მონღოლ მეომარს უხსნიდა გზას უმაღლესი სარდლობისკენ. ჯარში უმკაცრესი დისციპლინა დამკვიდრდა, თუ ათეულიდან ერთი მეომარი სამარცხვინოდ გამოიქცეოდა ან ტყვედ ჩავარდებოდა და მას თანამებრძოლები მიატოვებდნენ, მთელი ათეული ანუ არბანი ისჯებოდა სიკვდილით. დეზერტირებთან ერთად სიკვდილით ისჯებოდნენ ხარბებიც. ყველა მებრძოლი და მეთაურიც ვალდებული იყო, უმცირესი ნადავლიც კი გამოეჩინა. მთლიანი ნადავლი ისე იყოფოდა, როგორც სტეპებში ნადირობის შემდეგ. საკუთარ წილს ყველა ლაშქრობის შემდეგ იღებდნენ ბრძოლაში დაღუპული მონღოლი მებრძოლების ოჯახებიც. ეს სიახლე მონღოლთა შემართებას საგრძნობლად ზრდიდა, რადგან მონღოლური კანონმდებლობა მათი სიკვდილის შემდეგაც ზრუნავდა ოჯახებზე.
შორეულ ლაშქრობებს მონღოლებს განსაკუთრებულად უდგებოდნენ. იმ დროის არმიები შორეულ ექსპედიციებში გრძელ სალაშქრო კოლონებად მოძრაობდნენ, თან დაჰქონდათ უზარმაზარი საფურაჟე მარაგი, საალყო ტექნიკა და ჯარისთვის საჭირო სხვა აღალი. დაბანაკებას, საკვების მომზადებასა და შესვენებას დიდი დრო მიჰქონდა, ამიტომ არმიები ნელა მოძრაობდნენ. ხმაურისა და ათასობით ანთებული კოცონის გამოც, მოწინააღმდეგის დაზვერვა თითქმის ყოველთვის ასწრებდა ჯარების მომზადებას.
მონღოლები კი ყოველგვარი აღალისა და საფურაჟე მარაგის გარეშე ლაშქრობდნენ. თან მხოლოდ იარაღი და აუცილებელი საგნები ჰქონდათ. საალყო ტექნიკისა და სატყორცნი იარაღების ნაცვლად ჩინელი სამხედრო ინჟინრებისა და სპეციალისტების ჯგუფი დაჰყავდათ და ყველაფერს ადგილზე, უშუალოდ მტრის ციხესიმაგრეებთან აწყობდნენ. მონღოლებს დაჰყავდათ დიდი რაოდენობით სათადარიგო ცხენებიც. მათ გზადაგზა უწყვეტად ასვენებდნენ და იცვლიდნენ. ასეთი მეთოდით ჯარისკაცებს, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოთ 10-15 დღე შეუსვენებლად ემოძრავათ, არ გაჩერებულიყვნენ შესასვენებლად ან საჭმელად და პირდაპირ უნაგირზე დანაყრებულიყვნენ. გზადაგზა არბევდნენ დასახლებულ პუნქტებს, ნადირობდნენ, ხოცავდნენ გადაღლილ ცხენებს და თუ ხორცის ცეცხლზე მოსამზადებლად დრო არ იყო, ხორცის ნაჭრებს უნაგირის ქვეშ ამოდებდნენ და დაბეჟილ ხორცს უმად ჭამდნენ. მონღოლთა მენიუ - დამარილებული და გამომხმარი ხორცისა და რძისა პროდუქტები - იდეალური იყო შორეული ლაშქრობებისთვის.
თუმცა გამოუვალ ვითარებაში ნებისმიერი «მენიუ» მისაღები იყო. მონღოლები ჭამდნენ ყველაფერს, რისი შეჭმა ან დაღეჭვა შეიძლებოდა: ფრინველის კვერცხებს, ავადმყოფ ცხენებს, მკვდარ ცხოველებს, მცენარეთა ფესვებს, ვირთხებსა და თაგვებს, ქვეწარმავლებს. XII საუკუნის მემატიანეები იმასაც წერენ, რომ მონღოლები გამოუვალ სიტუაციაში ადამიანის ხორცსაც «მიირთმევდნენ». ეს ცნობები ალბათ გადაჭარბებულია, თუმცა მათი ფსიქიკიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მონღოლებში კანიბალიზმი სასწაული ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. უწყლო ტერიტორიებზე გადაადგილებისას, უწყლოდ დარჩენილი მონღოლი მეომრებისთვის ცხენის სისხლით წყურვილის მოკვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო. შეიძლება დაუჯერებელად გვეჩვენებოდეს, მაგრამ გამოთვლილია, რომ ერთი ასეთი სწრაფი მარშით მონღოლებს 10 დღეში შეეძლოთ იმხელა მანძილის დაფარვა, რამდენსაც ნებისმიერი სხვა არმია, სულ ცოტა, ორ თვეს მოანდომებდა.
მონღოლთა ტაქტიკა და სტრატეგია იმდენად მრავალფეროვანი იყო, იმდენნაირ ხრიკსა და მოქმედებაზე დამყარებული, რომ მათ წინააღმდეგ მებრძოლი მრავალნაცადი სარდლები ამაოდ იმტვრევდნენ თავს, როგორი წყობით შებრძოლებოდნენ. მონღოლები იმ დროის საუკეთესო მშვილდოსნებიც იყვნენ. ცხენზე გაზრდილებს, რომელთაც მთელი ცხოვრება მშვილდოსნობასა და მომთაბარეობაში გაეტარებინათ, ისრებით ვირთხებსა და ზაზუნებზეც კი უწევდათ ნადირობა (ეს იგივეა, სნაიპერული შაშხანით პეპლებსა და მწერებზე რომ ინადირო). ამიტომ, შეეძლოთ ჭენებისას წუთში 10-12 ისრის გასროლა და მოწინააღმდეგის 120-150 მეტრ მანძილზე დაზიანება.
მონღოლები იყენებდნენ ცრუ უკან დახევებს. უკან დახევისას ცხენებზე გადაწოლილთა მიერ ისრების სროლა მონღოლთა ერთ-ერთი გამორჩეული და სხვებისთვის შეუძლებელი ტრიუკი იყო. ხშირად ჯარის ნაწილი ცრუ უკან დახევას იწყებდა, მოწინაღმდეგე გამოედევნებოდა და ჩასაფრებაში ექცეოდა. ცხენს ამოკრული მონღოლები თავისიანთა ისრების ქვეშ იხევდნენ უკან. ერთდროულად ნასროლი ათასობით ისარი მოწინააღმდეგეს დიდ ზიანს აყენებდა. გადარჩენილთა წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე მონღოლი შუბოსნები ერთვებოდნენ. ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მოწინააღმდეგის ცხენები ბრძოლისუუნარო ხდებოდნენ. მაშინ ცრუ უკანდახეული მონღოლები სამარქაფო, დასვენებულ ცხენებზე გადასხდებოდნენ და უკვე გადაღლილ და დაფანტულ მტერს საბოლოოდ ანადგურებდნენ.
მიმართავდნენ ეშმაკობასაც - ცხენებზე სვამდნენ ათასობით მანეკენს ან ქალებსა და ბავშვებს, უშვებდნენ მოჩვენებით მარშრუტებზე. დაგეგმილ ლაშქრობის მარშრუტს ყველას დასანახავად გაუყვებოდნენ, შუა გზიდან კი მიმართულებას იცვლიდნენ და იმ მხარეს ესხმოდნენ თავს, საიდანაც არავინ ელოდათ. მონღოლთა გამოჩენა უმეტეს შემთხვევაში იმდენად საშინელი მოულოდნელობა იყო, რომ ჯარების მობილიზებასა და ციხესიმაგრეთა გამაგრებას ვერ ასწრებდნენ. ამიტომ იმარჯვებდნენ მონღოლები უმეტესწილად ადვილად. თუ ციხესიმაგრეები უარს იტყოდნენ დამორჩილებაზე და არ დანებდებოდნენ, მაშინ უკვე ალყაზე გადადიოდნენ, ბლოკადისას ანადგურებდნენ ყველა მათ მარაგს და სრულ იზოლაციაში აქცევდნენ. თუ დამშევით ან ფსიქოლოგიური ზეწოლით ციხე არ დანებდებოდა, მაშინ უკვე მასირებულ შტურმს იწყებდნენ. ჩინელთა წყალობით, მონღოლთა არმია იყენებდა საალყო კოშკებს, ტარანებს, კატაპულტებს, მძლავრი ტრებუშეებს. ჯერ გალავნებს სატყორცნი იარაღები ამუშავებდა ლოდებით, დიდი ისრებით, ცეცხლგამჩენი თიხის «ჭურვებით» (მასში ცხოველის ცხიმი, ფისი და სხვა აალებადი მასალა იყო), შემდეგ კი შტურმი რამდენიმე მხრიდან ერთდროულად იწყებოდა. წინა «ფარად» ადგილობრივ დატყვევებულ მოსახლეობას აყენებდნენ. ისინი მონღოლებს ისრებისა და სხვა იარაღისგან იფარავდნენ, ამასთან ერთად, მათი გვამები მიწაყრილებსაც ავსებდნენ. ჩინგიზ-ყაენის ბრძანებით, ურჩი და დიდი წინააღმდეგობის გამწევი ციხე-ქალაქები სასტიკად ისჯებოდნენ. ყველა ბრძოლისუნარიანს ხოცავდნენ, ქალებსა და ბავშვებს ატყვევებდნენ, ნებისმიერი საქმის პროფესიონალსა და ხელოსანს კი ურდოში აგზავნიდნენ.
თუმცა მონღოლებს რამე განსაკუთრებული იარაღი არ ჰქონიათ. შეიძლება ითქვას, რომ მათი შეიარაღების დონე ხშირად ჩამოუვარდებოდა კიდეც მოწინააღმდეგისას. ჩინეთში სამხედრო კამპანიამდე ხომ მათ შეიარაღებაში ძვლის ბუნიკიანი ისრები, ხის ფარები და ტყავის აბჯრები შედიოდა. მართალია, ჩინელთა დამორჩილების შემდეგ მათ არსენალში ფოლადის მახვილები, აბჯრები და საჭურველიც გაჩნდა, მაგრამ მძიმე აღჭურვილობა მონღოლებში ვერ დამკვიდრდა, აბჯრები მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის მეთაურებს, ან ყაენებსა და ყურულთაის დაცვის წევრებს ემოსათ. მონღოლებს უჭირდათ ფარიკაობა და ხმალთაკვეთება, სუსტები იყვნენ ქვეითად ბრძოლაში, ამიტომ ყოველთვის ცდილობდნენ, მოწინააღმდეგესთან დისტანციურად, ცხენზე ამხედრებულებს ებრძოლათ. მათი საყვარელი ტაქტიკა იყო - «ესროლე და გაიქეცი». მონღოლ მეომართა მთავარი ღირსება გასაოცარი ამტანობა და «უპრეტენზიობა» იყო. სტეპების მომთაბარეობაში «ცხენზე გაზრდილ» მონღოლებს სხვებზე ნაკლებად ან საერთოდ არ აწუხებდათ სიცხე და სიცივე, წყურვილი და შიმშილი, რამე დისკომფორტი და ჰიგიენის პრობლემები. ლაშქრობა მათთვის იდეალური გარემო და ახალი სიმდიდრის დაგროვების შანსი იყო. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მონღოლებზე უფრო ერთგული, მრისხანე და ამტანი მებრძოლები.
ველურმა მონღოლებმა 25 წელიწადში იმაზე მეტი ტერიტორია დაიპყრეს, ვიდრე სახელოვანმა რომაულმა არმიამ ოთხ საუკუნეში.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)