ნაწილი პირველი.
თიანეთიცნობილია, რომ სახელწოდება ,,თიანეთი“ ორი მნიშვნელობით იხმარება: იგი ერთ შემთხვევაში აღნიშნავს გეოგრაფიულ მხარეს, მეორე შემთხვევაში _ დაახლოებული პუნქტის სახელწოდებას. დაბა ტყიანი გორებით შემოსაზღვრულ მხარეში მდებარეობს, ამიტომ თავიდან „მთიანეთი“ერქვა, დროთა ვითარებაში პირველი ასო „მ“ დაიკარგა და მივიღეთ ტოპონიმი „თიანეთი“.
ერწო-თიანეთი მთაგორიანი გეოგრაფიული რეგიონია და სწორედ ეს გეოგრაფიული გარემო უნდა ჩაითვალოს იმის წინაპირობად, რომ აქ ადამიანთა საზოგადოების ისტორია შორეული წარსულიდან იწყება. ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია, რომ: „ვახტანგ გორგასალი თავისი სპით მიადგა მთიანეთს“; „ბაგრატ მეფე დადგა მთიანეთს“; „ბაგრატ IV გარდავიდა მთიანეთს“; „თეიმურაზ პირველი იდგა მთიანეთს“.
თიანეთი უძველესი და დიდი ისტორიის მქონე რაიონი რომ არის, ამას ივრის ხეობაში არსებული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლები მოწმობს. შედარებით ადრინდელი ძეგლებიდან შეიძლება გამოიყოს სიონის და ჟალეთის სამნავიანი ბაზილიკები, რომლებიც შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვან ძეგლებს წარმოადგენენ.
სიონის ეკლესია ქართული არქიტექტურის განვითარების ადრეულ ეტაპს მიეკუთვნება; ჟალეთის ბაზილიკა, რომელიც თბილისიდან თიანეთში მომავალი გზის ახლოს მდებარეობს, ისტორიკოსების აზრით, IX საუკუნეშია აგებული.
სოფელ ნადოკრასთან მდებარეობს მეფე არჩილ მეორის მიერ აგებული მონასტერი, რომელიც ისტორიაში ცნობილია წამებული მეფის სახელით: იგი არაბებმა აწამეს და თავი მოჰკვეთეს იმისათვის, რომ საკუთარ სარწმუნოებას და ეროვნებას არ უღალატა. მაშინდელმა ქართველმა მამულიშვილებმა მოიპარეს გმირი მეფის გვამი და სოფ. ნადოკრაში, არჩილისავე აგებულ მონასტერში დაკრძალეს. ეს ეკლესია დათარიღებულია VIII საუკუნით.
X საუკუნეს მიეკუთვნება ცხრაკარას ისტორიულ ნაგებობათა ნაშთები. როდესაც საქართველოს სამეფო სამთავრობოდ დაიყო, „ცხრაკარა“, იგივე „ბოდოჯის ციხე“, მნიშვნელოვანი ობიექტი გახდა. იგი ცნობილი იყო კახთა მეფის სასახლედ, „ბოდოჯის სასახლედ“, რომელიც კახთა მეფეს _ კვირიკე III-ს აუშენებია X საუკუნეში.
სოფ. ჯიჯეთში მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი ადრეული ხანის ისტორიული ძეგლი _ ციხე-ქალაქის ნაშთი, რომლის ანსამბლი ვერხველის ხეობაზეც ვრცელდება. იგი თავისი არქიტექტურული სტილით ანტიკური ხანის ნიშნებსაც ამჟღავნებს. ამ მიდამოებში ნაპოვნია ბრინჯაოს ნივთები და წარმართული რელიგიური კულტის გამოსახულება, რომელიც ამჟამად თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.
სოფ. დულუზაურების მახლობლად, მდ. ივრის მარცხენა სანაპიროზე შემორჩენილია ციხის ნაშთები „არხალის ციხის“ სახელწოდებით, რომელიც განვითარებულ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება.
სოფ. არტანში, ყოფილ სოფელ ოჩანის მიდამოებში, დიდი თავდაცვითი ნაგებობის _ „ოჩანის ციხის“ ნაშთებია შემორჩენილი, რომელიც ძნელბედობის დროს საიმედო თავდაცვითი საშუალება ყოფილა კახთა მეფეთათვის.
აღსანიშნავია მეფე ლაშა-გიორგის ურთიერთობა ერწო-თიანეთთან, ამას ადასტურებს ვ. ბატონიშვილის სარწმუნო ცნობა: „აქ ფშავს შინა არს ეკლესია მეფის ლაშასგან აღშენებული, რომელის შინა არის მრავალნი ხატნი ჯუარნი ოქრო ვერცხლისანი, ჭურჭელნი წიგნნი და უწოდებენ ლაშარის ჯუარსა და აქუთ სასოება მათ ზედა ფრიად, რამეთუ ვერცა ფშავი და ვერცა ხევსური, უკეთუ იშოვნოს ოქრო ან ვერცხლი ვერარად იხმარებს თავისად., არამედ მიუძღვნის ლაშარის ჯუარსა“. როგორც ამ ნათქვამიდან ჩანს, ფშავ-ხევსურები ლაშას მიერ აშენებულ ეკლესიას დიდი პატივისცემით ეპყრობიან, რადგან ლაშა-გიორგი მათი მფარველიც იყო გასაჭირის დროს. მადლიერმა ხალხმა თავის რელიგიურ მთავარ დღესასწაულს, მიძღვნილს წმინდა გიორგისადმი, მეფე ლაშა-გიორგის პატივსაცემად „ლაშარობა“ უწოდა, რომელიც დღემდე აღინიშნება და სახალხო დღესასწაულად ითვლება.
საისტორიო წყაროებიდან ჩანს, რომ ლაშა გიორგის მეუღლე დედოფალი სუსანა, რომელსაც არ ცნობდნენ მეფის კანონიერ მეუღლედ, ნამდვილად თიანეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, იმ ადგილზე, სადაც ამჟამად ლაშარის ჯვარია.
ლაშა-გიორგის შვილი დავითი დაიბადა და იზრდებოდა თიანეთში, რომელიც გარკვეულწილად მისი სამშობლო იყო. იგი შემდეგში საქართველოს მეფე გახდა დავით ულუს სახელწოდებით.
ლაშა-გიოგის პერიოდში აგებულია ბოდავ-ფუძნარის შესანიშნავი არქიტექტურული საეკლესიო ნაგებობა, რომელიც მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი არქიტექტურული სტილით და მონუმენტურობით.
შუასაუკუნეებში ერწო-თიანეთში მოსახლეობის მეტი ნაწილი ფერდობებზე და დაბლობებზე ცხოვრებას ამჯობინებდა. დაბლობებზე შენდებოდა ეკლესია-მონასტრებიც, რადგან თავდაცვისათვის უკეთესი პირობები ჰქონდათ.