1933 წელი გალაქტიონისთვის ბედნიერი აღმოჩნდა. რეპრესირებული ნათესავებისა და საეჭვო ლექსების მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებამ მას სახალხო პოეტის წოდება მიანიჭა და პერსონალური პენსია დაუნიშნა. ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ოპერის თეატრში გალაკტიონის საღამო ჩატარდა. იმავე წელს გადასახლებიდან ოლღა გაათავისუფლეს. ცოლ-ქმარმა ახალმოსახლეობა ერთად იზეიმა. სახალხო პოეტმა 1935 წელს მარჯანიშვილის ოთხ ნომერში, მეორე სართულზე, სამოთახიანი ბინა მიიღო. 1936 წელს იგი უკვე ლენინის ორდენოსანი ხდება. კომუნისტები გალაკტიონს ეფერებოდნენ. საქართველოში იგი ერთადერთი პოეტი იყო, რომელსაც გულზე ოქროს ლენინი უბრწყინავდა.
სახალხო პოეტის წოდება გალაკტიონს საკუთარი მრწამსის დათმობის ფასად დაუჯდა. სიმბოლიზმში ბრალდების საპასუხოდ, გალაკტიონი "ლურჯა ცხენებზე", "მთაწმინდის მთვარეზე" და სხვა შედევრებზე უარს ამბობს. პოეტი ამ ლექსებს მივიწყებულს და უარყოფილს უწოდებს. მგოსანს რეალური ბუნება მუდმივად დაფარული ჰქონდა. იგი კონფლიქტებს ერიდებოდა, ყველას ეთანხმებოდა და კამათს გაურბოდა.
გალაკტიონის კვლევის ცენტრის დირექტორი თემურ დოიაშვილი მიიჩნევს, რომ დროის შესაბამისად წერა, პოეტის მხრიდან იძულებითი ნაბიჯი იყო ფიზიკური გადარჩენისთვის:
"გალაკტიონს სურდა ეს თუ არა, ფაქტიურად უარის თქმა მოუხდა თავის ძირითად პრინციპებზე. კერძოდ: უმაღლესი იდეალების ნაცვლად, ის იძულებული იყო სოციალიზმის იდეალები ექადაგა. თავისუფლების მაგივრად ეწერა ტირანის განმადიდებელი ლექსები, წმინდა პოეზიის საფუძვლების ნაცვლად სოც-რეალიზმის შესახებ ესაუბრა. რასაკვირველია, დიდწილად ეს იყო იძულებითი აქტი, მაგრამ ისეთი ფაქტიზი სულიერი წყობის ადამიანისთვის, როგორიც გალაკტიონი იყო ეს დიდ შინაგან კრიზისს ნიშნავდა და ეს კრიზისი დადასტურებული არის კიდეც მის ჩანაწერებში".
მოჩვენებითი კეთილდღეობა 1937 წელს დაირღვა. საბჭოთა კავშირში დაწყებულ ტოტალურ რეპრესიებს, ვერც ტაბიძის ოჯახი გადაურჩა. 1937 წლის იანვარში ოლღა ოკუჯავა დააპატიმრეს. მეუღლის დაპატიმრების შემდეგ, გალაკტიონი საკუთარ ბინაში ვეღარ ჩერდებოდა. სამი კვირის განმავლობაში იგი ღამეს სახლში საერთოდ არ ათევდა. დიდი ხნის განმავლობაში გალაკტიონმა თავისი მეუღლის ბედის შესახებ არაფერი იცოდა. მისგან ბოლო წერილი პოეტმა 1941 წლის 30 აგვისტოს მიიღო. სახალხო პოეტის მეუღლე ხალხის მტრად გამოაცხადეს და ორიოლის ციხეში დახვრიტეს. 1937 წლის რეპრესიებზე გალაკტიონმა შემდეგი ლექსი დაწერა:
არვინ გაცმევს ჯვარზე, მხოლოდ იმის გამო,
რომ არ იცი მარქსი, რომ არ იცი კამო.
ვის არ უყვარს ღელე და ლაჟვარდის ღამე,
მხოლოდ სისულელე არ წამოგცდეს რამე.
1943 წელს გალაკტიონი კვლავ დაოჯახდა. მისი რჩეული ნინო კვირიკაძე იყო. მეორე მეუღლესთან პოეტს საერთო ბედი აკავშირებდა. 1937 წელს გალაკტიონმა ცოლი დაკარგა, კვირიკაძეს კი ქმარი დაუხვრიტეს. სიცოცხლის უკანასკნელი 17 წელი გალაკტიონმა სწორედ ნინოსთან გაატარა.
გალაკტიონმა საკუთარი გენიალობა კარგად იცოდა, მაგრამ სხვა პოეტებთან უპირატესობის დამტკიცებას მაინც ყოველდღე ცდილობდა. კითხვაზე, თუ ვინ იყო საქართველოში მეორე პოეტი, გალაკტიონმა უპასუხა - "ხომ არ აჯობებდა მეოთხით დაგვეწყო?"
ერთ-ერთი შედევრი ქებათა ქება ნიკორწმინდას, პოეტმა ტაძრის უნახავად დაწერა. 1947 წელს შოვში ყოფნისას, ნიკორწმინდელ დურგალს დაუახლოვდა, რომელმაც ეკლესია დეტალურად აღუწერა. გალაკტიონის გენიამ მონაყოლი ლექსად აქცია.
აქ რომ თაღებია, სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია სიზმრის გეგონება,
ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო სვეტი ნიკორწმინდა!
პოპულარობა მას ბავშვივით უხაროდა, თუმცა ამავე დროს, როდესაც ყურადღების ცენტრში ექცეოდა იბნეოდა, წითლდებოდა და აღელვებისგან წვერზე ხელს ისმევდა. თავისი სახელის უკვდავყოფას იგი სიცოცხლეშივე ცდილობდა. დაბადების 50 წლის იუბილეზე გალაკტიონმა მთავრობას 7 პუნქტიანი წერილი გაუგზავნა. სახალხო პოეტი ითხოვდა ქალაქ სამტრედიის საგალაკტიონოდ გადაკეთებას, სიცოცხლეშივე ძეგლის დადგმას, თბილისში ერთ-ერთი თვალსაჩინო ქუჩისთვის და მტკვრის მარცხენა სანაპიროსთვის გალაკტიონის სახელის მინიჭებას.
--------------------------
2000 წლის ივნისში საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გალაკტიონს თვითმკვლელობის ცოდვა შეუნდო, როგორც საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვის ლოგიკური შედეგი. მისი საფლავი თავად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
http://georgianpress.ge/com/news/view/19092?lang=1-----------------------------------------------
მაიკოვვსკის და გალაქტიონს უარი რომ ეთქვათ კომუნისტებთან თანამშრომლობაზე , ეს იქნებოდა გმირობა.
მათი მთავარი ცოდვა ის იყო რომ ვერ მიხვდნენ ანტიქრისტე ლენინის გავლენის ქვეშ რომ მოექცნენ.
თუ მიხვდნენ მაშინ ლექსები უნდა დაეწერათ იმ ბოროტებაზე, რასაც კომუნისტები სჩადიოდნენ და თვითმკვლელობაც არ დასჭირდებოდათ.
This post has been edited by temart on 10 Jun 2019, 10:06