დრო ყველაფრის მკურნალიაო ნათქვამია და ისეთი პირი უჩანს, ჩვენც მოგვიშუშა აფხაზეთის და ცხინვალის დაკარგვის ჭრილობა.აფხაზეთში არასდროს ვყოფილვარ. ცხინვალში - ბავშვობაში; შესაბამისად, არ მახსოვს. ამიტომ არანაირი პირადი დამოკიდებულება ამ ორი რეგიონის მიმართ არ მაქვს. არც მიყვარს, არც პირიქით.
თუმცა, ამ რეგიონების მნიშვნელობა მათ მიმართ კონკრეტულ ადამიანთა პირადი დამოკიდებულებით არ განისაზღვრება. მათი საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ყოფნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მე ან სხვა ვინმეს პირადად მოსწონს თუ არ მოსწონს, აინტერესებს თუ არ აინტერესებს, ღელავს თუ არ ღელავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებზე.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო პერიოდში ჩემი აზრით იზრდება აფხაზეთის და ცხინვალის მიმართ ადამიანთა გულგრილობა. თითქოს საზოგადოება ცდილობს დააიგნოროს და დაივიწყოს ამ რეგიონების პრობლემა.
არადა რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება ამ რეგიონების საქართველოს ფარგლებში დაბრუნების და საქართველოს გაერთიანების მნიშვნელობა. საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემები და გამოწვევები ყოველდღე უფრო მრავლდება - ჩვენ კი ამ გამოწვევებს სახელმწიფოებრივად დანგრეულები და დასუსტებულები ვხვდებით.
ყოფნა-არყოფნაუპირველესად, ცხინვალის და აფხაზეთის ოკუპაცია საფრთხეს უქმნის მთლიანად საქართველოს როგორც პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ერთეულის არსებობას. გაიხსენეთ 2008 წელი და 1 დღეში საქართველოს ფაქტობრივი ოკუპაცია და განიარაღება რუსეთის მიერ - დაკავებული ზუგდიდი და გადაკეტილი მაგისტრალი გორში. ფაქტობრივად წელში გაწყვიტეს ქვეყანა სულ რამდენიმე საათში - სწორედ იმის გამო, რომ რუსები აქტიურად დგანან აფხაზეთსა და ცხინვალში.
ეკონომიკა/ფული/შესაძლებლობათუ გავცდებით არსებობა-არარსებობის საკითხს, ცხინვალის და აფხაზეთის მნიშვნელობა ძალიან დიდია საქართველოს როგორც ერთიანი სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობისთვისაც. საქართველოს ერთიანი ტერიტორიიდან ხელოვნურად ამოგლეჯილი ტერიტორიული ერთეულები მნიშვნელოვნად აბრკოლებენ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის განვითარებას:
- აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობა ის ბაზარია, რომელიც საქართველოს ეკონომიკას უნდა ემსახურებოდეს. მათი ოკუპირებით კი ამ რეგიონების ბაზრების მსყიდველუნარიანობა ვერ ემსახურება საქართველოს, ანუ მათი ეკონომიკური აქტივობა აკლდება საქართველოს ეკონომიკას.
- სახელმწიფოს ბიუჯეტს აკლდება გადასახადები, რომლებიც აიკრიფებოდა ამ ტერიტორიის მოსახლეობისგან, ამ ტერიტორიაზე მოქმედი ეკონომიკური სუბიექტებისგან.
- რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნა ამ ორ რეგიონში არასანდოს ხდის ეკონომიკას მსხვილი ინვესტიციებისთვის დანარჩენ საქართველოშიც, განსაკუთრებით კი ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს.
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი მოსახლეობის პრობლემები მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს ბიუჯეტს/ეკონომიკას ათეულობით წლების განმავლობაში.
მენტალური სიჯანსაღეამ ტერიტორიების ოკუპაცია მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია ქვეყნის მოსახლეობისთვის. დღევანდელი საშუალოსტატისტიკური ქართველის ფსიქოტიპი დამარცხებული და დაჩაგრული ადამიანის ფსიქოტიპია, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე დათრგუნეს და შეავიწროვეს. ჩვენ დამარცხებულები ვართ და ამ ფსიქოლოგიური ტვირთით ვცხოვრობთ უკვე რამდენიმე ათეული წელია.
საქართველოს გაერთიანება/ერთიანობა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით მოქალაქეთა კეთილსინდისიერ და შრომისმოყვარე ნაწილს, რომ უფრო მეტად გააქტიურდეს სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სახელოვნებო და სხვა მიმართულებებში - საერთო ჯამში ეს გააძლიერებს ქვეყანას, გაზრდის მის ეკონომიკას, არსებითად შეცვლის ქართველი ადამიანის ბედნიერების მაჩვენებელს ქვეყანაში.
ამიტომ, და კიდევ ბევრი სხვა აქ არმოყვანილი მიზეზის გამო, აუცილებელია ამ ტერიტორიების დაბრუნება ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. თუ ჩვენ გვინდა ძლიერ სახელმწიფოდ შევდგეთ ოდესმე, აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნებას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს.
თუ ადამიანურად გვეზარება ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრი, იქნებ მათი დაბრუნების ეკონომიკური მნიშვნელობის გააზრებით მაინც მივიდეთ ამ მიმართულებით მოქალაქეთა აზრის კონსოლიდაციისკენ და გააქტიურებისკენ? ტყუილია იმაზე ფიქრი, თითქოს ამ ტერიტორიების გარეშეც შეძლებს საქართველო ერთიანი ქვეყნის შექმნას - ეს შეუძლებელია სწორედ ზემოთ მოყვანილი პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორების გამო.
ჯიმი ლევიამ ფორუმსაც აქვს პასუხისმგებლობა ამ თემის გააქტიურებაში. ამიტომ ვთხოვ მოდერაციას, ეს თემა აპინოს - რათა აქ შემოსულ ყველა იუზერს გაახსენდეს აფხაზეთის და ცხინვალის არსებობა, უფრო მეტი იფიქრონ ამ საკითხზე და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიზარდოთ ყველა ერთად და გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით. დასაწყისისთვის კი ისიც კმარა, რომ ეს თემა აიპინოს და ამ თემაში მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის თავმოყრა - იქნება ეს ნიუსები, ექსპერტთა მოსაზრებები თუ რიგითი ფორუმელების აზრები.
გავიცნოთ საქართველოს რეგიონები უკეთესად, ვიფიქროთ მეტი მათზე, გავხადოთ ისინი უფრო ახლობელი და ცნობადი ჩვენთვის. ნუ გავიუცხოვებთ და ნუ დავაიგნორებთ იმას, რაც ჩვენია. ნუ შეგვეშინდება მტრის. სამყაროში მუდმივი არაფერია. შესაძლებლობები და სიტუაციები მუდმივად იცვლება. მტერი აუცილებლად დასუსტდება - და ჩვენ ამ დროს მზად უნდა დავხვდეთ. მზაობაში სამხედრო მზაობა არ იგულისხმება მაინცდამაინც. მზად უნდა ვიყოთ იმით, რომ ჩვენად მიგვაჩნდეს ეს ტერიტორიები და ახლობელი იყოს ამ რეგიონების საკითხები ჩვენთვის.ამასობაში ცხინვალში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება - სავარაუდოდ იცვლება დე-ფაქტო პრეზიდენტი. ჩვენ კი არაფერი ვიცით ამ სავარაუდო ახალ დე-ფაქტო ხელმძღვანელზე.
http://www.interpressnews.ge/ge/konfliqteb...-imarjvebs.html”ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი იმარჯვებს, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბელა პლიევას განცხადებით, ანატოლი ბიბილოვმა „არჩევნებში“ მონაწილეთა ხმების 57,98 % მიიღო, ხოლო ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა - 30%.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ხუთ დღეში გამოქვეყნდება.”
This post has been edited by ინაველ on 10 Apr 2017, 16:11