მარტვილის "მერანი" გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში აღზევების ერთ-ერთ უპირობო კანდიდატად მიიჩნეოდა და პირნათლად ამტკიცებდა ამ სტატუსს ჩემპიონატის მიწურულამდე, რადგან მეოთხე წრემდე "მერანი" სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი იყო და კონკურენტებს დამაჯერებლად უსწრებდა.
თუმცა ჩემპიონატის ბოლოს მოხდა ისე, რომ "მერანმა" პირველობა ვერ შეინარჩუნა და პლეი ოფის ორრაუნდიან მატჩში ფოთის "კოლხეთთან" დაკარგა ეროვნულ ლიგაში აღზევების შანსი.
თუ რატომ ვერ მიაღწია "მერანმა" დასახულ მიზანს, რა გეგმები აქვთ კლუბში და რა მიზანი ექნებათ ახალ სეზონში, ამ თემებზე სასაუბროდ "ლელო" კლუბის დამაარსებელსა და პრეზიდენტს, ფრიდონ ინჯიას დაუკავშირდა, რომელიც წლებია ჭყონდიდურ გუნდს პატრონობს საკუთარი სახსრებით და მიუხედავად ეროვნულ ჩემპიონატში არსებული მრავალი წინააღმდეგობისა და სხვა პრობლემებისა, "მერანზე" ხელი არ ჩაუქნევია, სულ უფრო მეტს აკეთებს მარტვილური გუნდისთვის და, ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის...
- ბატონო ფრიდონ, წინა სეზონში "მერანი" უმაღლეს ლიგაში აღზევების ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნეოდა. როგორ ფიქრობთ, რა დააკლდა თქვენს კლუბს ამ ამოცანის შესასრულებლად?
- ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს მიზანი განხორციელებულიყო. ვფიქრობ, უფრო სხვა გარემოებებმა იქონია ამაზე გავლენა.
მართალია, ახლა ვერაფერს შევცვლით, მაგრამ იმ რეალობაზე, რაზეც ახლა ვისაუბრებ, თუ ყურადღება დროულად არ იქნება გამახვილებული, ახალ სეზონშიც წარმოიქმნება ასეთი პრობლემები, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანდა, რომ ჩვენს კონკურენტებს გზა ხსნილი ჰქონდათ და რამდენიმე თამაში უბრძოლველად დაუთმეს მეტოქეებმა.
იყო შემთხვევა, როცა სარეზერვო გუნდითაც ეთამაშნენ და ამ კუთხით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ცალკე თემაა მიკერძოებული მსაჯობა. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ იყო რამდენიმე თამაში, სადაც აშკარად იგრძნობოდა მიკერძოება.
საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა ამდენ წნეხს ვერ გაუძლო. გარდამავალ ჩემპიონატში 9 ქულა უსამართლოდ დაგვაკლეს, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. დღესაც არ არის ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული და მაშინ ნულიდან მოგვიწია ჩემპიონატის დაწყებამ.
ამ ამბის შემდეგ არცერთი გუნდი არ დაუჯარიმებიათ. მებადება სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა - ანუ, არც ერთი თამაში არ ყოფილა საეჭვო? და არცერთ თამაშზე არ ჰქონიათ კითხვის ნიშანი?
მიუხედავად ამისა, რეალური შანსი გვქონდა პლეი ოფით გავსულიყავით უმაღლეს ლიგაში და მეტოქემ თავადვე აღიარა, რომ ორივე მატჩში ვაჯობეთ, მაგრამ შრომასთან, მონდომებასა და ყველაფერთან ერთად, ცოტა საფეხბურთო ფორტუნაც არის საჭირო.
- 2018 წლის ჩემპიონატში "მერანის" მიზანი უცვლელია? რა გეგმები გაქვთ?
- იცით, წარმატება და წარუმატებლობა ფეხბურთისთვის, და ზოგადად სპორტისთვის, თანმდევია. ზოგიერთს ჰგონია, რომ ხელს ჩავიქნევთ და გული აგვიცრუვდება.
მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ 12 წლის შრომა გვაქვს ჩადებული ამ კლუბში. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ არა მგონია დღეს საქართველოში იყოს ისეთი კლუბი, რომლის მფლობელიც პირადი სახსრებიდან ხარჯავდეს თითოეულ თეთრს.
არიან კერძო კლუბები, მაგრამ ისინი მოდიან საწარმოებიდან, რაღაც ფუნდამენტი ჰქონდათ, მაგრამ სახლიდან წამოღებული ფულით არჩენდეს კლუბს, სხვა დღეს არ მეგულება.
ყველამ იცის, რომ აქ არანაირი ფინანსური მოგება არ არის ბიზნესის კუთხით, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულის გამო ვაკეთებ ამას და არც ახლა ვაპირებ ფარ-ხმალის დაყრას... რაც შეეხება მიზანს, რა თქმა უნდა, ეს იქნება უმაღლეს ლიგაში დაბრუნება და უფრო მეტიც - ძალიან შორსმიმავალი გეგმები გვაქვს და ამას აუცილებლად განვახორციელებთ.
იმედი მაქვს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და მისი გუნდი ახალი სეზონიდან უფრო მეტად გააკონტროლებენ ჩემპიონატში არსებულ ვითარებას და შეიცვლება მიდგომა ქართული ფეხბურთის მიმართ სახელმწიფოს მხრიდანაც.
ვგულისხმობ საკანონმდებლო დონეს, სხვა შემთხვევაში, ქართული ფეხბურთი წინ ვერ წავა. მე დიდ პატივს ვცემ ქართულ რაგბის და მორაგბეებს, მათ ძალიან დიდი მიღწევები აქვთ, მაგრამ ნომერ პირველი სპორტი საქართველოში ფეხბურთია და ამ სახეობას მეტი ყურადღება უნდა.
დღეს რაგბი პირველ ადგილზეა შედეგებითაც და მოწყობითაც. რატომ? იმიტომ, რომ ყველანაირი ხელშეწყობა აქვს ბიძინა ივანიშვილისგან, ხელშეწყობა აქვს სახელმწიფოსგან... ამ შემთხვევაში, რაგბისთვის სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილია.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობა. რომ არა ეს ფონდი, მერწმუნეთ, შეიძლებოდა, საქართველოს ჩემპიონატის ჩატარების საკითხიც კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო.
- როგორ ფიქრობთ, ფეხბურთის ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ უკეთესობა შეინიშნება? წინ წავედით თუ ისევ იქ ვართ?
- შორს არ წავსულვართ. მოლოდინი მეტი იყო, როგორც ხელისუფლების მოღვაწეობაში ამ 5 წლის განმავლობაში, ისევე ფედერაციის მიმართ. აუცილებელია მეტი კომუნიკაცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბების პრეზიდენტებს შორის. გასათვალისწინებელია ვეტერანების ხედვები, რადგან მათ ქართული ფეხბურთისთვის მხოლოდ კარგი უნდათ.
- თქვენ "ლელოსთან" წინა ინტერვიუს დროს ახსენეთ სასტუმრო, სადაც იცხოვრებდა "მერანი"? რა ხდება ამ მხრივ?
- ეს საკითხი დღის წესრიგში რჩება. მინდა, რომ გუნდი ერთად იყოს და არა მარტო მთავარ გუნდზეა ლაპარაკი, სამომავლოდ ვაპირებთ, ავაშენოთ ისეთი კომპლექსი, სადაც ასაკობრივი გუნდებიც იცხოვრებენ და კარგი პირობები ექნებათ.
აქვე, მინდა ვთქვა ისიც, რომ ფეხბურთის ფედერაცია დაგვპირდა ცენტრალურ სტადიონზე ხელოვნური საფარის დაგებას და ეს თუ განხორციელდა, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ სტადიონის განათების საკითხს მოვაგვარებთ.
ამ შემთხვევაში, ხელოვნური საფარი გადასატანი იქნება გვერდით სათადარიგო მოედანზე და იქ ივარჯიშებენ გუნდები. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, აუცილებლად დაგვჭირდება ადგილობრივი გამგეობის გვერდში დგომაც.
- დაბოლოს, რას ეტყვით მარტვილელებს, "მერანის" ქომაგებს?
- ვეტყოდი იმას, რომ "მერანი" კიდევ უფრო უკეთესი გუნდი იქნება ახალ სეზონში, ყოველ შემთხვევაში, სამწვრთნელო შტაბისგან ასეთი ინფორმაცია მაქვს. "მერანი" აუცილებლად გადავა უმაღლეს ლიგაში და იქნება ის გუნდი, რომელიც დიდ სიხარულს მოუტანს მარტვილსა და "მერანის" ქომაგებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
* * *
........
http://lelo.ge/article/%E1%83%A4%E1%83%A0%...C%E1%83%98-2540