ფანტასტიკა - ლიტერატურის ჟანრი, რომელიც თავის თავში მოიცავს მრავალ ქვეჟანრს, როგორებიც არის - უტოპია, დისტოპია, სამეცნიერო ფანტასტიკა, მისტიკა, ჰორორი, ფენტეზი და სხვა. დღემდე პოპულარობას არ კარგავს სამეცნიერო ფანტასტიკა. მწერლებს ამ ჟანრში, აჯილდოვებენ ჰიუგოს, ბრემ სტოკერის და სხვა მრავალი პრემიით. თუმცა, ფანტასტიკამ განვითარების დიდი გზა განვლო. მრავლად იყო შედარებით სუსტი მწერლები, თუმცა ძირითადად დღემდე შემოგვრჩა ბუმბერაზი კლასიკოსები, რომელთაც ჩამოაყალიბეს და დღევანდელი სახე მისცეს ლიტეარტურის ამ ერთ-ერთ გამორჩეულ ჟანრს.
1818 წელს, მერი შელის მიერ შექმნილ ფრანკენშტეინს შეგვიძლია სამეცნიერო ფანტასტიკის საფუძველი ვუწოდოთ.
"ფრანკენშტეინი, ანუ თანამედროვე პრომეთე" შეიცავს როგორც წმინდა საი-ფაი, აგრეთვე საშინელებათა და გოთიკურ ელემენტებს. მერი შელის ქმნილება დღემდე ჟანრის კლასიკად რჩება და მრავალ სხვა ავტორზე ახდენს გავლენას.
მე-19 საუკუნის შუა პერიოდში კი, უკვე ჩნდება სტივენ კინგის ლიტერატურული მამა, ჰორორის ფუძემდებელი და ჟანრის ამერიკური ლიტერატურის კალაპოტში ჩამყენებელი - მისი უდიდებულესობა
ედგარ ალან პო, რომლის ნაშრომებიც ძირითადად მაინც ჰორორის ტიპისაა.
რაც შეეხება, კონკრეტულად სამეცნიერო ფანტასტიკას, რომელიც ამ პერიოდში უფრო და უფრო იმატებდა მკითხველებს, უდავო მოთავე და დღემდე ერთ-ერთი საუკეთესი "ფანტასტი" გახლდათ ფრანგი „ჯადოქარი“ - მუსიე
ჟიულ ვერნი, რომელზეც, მართალია პომ დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა ვერნმა თავისი მწერლობა უფრო სხვა კუთხით წაიყვანა, ვიდრე ეს ბნელი მისტიკურ-გოთიკური სიუჟეტები იყო. ერთი მხრივ, ჟიულ ვერნი ითვლებოდა და დღემდე ითვლება საბავშვო ლიტერატურის მწერლად, თუმცა მის მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევები ტექნიკურ დარგში, და ამავე ტექნიკის სამომავლო განვითარების წინასწარმეტყველებები, რომლებიც ერთიანად შერწყმული იყო უმარტივესად გადმოცემულ მხატვრულ სიუჟეტებთან, ნამდვილად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის, როგორც კერძო ჟანრის (გამოცალკევებული სათავგადასავლო ლიტერატურიდან) დამაარსებელი, სწორედ ჟიულ ვერნი გახლავთ. აღნიშვნის ღირსია მისი პირველი რომანი - Paris au XX ième siècle (პარიზი მეოცე საუკუნეში), რომელიც 1863 წელს დაიწერა, თუმცა 1994 წლამდე გამოცემა არ "ეღირსა". ნაწარმოები მოგვითხრობს შორეული 1960 წლის მოვლენებს, რომლებშიც უდიდესი როლი აქვს ავტომობილებს, ელექტრონულ პლატფორმებს, კომპიუტერის-მსგავს საბანკო დანადგარებს და ა.შ.
ფრანგების დარად, არც ინგლისელები უჩიოდნენ ფანტაზიას. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთი მოიცვა "ფანტასტიკური ლიტერატურის ბუმმა". ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია დღევანდელი ჰალკის წინამორბედი - რობერტ ლუი სტივენსონის
"დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი", აქვეა დიდი
ჰერბერტ უელსი, რომელმაც ჟიულ ვერნის კვალს გაყოლა არჩია და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაიბუდა. უელსის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებიეა - "დროის მანქანა", "სამყაროთა ომები", "უჩნარი კაცი" და "პირველი ადამიანები მთვარეზე". სათაურებიდანაც კი ჩანს, რომ უელსი დიდ მწერალთან ერთად დიდი ფუტურისტიც იყო და მისი იდეების ნაწილი დღეს უკვე განხორციელებულია. ნაწილი კი, თავის დროს ელოდება. (მაგალითად გამაუჩინარებელი ხსნარი).
ინდუსტრიულმა წინსვლამ და კაპიტალიზმის მოძლიერებამ დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელ მწერლობაზეც. ასე მაგალითად,
უილიამ მორისმა 1890 წელს გამოაქვეყნა "ახალი ამბები არსაიდან", რომელიც 21-ე საუკუნის მდგომარეობას აღწერს. მორისი ერთ-ერთი პიონერია დისტოპიის ჟანრში, რომელიც თავისი იდეებით პრეინდუსტრიალიზაციურ ეპოქას ეტრფოდა.
დისტოპიური შინაარსი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მეოცე საუკუნეში. სერ ტომას მორის
„უტოპია“-ს დაწერის შემდგომ უამრავი წელი იყო გასული, თუმცა მსოფლიო ომებმა ყველაზე მეტად შეუწყო ხელი ლიტერატორთა პესიმისტურ წინასწარმეტყველებებს. ანტიუტოპიის ჟანრში პირველი სერიოზული სახელი თქვა რუსმა ევგენი ზამიატინმა, რომელმაც შექმნა ნაწარმოები -
„ჩვენ“. სწორედ ეს წიგნი გახდა შემდგომში ჯორჯ ორუელის
''1984''-სა და ოლდოს ჰაქსლის
„საოცარი ახალი სამყარო“-ს საფუძველი. თავად ჰაქსლი საბჭოეთში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. ერთხელ, სტუმრობისას, მწერალთა სახლში ობსტრუქციაც კი მოუწყეს და მისი სახელმწიფო იმპერიალისტურ ზრახვებში დაადანაშაულეს. თუმცა, წერალთა სახლში იყო ერთი კაცი, რომელიც გამოექომაგა ჰაქსლის. ეს კაცი სწორედ ევგენი ზამიატინი გახლდათ. ანტიუტოპია არც 21-ე საუკუნეში კარგავს აქტუალობას. ამ მხრივ აღნიშვნის ღირსია კიდევ ერთი რუსი ავტორი -
დიმიტრი გლუხოვსკი და მისი უდავოდ გამორჩეული საგა -
"მეტრო 2033''. შემდგომში სიქუელი - მეტრო 2034 და ასევე კიდევ ერთი ანტიუტოპია -
„მომავალი“.
კიდევ ერთი, შედარებით მცირე ადგილი უჭირავს საშინელებთა ჟანრს, რომელიც, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, უფრო სპეციფიკურ მკითხველზეა გათვლილი. როგორც აღვნიშნეთ, ედგარ ალან პომ ჩაუყარა საფუძველი ამ მიმდინარეობას, რომელიც შემდგომ დახვეწა და ახალ დონეზე აიყვანა
ჰოვარდ ლავკრაფტმა. ლავკრაფტისეული ჰორორი ცალკე ქვეჟანრადაც კი ჩამოყალიბდა. როგორც წესი, ლავკრაფტი მცირე სისქის მოთხრობებს წერდა. მისი ყველაზე დიდი ნაწარმოები 200 გვერდს ძლივს სცდება. ეს წიგნი მოგვითხრობს „სალემის ჯადოქართა დევნას“ გადარჩენილი ერთ-ერთი ქალის შთამომავალ ოკულისტზე, რომელიც მკვდრეთით აღდგომის შემდგომ თავისი „გამომხმობის“ ჩანაცვლებას ცდილობს. ლავკრაფტმა შექმნა ორიგინალური მონსტრები და მისტიკის ჟანრი კიდევ უფრო საშიში გახადა. ედგარ ალან პოს და ჰოვარდ ლავკრაფტის კვალს გაჰყვა ამერიკელი
სტივენ კინგი, რომელიც 21-ე საუკუნის მთავარი „საშიში კაცია“. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კინგმა კიდევ უფრო გააფართოვა თვალსაწიერი და შესაბამისად მკითხველთა ბევრად დიდი წრის ყურადღებაც დაიმსახურა. კინგი წერs ბევრს, და კინგი წერს ბევრ ჟანრში. თუმცა, მისი კლასიკური ნაშრომები სწორედ ჰორორსა და მისტიკას მიეკუთვნება. ამ ბოლო პერიოდში კინგმა დეტექტივსაც კი მიმართა, „გადარჩენის“ მიზნით. ჯერჯერობით მხოლოდ მისტერ მერსედესია გამოცემული. ტრილოგიის შემდეგომი ორი წიგნი კი, მოგვიანებით გამოვა. ვნახოთ... თუმცა, სულ რომ აღარაფერი დაწეროს, მას უკვე საკმარისზე მეტი აქვს თანამედროვე მწერლობისთვის გაკეთებული და როგორც უკვე აღინიშნა, მრავალ სხვადასხვა ჟანრში აქვს ბედი მოცდილი. ზოგი წარმატებით, ზოგიც პირიქით. კინგმა შექმნა 7+1 ნაწილიანი „ბნელი კოშკის“ სერია, რომელმაც იმ დონის პოპულარობა მოიპოვა, რომ ლამის მის საუკეთესო ნაშრომადაც კი აღიარეს. ფენტეზის ჟანრში კინგი თავის „ქმნილებებს“ უმადლის დიდ მასწავლებლებს - მისტერ კეროლსა და ტოლკინს.
ლუის კეროლი - მადლობა ღმერთს, დროულად მათემატიკასთან დამშვიდობებული ინგლისელი მწერალია, რომელმაც შთამომავლობას ალისას შესახებ ისტორიები დაუტოვა. გარდა ფანტასტიკური შინაარსისა, ალისას გასაოცარ სამყაროში ვხვდებით უამრავ ანალოგიებსა და ილუზიებს. კეროლის დარად, მე-20 საუკუნე ფენტეზის კუთხით, უდავოდ ეკუთვნის
ჯონ რონალდ ტოლკინს, რომელმაც შექმნა შუამიწეთის სამყარო, სილმარილიონი, ჰობიტი, ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია და სხვა შედარებით მცირე ზომის ნაწარმოებები.
საერთოდ კი, ტოლკინმა ჟანრი ახალ საფეხურზე აიყვანა. როგორც ჯორჯ მარტინი ამბობს, სწორედ ის გახლდათ ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ფენტეზის, როგორც ლიტერატურულ მიმართულებად. ტოლკინმა შეძლო და ერთი შეხედვით მარტივი ზღაპრული სიუჟეტი ფართომასშტაბიან ბატალიებით სავსე სივრცეში მოაქცია. მისი პერსონაჟები დღესაც არაერთი ავტორის ინსპირაციის წყაროა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია სიტყვის ისეთი ოსტატები, როგორებიც იყვნენ რეი ბრედბერი, ფილიპ დიკი, კურტ ვონეგუტი, კლიფორდ საიმაკი, სტანისლავ ლემი, კარელ ჩაპეკი (ვინაც პირველად გაგვაცნო რობოტი) და სხვანი.
ტოლკინის მოწაფეები და თანამედროვე ფენტეზის ჟანრის მოღვაწეები არიან ყველასთვის ცნობილი ჯორჯ მარტინი, პიტერ როტფუსი - მეფის მკვლელის ქრონიკებით, რობინ ჰობი - ასასინის ტრილოგიით და ა.შ.
ზღაპრული სიუჟეტის სერიოზულ ნაწარმოებად ქცევა, მაგია და ჯადოქრობა დიდი დოზით აქვთ გამოყენებული თავიანთ ნაწარმოებებში - ჯოან როულინგს, ურსულა ლე გუინსა და ნილ გეიმანს. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი საუკეთესო კომიქს-სერიის -
"სენდმენის" ავტორიც გახლავთ.
კომიქსები კი, ცალკე თემაა. ფანტაზიის და წარმოდგენის გაფართოების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. თანამედროვეობაში უდიდესი ადგილი უჭირავს გრაფიკულ ნოველას, ტიპური ლიტერატურული ნაწარმოებების გვერდით.
არ შეიძლება ვისაუბროთ სამეცნიერო ფანტასტიკაზე და არ ვახსენოთ დიდი სამეული.
არტურ კლარკი!
რობერტ ჰაინილაინი!
აიზეკ აზიმოვი!ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ბევრად ადრე დადგეს მთვარეზე ფეხი, ბევრად ადრე შეიგრძნეს ვარსკვლავის მტვერი. ისინი ბევრს ოცნებობდნენ და უფრო მეტს წერდნენ. მათი ოცნებები არასდროს იყო რეალობას მოკლებული.
სასარგებლო ბმულები:
დიჯითალი და
ცელსიუს233 ფან-კლუბები:
https://www.facebook.com/groups/221482871270356/?fref=tshttps://www.facebook.com/groups/1390797121228669/?fref=tsქრონიკების პირველი თავი:
ფანტასტიკა და ფანტასტები=============================
თემისთვის ახალი არაფერი დამიმატებია, მაგრამ დროდადრო შევავსებთ, არაუშავს.
თუმცა, ერთი, რაც აუცილებლად უნდა დაგვემატებინა, არის ეს კაცი
რომელმაც ძალიან დიდი და საინტერესო გზის დასაწყისში გადაუხვია მთავარ მარშრუტს.
ალდენორი არ მოკვდება!
მშვიდად განისვენე, დავით
=============================
გილოცავთ ახალ თემას!
.