Deutschland..რა წესია დასწრება
გადმოვიტან პოსტს
საკუთარი თავის ბაზრად წარმოდგენით ევროპამ დაივიწყა, რომ არის საზოგადოება, შეუმცირდა პოლიტიკური სივრცე და დაკარგა თავისი ისტორიული კვალი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, გამოცემა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ემანუელ მაკრონის თქმით, მარშალის გეგმის თანახმად, ევროპა აშენდა, როგორც ამერიკელების უმცროსი პარტნიორი და ვაშინგტონი იყო სისტემის და ღირებულებათა ბალანსის გარანტორი, თუმცა აშშ-ის პოზიცია ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიცვალა, რაც პრეზიდენტ ობამას ეთანხმება იდეას: „მე წყნარი ოკეანეთის პრეზიდენტი ვარ.“
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბარაქ ობამამ იდეა სავაჭრო ბლოკების გეოპოლიტიკურ სტრატეგიაში გარდასახა, გააფორმა ხელშეკრულებები და გავიდა ახლო აღმოსავლეთიდან. მაკრონი ფიქრობს, რომ მსგავსმა მიდგომამ პრობლემა და სისუსტე შექმნა: 2013-2014 წლების კრიზისი, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების პასუხად ჩაშლილი ინტერვენცია, რაც უკვე იყო დასავლეთის ბლოკის ჩამოშლის პირველი ეტაპი.
მისივე თქმით, რეგიონის მთავარმა ძალებმა მაშინ თქვეს, რომ „დასავლეთი სუსტია“ და შეუმჩნევლად დაწყებული პროცესები ბოლო წლებში აშკარა გახდა.
„აშშ-ი ჩვენ მთავარ მოკავშირედ რჩება. ჩვენ ისინი გვჭირდება, ახლოს ვართ და ვიზიარებთ მსგავს ღირებულებებს, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ აშშ-ს პირველად ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ჩვენი ევროპული პროექტის იდეას არ იზიარებს. ქოლგას, რომელმაც ევროპა გააძლიერა, აღარ აქვს ევროპასთან იგივე ურთიერთობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი თავდაცვა, ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი სუვერენიტეტის ელემენტები უნდა გადაიხედოს. პირველი – ევროპა საკუთარ ისტორიულ კვალს კარგავს, მეორე – ამერიკულ სტრატეგიაში ცვლილებები ხდება, მესამე – იცვლება მსოფლიოს რებალანსირება, ჩინეთი ბიპოლარიზაციის რისკებს აჩენს და ევროპის მარგინალიზება ხდება. თურქეთისა და რუსეთის სახით ავტორიტარული ძალების კვლავ გამოჩენა, რომლებიც ჩვენი სამეზობლო პოლიტიკის ორი მთავარი მოთამაშეა და არაბული გაზაფხულის შედეგები, ქმნის ერთგვარ არეულობას. თუ ევროპა საკუთარ თავს გლობალურ ძალად არ წარმოაჩენს, გაქრება. ეკონომიკურმა და მიგრაციულმა კრიზისმა ყველაზე მეტად საშუალო კლასს დაარტყა, რაც ევროპაში ექსტრემიზმის აღმასვლის მიზეზი გახდა. ევროპა უფრო რთულად სამართავი გახდა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპის უპირველესი ამოცანა სამხედრო სუვერენიტეტის დაბრუნებაა და გერმანიასთან ერთად ტანკების და სამხედრო თვითმფრინავების პროექტების, ასევე ევროპის ინტერვენციის ინიციატივის დაწყება, ამოცანას რეალურს ხდის.
„ჩვენი ამერიკელი პარტნიორის არასტაბილურობა და მზარდი დაძაბულობა ნიშნავს, რომ ევროპული თავდაცვის იდეა თანდათან პოპულარული ხდება. ჩემი აზრით, ჩვენ ამჟამად ნატო-ს ტვინის სიკვდილს განვიცდით. ნახეთ რა ხდება, გყავს პარტნიორები, მაგრამ აშშ-ს და მის ნატოელ მოკავშირეებს შორის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე კოორდინაცია არ გაქვს. შენ გაქვს კიდევ ერთი ნატოელი მოკავშირის, თურქეთის, არაკოორდინირებული აგრესიული ქმედება იმ ზონაში, სადაც ჩვენი ინტერესები რისკის ქვეშაა. არ ყოფილა ნატო-ს მხრიდან დაგეგმვა და კოორდინაცია. საჭიროა, ვაღიაროთ, რომ სტრატეგიულად და პოლიტიკურად ჩვენ პრობლემა გვაქვს. რა იქნება ხვალ ნატო-ს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, თუ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი თურქეთის წინააღმდეგ მოქმედებას გადაწყვეტს, გვექნება ვალდებულება ამ მიმართულებით? პარადოქსია, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას და თურქეთის შეტევას ერთი და იგივე შედეგი ჰქონდა: ჩვენი პარტნიორების მსხვერპლად შეწირვა, რომლებიც ადგილზე იბრძოდნენ დაეშის წინააღმდეგ. რაც მოხდა, ეს ნატო-ს უდიდესი პრობლემაა“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპის ინტერესშია თურქეთი ნატო-ში დარჩეს და თურქეთთან მიმართებაში ნატო-ს საბოლოო გარანტია გასაგები უნდა იყოს.
„დღეს, რამ გამოიწვია უთანხმოება? რასაც ჩვენ ვხედავთ და რატომაც ვისაუბრე „ტვინის სიკვდილზე“ არის ის, რომ ნატო, როგორც სისტემა არ არეგულირებს თავის წევრებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სამხედრო სტრატეგიის და შესაძლებლობის მიმართულებით, ევროპა ავტონომიური უნდა გახდეს და გულუბრყვილობის გარეშე ევროპამ თავიდან უნდა გახსნას სტრატეგიული დიალოგი რუსეთთან. ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპას საკუთარი თავის დაცვის უნარი აქვს, ევროპულ ქვეყნებს და განსაკუთრებით საფრანგეთს, ძლიერი არმიები ჰყავს და პარიზი მზად არის, დაიცვას როგორც საკუთარი მიწის უსაფრთხოება, ასევე ჩაერთოს საგარეო ოპერაციებში.
„პრეზიდენტ ტრამპის თვალთახედვით, და მე ამას სრულად ვცემ პატივს, ნატო დანახულია, როგორც კომერციული პროექტი. ის ნატო-ს ხედავს, სადაც აშშ მოქმედებს, როგორც გეოპოლიტიკურ ქოლგას, მაგრამ უნდა არსებობდეს კომერციული ექსკლუზიურობა, ეს არის შეთანხმება ამერიკული პროდუქტების შესყიდვაზე. საფრანგეთს ამისთვის ხელი არ მოუწერია. ვფიქრობ, რომ მიდგომები იცვლება და ევროპული თავდაცვა უნდა გაძლიერდეს, რომ შეეძლოს სამეზობლო უსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ჩვენ უნდა გავიგონოთ პრეზიდენტ ტრამპის ნათქვამი, როდესაც ის ამბობს, „ეს თქვენი სამეზობლოა და არა ჩემი,“ როდესაც ღიად ამბობს, „ტერორისტები და ჯიჰადისტები, რომლებიც იქ არიან, ისინი ევროპელები არიან და არა ამერიკელები,“ როდესაც ამბობს, „ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი“. ჩვენ საზღვრებთან რომ რამე მოხდეს, იქნება ის მზად სოლიდარობის აქტივაციისთვის? ესაა რეალური შეკითხვა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი და ზოგადად ევროპა დამაბალანსებელ ძალად უნდა წარმოჩინდეს და რადგანაც ბრიტანეთისგან განსხვავებით, საფრანგეთი ნაკლებად არის მიბმული ამერიკულ დიპლომატიაზე, პარიზს მანევრის უფრო დიდი საშუალება აქვს.
„ჩვენ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ ჩვენი მეგობრების მტრების პირდაპირი მტრები“, – თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დასავლური ღირებულებების გავრცელებაზე და აღნიშნა, რომ ეს ღირებულებები მხოლოდ მაშინ მუშობს, როდესაც ადამიანების დარწმუნებას შეძლებ და არა იძულებით.
„ჩვენ ზოგჯერ დაუშვით შეცდომები, როდესაც გვსურდა ჩვენი ღირებულებების დაწესება რეჟიმების შეცვლით, ხალხის მხარდაჭერის გარეშე. ეს მოხდა ერაყსა და ლიბიაში. შესაძლოა, ეს იყო ჩაფიქრებული სირიაში, თუმცა ჩაიშალა. ესაა დასავლური მიდგომის ელემენტი და ვიტყოდი, რომ ეს იყო უეჭველად ფატალური შეცდომა. ხალხის სუვერენიტეტი გადაულახავი ფაქტორია. ამან შეგვქმნა ისეთები, როგორიც ვართ და ეს ყველგან დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ინტერვიუს დროს ემანუელ მაკრონს შეკითხვა დაუსვეს რუსეთთან მიმართებაში პარიზის პოლიტიკის ახალ მიდგომასთან დაკავშირებით, პასუხად მაკრონმა თქვა, რომ რუსეთის ანტიევროპული პროექტი სამომავლოდ ევროპასთან პარტნიორობის პროექტად გადაიქცევა.
„ვუყურებ რუსეთს და ვფიქრობ, რა სტრატეგიული არჩევანი აქვს მას. ერთი ვარიანტია, ხელახლა გახდეს სუპერძალა დამოუკიდებლად. ეს უკიდურესად რთული იქნება, იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა შეცდომებმა მას გარკვეული ბერკეტები მისცა. ჩვენ ვაჩვენეთ სისუსტე 2013-2014 წლებში და უკრაინა მოხდა. ახლა რუსეთი სირიაში ახდენს თამაშის ოპტიმიზაციას ჩვენი შეცდომების გამო. ჩვენ ვაძლევთ მას სასუნთქ სივრცეს და მას შეუძლია თამაში, მაგრამ მისი კონსერვატიული პოლიტიკური პროექტი არ იმუშავებს. მეორე ვარიანტია, რომ რუსეთმა შეიძლება აიღოს ევრაზიული მოდელი. იქ დომინანტი ჩინეთია და ეს მოდელი ბალანსირებული არასდროს იქნება. ერთი წამითაც არ მჯერა, რომ პუტინის სტრატეგია ჩინეთის ვასალობაა. სხვა რა ვარიანტი დარჩა? ხელახლა დააფუძნოს ევროპასთან ბალანსირების პოლიტიკა. ის ფიქრობს, „ევროპა აშშ-ის ვასალი იყო, ევროკავშირი არის ერთგვარი ტროას ცხენი ნატო-სთვის, ნატო გაფართოვდა ჩემს საზღვრებთან.“ მისთვის 1990 წლის შეთანხმება დაცული არ არის. ისინი ცდილობდნენ წასულიყვნენ უკრაინამდე და მას სურდა ამის შეჩერება. მისმა კონსერვატიზმმა ჩამოაყალიბებინა ანტიევროპული პროექტი, მაგრამ ვერ ვხედავ, გრძელვადიან პერსპექტივაში. მისი პროექტი სხვა რა იქნება, თუ არა ევროპასთან პარტნიორობის პროექტი. ჩემი იდეა გულუბრყვილო არ არის. თუ ჩვენ გვინდა, ევროპაში მშვიდობის აშენება და ევროპის სტრატეგიული ავტონომიის შექმნა, საჭიროა, თავიდან განვსაზღვროთ ჩვენი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. აშშ-ი რუსეთთან დამოკიდებულებაში მკაცრია, მაგრამ მათ შორის ზღვაა და ეს ჩვენი სამეზობლოა. ჩვენ გვაქვს ავტონომიის უფლება. ჩვენ ერთმანეთზე გაბრაზების ბევრი მიზეზი გვაქვს; არის გაყინული კონფლიქტები, ენერგეტიკის საკითხები, ტექნოლოგიები, კიბერსივრცე და თავდაცვა და ა.შ. ჩემი ინიციატივაა, გამოვხატოთ, თუ როგორ ვხედავთ მსოფლიოს, ვთქვათ რისკები, რასაც ვიზიარებთ, განვსაზღვროთ საერთო ინტერესები, რასაც ვიზიარებთ და როგორ ვაშენებთ ნდობის და უსაფრთხოების არქიტექტურას. ეს გულისხმობს, როგორ არის ჩვენ ინტერესებში გაყინული კონფლიქტების მოგვარება, ალბათ უფრო ფართო დღის წესრიგით, ვიდრე მხოლოდ უკრაინის საკითხი. ჩვენ ვუყურებთ რეგიონის ყველა გაყინულ კონფლიქტს და ვხსნით ჩვენს პოზიციას. რა გარანტიები სჭირდება მას, არის ეს ნატო-სა და ევროკავშირის არსში და გარანტია, რომ მოცემულ ტერიტორიაზე წინსვლა არ იქნება. რისი ეშინიათ მათ? რისი გვეშინია ჩვენ? როგორ მივუდგეთ მათ ერთად? რომელ საკითხებზე შეგვიძლია შერიგება? გვაქვს დისკუსიები და ეს პროდუქტიულია“, – განაცხადა მაკრონმა.
This post has been edited by Moor on 8 Nov 2019, 17:58