ეს ვნახე ინტერნეტში,საინტერესოა...
უსიცოცხლო თეთრი - გამოტირება სიცოცხლესთან მებრძოლი თუ იმედგაცრუებული არტისტიამ გამოფენაზე წასასვლელად დიდხანს ვემზადებოდი, სათანადოდ ვფიქრობდი, რა უნდა დამეწერა მასზე და იმ ადამიანზე, რომელმაც გარდაცვალებამდე, დაახლოებით ერთი წლის წინ ყველას გვითხრა, რომ რევოლუციური სულისკვეთებით დაიღალა და �ჩვეულებრივ" მხატვრობას დაუბრუნდა. ყოველთვის დგება მარტივი და ბევრისთვის ახლობელი დილემა, რა დაწერო მაშინ, როცა სათქმელი ბევრია, როცა მოვლენა საკუთარ თავში ისტორიასაც იკრებს და ზოგადად აღსანიშნავსაც მრავლად გიტოვებს. როცა იმაზე მეტს ხედავ და გეუბნებიან, ვიდრე თავად გინახავს.
ოთარ ჩხარტიშვილი, რომელიც მრავალთათვის მხოლოდ �ბულდოზერების" ცნობილ გამოფენასთან არის დაკავშირებული, არ არის უბრალოდ მხატვარი საინტერესო და საეტაპო მნიშვნელობის შემოქმედებით. ეს ყველაფერი სინამდვილეს შეესაბამება. ეს გაცრეცილი ეპითეტები მასთან მიმართებაში ალბათ მაინც საჭიროა, მაგრამ �კოპალაში" მივხვდი, რომ მისი პიროვნება, დროთა განმავლობაში საუკეთესოდ შეიფერებს გასული წლებისა და სათანადოდ ისტორიის, მაინც და ისევ უახლესი წარსულის ერთ-ერთი მთავარი როლის, �არტისტის" ფუნქციას. მისი ბიოგრაფია და მისი სახე, რომელიც თან ოპონირებდა და თან სრულიად ეკუთვნოდა ერთ ეპოქას, შეეჯახა სულ სხვა დროს და ყველაზე მეტად შეეხმიანა, ყველაზე მძაფრად გამოხატა ყველა ის ცვლა და ბიძგი, რომელიც არა მხოლოდ მან, არამედ მთელმა კულტურულმა სივრცემ განიცადა.
ოთარ ჩხარტიშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება - ეს პატარა და დიდი �რევოლუციებით", აქციებითა და პირობითი პროკლამაციებით სავსე სურათია. სწორედ ისეთი, სოციალური ნიშნით გამოხატული არტისტულ პერსონაჟს რომ უხდება. აკადემიიდან მრავალგზის გარიცხვა, ჩაშლილი და დარბეული გამოფენები, მისი ნამუშევრების მსგავსად თავისუფალი და არაორდინალური, უკომპრომისო მოაზროვნე მხატვარის საკუთრებად რჩება. თუ ქართულ ნონ-კონფორმიზმზე საუბარი უნდა გავბედოთ, მაშინვე ჩხარტიშვილი უნდა ვახსენოთ და თუ სოცრეალიზმზე გამარჯვებული და მერე უპასუხო კითხვებით შეწუხებული არტისტი უნდა წარმოვიდგინოთ, მაშინაც ჩხარტიშვილზე მოგონებას უნდა მივმართოთ.
გალერეა �კოპალაში" წარმოდგენილი ექსპოზიცია 5 ივლისს, მხატვრის დაბადების დღეს მიეძღვნა, თუმცა ეს არ არის ის ერთადერთი მიზანი, რომელიც ექსპოზიციის ავტორებმა, ბატონებმა დავით ანდრიაძემ და ალექსანდრე რეხვიაშვილმა დაისახეს. კრიტიკოსის აქცენტები ბევრად შორს არის უბრალოდ საიუბილეო საღამოს მოწყობისგან და კონკრეტული მხატვრის შემოქმედების რეტროსპექტივისგან: �მგონია, რომ ეს გამოფენა არის საბჭოური, თუგინდ პოსტსაბჭოური მხატვრის ტრაგედიის გამომხატვალი. ამ ექსპოზიციით პირადად მე მინდოდა მეჩვენებინა პოსტსაბჭოური მხატვრის ტრაგედია, რომელიც მისი ნამუშევრების მიღმა არსებობს. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ამ გამოფენის მთავარი ამოცანა."
იმას, რაც მიღმაა, წინ ნატურალისტურ მანერაში შესრულებული ნატურმორტები უსწრებს. ნატურმორტი ჟანრია, რომელშიც ოთარ ჩხარტიშვილი საკუთარ, ახალ, ანდა უფრო სწორედ �განახლებულ" რეალიზმს ეძებდა და ქმნიდა კიდეც. ექსპოზიცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ბოლო პერიოდის ნამუშევრებით. ბროწეულების სერიებს, თეთრ ფაქტურათა ნაირფეროვან �პორტრეტებს" ადრეული პერიოდის ასამბლაჟებიც ახლავს. ნამუშევრები, სადაც ჩარჩოებში მოქცეული კონცეპტუალური კომპოზიციები სხვადასხვა ნიშნებით სხვადასხვა ასოციაციებსა და აზრებს აღძრავენ, ნამუშევრები, რომლებშიც მხატვრის მთელი თაობა და ამ �თაობის წარსულია" ჩატეული.
გამოფენის გახსნის დღეს და მერე უკვე იმ საღამოს �კოპალაში" იყვნენ როგორც მისი თაობის მხატვრები, ასევე ისინი, ვისთვისაც თავის დროზე და შესაძლოა ახლაც, ბატონი ოთარი თან ამბავი იყო და თან ამოცანა. მეგობრები იხსენებდნენ მის ძალასა და ენერგიას, შედარებით უმცროსები კი - მის დარიგებებს. იმ საღამოსთვის გალერეაში თაობებზე ზოგადი მსჯელობა გახდა დამახასიათებელი, მიუხედავად იმისა, რომ ოთარ ჩხარტიშვილს თურმე ჰქონია ნიჭი, ყველასთან გამოენახა საერთო, ყოფილიყო ყველასთვის თანამედროვე, გარკვეული კავშირი ამ ერთობ სხვადასხვა ხასიათებისა. გამოფენების ოფიციალური გახსნა შესაძლოა უკვე მობეზრებული ხერხია, თუმცა �კოპალაში" სიტყვით გამომსვლელებს ინტერესით უსმენდნენ. სათანადოდ ტექსტებიც მრავალფეროვანი და რიგ შემთხვევაში დასამახსოვრებელი გახლდათ.
ოთარ ჩხარტიშვილის როლი თუ პორტრეტი სხვადასხვა რაკურსში უნდა გამხდარიყო დასანახი საზოგადოებისთვის, მით უფრო იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთა უმრავლესობამაც ეს სახელი და გვარი იმ დღეს პირველად გაიგონა. ამ თვალსაზრისით ბატონ გია ბუღაძის გამოსვლა ვფიქრობთ, ისაა, რის ციტირებას იქ მყოფი ნებისმიერი ჟურნალისტი გადაწყვეტდა. ჩხარტიშვილი აკადემიაში, მხატვარი მისი თაობისთვის და მხატვრის ნამუშევრები, ავტორის გარდაცვალების შემდეგ: �რამდენიმე დღის წინ მე ვნახე მისი სადიპლომო ნამუშევარი, არ ვიცოდი რა ნამუშევარი ჰქონდა შესრულებული, ვიცოდი რა პოტენციისა და ენერგიის კაცი გახლდათ, მაგრამ მაინც არ ველოდი იმას, რაც დავინახე. ეს შოკი იყო ჩემთვის. სოცრეალიზმის აღვირახსინოლობის ჟამს გაკეთებული ნამუშევარი გახლავთ. მაშინ იშვიათი იყო რამე სხვა, გარდა აგრალური ხასიათის დიპლომებისა. ჩემმა თაობამ შექმნა გარკვეული ალტერნატივა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე 15 წლით ადრე, ბატონ ოთარს გაუკეთებია შესანიშნავი დიპლომი, დაუხატავს საკუთარი ოჯახი. რუხი ტყვიისფერი ფერწერა, ძალიან გემრიელად დაწერილი, გრანდიოზული ტილო. ამ ნამუშევარს დღეს სასწრაფო რესტავრაცია სჭირდება, ის არ უნდა ინახებოდეს საცავში, ის უნდა გამოიკიდოს იმისთვის, რომ თქვენ ყველამ ნახოთ, თუ რა ტალანტი მოდიოდა მისი სახით თავიდანვე. ადამიანი, რომლმაც შექმნა ის ყველაფერი, რასაც აქ ჩვენ ვხედავთ... ჩვენთვის ის იყო თავისუფლების სიმბოლო და ნიშანი. მახსოვს ჩემთვის ნათქვამი ოთარის პირველი სიტყვები: �არ გაჩერდე, არ ითამაშო, აკეთე ის რაც გინდა." როდესაც ჩვენი მეგობრები, კოლეგები მიდიან, მე ყოველთვის მახსენდება ვან გოგის ერთ-ერთი წერილი, რომელშიც თავის ძმას სწერს, მაშინ თავის მოკვლა ჰქონდა უკვე გადაწყვეტილი: �მე ძალიან ბევრს ვფიქრობ იმ მხატვრების ნამუშევრებზე, რომებიც ცოცხლები აღარ არიან. ისინი რაღაც სხვანაირად ჩანან." მე მგონია, რომ ეს ნამშევრებიც სხვანაირად ჩანან. თითქოს იქიდან ასხივებს ოთარის სული."
სხვანაირად ჩანან პირველ რიგში �კოპალაში" გამოფენილი მხატვრის ბოლო ნამუშევრები, ბოლო ნატურმორტები. წითელი, თეთრი და დაუსრულებელი ბროწეულები. თითქოს რა უნდა იყოს იმაზე მეტი სათქმელი ვიდრე დახატულია, მოკრძალებული კომპოზიციები, ამბიციისგან დაცლილი მხატვრული ჩანაფიქრები. პირველს რასაც ფიქრობ ის არის, რომ მხატვარმა, რომელიც თანამედროვე ავანგარდისტის მანტიას ატარებდა და მას შემდეგ, რაც მას შეელია, რატომ აირჩია მაინცდამაინც ეს, ნეორეალისტური მანერა, ეს ჟანრი, ეს უცნაური �სიმშვიდე"?
- ეს იყო გამოსავალი?
- მას ამაშიც ეპარებოდა ეჭვი. მოდერნისტული მხატვრობის ცნება ხომ დაძველდა, მან ვერ მონახა თავისი ადგილი. ის იყო თანამედროვე მხატვარი, მაგრამ დამთავრდა მისი თანამედროვეობაც. ვერც პოსტმოდერნისმს გაუგო, ამიტომ ის იყო სავსე ეჭვებით და სწორედ ამ ეჭვებს შეეძლო ძალიან საინტერესო გზაზე დაეყენებინა იგი. ეს იყო გამოტირება საკუთარ არტისტულ ბიოგრაფიასთან. ეს იყო გამოტირება იმ სოციალურ მისიასთან, რომელიც მან ჯერ კიდევ ბულდოზერების გამოფენაზე დაისახა, ჯერ კიდევ ხრუშჩოვის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, მაშინ მისი დაპირისპირების ფორმა იყო პოპ-არტი, უფრო სწორად ეს იყო ნეო-დადაისტური კოლაჟი. მერე ყველას პრინციპში პოპ-არტი - მიმდინარეობა აერიათ კოლაჟში - ტექნიკაში. მოკლედ მთელს ამ �დურდომში" ის დაიბნა და ტრადიციულ ფერწერას მიმართა. მე მგონია, რომ მისი ეგზისტენციალური გამოსავალი და მისი, როგორც მხატვრის თვითგამოხატვის სოციალური გამოსავალი ერთმანეთს ასცდა. მან როგორც სოციალურმა მხატვარმა დაკარგა ფუნქცია. მას ბრძოლის ასპარეზი დაეკარგა. მადლობა ღმერთს, რომ მან არაჩვეულებრივი ხატვა იცოდა და გზა მაინც განაგრძო. მე მგონია, რომ ოთარი იმასაც განიცდიდა, რომ დღეს მხატვარი არის ის, ვინც არ ხატავს, ანდა ვერ ხატავს. ესეც ერთ-ერთი პარადოქსია. ტრაგიკომიკური პარადოქსი.
კითხვები რომელზეც პასუხი ბატონ ანდრიაძეს ვთხოვეთ და რომლის მსგავსი კიდევ არაერთია, სწორედ ეს კითხვები გვაიძულებენ ჩხარტიშვილის ბოლო სურათებში, მის �დაბრუნებაში" დავინახოთ ის აზრები, რომლებშიც მხატვარი ან გამოსავალს ეძებდა, ანდა საკუთარ ადგილს საერთოდაც. მხატვრის ემოციათა სიშიშვლეა ის, რის გამოც პირველ რიგში ვჩერდებით უსიცოცხლო, გალურჯებული �თეთრი ბროწეულების" წინაშე, რომლებიც მარტივად რომ ვთქვათ, იმაზე ბევრად მეტია ვიდრე მორიგი ნატურმორტის ასახვის საგანი. ნამუშევარი, რომელიც საუკეთესო ნატურმორთად გვეჩვენება ამ ჟანრის იმ სურათებს შორის, რომლებიც თანამედროვე ქართველ მხატვრების გამოფენებზე გვინახავს, შესაძლოა მართლაც გამოტირება იყოს სიცოცხლესთან. თუმცა ამგვარ დეფინიციას ალბათ მხოლოდ თეორეტიკოსი კრიტიკოსები დაუშვებდნენ. მხატვრები კი ხშირად აღნიშნავენ, რომ კრიტიკოსები ბევრად შორს არიან იმ რეალობისგან, რომელსაც თავად ქმნიან, მხატვრები ალბათ ხუმრობენ, რადგანაც ამ �რეალობის" აღქმაში ხშირად თავადვე იბნევიან და იკარგებიან.
სოფო კილასონია
This post has been edited by NIII_ on 27 May 2009, 13:36