Charles Baudelaire
April 9, 1821.
მზე, ვენერა, მარსი - ვერძი
მთვარე - კირჩხიბი
მერკური - თევზები
დომინანტი ნიშნები: ვერძი, თევზები, ქალწული.
დომინანტი სტიქია: ცეცხლი, წყალი.
უცხო
- იდუმალებით მოცულო კაცო, მითხარ, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად: დედა, მამა, დაი თუ ძმა?
-არა მყავს დედა, არც მამა, არც ძმა და არც და.
-მაშ მეგობრები?
-მაგ სიტყვის აზრი დღემდე უცნობია ჩემთვის.
-იქნებ სამშობლო?
-არც კი ვუწყი, რომელ განედზე მდებარეობს იგი.
-მშვენიერება?
-მე მზად ვარ შევიყვარო მშვენიერება, თუ იგი ღვთაებრივი იქნება და უკვდავი.
-ოქრო?
-მე მძულს ოქრო, ისევე როგორც თქვენ გძულთ ღმერთი.
-მაშ რაღა გიყვარს ბოლოს და ბოლოს, საოცარო უცხოელო?
- ღრუბლები მიყვარს . . . ჰე, ცის ტატნობზე რომ მისცურავენ . . . ის საოცარი ღრუბლები.
* * *
ფანჯრები
ის, ვინც ღია ფანჯრებში იყურება ქუჩიდან, ვერასოდეს შეიგრძნობს ყოველივე იმას, რასაც დაინახავთ ჩაკეტილ ფანჯარაში ცქერისას. არაფერია უფრო ღრმა, უფრო იდუმალი და მიმზიდველი, უფრო პირქუში და თვალისმომჭრელი, ვიდრე ფანჯარა, სანთლის შუქით განათებული შიგნიდან. ის, რასაც ვხედავთ მზის სინათლეში, სულაც არ არის იმდენად საინტერესო, როგორც ის, რაც ხდება მინის მიღმა. იქ მცირე, ჩაბნელებულ სივრცეებში - ცხოვრებაა, ოცნებაა, ტანჯვაა ადამიანისა.
სახურავთა ტეხილებს ზემოთ ფანჯარაში ვხედავ ხანში შესულ ქალს, სახედანაოჭებულს, ღატაკს, მუდამ რაღაცაზე წახრილს, რომელიც არასოდეს გამოდის სახლიდან. მისი სახის, ტანისამოსის, მოძრაობის და რაღაც ოდნავ შესამჩნევი ნიშნების მიხედვით მე შევიქმენი ჩემთვის ისტორია მისი ცხოვრებისა, უფრო სწორად - ლეგენდა მის შესახებ; ზოგჯერ მოვუთხრობ ჩემს თავს ამ ლეგენდას და ვტირი.
აქ რომ ღარიბი ბერიკაცი ცხოვრობდეს, მის შესახებ შევთხზავდი ასეთსავე ამბავს.
მე ხომ ვამაყობ იმ შეგრძნებით, რომ მიცხოვრია სხვათა ტანჯვით, ჩემგან განსხვავებულ ადამიანთა ტანჯვით.
შესაძლოა, თქვენ მითხრათ: „განა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ლეგენდა შეეფერება სინამდვილეს?!“ მაგრამ, აბა, რა მესაქმება მე სინამდვილესთან, რომელიც ჩემს გარეშეა, მაშინ როდესაც ჩემი ლეგენდა მეხმარება მე ცხოვრებაში - მაძლევს შეგრძნებას არსებობისას, ჩემივე თავისას.
* * *
საღამოს ჰარმონია
აგერ დადგა დრო, როცა რხევით საკუთარ ღერზე
ყველა ფოთოლი იორთქლება ვით საკმეველი:
ჰაერში ხმები, ნარდიანი გაურკვეველი;
სევდის ვალსი და მიბნედილი ტრიალი სერზე!
ყველა ფოთოლი იორთქლება ვით საკმეველი,
თრთის ჭიანური როგორც გული სულ მომიზეზე;
სევდის ვალსი და მიბნედილი ტრიალი სერზე;
ცა მოწყენილი და ძვირფასი ვით დიდი ველი.
თრთის ჭიანური, როგორც გული სულ მომიზეზე;
უნაზეს გულსა ეზარება უფსკრული ბნელი;
ცა მოწყენილი და ძვირფასი ვით დიდი ველი,
მზე ჩადის სისხლში, და მაგრდება ის სისხლლი მზეზე.
უნაზეს გულსა ეზარება უფსკრული ბნელი,
ნათელ წარსულსაც გაიტაცებს ტრიალი სერზე!
მზე ჩადის სისხლში და მაგრდება ის სისხლი მზეზე...
ელავს ბარძიმით შენზე ფიქრი უკანასკნელი.