ერთ თემასაც შევხსნი საკინძეს და მერე გავუყვები კუდიგორის გზას...
არაცნობიერისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესი პირველად მეოცე საუკუნის დასაწყისში, ჩიკაგოში ჩატარდა. მეორე - 1979 წელს, თბილისში.
ოცდაათი წელი გავიდა ამ უმაგრესი ამბიდან და აქ მაინც ეგდოს ჩასანაცრ თემებს შორის.
მაშ, ასე,
ბროდსკი უკვე კაი ხნის ნამყოფია თბილისში. ოთარ ჭილაძეც ნანახი ყავს და "ივერიის" ქვეშ მდებარე სახინკლის რიგშიც ნაყურყუტებია.
ვისოცკი რამდენიმე თვეში მოკვდება, მაგრამ გულუხვი ქართველებისგან მიწვდილი ბალახით დაბოლილს და წელზევით შიშველს უკვე უთამაშია სცენა "ჰამლეტიდან", თბილისის ოპერის თეატრის ცარიელ დარბაზში.
სარტრს და სტეინბეკსაც უკვე მოუთბილისებიათ, თუმცა...
მოკლედ, ტასკაა, უძრაობა და თბილისური გულგრილობა უცხო და გაუგებარი რაღაცებისადმი.
ამ დროს კი რამდენიმე თავგადადებულს აი, რა მოუწადინებია...
ამ კონგრესის ჩატარების იდეა 4 წლით ადრე (1975-ში) გაჩნდა. სასაცილო იდეა იყო, იმიტომ რომ ყველა, ვინც კი მანამდე არაცნობიერს გაჰკარებოდა საბჭოეთში, კაი ხნის გაკატოკებული იყო. არაცნობიერი, ისევე, როგორც სექსი, არ არსებობდა, ან, საუკეთესო შემთხვევაში, წვრილბურჟუაზიული გადმონაშთი იყო, რომელიც უკვე ამოიძირკვა.
ამ დროს კი რამდენიმე რუს და ქართველ თავზეხელაღებულ ფსიქოლოგს საერთაშორისო კონგრესის ჩატარება განუზრახავს, რომელიც ამ არარსებულ და ტაბუდადებულ არაცნობიერს უნდა მიეძღვნას უანგაროდ. მოკლედ, კონგრესისთვის მოსამზადებელი 4 წელი ძალიან გავდა ნასტუდენტარი ილიას 4 წელს.
არაფსიქოლოგებს რომ ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც შეექმნათ თუ რა მასშტაბის და ხარისხის კონგრესი ჩატარდა თბილისში, მოწვეული 120 უცხოელი სტუმრიდან ორის სახელიც იკმარებს - რომან იაკობსონი - ნეიროლინგვისტიკის მამა და მიმდებარე სფეროებში პაგოდის დამყენებელი. ანა ფროიდი, რომელმაც ავადმყოფობის გამო ჩამოსვლა ვეღარ მოახერხა.
მოკლედ, ეს იყო კონგრესი სადაც თავი მოიყარეს ადამიანური სიღრმეების შლიმანებმა და აზრის მაღაროელებმა
ფილოსოფოსი აპოლონ შეროზია იყო კონგრესის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ქართული მხარის უსტაბაში. არ ვიცი, რა სახის მეგრელიზმები ჩაუტარა საბჭოურ ნომენკლატურას, მაგრამ, ფაქტია, კონგრესის ჩატარება თბილისში გადაწყდა.
ამ კონგრესის მერე ალაპარაკდნენ შედარებით თავისუფლად საბჭოთა მეცნიერები და იდეოლოგიური ჭანჭიკების მოშვებაც მას მერე დაიწყო.
მოკლედ, სხვების არ ვიცი და მე კი ეგრე მგონია, რომ ქართული ვუდსტოკი თბილისში, 1979 წელს ჩატარდა
This post has been edited by strixnina_ on 20 Sep 2009, 16:49