მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფექცია/შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების უკან დგას დაახლოებით 4000-მდე არარეგისტრირებული შემთხვევა. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.
რამდენიმე წლის წინ უცხოელი ექსპერტები ქვეყანაში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით გვაფრთხილებდნენ, რომ საქართველოს შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია ემუქრებოდა. ეს განგაში განსაკუთრებით გაძლიერდა უკრაინასა და რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, სადაც ფაქტიურად ერთ წელიწადში აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების რაოდენობამ ორჯერ და მეტად მოიმატა. უცხოელი ექსპერტების პროგნოზი არ ეფუძნებოდა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში შექმნილი ვითარების საქართველოსა და ზოგადად კავკასიის ქვეყნებზე შესაძლო გავლენის ანალიზზე. ასეთი განცხადებების საფუძველს ქვეყნის შიგნით მოქმედი მთელი რიგი ფაქტორებიც იძლეოდა, კერძოდ,
აივ/ინფექცია შიდსის გავრცელების ხელის შემწყობი ფაქტორები საქართველოში
ნარკომანიის ფართო გავრცელება;
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობა;
სგგდ-ს მაღალი პრევალენტობა;
მოსახლეობის მზარდი მიგრაცია და ფართო საერთაშორისო კონტაქტები;
ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებათა ნაკლებობა;
სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი უნარ-ჩვევები ინფექციათა გადაცემის პროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით;
პრეზერვატივებზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება;
შიდსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დაბალი დონე.
აღნიშნულის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ საქართველოში აივ ინფექცია/ შიდსის ეპიდემია ახლა იწყებს ძალების მოკრებას.
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს.
საქართველოში აივ ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი
საქართველოში 2011 წლის 25 მარტის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია:
შიდსის ვირუსით ინფიცირების 2782 შემთხვევა
2050 - მამაკაცი
732 - ქალი
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
შიდსი განუვითარდა 1459 პაციენტს, 605 გარდაიცვალა.
2011 წელს გამოვლინდა 91 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 887 პაციენტი, მათგან 33 - ბავშვი.
აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით
აივ ინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით
საქართველოში გამოვლენილი აივ-ინფექციის ახალ შემთხვევათა დინამიკა წლების მიხედვით
საქართველოში აივ ინფექციის გავრცელების თავისებურებანი ისეთივეა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. შიდსის გავრცელების უპირველეს რისკ-ჯგუფს აქაც ინტრავენური ნარკომანები წარმოადგენენ. მაგრამ, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, შიდსის ეპიდემია არ შემოიფარგლება მხოლოდ ნარკომანთა წრით, შიდსის შემდეგი მსხვერპლნი ნარკომანთა სქესობრივი პარტნიორები იქნებიან. შიდსის საფრთხე ყველას ემუქრება.