#56469738 · 25 Jun 2020, 19:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტობანიერი - მდებარეობს მდინარე ყუმურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ХV-XVI საუკუნეთა მიჯნიდან ტობანიერი იმერეთის სამეფოს ჩიჯავაძეების სათავადოში (საჩინო) შედის, ხოლო XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სოლომონ I-მ სათავადოს ჩამოართვა და გელათის მონასტერს შესწირა. ამ ფაქტის აღმნიშვნელი წარწერიანი სამანი ქვები დღემდეა შემორჩენილი რომელზეც ვკითხულობთ: "მეფემან სოლომონ გაენათს შეგწირე".
1927 წელს ტობანიერში აღმოჩენილი იქნა ვერცხლის მონეტების განძი. ნაპოვნი მონეტების უმეტესობა ტრაპეზუნტის ასპერებია, რომლებიც მოჭრილია XIII საუკუნეში. განძის 27 მონეტა განეკუთვნება ე.წ. კირმანეულის კატეგორიას, რომლის ემისია დასავლეთ საქართველოში წარმოებდა. სავარაუდოდ განძი ჩაფლული უნდა იყოს XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე.
გამოჩენილი ქართველებიდან ტობანიერში დაიბადნენ: საქართველოს კათოლიკოს პარიარქი კალისტრატე ცინცაძე (1866-1952) და გამოჩენილი მეცნიერი კორნელი კეკელიძე (1879-1962).
გენიალური გალაკტიონი თავის ავტობიოგრაფიაში დაბადების ადგილად მიუთითებდა ქუთაისის მაზრის ტობანიერის თემს, რადგან ისტორიულად მისი მშობლიური სოფელი ჭყვიში, და არა მარტო... ტობანიერის თემში შედიოდა. მან ტობანიერს ლექსიც მიუძღვნა:
*** მახსოვს ზაფხული ტობანიერის, ჩვენი მდინარე და მეფის-ჭალა. დედა სათუთად შლის "ივერიას", მდინარის ქარი ჰქრის ჩალა-ჩალა.
არც ის ზაფხული არსებობს ახლა, არც მეფის-ჭალა, არც ის მდინარე, სულ სხვა დროებამ ხმა აღიმაღლა და გზა წაშალა მონანინარე.
ეს გზა გაუქმდა. გზა გაიშალა სხვა ჰორიზონტის ფრთაგანიერის. მდინარის ქარი ჰქრის ჩალა-ჩალა. მახსოვს ზაფხული ტობანიერის!
|