სტივენ ედვინ კინგი - 1947 წლის 21 სექტემბერს დაბადებული ამერიკელი მწერალი, მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის და თანამედროვე საშინელებათა ლიტერატურული ჟანრის ყველაზე დიდი წარმომადგენელი. მისი წიგნები ჯამში 350 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული და თითქმის ყველა წიგნზე გადაღებულია ფილმი, მათ შორის გამორჩეულებია: გაქცევა შოუშენკიდან, ნათება, მწვანე მილი, ბეჯითი მოწაფე, ნისლი, ის, მიზერი, ცხოველების სასაფლაო.
კინგი დაიბადა პორტლენდში, მენის შტატში და მისი წიგნების უმეტესობის მოქმედებაც მენში მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი უყვარს ფიქციური ქალაქი დერი. ორი წლის სტივენი მამამ მიატოვა და "სიგარეტის საყიდად" გასული სახლში აღარსდროს დაბრუნებულა. სტივენი, მისი უფროსი ძმა და დედა ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ შემოსავლის წყაროს ძიებაში. ბავშვობის წლებში სტივენმა პატარა მეგობრის სიკვდილი იხილა, რამაც, როგორც თავად ამბობს, მის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია.
სტივენი მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად და პარალელურად მოთხრობებს წერდა. მისი პირველი მოთხრობა, რომელიც 1967 წელს ჟურნალს მიჰყიდა - "შუშის იატაკი" იყო. მისი პირველი მოთხრობების ნაწილი გაერთიანდა კრებულში - "ღამის ცვლა". სტივენმა 1971 წელს ცოლად მოიყვანა ტაბიტა სპრიუსი, რომელიც დღემდე მის ერთგულ თანამგზავრად რჩება და სწორედ ტაბიტას უნდა ვუმადლოდეთ კინგის მკითხველები მისი ბევრი ხელნაწერის გადარჩენას.
პირველი პროფესიონალური რომანი 1973 წელს გამოსცა. "ქერი"-ს გამოცემა დაბლდეიმ იკისრა და სტივენს 2,500$ გადაუხადა, შემდეგ კი ქერის რბილ ყდაში გამოსაცემად გაღებულმა საავტორო უფლებების ღირებულებამ 400,000$-ს მიაღწია. სხვა საშინელებათა ჟანრის რომანებთან ერთად კინგი წერდა სამეცნიერო ფანტასტიკის (ლანგოლიერები, გრძელი გასეირნება, მორბენალი კაცი), საბავშვო ფენტეზის (დრაკონის თვალი), სოციალური/ფსიქოლოგიური თრილერის (საგზაო სამუშაოები, მიზერი, ბლეიზი) და ეპიკური ფენტეზის ჟანრში. ამ უკანასკნელს კი საკუთარი მაგნუმ ოპუსი - "ბნელი კოშკი" მიუძღვნა. ბნელი კოშკი კინგის ბეჭდების მბრძანებელია, მისი ლიტერატურის გამაწონასწორებელი ღერძი, მისი კა. ბნელი კოშკი ჯამში 7 ნაწილს და დამატებით ერთ სპინ-ოფ ნოველას მოიცავს, რასაც ემატება მარველის მიერ ჯერაც დაუსრულებელი კომიქს-სერია.
სტივენ კინგის შემოქმედებაში უდიდესი როლი უკავია იმ რამდენიმე წიგნს, რომელიც მან ფსევდონიმ "რიჩარდ ბახმანი"-ს სახელით გამოსცა. ეს რომანები გამოიცა 1977-1984 წლებში - მრისხანება, გრძელი გასეირნება, საგზაო სამუშაოები, მორბენალი კაცი, მხდომარე. - რასაც ემატება 2006 წელს, ბახმანის დროინდელი ხელნაწერის გამოცემა - ბლეიზი.
სტივენს არაერთხელ უთქვამს, რომ მთელი დღის განმავლობაში ის ან წერს, ან კითხულობს. ეს პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნო გახდა მას შემდეგ, რაც მან თავი დაანება ნარკოტიკს და სასმელს. ამ ორ პერსონაჟს კი მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში თავის დროზე უდიდესი როლი აქვს ნათამაშები. დიდი როლი ითამაშა იმ საგზაო ავარიამაც, რომელსაც კინგი სასწაულებრივად გადაურჩა და რაც არაერთხელ პირდაპირ თუ გაკვრით ახსენა შემდგომში შექმნილ ნაშრომებში. გარდა წერა-კითხვისა ის ბეისბოლის და კლასიკური როკ-ენ-როლის დიდი მოყვარულია. უკრავს გიტარაზე, წერს ანტიტრამპისტულ სტატუსებს ფეისბუქზე და ტვიტერზე, ყოველ წელს ახალ-ახალ წიგნს გამოსცემს და გულშემატკივრობს თავის შვილებს - ჯო ჰილს და ოუენ კინგს, რომლებიც აგრეთვე მწერლები არიან. ოუენთან ერთად სტივენმა 2017 წელს გამოსცა მისი ჯერჯერობით ბოლო რომანი - "მძინარე ლამაზმანები".
კინგის ბიბლიოგრაფია ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დღეისათვის ქართულად ნათარგმნია სტივენ კინგის შემდეგი წიგნები: მისის ტოდის მოკლე გზა (პალიტრა), თილისმა - პიტერ სტრაუბთან ერთად (ბაკურ სულაკაური), მაიმუნი, ბალადა მოქნილ ტყვიაზე, სიზმართმჭერი, ქრისტინი, ნისლი, მობილური, ნათება, ჩონჩხების გუნდი (ყველა პალიტრა), ქერი, მიზერი, მწვანე მილი, მიზერი (ყველა დიოგენე). ბნელი კოშკის წიგნებიდან ნათარგმნია პირველი 4 ნაწილი (ყველა დიოგენე), ამჟამად გამოსაცემად ემზადება ბნელი კოშკის მე-5 ნაწილი და "ის" (ორივე პალიტრა).
ჩვენი ფეისბუქ-ჯგუფი:
https://www.facebook.com/groups/1390797121228669/ინგლისურენოვანი ელექტრონული წიგნები შეგიძლიათ მოიძიოთ ამ საიტზე:
http://libgen.ioრუსულენოვანი ბაზა:
http://allking.clubწინა თემის ლინკი:
სტივენ კინგი / Stephen Kingაბა, თუ რამე გამომრჩა, შემისწორეთ და ჩავამატოთ.
Get busy living, or get busy dying!
.