მოკლედ კიდევ ერთი ცინცხალი კულინარიული მიმოხილვა რეგიონიდან
ადგილმდებარეობა - ყვარელი.
სასტუმრო "ყვარლის ედემი" შაბათ-კვირის გატარების, დასვენების და რელაქსაციის იდეალური ვარიანტია.
მაგრამ რაც შეეხება კვებას, ჩემი აზრით უმჯობესია გარეთ, ჩვეულებრივ ადგილობრივ "ზავედენიას" ესტუმროთ და ავთენტური, კახური გარემოც შეიგრძნოთ და კარგი გემრიელი მწვადიც მიირთვათ.
ჩვენც ასე მოვიქეცით. გონების დაძაბვის და გაკითხვა-გამოკითხვის შედეგად, მივაგენი იმ ადგილს, სადაც რამდენიმე წლის წინაც ვიყავი და როგორც მახსოვდა, კარგი იყო.
ბირჟაზე მდგარმა ტიპებმა ასე აგვიხსნეს, იქა ცენტრში დიდი კომბოსტო რო დგააო, ჩაუხვიეთ და იქვეაო.
ჩემი თანამგზავრი ცოტა დააბნია ამ ახსნამ, მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებს, კახური ფესვები მააქვსო
მე კი ეგრევე მივხვდი, რომ ყვარლის ცენტრში მდგარი იუსტიციის სახლი იგულისხმებოდა
მოკლედ, ამ დიდ კომბოსტოსთან არის სასტუმრო-რესტორანი შატო ყვარელი. მარნით და დიდი გალავნით, ძალიან ადვილი მისაგნებია.
და აი ამ დიდი კომპლექსის გვერდზე არის პატარა ზავედენიე "ღვინის ეზო", სადაც გარეთაც შეგიძლიათ დასხდეთ, სურვილისამებრ. თუ არადა რა თქმა უნდა, შენობაშიც.
თავად რესტორანი საკმაოდ პატარაა, ნუ გექნებათ მოლოდინი რაიმე განსაკუთრებული ინტერიერის.
მთავარი ის არის, რომ აქვთ უგემრიელესი სამზარეულო, მისაღები ფასები და თუ გაგიმართლათ, მოგემსახურებათ ძალიან კარგი მიმტანი - ცოცხალი, სწრაფი, გულიანი ბიჭი, ხალასი იუმორით, რომელიც სულ ცეკვა-ცეკვით დადიოდა, ცხვირჩამოშვებული კი არა, ბუნებრივად გაღიმებული და ცდილობდა ყველა შეკვეთა დროზე მიეტანა, რჩევებიც მოეცა, თეფში დროზე გამოეცვალა. სულ აჩქარებდა სამზარეულოს, მოკვდა ხალხი მშიერი, დროზე ქენით, მელოდებიანო. ძალიან, ძალიან იშვიათად მინახავს ადამიანი, ასე გულიანად ასრულებდეს თავის საქმეს.
ხო, კინაღამ დამავიწყდა - სამზარეულოც არის ღია, შუშებიანი, შეგიძლიათ ნახოთ, რას და როგორ ამზადებენ.
მაგრამ გემრიელ მწვადზე სასიამოვნო იყო გარემო - წუწუნა და უჟმური შეფ-მზარეული ქალი (როგორც მიმტანმა დაგვიხასიათა
) და ის დიალოგები მზარეულებს და მიმტანებს შორის, ნუ ამის დაწერა და სიტყვით გადმოცემა ძნელია. ეს უნდა იგრძნოთ
მოკლედ, თუ ყვარელში მოხვდებით და ყვარლის გვირაბში ასვლა დაგეზარათ, და არც სასტუმროს ბარ-რესტორანში ფრონწკაობა გიზიდავთ, ესტუმრეთ "ღვინის ეზოს".
პ.ს. მაინც დავწერ, საპირფარეშო ძალიან ცუდი, როგორც რეგიონებში (და არამარტო) არსებულ საზკვების დაწესებულებების უმეტესობაში.
This post has been edited by fermina on 16 Apr 2019, 14:40