ბათუმელებმა მოაყარეს!!!
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე კიდევ ერთი სიახლით დაგხვდებით!
შარლოტ პერკინს გილმანი ამერიკელი ფემინისტი მწერალი, სოციოლოგი, პედაგოგი და სოციალური რეფორმატორია. მწერალი ფემინისტური უტოპიის ჟანრის საინტერესო წარმომადგენელია და მისმა შეხედულებებმა დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი თაობის ფემინისტებზე. მისი „ყვითელი შპალერი“ ყველა დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და დიდ ცვლილებათა გამომწვევ ნაწარმოებად იქცა, რადგან საფუძველი ჩაუყარა ფართო დისკუსიას ქალთა ფსიქიკური ჯანმრთელობის, მშობიარობის შემდგომი დეპრესიისა და სხვა მნიშვნელოვანი, მანამდე იგნორირებული, საკითხების შესახებ. გილმანი ერთ-ერთი პირველი ავტორი იყო, რომელმაც თავის ნაწარმოებებში („მთის გადადგმა“) დაიწყო თანმიმდევრული მსჯელობა ქალთა ფინანსური დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ.
გარდა „ყვითელი შპალერისა“, რომელიც მწერლის ყველაზე ცნობილი ტექსტია, გილმანის კალამს სხვა ნაწარმოებებიც ეკუთვნის: სატირული ლექსების კრებული „ამ ჩვენს სამყაროში“ (1893), მოთხრობები და რომანები, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა უტოპიები „მთის გადადგმა“ (“Moving the Mountain”, 1911) და Herland (1915). მწერალს პოპულარობა მოუტანა ლექციათა კურსმა ქალთა პრობლემების, შრომის ეთიკის, ადამიანთა უფლებებისა და სოციალური რეფორმების შესახებ. მისი წიგნების ძირითადი თემატიკაც სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება.
წიგნი გამოიცემა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამის ფარგლებში.
სერია - „საკუთარი ოთახი“
მთარგმნელი - ელისო ფანცხავა
რედაქტორი - მარიამ კორინთელი
ყდის დიზაინერი - ნატალია ავალიანი
მორიგი სიახლე ჩვენი გამომცემლობისგან - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე.
სტივენ კრეინი (1871-1900) დიდი ამერიკელი მწერალია. მიუხედავად იმისა, რომ სულ ოცდაცხრა წელი იცოცხლა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები დატოვა რეალიზმის, ნატურალიზმისა და იმპრესიონიზმის ჟანრში და დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო თაობების მწერლებზე. სტივენ კრეინი ლიტერატურათმცოდნეთა მიერ ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და გავლენიან ამერიკელ ავტორად არის აღიარებული.
კრეინს საერთაშორისო აღიარება მცირე რომანმა, „სიმამაცის წითელმა ემბლემამ“ მოუტანა და სამუდამოდ დაუმკვიდრა ადგილი მსოფლიოს უდიდეს კლასიკოს მწერალთა შორის. რომანის მოქმედება ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ხდება, მთავარ გმირად კი ახალგაზრდა რიგითი, ჰენრი გვევლინება, რომელიც ჯარში მოხალისედ ჩაეწერა იმ იმედით, რომ ანტიკურ ნაწარმოებებში აღწერილთა მსგავს, გმირულ ბრძოლის ველზე აღმოჩნდებოდა და თავადაც გმირად იქცეოდა, თუმცა რეალობასთან პირისპირ მდგომმა აღმოაჩინა, რომ ომს თავისი სიმართლე და კანონები აქვს, რომლებიც სრულიად განსხვავდება წიგნებში ამოკითხულთაგან.
მწერალი თითქოს ლუპით ათვალიერებს თავისი მთავარი გმირის გრძნობებს და მძაფრად, გამოწვლილვით აღგვიწერს, როგორ ენაცვლება ერთმანეთს ბრძოლის ველზე სიმხდალე და სიმამაცე, ამაოება და დიადი მიზნისკენ სწრაფვა, პატრიოტიზმი და სრული გულგრილობა, სიკვდილი და სიცოცხლე, თავგანწირვა და ღალატი. შთაბეჭდილებებს ამძაფრებს უთვალავი ფერი, რომელსაც კრეინი მოვლენათა აღწერისას იყენებს და ამით არა მხოლოდ ბრძოლის ველის მკაფიო სურათს გვიხატავს, არამედ ფერებს სიმბოლურ დატვირთვასაც ანიჭებს და მათი მეშვეობით გადმოსცემს ყველა ზემოთჩამოთვლილ გრძნობას, რომელსაც ბრძოლის მონაწილეები გამოსცდიან.
„სიმამაცის წითელი ემბლემა“ საბრძოლო მოქმედებათა გამაოგნებლად რეალისტურ აღწერებს გვთავაზობს და გასაკვირი ისაა, რომ სტივენ კრეინს სიცოცხლეში არცერთ ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა. საომარი მოქმედებები თითქოს მკითხველის თვალწინ ხდება, თითქოს ყურში ჩაგვესმის დამბაჩებისა და ქვემეხების ზათქი, თითქოს კვამლის სუნს ვგრძნობთ, მაგრამ ეს ყველაფერი დეკორაციაა, მოქმედების ცენტრში კი მთავარი გმირის შინაგანი მოგზაურობაა, დიდი სულიერი გამოცდილება, რომელიც პიროვნებისთვის გარდამტეხ მომენტად, ათვლის ახალ წერტილად იქცევა ხოლმე. ომში მონაწილეობა ისაა, რასაც ჯარისკაცი ვერასდროს ივიწყებს და მის პიროვნულ მახასიათებლებზეა დამოკიდებული, ეს გამოცდილება სამუდამო დაღად და სულიერ ჭრილობად იქცევა თუ სიმამაცის წითელ ემბლემად, რომელიც მის მკერდს ამაყად დაამშვენებს.
წიგნი გამოიცემა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.
მთარგმნელი - ნათია ჩუბინიძე
რედაქტორი - მარიამ კორინთელი
ყდის დიზაინერი - ნატალია ავალიანი
მაისის წიგნის ფესტივალის სიახლეთა სეზონს გახსნილად ვაცხადებთ და დიდი სიხარულით წარმოგიდგენთ პირველ წიგნს!
ყველასთვის კარგად ნაცნობი გიორგი ბაქრაძე ამჯერად განსხვავებულ ამპლუაში - "ეკონომიკის ისტორია სქოლიოებში" ავტორად მოგვევლინა და წიგნის ავტორობაც ისე საუცხოოდ გამოუვიდა, როგორც სხვა ყველაფერი. ეს არის წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს, მიუხედავად იმისა, აინტერესებს თუ არა ეკონომიკის ისტორია - ეს არის ყველასთვის გასაგები ენითა და უნიკალური იუმორით დაწერილი ჭკვიანური წიგნი ადამიანებზე, რომლებმაც მსოფლიო ისტორია სხვა რელსებზე გადაიყვანეს, მიმართულება შეუცვალეს, სირთულეებს არ შეუშინდნენ და ბოლომდე მიჰყვნენ იმას, რისიც მთელი გულით სჯეროდათ.
და ჩემი ფავორიტი
"ფანტასტიკური ბიბლიოთეკა" განსაკუთრებული სიახლით დაბრუნდა!
„დამხმარე მართლმსაჯულება“ ენ ლეკის სადებიუტო ნაწარმოებია. ეს კოსმოსური ოპერა „იმპერიული რადჩის“ ტრილოგიის პირველი ნაწილი და ის ერთადერთი წიგნია, რომელმაც ჰუგო, ნებულა და არტურ კლარკის ჯილდოები მოიპოვა, სხვა მრავალთა შორის.
მთავარი გმირი, ბრექი, განადგურებული ხომალდის ერთადერთი გადარჩენილი და ამ ხომალდის ხელოვნური გონების მატარებელია. როგორც კოსმოსური ოპერისგან შეიძლება მოელოდეს მკითხველი, აქ ვერ შეხვდებით ბევრ კოსმოსურ ბრძოლას, ან უცხოპლანეტელებთან განსხვავებული იარაღით ომს. ამ წიგნის მთავარ გმირს სიმღერა უყვარს და უიარაღოდაც მომაკვდინებლად საშიშია. ადრე ძალიან ბევრი სხეული ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ ერთი აქვს და ნელ-ნელა სწავლობს ასე ცხოვრებას.
„თუკი რამე გიჟურის გაკეთებას აპირებ, დაიცადე, სანამ ამას აზრი მიეცემა“ - ეს აზრი მთელ ნაწარმოებს გასდევს ლაიტმოტივად და ბრექიც იცდის, ცივილიზაციის მბრძანებელზე შურის საძიებლად თავის მომენტს ელოდება.
მთარგმნელი - ანტონ სინატაშვილი
რედაქტორი - სოფი ჩერქეზიშვილი
ყდის დიზაინი - ნატალია ავალიანი