შარშან, ნოემბრის ბოლოს მომპარეს 3 ველისიპედი. 1 ჩემი და 2 ჩემი შვილების. სარდაფი გატეხეს კორპუსში. ველოსიპედით ვმოძრაობდი მანამდე. სამსახურში პირდაპირ ოთახში მეყენა ჩემთან. იყო ადგილი და საშუალება. იმის მერე დავიწყე გარკვევა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე იოლად და ხშირად მოპარვადი ნივთი ველოსიპედი ყოფილა. მართლა შეიძლება ველოსიპედების "დაჩიპვა" და რაც მომპარეს, იმის მერე, სანამ ახალ ველოსიპედს ვიყიდდი ვეძებდი დაცვის გზებს.
როგორც გავარკვიე, სხვადასხვა ქვეყანაში სხადასხვანაირი მეთოდები აქვთ, ოღონდ არსად არაა კომპლექსური სისტემა, რომელიც აზრს დაუკარგავდა ველოსიპედის მოპარვას. ყველგან რაღაც ფრაგმენტული დაცვის მექანიზმებია, რომლებიც არ მუშაობს.
რეალურად შესაძლებელია ველოსიპედის ქურდობას აზრი დაეკარგოს და მინიმუმამდე დავიდეს. ამისთვის 2 რამის გაკეთებაა საჭირო, ოღონდ ორივე ერთად უნდა გაკეთდეს. ცალკე ერთს ან მეორეს ეფექტი ვერ ექნება.
1. პორტალი, სადაც შეძენისას დარეგისტრირდება ველოსიპედი სერიული ნომრით და შემადგენელი ნაწილებით. შრომატევადი საქმეა იმიტომ, რომ ველოსიპედის დამზადება ქარხნულად უმეტესწილად ხელით შრომაა და კომპივით სხვადასხვა ფირმების ნაწილებზე იწყობა სხვადასხვა კონფიგურაცია. მართალია ყველაფერს აქვს თავისი სახელი, პარამეტრები, მაგრამ ველოსიპედის პასპორტი ძალიან ზოგადია და შიგნით არაა მითითებული კონკრეტული ველოსიპედის მოდელი რა ნაწილებზეა აწყობილი. ჯანდაბას, სიმარტივისთვის საკმარისი იქნება ველოსიპედის პასპორტი და სერიული ნომერი, რომელიც ყველა ველოსიპედს აქვს და ჩარჩოზე, პედლების ბუდის ქვეშაა ამოტვიფრული.
შეძენისას მაღაზია მყიდველს არეგისტრირებს ამ პორტალზე და მყიდველის პროფილზე გადააქვს ველოსიპედის სერიული ნომერი. მანქანის გადაფორმების მსგავსი, ოღონდ გაცილებით მარტივი პროცედურა ამისთვის საკმარისია, რომელიც მანამდე მაღაზიაზე რეგისტრირებულ ველოსიპედს გადაიტანს მყიდველზე.
მყიდველი თავისი იუზერით და პაროლით შედის პორტალზე და სურვილის შემთხვევაში შეუძლია დაამატოს თავისი ველოსიპედის ფოტოები, თუ რომელიმე მნიშვნელოვან ნაწილს გამოცვლის, ეს ცვლილება ასახოს და ა.შ.
უფრო მეტი ეფექტურობისთვის შესაძლებელია ამ პორტალს დაემატოს დამატებითი ფუნქციებიც. მაგალითად: მაღაზიებს ჰქონდეთ საშუალება კლიენტებს დაუგზავნონ შეტყობინებები ახალი საქონლის მიღების შემთხვევაში. თუ ეს სერვისი მაღაზიებისთვის ფასიანი იქნება, პორტალის შენახვის ხარჯებსაც დაფარავს. მაღაზიებისთვისაც და იუზერებისთვისაც ორმხრივად სასარგებლო იქნება მსგავსი ინფოს გაგზავნა-მიღება იმიტომ, რომ პირდაპირ სამიზნე აუდიტორია ღებულობს ასეთი გზით მისთვის საინტერესო ინფორმაციას. ამ პოტალის მთავარი დანიშნულება კი ის იქნება, რომ შსს-ს ექნება ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული ახალი თუ მეორადი ველოსიპედების ბაზა. თუ ველოსიპედს მოიპარავენ, ადვილი იქნება სერიული ნომრის და ველოსიპედის ფოტოების ბაზაზე წვდომა და ძებნა. გარდა ამისა, პოვნის შემთხვევაში გაცილებით იოლი იქნება ამოღებული ველოსიპედის პატრონთან იდენტიფიცირება და მისთვის დაბრუნება და არ მოუწევს რამდენიმე თვიანი დაჟანგება პოლიციის განყოფილებებში და სასამართლო პროცედურების ლოდინი პატრონთან იდენტიფიცირებისთვის.
მეორე მოდულია ჯიპიეს ტრეკერით ველოსიპედების აღჭურვა. ეს უნდა იყოს ფასიანი სერვისი. როგორც ობიექტები აჰყავთ სიგნალიზაციაზე და იხდიან ყოველთვიურ მომსახურების თანხას, იგივე სისტემა შეიძლება აიწყოს აქაც. თუ ველოსიპედში იქნება ჩამონტაჟებული ჯიპიეს ტრეკერი, პატრონის გარდა ვინც არ უნდა მიეკაროს, განგაშის სიგნალს გადასცემს პირდაპირ დაცვის სამსახურს რუკაზე ადგილმდებარეობის ჩვენებით. საქართველოში დაცვის პოლიციას აქვს ყველაზე ვრცელი და დიდი ქსელი. განგაშის სიგნალიდან მაქსიმუმ 2 წუთში ადგილზე არიან ხოლმე. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მომპარავმა ვერ მოახერხოს ველოსიპედის ჩარჩოში ჩასმული ჯიპიეს ტრეკერის გათიშვა და დაიჭირონ ფაქტზე. როცა ველოსიპედის ქურდებს მასიურად დაიჭერენ მოპარვიდან რამდენიმე წუთში, აზრს დაკარგავს ველოსიპედის მოპარვა იმიტომ, რომ მაქსიმუმ 150-200 ლარად ჩააბარონ ბელიაშვილზე, ნავთლუღში, რუსთავში და სხვა მოპარული ველოსიპედების გასაყიდ მსხვილ ბაზრებზე და ამ თანხის გამო რამდენიმე წელი ციხის ხეხვა ნაღდად არ ღირს.
ზოგადად ესაა. შესაძლებელია დეტალების დახვეწა. ყველა საქმეს ყავს თავისი სპეციალისტი და ისინი უფრო უკეთ ააწყობენ სისტემას, მაგრამ ვის აინტერესებს ან ვის უნდა რო?