akkai
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 41537
წევრი No.: 47018
რეგისტრ.: 16-November 07
|
#29295602 · 20 Jan 2012, 16:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, 38 წლის გია ლაბაძემ რაგბის თამაშს თავი დაანება. ახალზელანდიაში, მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, მას ამის გაკეთება ნებისმიერ სიტუაციაში მოუწევდა, თუმცა, მსოფლიოს თასზე წამსვლელთა სიაში ვერმოხვედრის გამო, ახლა გულნატკენია. მართალია, ის რაგბის ჯერ კიდევ თამაშობს – საფრანგეთის დაბალ ლიგაში, მაგრამ ძველი შემართებით ვეღარ და აღარც მუხლი ერჩის სანაკრებოდ. საფრანგეთის ჩემპიონატში საშობაო არდადეგებისას კი გია ლაბაძე ახალ წელს თბილისში, ოჯახთან ერთად შეხვდა. მისი სახლის ჭიშკარს რომ შეხედავ, უცებ მიხვდები, იქ რაგბიზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ცხოვრობს. შესასვლელ კარზე გამოსახულია ოთხი „ბორჯღალი“ და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. გიას სპორტული ოჯახი აქვს. თავად სამწვრთნელო კურსებს გადის და რაგბის გარეშე დარჩენას არ აპირებს. მისი 8 წლის ქალიშვილი ცურვასა და ჩოგბურთზე დადის. 7 წლის ვაჟი მამის კვალს მისდევს და ცურვასთან და ძიუდოსთან ერთად, საფრანგეთში რაგბის თამაშობს. ჩვენი სტუმრობისას კი გია ლაბაძემ ის დიდი გზა გაიხსენა, რომელიც დაახლოებით 20-წლიან სარაგბო კარიერაში გაიარა. „38 წლამდე დიდი გზაა, მაგრამ ჩემთვის ამ პერიოდმა ძალიან მალე გაიარა. მეგონა, ყველაფერი გუშინ იყო, მაგრამ უკვე ამდენი დრო გავიდა და ჩემი პროფესიული რაგბიც დამთავრდა. დაახლოებით ორი წლის წინათ დაიწყო ჩემი საკლუბო კარიერის დასაწყისის დასასრული. თავიდან კი 13-14 წლამდე ფეხბურთს ვთამაშობდი, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე ვიგრძენი, რომ ჩემი არ იყო ეს სპორტი. სხვათა შორის, ფეხბურთიდან დღემდე შემომრჩნენ მეგობრები. რაგბიზე კი ჩემმა სიძემ წამიყვანა. პირველი ვარჯიში ფიზკულტურის ინსტიტუტის დარბაზში ჩატარდა. მივედით „ბურძგლასთან“ – გურამ მოდებაძესთან, რომელიც უფროსებს ავარჯიშებდა და მან გადაგვამისამართა ბათუ კევლიშვილთან „ლელოში“. მეორე დღეს, როგორც ახალბედას, ველოდი, რომ რაღაც პრობლემები, უსიამოვნებები მექნებოდა, მაგრამ, ბიჭები მეგობრულად შემხვდნენ. ასე გადავდგი პირველი სარაგბო ნაბიჯი“, – გვითხრა გია ლაბაძემ და გააგრძელა... „სხვათა შორის, ბავშვობაში, როდესაც ჯერ კიდევ ფეხბურთს ვთამაშობდი, რატომღაც, ყოველთვის აჩვენებდნენ ინგლისისა და საფრანგეთის სარაგბო ნაკრებების თამაშს. ყველა თამაშს თავიდან ბოლომდე ვუყურებდი. ბევრი რამ არ მესმოდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუყურებდი. მერე, როცა მეც დავიწყე რაგბიზე სიარული, მთელი გუნდი, ვისაც რამდენი შეგვეძლო, კაპიკ-კაპიკ ვაგროვებდით ფულს და ერთად ვჭამდით ხინკალს. მეორე დღესაც მთელი გუნდი ერთად წავედით საჭმელად, მესიამოვნა ეს სიტუაცია და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი იყო. თავი შინაურულად ვიგრძენი“. გიამ თავის შესაძლებლობებში ნელ-ნელა დააჯერა მწვრთნელები და ის საბჭოთა კავშირის ასაკობრივ ნაკრებებში მოხვდა. საბჭოეთის ჩემპიონატშიც ითამაშა ერთი-ორჯერ, მერე კი... „საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, სათამაშოდ რუსეთში წავედი. მოსკოვის „ფილიში“ დავიწყე თამაში, მაგრამ რაღაც სიტუაციების გამო, პროფესიულ კონტრაქტს ვერ მიფორმებდნენ. ვვარჯიშობდი, მაგრამ ხელფასი არ მქონდა, არადა, ფინანსურად ძალიან მიჭირდა. ამასობაში თამაშმა მოგვიწია „სლავასთან“, რომელთანაც „ფილის“ მუდამ განსაკუთრებული კონკურენცია ჰქონდა. სადღაც ერთთვიანი ვარჯიშის შემდეგ, მწვრთნელმა მითხრა, რომ ვიღაც მორაგბე აკლდებოდათ და მე შეცვლაზე უნდა ვყოფილიყავი. გახარებული მივდიოდი სტადიოზე, განაცხადში ვიყავი, მაგრამ მოსკოვში, მეტროში დავიბენი და სტადიონამდე დროულად ვერ მივაღწიე. ბოლოს, უკანასკნელი კაპიკები მოვიჩხრიკე და ადგილამდე ტაქსით მივედი. გასახდელში მწვრთნელი დამხვდა და მითხრა, სად ხარ აქამდეო. როცა სიტუაციის ახსნა დავიწყე, დაამატა, დროზე გამოიცვალე, ჩვენი მესამე ხაზი არ მოვიდა და ძირითადში უნდა იყოო. ჩემს შანსს გამოვეკიდე და ყველაფერი ისე აეწყო, სათადარიგოთა სკამზე კი არა, უკვე ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი“.
საფრანგეთში... „1998 წელს, მომავალი წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე საქართველომ რუმინეთთან და ირლანდიასთან ითამაშა. იმ პერიოდში „ბურძგლასთან“ ერთად ნაკრებში უკვე მუშაობდა კლოდ სორელი და მან შემომთავაზა, საფრანგეთში ხომ არ ითამაშებდიო. მეც, რაღა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რუსეთში თავი უკვე ამოწურული მქონდა. 1998 წლის ნოემბერში „შამბერიში“ ჩავირიცხე. თუმცა იქიდან მალე „ტულონში“ გადავედი, სადაც შედგა კიდეც ჩემი პროფესიული დებიუტი. „ტულონში“ თამაშისას მინდოდა, რომ იქ ტრადიციად დარჩენილიყო და ქართველი ამ კლუბისთვის უცხო არ ყოფილიყო. ტულონელებისთვის ქართველი უცხო არაა, იქ არაერთ ქართველს უთამაშია. ახლა ქუბრიაშვილმა ამ გუნდში ძალიან გაამართლა, მერე იქ ახალგაზრდა ბიჭები ჩამოვიდნენ, ჯერ შემოწმება გაიარეს და ნელ-ნელა გუნდში ადგილს იმკვიდრებენ. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვებაა“. გია ლაბაძის მსოფლიოს ორი თასი... „მსოფლიოს თასზე რომ მიდიხარ, იქ შენს ქვეყანას წარადგენ, მხოლოდ შენთვის არ თამაშობ. პირადი ამბიციები მეორე პლანზე გადადის. იქ ხვდება 20 საუკეთესო სარაგბო ქვეყნის 30-30 საუკეთესო მორაგბე, ანუ, შენც საუკეთესო ხარ და დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია. უდიდესი ემოციაა. პირველი თამაშის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან შორს ვიყავით. სარაგბო ბობოლებმა განსხვავება დაგვანახვეს. და არამარტო თამაშისას. სახელგანთქმული ჯონი უილკინსონიც კი, მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე, იდგა და ხურდებოდა, კარში დარტყმებში ვარჯიშობდა. მაშინ ბევრი რამ ვისწავლეთ. კარგად მახსოვს ნამიბიასთან ჩვენი პირველი წარმატება. პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩვენ არ ვყოფილვართ მანამდე განებივრებული ასეთ დონეზე გამარჯვებით. აქამდე სულ ერთ ადგილზე ვიყავით, ვუგებდით ჩეხეთს, ესპანეთს, რუსეთს, ეს სულ სხვა იყო. კარიერაში ყველაზე მეტად კი 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე რუმინეთთან 23:27 წაგებული მატჩი დამამახსოვრდა. ეს იყო ის მარცხი, რომელმაც ყველაზე მეტად დამწყვიტა გული. მაშინ რომ მოგვეგო, ახლა ოთხი წლით წინ ვიქნებოდით და ეგებ, მერე 2007-ში ირლანდიასთან, ან წელს შოტლანდიასთან მოგვეგო კიდეც. პირადად ჩემთვისაც სულ სხვანაირი იქნებოდა რაგბი. შთამბეჭდავად ჩამრჩა რუსეთთან პირველი გამარჯვება (1996 წელს 29:20)“.
რუსეთთან მატჩები... „აი, სწორედ რუსეთთან მატჩებისას ხდება ყველაფერი... სწორედ ამ დროს გახსენდება ყველა – დედა, მამა, შვილები, სამშობლო, წინაპრები, ვინც სამშობლოს შესწირა თავი... ყველაფერი ჩვენს მხარესაა. არ მინდა, ეს პოლიტიკურ ჭრილში განვიხილო, მაგრამ რაღაც აქედანაცაა. ვიცით, რომ მთელი საქართველო გვიყურებს, სტადიონი სავსეა და დიდიან-პატარიანად, ყველა ჩვენს გამარჯვებას ლამობს. ტრადიციად იქცა რუსეთის დამარცხება. ჩვენ ყველამ ვიცით რუსეთთან მატჩის მნიშვნელობა და შინაგანად გვაქვს ასეთი განწყობა. იყო პრეცედენტი, როდესაც მატჩის წინ ომის კადრებს ვუყურეთ, მაგრამ ეს იყო ერთხელ. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ვიცით, რომ რუსეთს უნდა მოვუგოთ“.
ახალზელანდიამდე... „ივნისის დასაწყისში, რუმინეთში გუნდის მენეჯერ ვასილ აბაშიძეს დავურეკე. მისგან შევიტყე, რომ გუნდს ერთი კვირა დასვენება ექნებოდა და მერე იწყებოდა მსოფლიო თასისწინა შეკრება. ჩემი ამბავიც გავაგებინე, ყველაფერი კარგად მიდის და უკვე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ-მეთქი. მერე ერთი კვირით საფრანგეთში გავემგზავრე, ბავშვები მომენატრნენ. იქ დამირეკა აბაშიძემ და მითხრა, 30 კაცში არ ხარო. რა გამოდიოდა? მივხვდი, რომ არც ძირითად შემადგენლობაში ვიყავი, არც შეცვლაზე და არც შეცვლის შეცვლაზე. თავიდან ვიფიქრე, რომ რაღაც გაუგებრობა იყო, მაგრამ მერე გავაცნობიერე და ვასოს ვუთხარი, შეგიძლიათ, გაფართოებული სიიდანაც ამომშალოთ-მეთქი. ნამდვილად არ ველოდი, თუ ახალ ზელანდიაში არ მოვხვდებოდი. დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო, ბოლო იმედს რომ მოგიკლავენ. რაღაც გაქვს და უცებ, გეუბნებიან, რომ ის არ გაქვს“.
რაგბის ნაკრების ახალ მწვრთნელზე „მარტინ ჰეიგს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მასზე რაღაც-რაღაცები გავიგე. თუნდაც ის, რომ ის ახალზელანდიელია, ბევრ რამეზე მეტყველებს. რაგბის თამაში ინგლისიდან მოდის, მაგრამ ზელანდიელების მსგავსად, ეს სპორტი არც ერთ ერს არ განუვრცია. იქ, უბრალოდ, ყველა რაგბით ცხოვრობს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ჰეიგს აქვს გარკვეული მიღწევები, მის გუნდში ისეთი ცნობილი ადამიანები არიან, როგორიც თუნდაც ტანა უმაგაა, ვისთან ერთადაც ნათამაშები მაქვს და ვფიქრობ, ჩვენი მომავლისთვის მას სიკეთის მოტანა შეუძლია“.
ნაკრებში თამაშის პერსპექტივაზე „მე ნაკრებში აღარ ვითამაშებ. ეს უკვე გადაწყვეტილია. ჩემი სანაკრებო კარიერა მაშინ დასრულდა, როდესაც მსოფლიოს თასზე წამსვლელთა სიაში ვერ მოვხვდი. გამოდის, ბორჯღალოსნების მაისურით ბოლო შეხვედრა რუმინეთთან ჩავატარე. მაშინ ფეხი მომხვდა თავში და ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დავტოვე, ამიტომ, სოჭში რუსეთის წინააღმდეგ ვერ ვითამაშე. მე ნაკრებში თამაში უკვე დავამთავრე და რომც დამიძახონ, ალბათ, აღარ ვითამაშებ“.
მომავალი... „მწვრთნელობა მაქვს გადაწყვეტილი. პირველი ეტაპი უკვე გავიარე. მეორე ეტაპის გავლაში ხელი შემეშალა, მამა გარდამეცვალა და გარკვეული დროით გაჩერება მომიწია. სექტემბრიდან ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, მონპელიეში, ან ექს-ენ-პროვანსში. სწავლა გრძელდება დაახლოებით 14 თვე. მერე დავიწყებ მუშაობას ჯერ ბავშვებთან და თუ მივხვდი, რომ დიდი გუნდის გაწვრთნაც შემიძლია, ამას რა აჯობებს. აუცილებელია, იცოდე, როგორც ერთიერთზე, ასევე გუნდთან ურთიერთობა. ამას რაგბისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყველაფერი სწორედ ურთიერთობაზეა დამყარებული. ჩემთვის კონკრეტული საქმე ჯერ არავის შემოუთავაზებია. მიხარია, რომ ილია ზედგენიძე ნაკრებში დასაქმდა. ილოს ნაკრებში მუშაობა ძალიან კარგი, მე ვიტყოდი, საუკეთესო ვარიანტია. ის ისეთი ენერგიული, განათლებული პიროვნებაა, რომელსაც გუნდისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია“.
--------------------
ზედმეტი ემოცია საღი აზრის მტერია!
ძალიან მიყვარს ტყუილის მოსმენა, როდესაც ვიცი სიმართლე!
|