"ბასიანის ოფისში შსს შემოვიდა, ჩხრეკენ ოფისს, მიაქვთ ყველა დეკლარაცია. როგორც ჩანს, შოუ არ დამთავრებულა", - ამის შესახებ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი სოციალურ ქსელში წერს.
შსს-ში კი imedinews-ს განუცხადეს, რომ არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. "ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი", - განმარტეს შსს-ში.
კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია შსს-ს განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ კლუბის ჩხრეკა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.
23 მაისს კლუბ BASSIANI-ს ტერიტორიაზე სამართალდამცველები და კლუბის ხელმძღვანელები მივიდნენ. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა კლუბს სპეციალური ლუქი მოხსნეს.
11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა. მანამდე კი 8 ნარკორეალიზატორი დააკავა.
თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა მიიჩნიეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ აქციები იმ ღამესვე გამართეს. პროტესტი 12-13 მაისსაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა პარლამენტის წინ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა, რომელმაც მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა
https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/67068/sh...-paqts-uarhkops