დავით გურამიშვილი
დავითიანი
ვ. ტირილი ღვთისმშობლისა
103
მოდით, ყოველნო შვილმკვდარნო დედანო, შეიყარენით!
შემწყნარებელი აწ თქვენი მარიამ შეიწყალენით,
ისმინეთ მისი ტირილი, თქვენც ცრემლნი გარდმოყარენით,
სულს ეცით მისგან ნუგეში, გულს ჭირნი უკუყარენით.
104
ოდეს იხილა მშობელმან ძე თვისი, ღვთისა ცხებული,
ეკლის გვირგვინით მოსილი, შიშველი, გაკიცხებული,
ჯვარზედა ხელ-ფეხ მიკრული, გვერდსა ლახვარიც ხებული,
ათრთოლდა, ზარით დაეცა, გახდა ვით დამარცხებული.
105
მოედვა მწარედ სახმილი, შეიქნა დადაგულობით;
დაეწო გული და ღვიძლი, ნაწლევნი გათანგულობით.
თქვა: დამეკარგა საწუთრო ჭირნახულ დაკარგულობით,
დამიჭკნა გულის ყვავილი, გავხდი ვით გალი რგულობით.
106
იცემდა მკერდსა და გულსა, იტყებდა, ესრეთ ტიროდა:
ვით შტოზედ მორჩო ახალო, ფესვ-არსოანო ძირო და!
ვირემ შენს ჩრდილთა ქვეშ ვიჯექ, თავი არ მემწიროდა,
ახლაც გვედრივარ, უშენოდ არ შემქმნა, არ გამწირო და.
107
ვაიმე თვალთა ნათელო, სხიო მის მზეთა მზისაო!
სახით ვით ნორჩო ძირ-კეთილ, შრტოვ ვაზისაო.
გამარკვეველო, განმწმენდო, მნათობო ბნელის გზისაო,
შენ იყავ შემი გამღები სამოთხის კართ რაზისაო.
108
რა ესმა დედის ტირილი ძეს მიკრულს ჯვარსა ზედაო,
შეამუღაბნა მშობელი და მისკენ მოიხედაო.
გამოეძრახა, უბრძანა: ეჰა, ნუ მტირი დედაო!
მე წარვალ, შენ ჩემ სანაცვლოდ იონე გყავდეს ძედაო.
109
და გაიგონა დედამა ხმა ტკბილი თავის ძისაო,
მოხსენდა მის ძის ხელთ-ჭერა, ძუძუთ წოება სძისაო,
მსხვერპლად ისაკის სანაცვლოდ მოვლენა ცით ვერძისაო,
მით მისმან კერძმან ლახვარმან ჭრა უფრო მიჰკერძისაო.
110
გამწოებული იტყოდა ღაწვთა სისხლითა მღებარე;
არ ვიყავ მამაკაცისა მხურვალებისა მხებარე;
ვით გულს უთესლოდ უცხო ხე ებას ნაყოფი მღებარე,
ეგრეთ შენ მე ბნელს, ნათელო, აწ ვით მიშრტები მთნებარე.
111
ძეო, შენს თავსა მნატრიდენ ყოველთა ძეთა დედები;
ბედნიერობას მიქებდენ, მოსწონდათ ჩემი ბედები.
აწ ჩემის ბრალით იწვიან დღეს შენი შემომხედები,
ხელ-ფეხთ დაგრჭმია ლურსმანი, ლახვრით დაგჭრია გვერდები!
112
ვაიმე, ლახვარ-სობილსა და გულსა დანა-ვლებულსა,
შენი წყლურების ცეცხლითა დაგულსა, დანავლებულსა,
შენს უკან წუთის სოფლითგან გულ-კვნესით ხან-წარებულსა!
ძეო, მეტკბობის სიკვდილი სიცოცხლე გამწარებულსა.
113
ძეო, შენს უწინ გენუკვი ჩემს სულის ამორთმევასა!
გემუდარები, ნუ მიზამ შენ მე ამაზედ თნევასა;
მომკალ, წინაწინ წავიდე, შენი ვახარო ევასა;
იესო მოვა, დაგიხსნის, მორჩები პირველს წყევასა!“
114
სოფელს უხარის, მიიღებს აწ განთავისუფლებასა;
ჩემნი იწვიან ნაწლევნი, ვხედავ შენს ჯვარზედ ვნებასა,
რომელსა ყოველთათვისა დაითმენ, იქ მათს ნებასა.
შენ, ძეო და ღმერთო ჩემო, უფალო, გძღვნი დიდებასა!
115
ჯვარით გარდმოხსნეს, წარგრაგნეს არმენაკითა წმინდითა;
დამარხეს, კარი საფლავთა დახურეს ქვითა დიდითა;
დაბეჭდეს, მხედართ უბრძანეს: საფლავს სამ დღემდის სცვიდითა.
მკვდარი არავინ მოგპაროსთ, მას დიდად გაუფრთხილდითა!
რატომღაც ამ ლექსზე (არ ვიცი მისი რითმიდან გამომდინარე თუ საიდან) სულ ბახის "მათეს ვნებანის" შესავალი სამგლოვიარო გუნდი მახსენდება ხოლმე:
J.S. Bach - Matthäuspassion - Kommt, ihr Töchter, helft mir klagen