ამეტისტო
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 248883
რეგისტრ.: 22-February 19
|
#55369323 · 15 Oct 2019, 16:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაწყეტები პოემიდან:
ერთხელ მოუხდათ ძმებს წასვლა ერთად შორეულ გზაზე,
მეგზურად ყავდათ ვარსკვლავები მეწამურ ცაზე.
ბედნიერებით ივსებოდნენ სვამდნენ ზედაშეს.
ჩირაღდნის ჩრდილში კაცურ სიყვარულს აფრქვევდნენ ბანზე.
სხვებსაც უსხამდნენ თან გულუხვად ვაზის ტკბილ ნაჟურს,
თავის ადათ-წესს უზიარებდნენ იმ ქვეყნის დამხვდურთ.
ოდეს ხედავდნენ ეშხსა და სითბოს ირგვლივ არნახულს,
აღივსებოდნენ თვითდაჯერებით, სცემდნენ ტაშფანდურს.
ჰანგი ლხენისა ეღვრება დუქანს, ღვინით დაქანცულს.
ამ დროს გამოჩნდა დუქნის პირას გუნდი ირმების,
შველას ეძებდნენ ქანცგალეულნი, სისხლდადენილნი.
ბროლის თვალებში ეკითხებოდათ შიშის ჭინკები.
ზრუნვით უშრობდნენ ერთურთსა სანგვინსს, დამსკდარ ძარღვებში.
იქნებ გუმანით ამოიცნეს ხსნა ბრგე ჯიხვებში,
ოდეს ღიმილით აათამაშეს სისხლფერ ჩლიქები.
აფთართა ხროვა დადევნებოდა ირმებს კვალდაკვალ,
ბასრ კბილთა ლანდი ასხივოსნებდა ჭალას განდაგან.
დუქნის ჭრაქებმა შეაფერხეს აფთართ ამალა,
თუმც მათი მზერა შმაგად მიჰყვება ირმებს კარდაკარ.
თითქოს იგრძნესო რომ მოახლოვდა მათი მისია,
ბურჯმა, გულკაცმა ქოხი დასტოვეს დუქნისა ხისტად.
წყვდიადს შეერწყნენ, ალყა შეკრეს, შეკრეს მიმიკაც.
ეძგერნენ აფთართ, ხვეულ რქებზე აცვეს პირწმინდად.
დაჭრილ აფთართა სუნი დადგა მყის დუქნის პირას.
კუდმოძუებულ აფთართა ხროვა გაიქცა ტყისას.
ირმების გუნდმა მუხლმოდრეკილმა მადლობის ნიშნად,
გადააფრქვიეს ქორალი ხმებში ხავერდის წყვდიადს.
შემდეგ დუქანშიც აუბეს ბანი, გაგრძელდა სეფა,
შერაცხეს ძმები ღამის გმირებად, მთვარეც ცქერს სპექტაკლს.
იმ ღამის მერე, თურმე ამბობენ
კაცს არ უნახავს აფთრის მაგვარი,
არც ავლილი და არც ჩავლილი
დუქნის გარშემო, ველურ ჭალაში.
თავს დაათენდათ ძმებს შეუმჩნევლად, ცამ ივარდისფრა.
მშვილდოსანს ცაზე გაჰღვიძებოდა, მშვილდი მოზიდა.
ისარს გააკრავს სხივების ქსელში, სარტყელს მოჭიმავს,
სარტყლის ფერებში კი ირეკლება ძმების ქრონიკა.
მათ განვლილ შრომას შეაფასებს ღმერთის ლოგიკა.
.....
კაცის სული ფაქიზია, მოვლა უნდა ვით ნაწრეტსა,
ერთხელ თუკი აამღვრიე, წლები უნდა მის დაწმენდას.
ყველა იარა კი არ ხორცდება, ზოგიერთი გახსნილი რჩება.
მის მოშუშებას დროც არ უშველის, არც წამლით ქრება, ტკივილს ნებდება.
და ამ ტკივილში უზარმაზარში თუ დაიბადა გულგაცრუება,
მერეა ცოდვა ღმერთისა პირმშო, განმგები იწყებს ზარების რეკვას.
იქნებ ამიტომ უფალმა კაცსა უბოძა თავი ერთობ ტევადი,
რომ ჩაატიოს შიგ საღი აზრი, სიყვარული და სიკეთე ნაღდი.
როს ჩააღწიეს ძმებმა სამშობლოს
იყნოსეს ხარბად მამულის სუნთქვა,
იქ ხომ ჟანგბადსაც თუნდ ბენზინნარევს,
სულ სხვა გემო აქვს, იქ სული ცქმუტავს.
სამშობლო კოხტა, ბუნების ხედს ჰგავს.
რაც უფრო შორიდან ჭვრეტ და უცქერ მას,
სიტკბო და ხიბლი მისი იზრდება,
უფრო ნატიფად ის გეჩვენება.
სამშობლოს სუნი კარგ სუნამოს ჰგავს,
ერთხელ თუ ჩასწვდა ცნობიერებას,
წაეთამაშა ყნოსვას და გრძნობას,
თუკი შეეხო სულსა და ხორცსა
და გააშმაგა სისხლძარღვთა როკვა,
მას ვეღარ წაშლის ვერც დროის ბორგვა,
ვეღარც წყლის ჭავლი ან ცეცხლის თრთოლვა.
...
ჰოდა შესცქერის ოჯახი ხარბად,
ამ ფერთა შერწყმის საოცარ ხიბლსა,
წაეთამაშნენ ბობოქარ ტალღებს,
თითქოს უნდათო მზე იხსნან ზღვისგან,
წყლისა და ცეცხლის ჭიდილში მუდამ
ხომ ყველამ იცის ვინ რჩება გმირად.
იქნებ ამიტომ მზე ცად აიჭრა
თავის სატახტოს ეფრქვია სხივად.
აქსიომაა ყოფის უშლელი:
მზე ზეცად მეფობს და წყალი მიწად.
ვინც სხვის ყოფაში ფათურსა ცდილობს,
ავნებს თავის თავს, მოდგმასაც თვისსა.
არავინ იცის ტალღებთან თამაშს და ერთმანეთში გემრიელ ბაასს,
შეელეოდნენ თუ არა ჯიხვნი და დაარღვევდნენ განწყობას ხალასს,
რომ არა ძმების მახვილი თვალი როს გადააწყდნენ ჰადესის დარაჯს,
ოდეს უღრინა ძმებს ტალღებიდან,
ააფრიალა თავები შმაგად.
ძმების გახედვნა უნდა გველძაღლას,
მათი მისია რომ ამცნოს მკაცრად.
თუმცა მიუხვდნენ სამთავას ზრახვას,
ჯიხვნი სიფრთხილით შეახტნენ მთასა,
ერთგუნდად მწყობრში აყვნენ მის კალთას.
ძმებმა იციან გარჯის დრო დადგა,
ვერ ეპუებიან ოჯახთან გაყრას.
თუმცა ასეა ცხოვრების დამკა,
ზოგჯერ გულსა ხომ გონება მართავს.
ის იყო ჯიხვნი ნაძვებს შეერწყმნენ, წამოეწიათ სისინი გველთა,
მართლაც ქოფაკის წვრილი ენები ნაძვებს სწვდებოდნენ ჩურჩულის ბგერად:
"არ ვარ მოსული სამტროდ ძმობილნო, ვაფასებ თქვენს ნიჭს და მონდომებას,
გრაგნილის შრიფტის გაშიფრვით იხსნით თქვენს ქვეყანასაც და კაცთა მოდგმას.
ჰადესს კი არგებთ სულის სიმშვიდეს რომ გაემიჯნოს მის კლიშეს ვერაგს,
რადგან გრაგნილის ფრაზათა მწკრივი მოუხსნის ჯადოს და გახდის ნეტარს.
მე კი დავცხრები, მერე მიგულეთ
თქვენ მფარველ ძმად, რომ დაგიცვათ ყველგან.
თქვენ შეგარჩიეს ღმერთებმა მსტოვრად,
ხელგეწიფებად ერთგულად შრომა".
"ჩვენ საქმეს ქოფაკ არ გავაფუჭებთ,
იყავი მშვიდად გქონდეს იმედი.
თუმცა გვაცალე ახლა ოჯახის მონახულება, ტკბობა სისხლხორცით".
აღმოხდა ბურჯსა მშრალი ხახიდან
თან შეჰყვნენ ქარაფს ლაღი სიმღერით.
მზემ კი აცხუნა ქარაფებს, ლურჯ ზღვას,
სამთავაც ბოჭა სხივებით მწველით,
ოფლი ადინა სიმწრის გველძაღლას და აიძულა შემალვა ბნელში.
სამთავაც მიხვდა რომ ფუჭად ცდილობს
სიამტკბილობის დარღვევას ძმების
და კვლავ შეერწყა ტალღებს ერთბაშად
თითქოს შერცხვაო, დაწია მხრები.
ჯიხვებს დაუთმო კვლავ ასპარეზი.
დათოვლილ კლდეზე, ნაძვნარის ღრეში,
ნესტიან მიწას დაჰკრავს სხივები.
იქ მზის ოქროსფერ მწველ ანარეკლში
იბადებიან ნორჩი იები.
თოვლის ქულებში მორცხვად ჩახრილნი
სურნელს აფრქვევენ ირგვლივ იმედის.
მერქნის სურნელთან სინთეზში ისმის
ხეთა მკურნალი კოდალას რეპი.
მის სწრაფ რითმზე კი სოლოს იმღერებს,
შაშვი მგოსანი, ტყის ჟამთაღმწერი.
ამ თავბრუდამხვევ ფერად ფოლკლორში,
მოცვიც ყვავილობს თან იებს ეტრფის.
ჯიხვნიც ტკბებიან ამ სიმფონიით,
თვითონაც ქმნიან ამ ფოლკლორის რიტმს.
ქარაფზედ შესდგნენ, სხივით გამთბარნი,
ხვეულ ყანწები აღმართეს ცაში,
კენკეშის ნაყოფს აგემოვნებენ,
თან შესცქერიან მნათობებს მაღლით.
არაფერი სჯობს ცის ცქერას ამ დროს,
როცა ცა თვის სახლს ორ ტახტს დაუთმობს.
ორი ძმობილი მართავს სამეფოს
ენაცვლებიან ერთურთს საწუთროს.
შინდისფერი ცა შეუქმნის მათ ფონს,
სხარტად მოიხდენს მრავლისმთქმელ სამოსს,
ერთმხრივ შეყვითლულს, მზისა სადაროდ,
მეორე მხარეს მორუხო წალკოტს
მთვარის სამადლოდ, ღამის საამოდ.
შიგ მობნეული ოქროს ვარსკვლავნით
და შემღვრეული ღრუბელთ მაყარით
შექმნის ფერნაწერს ღმერთი საკადრისს
კაცთა და მხეცთა სამყოფს მარადისს.
გაუძლებს ამდენს მხრები ატლასის!?
...
ბურჯი წამოდგა, ჩანდა მწყურვალი
შეავსო ღვინით ყანწი გულდასმით.
გადაისწორა ხელით ულვაში,
მოიფათურებს ენას მუზაში
და გადაუხსნის ოჯახს გულს ნატიფს:
"თუ ღვინოშია ჭეშმარიტება და წუთისოფელს სიკეთე მართავს,
თუ მიწიერებს სიკეთისათვის ზოგჯერ მოუწევთ ცოდვებით გასვრა,
თუ თვით სიკეთეც მადლიანი აღმოცენდება ალაგ ბოროტთგან,
თუკი მავანთ გენებში უზით ფარჩაკობით საზრდოს მიღება
და სხვისი გარჯით ეწევიან თვისი ცხოვრების აუგ შენებას.
თუ ბოროტების მარად ჩამდენნი იყიდიან იოლ ცხონებას,
ვერ კი ხვდებიან მდაბიონი რომ ამკვიდრებენ უმეცარობას,
მაშ რა ფერია სამართალი, საიდან მოდის ანდაც რად შფოთავს?!"
აღმოხდა ბურჯსა და აიტაცა ყანწი ხვეული, თან დასცა ბოლთა:
"ეს ამ სასმისით იმ ცოდვის იყოს,
როს დაატარებს სიკეთის ნოტას,
ცოდვის გარეშე კაცთა მოდგმაში
არც სამართალს აქვს თავისი წონა.
ზოგჯერ ხომ ცოდვა გარდუვალია
კეთილი საქმე რომ იშვას გონსა."
შესძახა ბურჯმა ომახით ოჯახს,
თან გადახედა გულკაცსა ხოტბად.
გულკაცაც ჩანდა გაბრწყინებული
თითქოს იელვა მის გონში აზრმა,
გააგრძელა რა ბურჯის ნათქვამი
თან აიტაცა ფიალა მარდად.
და გაიხსენა ამბავი იგი,
როს მათ გადახდათ სიყრმისა ჟამსა:
"ეს მოხდა ადრე, შველი მომწონდა
კოპლებიანი, ყელს იღერებდა.
ვეტრფოდი ჩუმად შორიახლოდან,
ისიც ჩემს მზერას კუნტრუშს აფრქვევდა.
ჰოდა მიჰქროდნენ ასე დღეები,
მე მისი ნახვა სიხარულს მგვრიდა,
მისი ზღვისფერი ბროლის თვალები
სიკეთესა და სიწმინდეს ღვრიდა.
ერთხელაც შველი აღარ გამოჩნდა
თვალს, გულს დააკლდა მისი გოგმანი.
შვლის სამყოფელი არვინ იცოდა
ქარიც ეძებდა მის სულს, მბორგავი.
ტყე უმწეობით მოთქმით ტიროდა,
სევდით აცვენდა ფოთლებს შვლის ნაბიჯს.
ფოთლებს დაეტყოთ ჭაღარა ფონი,
ზეცამაც შეკრა ღრუბლების დოღი.
მეც მოვიწყინე, შველს დავეძებდი,
ავავსე ტყეღრე იების კონით,
მათ შველს ვუძღვნიდი და მტკიცე რწმენით
ვიკვლევდი ყოველს რომ მეხსნა შველი.
იქნებ ამ წრფელმა გულმოდგინებამ
ხმა მიაწვდინა ბუნაგსა ირმის,
სად იშუშებდა თურმე ჭრილობებს
შველი, ლამის რომ დაცლილა სისხლით.
ჰოდა ბუნებამ, ოჯახის ზრუნვამ
გადაარჩინა დაჭრილი სიკვდილს. "
გულკაცა დიდი გულაღტკინებით
თხრობდა ამბავსა ამაღელვებელს,
თვით ძალზედ სწუხდა თუ რა გადახდა
იმ დილას შველსა, სათაყვანებელს.
ჰოდა იმ დილას შველი კუნტრუშით
ასდევნებია პეპლების გუნდსა,
ხტოდა ხალისით პეპლების ირგვლივ,
შორით მანძილი უვლია ტურფას.
გზა აბნევია ტყეში ანაზდად,
ვერც შეამჩნია რომ შეაბინდდა
ბრმად მიჰყვებოდა პეპლის ქარავანს,
პეპლის ჯგუფი კი ემსხვერპლა წყვდიადს.
უეცრად მოთქმა გაისმა შაშვთა,
თითქოს ბრაზობდნენ შველის ცელქობას,
ნაძვნარიც შვლის ყურს ჩასჩურჩულებდა
დაბრუნებოდა ოჯახის ჭიშკარს.
ალბათ იგრძნესო შვლის ბედისწერა
როს მოევლინათ ტყის მკვიდრთა ხილვად.
თურმე აფთარი შეუნიშნავთ მათ
როგორ დაძრწოდა მშიერი ტყისას
სარჩოს ეძებდა თან ანათებდა
ტყის განს თვალებით ცეცხლივით მრისხანს.
გულით ჰყვებოდა ამბავს გულკაცი
მოავლო ოჯახს თვალნი წყლიანი
წამით შეჩერდა, ზეცას შესცქირა
ცას ხმა ესროლა ომახიანი:
"გვიანი იყო ტყის მკვიდრთ გოდება,
აფთარმა ხახა მომართა მყისად
როს შეამჩნია საკბილო თვისა,
აიფოფრა და თან დაედევნა
ყელმოღერებულ ბინადარს ტყისას.
ჩლიქოსანმა კი ოინს მიმართა
ნახტომში მოკლა აფთრის წადილი
ოდეს ისკუპა მაღლით ქარაფსა
ცაში გაისმა ქვათა ბღავილი
ჰოდა ეკვეთა შველი კლდის კალთას,
პირველს მეორე მოჰყვა ნახტომი,
კლდის ბუღი დადგა, ცაში აიჭრა,
მნათობთ შეეხო შველის ხავილი.
ზეცას დაეტყო სიმწრის ნაოჭი
როს მიწას ეცხო ცოდვის ქარგილი.
სანგვინის სუნი ჰაერს შეერწყა
წითლად იფერა კლდეღრემ წამებში.
ქიმს წამოეგო შველი ხტომისას,
როს აჭრილიყო მახვილად კლდისა,
გადაიტყავა ფეხი ბარძაყში
ძვლის ლულას ჩასწვდა ჭრილობა მყისად.
ვეღარ დგებოდა საბრალო შველი
ყელი ამართა მხოლოდ მდუმარედ
მისი თვალები სევდანადები
შველას ეძებდა კლდედ, ჟიჟრიბანდზე.
გამოჩენილა იქვე ირემი
წყლის დასალევად ბარს გამოსული
გზად იმორჩილებს კლდის იმ ბასრ კალთას
სად შველი ებრძვის უძლურად განცდას.
უცებ შენიშნა დობილი მიწად
როს გართხმულიყო გულის შემძრავად,
სისხლი სდიოდა, თვალს არ ხუჭავდა,
თუმცა თანდათან სულსა ღაფავდა.
ჰაერს დაეტყო გაქნილი კვალი,
ირმის ნახტომის მხურვალე რკალი,
ცის მნათობებმაც შეკრეს კამარა
ირემს აენთნენ იღბლის ლამპარად.
სხარტი გამოდგა სალტო ირემის,
თან მოიმარჯვა რქები გიშერის
მყის აიტაცა ხვეულით შველი
მარდად მოჰკურცხლა ბღავილით მწველით
იქ სად ბუდობდა ჰარემი ლხენით.
გზად კი შენიშნა აფთრის ფანტომი
მაღლა ქარაფზე ლანდად ქცეული,
როს დაჰყურებდა შველისა ქოშინს,
ნუთუ საქციელს ნანობს ეული?!
ამტყდარა რეკვა ზართა ჰარემში,
როს დაინახეს სისხლის ყანწები,
დასტაქარების შეიქნა ჯერი
შველს მკურნალობდა ერიც და ბერიც."
ამოიხვნეშა გულკაცმა ჩუმად,
თანაც აწია სასმისი კუშტად:
"ეს ამ ფიალით იმ ნების იყოს
შურისძიების გრძნობას რომ თრგუნავს,
რომ განბანს კაცსა ცუდ ფიქრებისგან,
ხორცს ამსუბუქებს და სულსაც კურნავს.
ახლა ვიცი რომ ამ გრძნობას ვზღუდავ,
მაშინ ვერ ვქენი მისი დათრგუნვა.
ჰოდა იმ აფთარს ტყეღრე ვეძებდი,
დასჯა მინდოდა მხეცის კერკეტის,
ავაწრიალე ტყეც, ღელეებიც.
ძილშიც, ღვიძილშიც ვერ ვისვენებდი.
მზე აცხუნებდა იმ დღეს ქარაფებს,
როს გადავაწყდი აფთარს კლდის თავზე.
ეფიცხებოდა მნათობს მდუმარედ
თვალთვალობდა მსხვერპლს ტყის გასაყარზე.
სისხლი მომაწვა მყის საფეთქლებზე
გახშირდა სუნთქვა, პულსიც ძარღვებზე,
ბრაზი აცეკვდა რქის ნაპერწკლებზე
ცქერაც მწველია ცხელ ნაკვალევზე. "
ყმაწვილი იყო მაშინ გულკაცა,
რქებიც არ ქონდა ჯერ საბრძოლველად,
ვერ აჯობებდა აფთარს ძალითა
თუმც მისი დასჯა ძალზედ ეწადა.
მიუხვდა ბურჯი ძმობილს გულნადებს,
გულკაცის მზერა ფრქვავდა მის სათქმელს
ჰოდა მოზიდა ბურჯმა ხვეული
აელვდა რქები ხმლებად ქცეული.
ზეცამაც შეკრა პირი თეთნულდის
ჭავლს ამზადებსო წყლისას მერწყული,
ღრუბლებმა იწყეს ცეკვა ფერხულის
გვერში დგომა სურთ თითქოს რჩეულის.
ბურჯმა შებღვირა აფთარს შორიდან
ჩუმად მიპარვა მას არ ჩვევია
ეკვეთა აფთარს, ყანწთ წამოიცვა
გაქცევის შანსი ნადირს არ მისცა.
სისხლმა იჩქეფა ბარძაყის ძარღვის,
ფეხი მოჰკვეთა მტაცებელს ყანწით.
ჭექაქუხილი გაისმა მაღლით,
ცა შეიფერა მეწამულ ალით.
აფთარმა მორთო ყმუილის ხლართი
თითქოს სიკვდილი იგრძნოო წამით
ბედს შეურიგდა, დახარა თავი.
წამი თვითგვემის, წარსულის განცდის.
თუმცაღა ძმებს არ სჩვევიათ კაცთ კვლა,
ავის სათრგუნად სცოდეს ქვეყანას,
ჭკუის სწავლება უნდოდათ აფთრის,
ახლა კი ცდიან მის გადარჩენას.
ზედ აიტაცეს რქებით აფთარი
პირი ჩასჭიდეს დაჭრილ ბარძაყში
მოგუდეს დრუნჩით სისხლმდენი ტაკვი.
მკვირცხლად გაჰქუსლეს ტყის შუაგულში
სადაც ეგულვით დასტაქრის ქოხი
...
წამი გაწუთდა, წამებას ეხსნა,
წამწამთა წირვამ იხსნა საყდარი,
სულის სამყაროს სალბუნად ედო
ამ მონატრებულ ცრემლთა ვარვარი.
ცრემლი კეთილი, პატიოსანი
ალალი, სუფთა ვით ლალის თვალი,
მის კეთილშობილ, მწველ ანასახში
აკი გასჭვივის კაცის ღაღადი.
|