საქართველოს მთავრობა სამტრედია-გრიგოლეთის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებელ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-თან საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, დავის დაწყების მიზეზი საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-ს შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობით სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა.
საუბარია სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე ლოტზე, რომლის მშენებლობა კონტრაქტორ კომპანიას მიმდინარე წლის 12 ივლისამდე უნდა დაესრულებინა.
პროექტის მიხედვით, იტალიურ „TODINI“-ს სამტრედია-გრიგოლეთის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძისა და 65 სწორკუთხა მილის (მიწისქვეშა გასასვლელელები, საქონლის და საველე გასასვლელები) მშენებლობა უნდა განეხორციელებინა.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-3 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები უნდა გაევლო.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში bm.ge-ის განუმარტეს, პროექტის ღირებულება 138 მილიონი ლარია. აღნიშნული გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებდა.
უწყებაში ამ ეტაპზე არ ამბობენ, ჰქონდა თუ არა კომპანიისთვის სახელმწიფოს ავანსის სახით გადარიცხული თანხა, შესაბამისად რაზე დაობს ქართული მხარე ამ ეტაპზე უცნობია. გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, რომლის ვადა 2019 წლის 12 ივლისს ამოიწურა.
სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-ის წინააღმდეგ საარბიტრაჟო პროცესი იუსტიციის სამინისტრომ უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ: მესამე ლოტი არ არის სამტრედია-გრიგოლეთის გზის ერთადერთი პრობლემური მონაკვეთი. სახელმწიფო პირველი ლოტის კონტრაქტორ კომპანიას უკრაინულ „ალტკომსაც“ ედავება. აღნიშნულმა კომპანიამ დაახლოებით, 25 მილიონი ევრო ავანსის სახით აიღო, სამუშაოები არ შეასრულა და ქვეყანა დატოვა. აღნიშნულ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტენდერი თავიდან გამოაცხადა. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს უწყებას სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე ლოტთან დაკავშირებითაც.
თურმე ვადის ამოწურვის შემდეგ მიხვდნენ, რომ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა