მამა-ჯეMალი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8346
წევრი No.: 54170
რეგისტრ.: 23-February 08
|
#12333085 · 22 Jan 2009, 04:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წმ. სინოდი, რომელიც ეკლესიის შიდა პრობლემებს ვერ აგვარებს... თუმცა მედიის ზეწოლისთვის მზად არის და ამისთვის სცალია... -------------------------------------------------------
ალავერდის ეპარქიის სამღვდელოების მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს ილია II _ს, წმიდა სინოდს
“სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.” ამინ! ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰყავდეს სულიერი მამა და მოძღვარი, ჩვენც გვაქვს პატივი ვიწოდებოდეთ თქვენი უწმიდესობის ერთგულ შვილებად. სწორედ მამაშვილობის ამ გრძნობამ გაგვაბედინა თქვენი ყურადღების მოპყრობა და ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება წერილობით მოგმართავთ ჩვენს გასაჭირზე: ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი, მუდამ თქვენდამი სიყვარულით განწყობილნი და ერთგულებით მლოცველნი, თქვენს მიერ ნაკურთხნი და თქვენი ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, თქვენს მიერ მადლით აღვსილნი, ყოველთვის დიდი რწმენით და სასოებით ვემსახურებოდით და ვემსახურებით ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, კერძოდ ალავერდის ეპარქიაში მრევლს. საყოველთაოდ ცნობილია ჩვენი მრავალრიცხოვანი მრევლის ერთგულება რწმენისადმი, ჩვენი ტაძრებისა და ტრადიციებისადმი, მათი მღვდელმსახურებისადმი. ეპარქიის მღვდელთა შორის მუდამ იყო ქრისტესმიერი სიყვარული, ერთმანეთისადმი ძმობა, თანადგომა და თანაგრძნობა, ჩვენს შორის არასოდეს ყოფილა გაუგებრობის ან დაპირისპირების სულ უმნიშვნელო გამოვლენაც კი. ყოველივე ზემოთქმული იყო ეპარქიის ღირსეულ მღვდელმთავართა ყველასადმი ჭეშმარიტად მამობრივი მზრუნველობის, ყველასადმი ერთნაირი სიყვარულის, სამართლიანი მოთხოვნის შედეგი. ეს ყველაფერი იყო და სამწუხაროდ აღარ არის, აღარ არის მას შემდეგ, რაც ეპარქიას სათავეში ჩაუდგა ეპისკოპოსი დავით მახარაძე. მან ერთბაშად, მოსვლისთანავე ხელი მიჰყო ადგილობრივი მღვდლების დევნასა და შევიწროებას. მისი ქცევისა და ურთიერთობის წესი არაფრით არ ესადაგება ეკლესიის როგორც კანონიკურ, ისე ტრადიციულ წესებს, რაშიც ენერგიულად იყენებს თავის მიერ ჩამოყვანილ და ადგილზე გაფართოებულ ” ერთგულ მსახურთა” მცირე გუნდს. ყოველგვარი მიზეზის და საბაბის გარეშე უნდობლობას გვიცხადებს მღვდლებს და მრევლს. ეკლესიაში ამკვიდრებს ურთიერთდაპირისპირებას და სიძულვილს, მიმართავს შანტაჟს, დაშინებას, ეკონომიკურ ზემოქმედებას. აშკარად ავადმყოფური განდიდების მანიით შეპყრობილი, ვეღარ არჩევს კეთილსა და ბოროტს, კარგსა და ავს, ჭეშმარიტსა და მცდარს, რითაც დაღუპვის პირამდე მიიყვანა ეკლესიის მსახურთა საქმიანობა, ათეულ წლობით სათუთად მოვლილი და შენახული, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი, კომუნისტურ რეპრესიებს გადარჩენილი, ღვთისა და მრევლის წინაშე პირნათელი ალავერდის ეპარქია. მთელი ოთხი წლის მანძილზე ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება ყოველნაირად ვცდილობდით ადგილზე მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი. ვუფრთხილდებოდით როგორც ეპარქიის, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის სახელს და ავტორიტეტს, მივდიოდით ყოველგვარ დათმობაზე, მიტევებაზე, შერიგებაზე, ურთიერთგაგებაზე, მაგრამ ყველაფერი ეს ერთი ასად უკუღმა გვიბუნდებოდა. ეპისკოპოსი დავით მახარაძე უფრო მეტი ენერგიით და მონდომებით აგრძელებდა თავის პირადი მიზნების განხორციელებას. არა და არ დაგვადგა საშველი. მისმა გაუთავებელმა და დაუოკებელმა მოქმედებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ამიტომ დღეს თავს ვალდებულად ვთვლით და უფლებას ვაძლევთ უმორჩილესად მოგმართოდ თქვენ, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს და წმიდა სინოდს – გამოვიტანოთ სააშკარაოდ თქვენს წინაშე, თუ რა მდგომარეობაა ალავერდის ეპარქიაში უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე. მოკლედ, სულ რამდენიმე მაგალითით, შევეცდებით წარმოგიდგინოთ შექმნილი ვითარება. 1993 წლის სექტემბერში, თელავის ღვთაების ტაძარში (რეზიდენციაში), პირველად შემობიჯებისთანავე, მეუფე დ. მახარაძემ, მისალმებისას ეკლესიის დეკანოზ ანთიმოზ ჩაგელიშვილს პირდაპირ განუცხადა: ” საორწილე აქ არაფერია, ყველაფერი ჩამაბარეო”. აქვე გამოაცხადა ღვთაების ტაძარი დედათა მონასტრად. დეკანოზმა მოკრძალებით განუმარტა ამ აზრის მიზანშეუწონლობა, რასაც ეპისკოპოსმა ყურიც არ ათხოვა, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა უარი ათქმევინა ამ განზრახვაზე. მეორე დღეს, საღამო ხანს, ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ სახლში მიაკითხა დეკანოზ ანთიმოზ ჩაგელიშვილს ორი მანქანით, მოსთხოვა სასწრაფოდ ღვთაების ტაძრის შემოსავლების მისთვის გადაბარება. ეპისკოპოსს ზურგს უმაგრებდნენ მეორე მანქანაში მყოფი კბილებამდე შეიარაღებული მხედრიონელები. იარაღის ძალის დემონსტრირებით, მხედრიონელების დახმარებით ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ ხელში ჩაიგდო თელავის ღვთაების ტაძრის წინამძღვრობა. ასეთ სიტუაციაში ტაძრის ”გადაბარებამ” მეტად არასასიამოვნო და გაუგებარ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ყველა. ეს იყო მხედრიონის თარეშის ხანა, ვერ მივხვდით რა ხდებოდა, ვიდრე ერთ-ერთ საეპარქიო კრებაზე, მიუხედავათ სამღვდელოების მხრიდან წინააღმდეგობისა, ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ გამოიტანა დადგენილება ყოველ ტაძარზე სამი მხედრიონელის მიმაგრების შესახებ. ამ დადგენილებას წინ უძღოდა შემდეგი ფაქტი: მხედრიონელები, მეუფე დ. მახარაძის დავალებით ცემა-ტყეპით გაუმასპინძლდნენ ალავერში მოსულ მლოცველებს: ქალებს, კაცებსა და ბავშვებს, ეპისკოპოსი კი მეორე დღეს ამით თავს იწონებდა და იძახდა: ”ეს სჯულის კანონით მიღებულიაო”. სულ მალე, მხედრიონელებმა, რომლებმაც ჯერ შეურაცხყვეს აწყურის წმ. გიორგის ტაძარი, რადგან აღსავლის კარით შევიდნენ საკურთხეველში და როცა ვერაფერი იპოვეს, ძარცვის მიზნით, სოფ. რუისპირში თავს დაესხნენ ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ალექსი ძამუკაშვილის ოჯახს, მისმა მეუღლემ მომხვდურებს განუცხადა, რომ ეკლესიას, მღვდლის ოჯახს ასე არ უნდა მოქცეოდნენ, რაზეც მხედრიონელთა უფროსმა პირდაპირ უპასუხა: ამაზე ჩვენ მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევა გვაქვსო. ეპისკოპოს დ. მახარაძის მხედრიონთან ალიანსის კიდევ ერთი ფაქტია ის, რომ მხედრიონის წევრების დაპატიმრების შემდეგ, მრევლში აგროვებდა ხელმოწერებს მათი შეწყალების მოთხოვნით. დამნაშავეთა სამყაროსთან ეპისკოპოს დ. მახარაძის საეჭვო ურთიერთობებზე მეტყველებს ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოსული 5 ტონა შაქრის ფხვნილის შუამთის მონასტრიდან ყაჩაღური გატანის ფაქტიც, თუ არა ჩვენი ჩარევა, ეპისკოპოსი ამაზე საქმის აღძვრასაც კი არ აპირებდა. შემდგომ, დეკანოზ ბარნაბა წვერიკმაზაშვილისადმი მტრულად განწყობილმა მეუფემ სცადა, მისთვის დაებრალებინა ეს სამარცხვინო ქურდობა. ყურადსაღებია ის, რომ ამ დროს შუამთის მონასტერს თავს აფარებდა ორი საერთაშორისო ძებნაში მყოფი დამნაშავე, ვითომდა სულის განსაწმენდელად. როგორს ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ იმთავითვე განაცხადა: ” აქ საორწილე არაფერიაო” და რასაც დღეს ასე ხსნის: ”მაშინ ძალიან მიჭირდაო”, ვერცხლისმოყვარეობის სენით შეპყრობილმა მოახდინა ტაძრების სამეურნეო- საფინანსო საქმეების სრული მონოპოლიზაცია, შემოიღო ჩვენს დროში საქართველოს საეკლესიო პრაქტიკაში უპრეცენდენტო მოვლენა—ალავერდის ეპარქიის ეკლესია- მონასტრების ცენტრალიზაცია. მიუხედავად მღვდელმსახურთა წინაარმდეგობისა, მეუფემ მაინც თავისი გაიტანა, ეპარქია ”ახალ სისტემაზე” გადაიყვანა. რის განსახორციელებლადაც იყენებდა, როგორც თვითონ უწოდებს ექსპერიმენტს: ყოველ საეპარქიო კრებაზე მღვდლების ერთი ტაძრიდან მეორეში სისტემატიურ გადაყვან- გადმოყვანას, დანიშვნა-განთავისუფლებებს, ურთიერთდაპირისპირებების შექმნას, მღვდლების ავტორიტეტის შელახვას. იმ დევიზით, რომ ებრძვის ”საპატრიარქოს მაფიას”, გააუქმა საპატრიარქოსთან ანგარიშგების და ურთიერთობის მანამდე არსებული წესი. აკრძალა საპატრიარქოსთან ჩვენი ყოველგვარი უშუალო ურთიერთობა. გზა გაუხსნა ბაზრის ( კერძო წარმოების) სანთელს. როდესაც ეს ფაქტი ვამცნეთ უწმიდესს და უნეტარეს პატრიარქს, მეუფე დ. მახარაძე უფრო მეტ დაუძინებელ მტრად გვექცა. მიგვაჩნია, რომ მის მიერ საქართველოს საპატრიარქოში წარდგენილი ყოველგვარი საფინანსო ინფორმაცია არის საეჭვო და შესამოწმებელი. რაკი მაინც ვერ მოახერხა ტაძრიდან ტაძარში მღვდლების ამდენი გადაყვან- გადმოყვანით ( რასაც დეკანოზმა ევსტათი ბელადიძემ ’’ფსიქოლოგიური ომი’’ უწოდა), ტაძრების წინამძღვრებად თავისი სასურველი პირების დანიშვა—თვითონ შეითავსა ყველა ტაძრის წინამძღვრობა. მღვდლებს ჩამოერთავათ უფლება და საშუალება იზრუნონ თავიანთი ტაძრების კეთილდღეობაზე. მთლიანი შემოსავალი ’’ბედნიერი’’ მეუფე დ. მახარაძის ქისაში მიჩხრიალებს. ყველა ტაძრის ნებაყოფილობითი შემოწირულობების ყუთების გასაღებებიც კი საკუთარ ჯიბეში მოაქცია, რომ ყოველივე თავის გავლენის ქვეშა და ზემოქმედებაში ამყოფოს. სამღვდელოება ჩამოაცილა საპატრიარქოს, იქამდე მივიდა, რომ ყოველ ქრისტიან-მართლმადიდებელ ქართველთა უპირველეს სულიერ მოძღვართან, უწმიდესთან და უნეტარესთან მისვლას, გულისტკივილის თუ აღსარების თქმასაც კი გვიშლის, თვითონ აღსარების საიდუმლოს მიღებას მისცა დაკითხვა- დასმენის ხასიათი და მნიშვნელობა. საეპარქიო კრებებზე და ცალკეული შეხვედრებისას მაგნიტოფონით ახდენს ჩვენი საუბრების ჩაწერას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მეტად უარყოფით ზეგავლევას ახდენს ეპარქიის მღვდელთა, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ყოფაზე, რა თქმა უნდა ეპისკოპოსთან დაახლოებული ვიწრო წრის გამოკლებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეპისკოპოს დ. მახარაძის ხელმძღვანელობით და ხელის შეწყობით ალავერდის ეპარქიაში არაფერი მნიშვნელოვანი და ღირსეული არ შექმნილა. მისმა მისიონერულმა ნაღვაწმა, ვითომდა ეკლესიურმა მსვლელობებმა, როგორც ქალაქად, ისე სოფლად, მთათუშეთში, არავითარი სასიკეთო ნაყოფი არ გამოიღო, ვინაიდან ამ ყველაფერს თან ახლდა ეპისკოპოსის ახლობლების მხრიდან უზნეო საქციელი, ლოთობა და გაუპატიურება. ამ მოვლენებმა მხოლოდ ავტორიტეტი შეულახეს ეკლესიის მსახურთ. ვხედავდით რა, რომ მეუფე დავით მახარაძეს არ ჰყოფნიდა არც სულიერება, არც ცოდნა და გამოცდილება, ჩვენ ყველამ, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე არაერთხელ ვცადეთ გვერდში დავდგომოდით და როგორმე სწორად წარგვემართა საერთო საქმე, მაგრამ მისგან ყოველთვის, პირდაპირ და ზურგსუკან, ვერაგულ და დაუმსახურებელ პასუხს ვიღებდით. ამის შედეგია ოთხი სასულიერო პირის გაძევება- გაქცევა ეპარქიიდან. ყოვლად გაუგებარია და გაუმართლებელი ეპისკოპოს დ. მახარაძის აშკარა მტრული დამოკიდებულება ხალხის, მორწმუნე მრევლის საეკლესიო და საერო ტრადიციებისადმი. რამაც მთლიანად გააოგნა ხალხი და მრავალი მორწმუნე სრულიად ჩამოსცილდა ეკლესიას, დაიფანტა ძველი მრევლი. მაგალითად ტაძარში მლოცველებს აუკრძალა ღამისთევა, არ მიიღო საზიარებლად ამაღლების დღესასწაულზე სოფლებიდან ჩამოსული, მარხვაგამოვლილი მორწმუნეები, თანამზრახველთა დახმარებით სასაცილოდ აიგდო და ტაძრიდან გააძევა ისინი.. კერპთაყვანისმცემლობად მიაჩნია სადღესასწაულოდ მოსულ მლოცველთა მიერ საკლავის დაკვლა და მხიარულება. ყოველთვის ცდილობს ასეთ მოვლენები წარმოაჩინოს უარყოფითად, მისცეს მათ საწინააღმდეგო ახსნა, დაინახოს ყველაფერში მხოლოდ ცუდი და მიუღებელი. უფრო მეტიც, ეპისკოპოსი სთესავს ერთა შორის, ეკლესიათა შორის, სარწმუნოებათა შორის მტრობას, განხეთქილებას, დაპირისპირებას, იყენებს ცილისწამებებს და ჭორებს, ქონდრისკაცისეულ შანტაჟებს, მდაბიო, უმეცარ გამოსვლებს ტელევიზიით და ყოველივე ამას საფუძვლად უდებს თავის უსუსურ, აკვიატებულ წარმოდგენებს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკაზე. შემოკრებილი ამალის გუნდრუკის კმევით, მთელი თავისი ქმედებით, სპობს და ბოლოს უღებს ყოველივე იმას, რასაც პირველი თვითონ უნდა იცავდეს,უფრთხილდებოდესდა მზრუნველობდეს. ყოველივე ამის კიდევ ერთი დადასტურება და მაგალითია ივნისის თვეში გერმანიის ქალაქ ბიბერახიდან ჩამოსული დელეგაციის ვიზიტის დროს ეპისკოპოს დ. მახარაძის ცილისწამებები დეკანოზ ალექსი ძამუკაშვილის მიმართ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პატივმოყვარეობა და განდიდების მანია, გამოუცდელობასთან ერთად, ამპარტავანს ხდის ეპისკოპოს დ. მახარაძეს, რაც თავისთავად ხელს უშლის მას სწორად წარმართოს თავისი საქმიანობა. ნიშანდობლივია, რომ ამასწინად საპატრიარქოს მიერ საგანგებოდ გამოცხადებული სამდღიანი მარხვისა და წირვის შესახებ ინფორმაცია მან არ გააცნო ეპარქიის მღვდელმსახურებს. იმარხულეს და წირვა აღავლინეს მხოლოდ მეუფესთან დაახლოებულმა პირებმა, დანარჩენებს კი ამის შესახებ შეგნებულად არ შეგვატყობინეს. ჩვენს ეპარქიაში წირვისათვის საჭირო სებისკვერს ყველა ტაძარში ეპისკოპოსის მთავარხუცესი არიგებს, ასე რომ მეუფის ნებაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ტაძარში როდის და რამდენჯერ აღსრულდება წირვა-ლოცვა. რატომ არ მოგვიტანეს ასეთ უმნიშვნელოვანესი დღისათვის სებისკვერი, რატომ არ გაგვაფრთხილეს გამოცხადებული მარხვის შესახებ? იმიტომ, რომ მრევლისა და ხალხის თვალში დავემცირებინეთ. თელავი პატარა ქალაქია, აქ ყველა ყველას იცნობს. ჭორი და მართალი სწრაფად ვრცელდება; თვითონ იმარხულეს, ილოცეს, ხალხის წინაშე ღვაწლმოსილნი გამოჩნდნენ, ხოლო ჩვენ შერცხვენილნი, უმარხველნი, ულოცველნი და თავსლაფდასხმულნი, საქმის მოღალატენი უნდოდათ წარმოვეჩინეთ ხალხის თვალში; აი, რა მეთოდებით გვთრგუნავენ და გვასწორებენ მიწასთან. ესეც ჩვენი ეპისკოპოსის აზროვნების და მოქმედების დამახასიათებელი ნიმუშია. აგრეთვე არავინ იცის, ვის და რას ემსახურება ალავერდის ეპარქიასთან მეუფის მიერ შექმნილი შ. პ. ს. ‘’კიპარისი’’. საზოგადოებაში და მორწმუნეთა შორის გაუგებრიბასა და არასასიამოვნო ასოციაციებს იწვევს მისი ლტოლვა შუამთის დედათა მონასტრისადმი, სადაც დღისით თუ ღამით, თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. მონასტერში არ არის არჩეული წინამძღვარი, ესეც თვითონ შეითავსა, წირვა- ლოცვები ტარდება ბერძნული წესის მიხედვით. ეპისკოპოსის ყოველი დაბრუნებას თელავში, ღვთაების მონასტერში მეფის შესაფერისი ზარ- ზეიმით ხვდებიან მისი გუნდის წევრები. [u]უნდა ითქვას, რომ სატვირთო თუ მსუბუქი ავტომანქანის საჭესთან ჯდომა და ქალაქში განავარდება მისთვის მეტად სასიამოვნო საქმიანობაა. იყო შემთხვევა, როცა ნასვამ მდგომარეობაში, 4 მგზავრით იყალთოს მონასტრის გზაზე გადააკოტრიალა ავტომანქანა ’’ნივა’’. ღვთის წყალობით ყველანი გადარჩნენ. ჩვენ მაშინაც ვურჩიეთ, რომ მთვრალი აღარ დამჯდარიყო საჭესთან. როგორც ამ ოთხმა წელმა საბოლოოდ დაგვარწმუნა, ეპისკოპოს დავით მახარაძეს მისი პიროვნული თვისებები: პატივმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნემა, შური, სიძულვილი, ამასთან მცირე ცოდნა და გამოუცდელობა ხელს უშლის იცხოვროს და იღვაწოს მისი მაღალი წოდებისა და საპატიო სამსახურის შესაფერისად, ღირსეულად. ამიტომაც სჭარბობს მის საქმიანობაში საეო ცხოვრებაში დამკვიდრებული სამსახურებრივი ურთიერთობის მანკიერი და მახინჯი მეთოდები და ხერხები. ხელქვეითთა მიმართ მისი დამოკიდებულება განპირობებულია არა სიყვარულით, სათნოებით, მამობრივი მზრუნველობით, ურთიერთგაგებით, მიტევებით არამედ დესპოტის სიძულვილით, უსიტყვო მონური მორჩილებით, ლაქიობის, პირმოთნეობის დასაგმობი პრინციპებით. ალავერდის ეპარქიაში შექმნილი ვითარება საგანგაშოა. გაიხლიჩა სამღვდელოება, დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. საეპარქიო კრებებზე მუდმუვად დაძაბული ატმოსფეროა, უნდა ითქვას, რომ ეს კრებები უფრო სასამართლო სხდომებს ჰგავს. შექმნილი სიტუაცია სასწრაფო განმუხტვას მოითხოვს. თქვენო უწმიდესობავ, ჩვენ კახელები მომთმენი ხალხი ვართ, ღვთის წინაშე მოსათმენი მოვითმინეთ, დასათმობი დავთმეთ, მისატევებელი მივუტევეთ, არა ერთხელ, არამედ ათასჯერ, მაგრამ ყოველივე ამან კეთილი ნაყოფი არ გამოიღო, ყოველივე უარესისაკენ წავიდა. აქ არის ერთი უპირველესი და უმთავრესი გარემოება, რომელიც ჩვენს გაჭირვებას გაუსაძლისს ხდის: მიუხედავად იმისა, რომ მეუფე დ. მახარაძემ ბევრი რამ დაგვაკარგინა და ბევრიც დაგვათმობინა, მთავარი მაინც ის არის, რომ ურთიერთსიყვარული, ურთიერთნდობა, ურთიერთპატივისცემა აღარ არის და რაც ყველაზე გულსატკენია არა გვყავს სულიერი მამა და მოძღვარი, გზის მანათობელი და სულის მესაიდუმლე. სამწუხაროდ მეუფემ ეს ვერ შეძლო. იგი ჩვენ არ გვენდობა ( ამას ყველას გასაგონად გვეუბნება). ვეღარც ჩვენ ვენდობით მას. ჩვენ ისიც კი არ შეგვიძლია, რომ მეუფეს აღსარება ჩავაბაროთ და შენდობა და პატიება გამოვთხოვოთ, რადგან ან ამ აღსარების მონებად გვაქცევს ან ხალხში წამოგვაძახებს განდობილ საიდუმლოს! დიახ, ყოფილა ასეთი შემთხვევები! ვერც მის მთავარხუცესებს ჩავაბარებთ აღსარებას გასაგები მიზეზების გამო. ასე, რომ თქვენო უწმიდესობავ, ჩვენ უმამოდ დარჩენილთ, დაობლებულთ და გზააბნეულთ სხვა არა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოგმართოთ თქვენ--- ჩვენს დიდ მამას, ერის სულიერ მამას და გთხოვოთ შეწყალება. ჩვენ აქ შეგნებულად არ მოგვყავს შესაბამისი ციტატები წმიდა წერილიდან თუ სჯულის კანონიდან, თქვენს უწმიდესობას ერთიც და მეორეს ჩვენზე უკეთესად მოეხსენება. ჩვენი ერთადერთი სურვილია ალავერდის ეპარქიას დაუდგინოთ ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც გაამთლიანებს, გააერთიანებს გახლეჩილ ეპარქიას, გაგვიწევს მამობას, რომელიც გასწმედს ჩვენს სულებს ცოდვებისაგან. ამიტომ უმორჩილესად მოგმართავთ თხოვნით, თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს- პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ასევე წმიდა სინოდს, რომ ’’უნაყოფო ხე მოიკვეთოს’’, რომ ჩვენ მოგვეცეს საშუალება თქვენი სამართლიანი გადაწყვეტილების მეოხებით, კვლავ ძველებურად ღვთისადმი ერთგულებით და სიყვარულით, ლოცვითა და ვედრებით, ჩვენი ყოველდღიური გულწრფელი მსახურებით, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყნად ყველაზე წმიდა და დიდ საქმეში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამსახურში. იმედი გვაქვს, რომ თქვენი უწმიდესობა შეუნდობს თავის ცოდვილ და მასთან ერთგულ შვილებს და ჩვეული სიბრძნით გამოიყვანს სულიერი გაჭირვებიდან. ჩვენთან არს ღმერთი.
დეკანოზი ალექსი ძამუკაშვილი დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი დეკანოზი ევსტათი ბელადიძე დეკანოზი გიორგი ლომიაშვილი დეკანოზი ბარნაბა წვერიკმაზაშვილი დეკანოზი დავით მოსიაშვილი მღვდელი ზენონ მანოშვილი მღვდელი ელისე ბურდული მღვდელი ფარნაოზ მარგალიტაშვილი მღვდელი ისააკი 14 აგვისტო, 1997 წელი ქ. თელავი --------------------------------------------
კათოლიკოს- პატრიარქისა და წმიდა სინოდის მხრიდან ამ მიმართვაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. დავით მახარაძე დღესაც ალავერდის ეპარქიის ხელმძღვანელია. უფრო მეტიც, ამ წლების განმავლობაში კათოლიკოს- პატრიარქმა იგი ჯერ მთავარეპისკოპოსის, ხოლო შემდეგ მიტროპოლიტის საპატიო ტიტულებით დააჯილდოვა. გარდა ამისა მიტროპოლიტი დავით მახარაძე იყო საქართველოს საპტრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ხოლო ამჟამად საპატრიარქოს ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების განყოფილებას ხელმძღვანელობს.
|