კობა ნარჩემაშვილი - ივანიშვილის ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ რევანშს არ გეგმავს
კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე შერჩევა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ ალასანიასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს. შს ყოფილი მინისტრი პანკისის წარმატებულ ოპერაციას იხსენებს, სადაც ალასანია შტაბის ერთ-ერთი წამყვანი წევრი იყო.
,,GlobalNews” კობა ნარჩემაშვილს ესაუბრა:
-როგორ შეაფასებთ ივანიშვილის მთავრობას, ასევე როგორც ყოფილი მინისტრი, როგორ შეაფასებთ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს?
ბევრ ვიცნობს, ბევრს - არა. ირაკლი ღარიბაშვილს არ ვიცნობ. ვფიქრობ, არის დაბალანსებული, სტრატეგიულად სწორად ჩამოყალიბებული კანდიდატურები. ყოველ შემთხვევაში, ის ნაწილი, რომელსაც მე ვიცნობ. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მისი შერჩევა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილებაა.
-ღარიბაშვილის სიმამრს თამაზ თამაზაშვილს იცნობთ? თქვენი მისტრობის დროს მუშაობდა შს სამინისტროში?
-ჩემს დროს მუშაობდა, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. ოპერატიული მუშაკი იყო, ჩემს დროს აღარ იყო ოპერატიულ სამსახურში, მაგრამ ვიცნობ როგორც გამოცდილ ოპერატიულ მუშაკს.
-თქვენი მინისტრობის დროს დაწინაურდა თამაზაშვილი?
-არა. თამაზაშვილი ჩემი მოადგილეობის დროს კახეთის შინაგან საქმეთა სამხარეოს სამმართველოს უფროსი იყო და მე როდესაც მინისტრი გავხდი, ის იყო საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
-რაც შეეხება თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას, როგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან? როგორი მინისტრი იქნება ალასანია?
-ჩვენ ერთად ვმუშაობდით, მე ვიყავი მინისტრი, ის იყო მინისტრის მოადგილე. პანკისის ოპერაციის დროს ის იყო შტაბის ერთ-ერთი წამყვანი წევრი. მასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, როგორც კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ მაღალი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებულ პიროვნებასთან.
-ირაკლი ალასანიას ხშირად წამოაძახებენ ხოლმე პანკისისი ოპერაციას. მას ამ ოპერაციის დროს რაიმე შეცდომები ჰქონდა?
-პანკისის ოპერაცია თუ ვინმეს უნდა წამოაძახონ, ეს მე ვარ. ვფიქრობ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თუ რაიმე წარმატებული ოპერაცია იყო, ერთ-ერთი ეს იყო.
-შეძლებს თუ არა ალასანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ კუთხით მუშაობას?
-ამ მხრივ, მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, რადგან ამ ნაწილში მის მონაცემებს ვიცნობ და ვთვლი, რომ ძალიან კარგი კანდიდატურაა.
-რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, იცნობთ თუ არა მას და გქონდათ თუ არა შეხვედრა ?
-არა, შეხვედრა არ მქონია, მხოლოდ ვიზუალურად ვიცნობ.
-არსებობს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, თანამდებობა შემოგთავაზოთ. იყო თუ არა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით?
-არა, არანაირი შეხება არ მქონია ამ ადამიანთან.
-თუ შემოგთავაზებენ რაიმე თანამდებობას ივანიშვილის მთავრობაში, დათანხმდებით?
-ძალიან მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა, იმის გათვალისწინებით, რომ ვერც კი წარმომიდგენია რა უნდა იყოს. ჩემი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ამაზე არც კი მიფიქრია.
-რატომ ვერ წარმოგიდგენიათ, თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი და ამ მიმართულებით ძალოვან უწყებაში მუშაობის მხრივ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ?
-გამოცდილება ერთია, გუნდი - მეორეა. ამაში ძალიან დიდი განსხვავებაა. ძალიან რთულია ამაზე საუბარი. ვერ გეტყვით...
-ირაკლი ღარიბაშვილმა რომ შემოგთავაზოთ სამინისტროში დაბრუნება...
-ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან, ხომ იცით?!
-ანუ არ დაბრუნდებით?
-ჩემი აზრით, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან ახალგაზრდა, ძალიან გაწონასწორებული და რაც მთავარია, ისეთი ადამიანი ჩაუდგება სათავეში, რომელსაც აქვს პიროვნული და პროფესიული თვისებები იმისათვის, რომ ამ სისტემას თავი გაართვას. ამიტომ, მას ამ ნაწილში კონსულტაციები არ სჭირდება.
-თქვენი აზრით, რამ განაპირობა მიხეილ სააკაშვილის დამარცხება საპარლამენტო არჩევნებში, რა იყო ამის ძირითადი მიზეზი?
-საზოგადოებრივი აზრის იგნორიება, ეს იყო უმთავრესი.
-სააკაშვილის ძირითად შეცდომად რას მიიჩნევთ?
-მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობა, სიღატაკე, შიმშილი, ამან მაინც არ ითამაშა გადამწყვეტი როლი. გადამწყვეტი როლი ითამაშა უსამართლობამ.
-როგორ ფიქრობთ, უნდა შეიცვალოს თუ არა სასამართლო ხელისუფლება, ვგულისხმობ უზენაესი სასამართლოდან დაწყებული, ქვედა რგოლებით დამთავრებული?
-ჩემი აზრით, შეცვლა ძალიან პირობითი გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენ მაღალკვალიფიციური კადრებით ძალიან განებივრებული არ ვართ. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა. ამიტომ, ძალიან რთულია მოძებნო ამ ვითარებაში ბევრი კვალიფიციური სპეციალისტი. ვფიქრობ, ინსტიტუციური ცვლილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილება. ამიტომ თუ იქნება ინსტიტუციური ცვლილება, კადრების ძირითადი ნაწილი, რომელიც დღეს არსებობს, რასაკვირველია, იმ ადამიანების გამოკლებით, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი, ვითარების გამოსწორებას შეძლებენ. სწორად არ მიმაჩნია, ერთი ხელის მოსმით სასამართლო რეფორმის განხორციელება და ვიღაცის გაშვება გამოსავალი არ იქნება. თუ განხორციელდება ინსტიტუციური ცვლილებები და სამართლიანობის პრინციპი იქნება დამკვიდრებული, მგონი ეს მიღწევადია.
-როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის მთავრობა სამაგიეროს გადახდის პრინციპით იმოქმედებს და დაიწყება პოლიტიკური დევნა სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების?
-ეს არის ძალიან პრიმიტიული რამ, სამაგიეროს გადახდაზე საუბარი არ არის და ეს მტკიცდება ყოველდღიური მათი მოქმედებით. არავითარ შემთხვევაში არ იქნება სამაგიეროს გადახდა, ეს იქნება სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი. დარწმუნებული ვარ, რევანში, პირადი ანგარიშსწორება და სამაგიეროს გადახდა არ იქნება.
http://globalnews.com.ge/?l=G&m=2&ID=9242პ.ს ღარიბაშვილი თამაზაშვილის სიძე რომ იყო, ჩემ გარდა კიდე ვინ არ იცოდით?
)