დაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსენი
დაიბადა: 1 ივნისი, 1926
დაბადების ადგილი: ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
გარდაიცვალა: 5 აგვისტო, 1962
გარდაცვალების ადგილი: ბრენტვუდი, კალიფორნია
მეუღლეები: ჯეიმს დაგერტი (1942-1946), ჯო დიმაჯიო (1954), არტურ მილერი (1956-1961)
მერილინ მონრო (Marilyn Monroe) (დაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსენი) (დ. 1 ივნისი, 1926 – გ. 5 აგვისტო, 1962) იყო ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი "ხატი", კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო.
ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ახლო 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე“ ის მუშაობდა სერიოზულ როლებზე და მისი წარმატება აღემატებოდა მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას.
მერილინის ნაადრევი სიკვდილი მიჩნეული იყო როგორც შესაძლო თვითმკვლელობა. უამრავ პიროვნებას, ჯეკ კლემონსის (პოლიციის ოფიცერი, რომელიც ყველაზე პირველი მივიდა მერილინის გარდაცვალების ადგილზე) ჩათვლით სჯეროდათ, რომ მონრო მოკლეს.
მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ ფორბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების“ სიაში.
არშემდგარი პირადი ცხოვრება და იმის ამაო მცდელობა, რეჟისორებისთვის დაემტკიცებინა, “ლამაზმან მერლინს” საკუთარი “ღირსებების” დემონსტრირებაზე გაცილებით მეტის უნარი შესწევსო - აი, იმ ტრაგედიის ძირითადი მიზეზები, რომელიც მოგვიანებით მდიდრულ აგარაკზე გათამაშდა - 1962 წლის 5 აგვისტოს დილას პოლიციამ მერლინის ცხედარი აღმოაჩინა.
ამ ტრაგედიის მთელი სიღრმე რომ იგრძნო, ალბათ წარსულში უნდა დაბრუნდე; იმ დროში, როცა ქერაკულულებიანი ნორმა ჯინი ცხოვრების პირველ, საკმაოდ სასტიკ გაკვეთილებს იღებდა...
ვინ იცის, როგორი ბედისწერა ელოდა მერლინ მონროს, ბუნებას რომ არ დაეჯილდოებინა მშვენიერი სხულით, საოცარი კანითა და საყვარელი სახით, რომელშიც ანგელოზის მომხიბვლელობა მაცდურის ჯადოსთან იყო შეზავებული...
რეჟისორებისთვის მერლინი ყოველთვის ლამაზ სექსუალურ ქალად რჩებოდა, და არც ერთ მომწვევს მასში მსახიობის დანახვა არც უცდია და არც სურდა.
მერლინი ვარსკვლავი ხდება, მისი ფოტოები საღამოს კაბებში თუ მათ გარეშე მილიონობით ტირაჟით იყიდება, პრესის ფურცლებზე კი გაუთავებლად ჭორაობენ მის პირად ცხოვრებაზე.
ეკრანული იმიჯის შეცვლის ყველა ცდა მარცხით მთავრდება. ე. კაზანისა და ლი სტრასბერგის თეატრალურ სტუდიაში გაკვეთილებს ესწრება და ამის გამო დასცინიან. ინტერვიუებში სულ იმეორებს, სერიოზულ სურათებში თამაში მსურსო... მაგრამ ისევ მელოდრამებსა და კომედიებში იწვევენ, მაცდური, მაგრამ ცალტვინა ლამაზმანის როლებზე.
ბევრი მსახიობი და რეჟისორი (მათ შორის ცნობილი ლოურენს ოლივიე) აღნიშნავდა, რომ მისი, როგორც დრამატული მსახიობის ტალანტი, უდავოა. თუმცა ამით არაფერი იცვლება. მაყურებლისთვის ის იგივე რჩება: საყვარელი, ლამაზი სოლისტი, გოგონა ჯაზის ორკესტრიდან, მილიონერზე გათხოვებას რომ ნატრობს, მაგრამ ბედნიერებას მასავით ღატაკ, მაგრამ მომხიბვლელ მუსიკოსთან პოულობს.
სამწუხაროა, მაგრამ მაშინ, როცა მსახიობი მერლინ მონრო “დაიბადა”, ქალს, რომელიც ამ სახელსა და გვარს ატარებდა, სულ ცოტა ხნის სიცოცხლეღა დარჩენოდა. მოახლოებულ სიბერეზე აკვიატებულმა ფიქრმა, არტურ მილერთან გაყრამ, საქმით დაუკმაყოფილებლობამ და ა. შ. მსახიობი დეპრესიამდე, ხოლო დეპრესიიდან “გამოსავლის” ძიებაში – ალკოჰოლამდე, ნარკოტიკებამდე და აბებამდე მიიყვანა.
და მაინც… მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დასკვნა თვითმკვლელობაზე საფუძვლიანად ჯერ არავის უარუყვია, მერლინ მონროს სიკვდილი მაინც უამრავ ეჭვს, აზრს და ვარაუდს ბადებს...
მაშ ასე, როგორ “იწერებოდა” მერლინის ისტორია:
ბავშვობა1 ივნისს 1926 წლის გლედის მონრო ბეიკერს ქალიშვილი გაუჩნდა, რომელსაც იმ დროისთვის პოპულარული მსახიობის - ნორმა ტოლმეჯის მსგავსად – ნორმა დაარქვა.
გლედისი 2 წელი იყო მარტინ მორტენსონის ცოლი, მაგრამ მერლინის დაბადების დროს, უკვე გაშორდა ქმარს. მორტინსონის მამობა საეჭვოდ მიიჩნევა, მაგრამ, ასეა თუ ისე, დედამ შვილი ამ გვარით ჩაწერა.
სამსახურის გამო გლედისს ქალიშვილისთვის არ ეცალა. 2 კვირის გოგონა ახალმა მშობლებმა იშვილეს. 1932 წლიდან (8 წლის) ნორმა ჯინი ბოლენდერებთან ცხოვრობდა. ეს ოჯახი ბავშვებს აღსაზრდელად იმისთვის იღებდა, რომ კრიზისის წლებში ბავშვის შემწეობაზე ეცხოვრა. გლედისი ხანდახან სტუმრობდა შვილს და გოგონას ართობდა და ამხიარულებდა
1932 წლის ზაფხულში დედას შვილი თავისთან მიჰყავს. მაგრამ 1 წლის შემდეგ, მამის გარდაცვალების გამო ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი ქალი ისევ კლინიკაში ხვდება.
ნორმა ჯინ ბეიკერი საკუთარი თავის ანაბარა რჩება და მასზე ზრუნვას დედის მეგობარი – გრეის ეტკინსონ მაკ-კი იწყებს.
ბავშვი ძალიან უყვარდა და ოცნებობდა მისგან კინოვარსკვლავი გამოეჩარხა. ათასნაირ მორთულობას ყიდულობდა, ლამაზად სიარულსა და კოსმეტიკის გამოყენებას ასწავლიდა და ხშირად დაჰყავდა კინოში. საბოლოოდ ის გოგონას ოფიციალური მეურვე გახდა.
იმ პერიოდში გრეისს ერვინ სილლიმენ გოდარდი გაუცვნია. მოხდენილი, გაყრილი, მსმელი, 3 ქალიშვილით და მაინც სასურველი. გრეისმა იქორწინა. ოჯახმა აღსაზრდელად დაიტოვეს ერვინის ერთ-ერთი ქალიშვილი - ნონა, ნორმას გამოკვების თავი კი აღარავის ჰქონდა.
1935 წელს ნორმა ჯინი ობლების თავშესაფარში გადადის და იქ 2 წელი ცხოვრობს. შაბათობით გრეისი სტუმრობს და მომავალი ვარსკვლავი კინოში მიჰყავს.
1937 წელს გრეისმა ნორმა თავშესაფრიდან წამოიყვანა, მაგრამ გოდარდებთან ცხოვრება მხოლოდ რამდენიმე თვით შემოიფარგლა – ერთხელ მთვრალმა ერვინმა გოგონას გაუპატიურება სცადა. ნორმა გრეისის ბებიასთან გადადის. აქ კიდევ ერთი უსიამოვნო ისტორია მოხდება, ისევ სექსუალურ ნიადაგზე, უკვე ბიძაშვილთან (ბიჭი - 12 წლის იყო, გოგონა - 11) და ის ისევ იცვლის მისამართს
გრეისის დეიდასთან გადადის, შემდეგ მისი ავადმყოფობის გამო ისევ გოდარდებთან ბრუნდება. ბოლო ორი წლის მანძილზე თურმე გაიფურჩქნა, უკვე ბევრ ყმაწვილს რჩებოდა მასზე თვალი და “გოგონა მმმ...”-ს – ეძახდნენ, საკუთარი თავის რწმენა გაეღვიძა.
თაყვანისმცემლებიდან განსაკუთრებული ყურადღებით ჯიმ დაგერტი გამოირჩეოდა, დამოუკიდებელი და ზრდასრული ადამიანი. ეს ნორმას ძალიან სიამოვნებდა. როცა გოდარდები საცხოვრებელ ადგილს იცვლიან, ნორმა ვერ მიჰყავთ და ის სწორედ დაგერტზე თხოვდება.
აუხდენელი ოცნება - შვილები მერლინ მონრო მთელი ცხოვრება შვილს ნატრობდა, მაგრამ ვარსკვლავობისა და ფილმებში გადაღების ძლიერმა სურვილმა ოცნების ახდენა შეუძლებელი გახადა. ჯანმრთელობის მხრივაც პრობლემები ჰქონდა – 30-ზე მეტმა აბორტმა თავი იჩინა.
პირველი ქორწინების დროს, სახლში მოწყენილს, ძალიან სურდა ბავშვი, მაგრამ დაგერტი შეეწინააღმდეგა. როცა სიტუაცია შეიცვალა: ქმარი იხვეწებოდა, ნორმა კი უარზე იყო, მოდელობას გაუგო გემო და განაცხადა, ფიგურის გაფუჭება არ მინდაო.
პირველი ქორწინების დროს, სახლში მოწყენილს, ძალიან სურდა ბავშვი, მაგრამ დაგერტი შეეწინააღმდეგა. როცა სიტუაცია შეიცვალა: ქმარი იხვეწებოდა, ნორმა კი უარზე იყო, მოდელობას გაუგო გემო და განაცხადა, ფიგურის გაფუჭება არ მინდაო.
1957 წელს, არტურ მილერთან ქორწინების დროსაც დაფეხმძიმდა და დედობის მოლოდინში სიხარულით მეცხე ცაზე იყო. მაგრამ გარეორსულობა აღმოჩნდა და სიხარული მკვდრადშობილი ბავშვით დასრულდა. ასეთმა დარტყმამ მერლინი დეპრესიაში ჩააგდო, ბევრს სვამდა და ქაოტურად იღებდა წამლებს. ნარკოტიკების ჭარბი დოზის გამო კომაშიც ჩავარდა.
ცნობილი ფილმის ”ზოგს უფრო მხურვალედ უყვარს” (ანუ “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”) გადაღებების დროს ისევ ორსულადაა და კლინიკაში წვება, ზამთარში - ისევ ნაადევად იმშობიარებს, ისევ მკვდარი ბავშვი.
ერთხელ მერლინს დაქალისთვის, ემი გრინისთვის უთქვამს, რომ 15 წლისამ შვილი გააჩინა და თავშესაფარში ჩააბარა. სიმართლეა ეს, თუ - მერლინის ფანტაზია, გაურკვეველია. მაგრამ 2000 წლის იანვარში, ნიუ-იორკში გამოჩნდა კაცი, სახელად ჯოზეფ ფ. კენედი, რომელიც ამტკიცებდა მერლინის შვილი ვარო, მსახიობის სიკვდილისთანავე უცნობებმა გამიტაცეს, სერიოზული ავტოკატასტროფის დროს კი მეხსიერება დავკარგეო.
როგორც ჩანს, ეს მორიგი თაღლითობა იყო, ექსპერტების რწმუნებით მერლინის მემკვიდრეობა წლიურად ხომ $ 5.000.000–ით იზრდება!
კარიერა1944 წლის ბოლოს, როცა 18 წლის ნორმა ჯინი რეიდიო პლეინზე მუშაობდა, არმიის ფოტოგრაფი გამოჩნდა. სამხედრო შეკვეთებზე მომუშავე ქალებისთვის სურათები უნდა გადაეღო, რომ ჯარისკაცები გაემხნევებინა.
ნორმას პოზირება და საათში 5 დოლარი შესთავაზეს, ისიც დათანხმდა. ამ ფოტოების ნაწილი ფოტოსააგენტო “ცისფერ წიგნში” აღმოჩნდა და ნორმა ჯინი გასაუბრებაზე დაიბარეს.
მალე მისი სურათები ქალთა ჟურნალებში გამოჩნდა. ხან საცურაო კოსტიუმი ეცვა, ხანაც “შორტები” და ბიუსტჰალტერი, თუმცა ყველა ფოტო დასაშვებ ზღვარს არ ცდებოდა. მოგვიანებით, როცა ლი სტრასბერგის სტუდიაში დადიოდა, მერლინს წამოცდა, რომ პირველ ხანებში, ჰოლივუდში, ფულს იმით შოულობდა, რომ “გოგონა გამოძახებით” იყო.
სხვათა შორის, 1988 წელს პენტჰაუზმა სენსაციური მასალა გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ ნაპოვნია პორნოგრაფიული ხასიათის 1944 წელს გადაღებული ფილმი ნორმა ჯინის მონაწილეობით.
1946 წლის აგვისტოში “XX საუკუნე - ფოქსმა” კონტრაქტით სტატისტად აიყვანა. ამ სტუდიაში დაერქვა ნორმა ჯინს – მერილინ მონრო.
პოზირებას განაგრძობდა, მაგრამ გულით კინოს მიეჯაჭვა. ცოტახანში სტუდიიდან გამოუშვებენ, დარილ ზანუკის სიძესთან რომანის გამო. 1948 წელს “კოლამბია ფიქჩერზი” აწერს მასთან ნახევარწლიან კონტრაქტს ხელს და ეს სტუდიის მეპატრონის - ჯო შენკის წყალობით ხდება.
პირველი ფილმი, რომელშიც ნორმას ლაპარაკი, სიმღერა და ცეკვა შეეძლო იყო “ქორისტები”. ფილმი არ ვარგოდა, მაგრამ მერლინის ხმა მოიწონეს.
შემდეგ იყო ფილმი “სიყვარულზე გადარეული”.
ჯონი ჰაიდის დახმარებით, მერლინი 7-წლიან კონტრაქტს აფორმებს "ХХ CENTURY- FOX"-თან, ფილმში “ასფალტის ჯუნგლები” (1950) მთავარ როლშია. ეს ფაქტიურად დებიუტია.
სიკვდილიმერლინ მონრო 1962 წლის 3 აგვისტოს 36 წლის ასაკში ნარკოტიკის სასიკვდილო დოზით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სიმართლესთან ახლო 4 ვერსიაა ცნობილი:
1. კენედების შეკვეთილი მკვლელობა
1954 წელს მერლინს ტყავისყდიანი დღიური შეუძენია. მასში ჯონ კენედის საუბრებიდან ნაწყვეტებს იწერდა. მეგობრებთან საუბარში ჯონი პოლიტიკურ პრობლემებს განიხილავდა, ან ხსნიდა მტავრობის ამა თუ იმ დადგენილების არსს ან აუცილებლობას.
რა თქმა უნდა, ეს საუბრები საზოგადოებისთვის არ იყო განკუთვნილი, თუმცა პრეზიდენტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მერლინი კი ვერ იმახსოვრებდა იმას, რასაც ჯონი ლაპარაკობდა, ამან კი პრეზიდენტი ერთხელ კინაღამ გააცოფა. ასე გაჩნდა ცნობილი დღიური - მაკომპრომენტირებელი ცნობებით სავსე გემრიელი ლუკმა კონკურენტებისთვის, მაფიისთვის და თავად პრეზიდენტისთვის.
1960 წელს მერლინს უკვე სერიოზული პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან, სიმთვრალეში ხანდახან ჯონთან ინტრიგაც წამოსცდენია. არადა ამ ურთიერტობის გახმაურება კენედის კარიერას რა თქმა უნდა არ წაადგებოდა. როცა მერლინი ბოლოსდაბოლოს მიხვდა, რომ ჯონი მის ცოლად მოყვანას არ აპირებდა, ყურადღება ძმაზე - რობერტზე გადაიტანა.
რობერტი იმ დროს იუსტიციის მინისტრი იყო, მერლინი გამუდმებით ურეკავდა, რაც მინისტრიეს სასახელოდ ნამდვილად არ მეტყველებდა, რობერტის შეუბღალავი რეპუტაცია საფრთხეში იყო, მოგვიანებით ყურმილს საერთოდ აღარ იღებდა.
ალკოჰოლის, ნარკოტიკების, დეპრესიის ხელში მერლინი კენედებისთვის სერიოზული დაბრკოლება და საფრთხე გახდა: მათი კავშირის გახმაურების შემთხვევაში, ინფორმაცია ბომბივით აფეთქდებოდა და დაანგრევდა ყველაფერს, რასაც ძმებმა სიცოცხლე შესწირეს.
მერლინის სიკვდილის შემდეგ ვიღაცამ მთელი სახლი გადაქექა. ტყავისყდიანი დღიური კი ვერადავერ იპოვეს. სპეცსამსახურების აგენტები იყვნენ, სემ ჯანკანას ხალხი თუ კიდევ, ვინმე სხვა - უცნობია. ტელეფონის ყურმილი გადადებული იყო, ვის ურეკავდა მერლინი სიკვდილის წინ - ესეც საიდუმლოა, სატელეფონო სადგურზე ჩანაწერი ამ საუბარზე გაქრა.
2. სიკვდილი, რომელიც მაფიამ მოაწყო
მერლინს რომანი რობერტ კენედისთანაც ჰქონდა.
იუსტიციის მინისტრმა ნამდვილი ომი გააჩაღა მაფიის წინააღმდეგ, ფრენკ სინატრასაც გადაეკიდა – ცნობილი მომღერალი მაფიის მეთაურის, სემ ჯანკანას მარჯვენა ხელი იყო.
მერლინი ისეთ წრეში ტრიალებდა და იმდენად ცნობილი იყო, რომ კენედების შანტაჟისა და კომპრომენტირებისთვის იდეალურ ვარიანტად გამოდგებოდა.
იცოდნენ თუ არა ჯანკანებმა მერლინის დღიურზე - არაა ცნობილი, მაგრამ, მისი სიკვდილის შემთხვევაში, პრეზიდენტისა და მისი ძმის პირადი ცხოვრების არასასიამოვნო დეტალები გამოაშკარავდებოდა.. ეს კი მაფიის ინტერესში შედიოდა.
3. უბედური შემთხვევა - ნარკოტიკების ჭარბი დოზა
ნარკოტიკების მიღებას მერლინი 1953 წელს იწყებს.
1955 წლიდან ძილისწინ აბებს იღებს, ან ხსნარებს, დილიდან - სტიმულატორებს, თან ალკოჰოლსაც არ ერიდება.
ნერვული შეტევები თანდათან ხშირდება. როცა მუცელი მოეშალა და დეპრესიაში ჩავარდა, კიდევ უფრო მიეძალა ალკოჰოლს და ნარკოტიკებს, კომაშიც კი იყო.
1961 წელს მერლინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ნარკოტიკების მოხმარება საიდუმლო აღარ იყო. ასე რომ, შემთხვევითი, ჭარბი დოზისგან სიკვდილიც არ ჩანს დაუჯერებელი.
4. თვითმკვლელობა
თაყვანისმცემლების ბრბოების მიუხედავად, მერლინი მარტოსული და დეპრესიული იყო. როგორც ჩანს, მისი შიში, დედასავით არ გავგიჟდეო, ამაო არ იყო.
თავის მოკვლა ორჯერ სცადა. ერთხელ გაზი ჩართო, მეორედ - აბები მიიღო. ჯონი ჰაიდის სიკვდილის შემდეგაც ჰქონდა მცდელობა. 1958 წელს ფსიქიატრი შიზოფრენიის ნიშნებსაც ამჩნევს. ბოლო ფილმზე ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ ნერვული შეტევა ჰქონდა და კლინიკაში “ნაკლებად შფოთიანების” პალატაში ათავსებენ. ასეთი ფსიქიკის ფონზე, არც თვითმკვლელობაა არარეალური.
* * *
მერლინი სიკვდილის შემდეგაც იპყრობდა ყურადღებას. ამერიკაშიც და ევროპაშიც უამრავი წიგნი და სტატია ქვეყნდებოდა მისი ფენომენის ამოსახსნელად, ხოლო ეკრანებზე მისი შემოქმედებისთვის მიძღვნილი რამდენიმე ფილმი გამოვიდა:
"მერლინი" (1963), "ნახვამდის ნორმა ჯინ!" (1976), "მერლინი: ისტორია, რომელიც ჯერ არ უამბიათ" (1980), "მერლინ მონროს უკანასკნელი დღეები" (1985), "მერლინ მონრო: რა იმალება ლეგენდის მიღმა" (1987).
თითოეული ავტორი თავისებურად ცდილობს შეაღწიოს იმ ქალის სულში, რომელიც ისე წავიდა ქვეყნიდან, რომ ვერ გაუგეს...
40 წელზე მეტია გასული ამ საიდუმლოებით მოცული სიკვდილის შემდეგ და ისევ ყველას ახსოვს, რას უნდა ნიშნავდეს ეს? ალბათ იმას, რომ მსოფლიო კინოს ისტორიაში მერლინ მონრო გაცილებით დიდი მოვლენა იყო, ვიდრე უბრალოდ ლამაზი და სექსუალური ქერა ქალი...